ბრიტანული ხომალდის სარისკო მისია შავ ზღვაში

ბრიტანული ხომალდის სარისკო მისია შავ ზღვაში
HMS Defender

რა მოხდა?

რუსულმა საინფორმაციო სამსახურებმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის სანაპირო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ საესკადრონო ნაღმოსან HMS Defender-ს და ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნას უარყოფს.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებს რუსეთის ტერიტორიად არავინ აღიარებს. ამ აკვატორიაში გადაადგილებით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რუსული ანექსიის უარყოფას საქმით ამტკიცებენ, რაც რუსეთს აღიზიანებს და დროდადრო დაძაბულობას ზრდის.

რას აკეთებდა ბრიტანული გემი ყირიმთან?

HMS Defender მისი უდიდებულესობის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემია, რომელიც ჩვეულებრივ ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის ნაწილია. შავ ზღვაში გამოჩენამდე, ეს გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ასრულებდა მსგავს მისიას, ოღონდ იქ ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიების უარყოფა ევალებოდა. შავ ზღვაში ვიზიტის შემდეგ, გემი უკან მიბრუნდება.

რუსეთსა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარის, მარკ გალეოტტის აზრით, HMS Defender-ის ვიზიტს საგნობრივი პოლიტიკური და სამხედრო სიგნალი უნდა გაეგზავნა მოსკოვისთვის, რომ ბრიტანეთი არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ამას რუსეთის პასუხი მოჰყვებოდა. ასეც მოხდა.

რა მოიმოქმედა რუსეთმა?

რუსეთმა პოლიტიკური და მედია ალიბის შექმნა 18 ივნისს დაიწყო, როცა HMS Defender და ჰოლანდიური ფრეგატი HNLMS Evertsen ჯერ კიდევ ოდესის პორტში იყვნენ და უკრაინელებთან ერთად ატარებდნენ წვრთნება. ამ დღეს, სატელიტური პოზიციონირების მონაცემებით ისე გამოჩნდა, რომ თითქოს ორივე ხომალდი პირდაპირ სევასტოპოლისკენ გაემართა და ორი საზღვაო მილით მიუახლოვდა რუსეთის ამ მთავარ სამხედრო დასაყრდენს ნახევარკუნძულზე. არადა, არსებობს ფოტო- და ვიდეო-მტკიცებულება, რომ ორივე დასავლური გემი ამ დღეს ოდესის პორტში დარჩა. ამერიკული სპეც-სამსახურები ეჭვობენ, რომ სატელიტური ნავიგაციის მონაცემები რუსმა სამხედრო სპეცსამსახურებმა განგებ გააყალბეს.

რუსეთმა დღეს "საზღვრის დარღვევის" ამბავზე დიპლომატიური სკანდალი ატეხა: საგარეო სამინისტროში ბრიტანელი ატაშეც დაიბარეს და გაეროს კონვენციების დარღვევაზეც ალაპარაკდნენ.

ადრე თუ მომხდარა ასეთი ამბავი?

კი, ასეთი ამბავი 2020 წლის დეკემბერში HMS Defender-ის ტყუპისცალს, HMS Dragon-ს შეემთხვა ყირიმთანვე. მაშინ, რუსულმა სანაპირო დაცვამ გზა გადაუჭრა ბრიტანულ ხომალდს. რეალურად ცხარე რადიო-საუბრის მეტი დიდი არაფერი მომხდარა, არადა, რუსეთმა "საერთაშორისო სამართლის დარღვევის" ფაქტად მონათლა ეს ამბავი, ხოლო სასაზღვრო ძალების გენერალმა, ვლადიმირ კულიშოვმა ლამის სამხედრო ტრიუმფად შერაცხა"რუსეთის საზღვაო ძალებისა და აეროკოსმოსური ძალების ერთობლივი ქმედებით, ბრიტანული სამხედრო გემის ნეიტრალურ წყლებში გაძევება." როგორც ჩანს, იმავე ტიპის ინციდენტი მოხდა ახლაც, ოღონდ რუსეთის საუბრის ტონმა კიდევ ერთი ნიშნულით მოიმატა.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

დიდი შვიდეულის სამიტის, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების სუსხიანი შეხვედრისა და ევროკავშირის სარუსეთო პოლიტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ჩანს, დასავლეთი უფრო ერთიანად შეეცდება რუსეთის შებოჭვას და წესებზე დაფუძნებული დიალოგისკენ უბიძგებს კრემლს. ეს ამბავი დაძაბულობის გარეშე ვერ ჩაივლის. ამჯერად, როგორც ჩანს, ბრიტანეთს ერგო მოსკოვის მთავარი გამაღიზიანებლის როლი. ამაზე ბრიტანეთის საგარეო მინისტრის, დომინიკ რააბის ლავროვთან უკანასკნელი საუბრის ინგლისურად მოკლე და სუსხიანი ამონაწერიც მოწმობს, სადაც პოზიციებს შორის "ღრმა განსხვავებებია" აღნიშნული. ამგვარი, მტკიცე პოზიციის დაჭერა რუსეთის საწინააღმდეგოდ "გლობალური ბრიტანეთის" ახალი სტრატეგიის ნაწილიცაა, რომელიც ევროკავშირის არტახებიდან გათავისუფლებული ლონდონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გააქტიურებას გულისხმობს.

ლონდონი მოზომილ რისკზე მიდის. HMS Defender საკმაოდ დიდი და თანამედროვე ხომალდია. ყირიმთან უშუალო სიახლოვეში მის გამოჩენას რუსეთი უყურადღებოდ ვერ დატოვებს. თუმცა, ამავე დროს ეს არაა ისეთი ძალა, რომელიც ყირიმში რუსული გარნიზონისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, მითუმეტეს მარტო, თანმხლები ხომალდების გარეშე. ამიტომაც  HMS Defender-ის ახლანდელი მოგზაურობა შავ ზღვაში სამხედრო-დიპლომატიური გზავნილის მატარებელია. ჩანს, ლონდონი ჯერ ამგვარი ნაბიჯით ცდილობს შეატყობინოს პუტინს, რომ რუსეთის აგრესული საგარეო-პოლიტიკური ქცევა დასავლეთისთვის მისაღებ ფარგლებს გასცდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ HMS Defender-ის შემდეგი გაჩერება საქართველოშია. მას მედიის ცნობით, ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობამ უკრაინაში ყოფნისას იქაურ მეზღვაურებთან თანამშრომლობის გეგმა შეათანხმა. საგულისხმოა, რამდენად იქნება საუბარი საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებაზეც.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1