ტექსტზე გადასვლა

ევროკომისიის თავმჯდომარის ყოველწლიური მიმართვა

ევროპის სუვერენიტეტი მნიშვნელობას იძენს

ევროკომისიის თავმჯდომარის ყოველწლიური მიმართვა
წლევანდელი მიმართვა მიმდინარე გამოწვევებს ეხებოდა. ფოტო: ევროკომისია.

დღეს, სტრასბურგში, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს და ევროპის მოქალაქეებს ტრადიციული შემაჯამებელი გამოსვლით მიმართა.

ეს ტრადიცია 1999 წლიდან არსებობს და მისი ამოცანაა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წინაშე გაწეული საქმიანობის შეჯამება და მომავალი წლის განრიგის გაწერა. როგორც წესი, ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ ტექნიკურია და იმ საკანონმდებლო თუ სარეგულაციო თემატიკას ეხება, რაც მისი და პარლამენტის საზიარო კომპეტენციას წარმოადგენს.

თუმცა, უკანასკნელ ხანებში ურსულა ფონ დერ ლაიენი უფრო პოლიტიკური ხასიათის განცხადებებსაც აკეთებს ხოლმე: არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ხედვა იმთავითვე „გეოპოლიტიკური კომისიის“ იდეას უკავშიდებოდა, არამედ იმიტომაც, რომ კავშირი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას - უკრაინის ომი იქნება ეს, კლიმატური ცვლილებების მოტანილი საგანგებო ვითარებები, თუ მსოფლიოში მიმდინარე დესტაბილიზაცია.

იქედან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობაც სუფევს, რისი ერთ ერთი სიმპტომი გერმანიაში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება იყო თავისი რადიკალური პროგრამით, იქმნებოდა შეგრძნება, რომ ფონ დერ ლაიენი ამჟამად პირდაპირ მოქალაქეებსაც მიმართავდა.

გამოსვლის ძირითადი თეზისები ასეთი იყო:

ევროპის სიძლიერე და სუვერენიტეტი

ევროპის ორმაგი რეალობა: ევროპა დღეს უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ უპრეცედენტო გამოწვევებისა და გლობალური არასტაბილურობის წინაშე დგას.

სტრატეგიული ავტონომია: ევროპამ შეწყვიტა დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, ხუთ წელიწადში თითქმის 80%-ით გაზარდა თავდაცვის ხარჯები და უსაფრთხოების თვალსაზრისით ეხმარება უკრაინასა და სხვა მოკავშირეებს.

ეკონომიკური ზრდა და რეფორმები

ერთიანი ბაზრის რეფორმა: თავმჯდომარემ აიღო ვალდებულება, დასრულდეს საგზაო რუკაზე მუშაობა, რომელიც გააერთიანებს კაპიტალს, ქსელებსა და მსყიდველობითუნარიანობას.

ინვესტიციები და ინოვაციების წახალისება: ახალი საბანკო და საინვესტიციო პაკეტები, ღრმა ტექნოლოგიების სტარტაპების მხარდაჭერა და Scaleup Europe-ის ფონდი მეწარმეობის ხელშესაწყობად.

ბიუროკრატიის შემცირება: წინადადებები ნებართვების გაცემის დაჩქარების, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებისა და წევრი სახელმწიფოების წახალისების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი რეგულაციები.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა: განახლებადი ენერგიის, ბირთვული ენერგიისა და ელექტრიფიკაციის განვითარების გაძლიერება წიაღისეული საწვავის იმპორტის შესამცირებლად და ენერგიის ფასის შესამცირებლად.

სავაჭრო და სამრეწველო პოლიტიკა: ჩინეთთან სავაჭრო დისბალანსის მოგვარება, კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულზე დამოკიდებულების შემცირება და კრიტიკული ნედლეულის ევროპული კორპორაციის დაარსება.

კლიმატი და ტექნოლოგია

კლიმატური მდგრადობა: ახალი ჩარჩოები კლიმატთან ადაპტაციისთვის, წყლის რესურსების უსაფრთხოებისთვის, ტყის ხანძრებზე რეაგირებისთვის და კლიმატის დაზღვევის ალიანსის შექმნა.

ხელოვნური ინტელექტი: ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და რისკების დაბალანსება, ხელოვნური ინტელექტის აქტის (AI Act) მიღება და განხორციელება, ინდუსტრიულ ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირება ძირითად სექტორებში (ჯანდაცვა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა-კვების მრეწველობა, წარმოება, თავდაცვა/კოსმოსი).

აქაც ამერიკის გარეშე

თავმჯდომარემ ყველა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ყველა წამყვანი კომპანია ბრიუსელში მოიწვია ამ ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებებზე და ტემპებზე სასაუბროდ. ახსენა დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან და „სხვა ქვეყნებთან“ თანამშრომლობა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, თუმცა არც აშშ და არც ჩინეთი პირდაპირ არ უხსენებია.

ციფრული სამართლიანობა და ბავშვთა დაცვა: ევროკავშირის KIDS ACT-ის (ბავშვთა დაცვის აქტის) წინადადება არასრულწლოვნების ინტერნეტ სივრცეში დაცვისთვის და უფრო ფართო ციფრული სამართლიანობის აქტის (Digital Fairness Act) ინიცირება დამოკიდებულების გამომწვევი პლატფორმების საკითხის მოსაგვარებლად.

აკრძალვების ცვენა

სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვა 13 წლის ასაკამდე, პირადი ანგარიშების ქონის აკრძალვა 15 წლის ასაკამდე და „დიზაინით უსაფრთხო“ პლატფორმები 18 წლის ასაკამდე, რაც გულისხმობს, მაგალთად, ე.წ. „უსასრულო ჩამოფურცვლის“ ფუნქციის გაუქმებას.

სოციალური საკითხები და ჩართულობა

სოციალური საყრდენი: მუდმივი ინვესტირება რეგიონებში, მზრუნველობის ინდუსტრიაში, საცხოვრისის განვითარებაში და ამ საკითხების წინ წამოწევა, როგორც უფლებებისა და არა პრივილეგიის. გენდერული თანასწორობისადმი ერთგულება და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა.

ხარისხიანი სამუშაო ადგილები და უნარები: "ხარისხიანი სამუშაო ადგილების აქტის" და ახალგაზრდების უნარებისა და დასაქმების ინიციატივების დაწყება, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

უსაფრთხოება და თავდაცვა

უსაფრთხოების სტრატეგია: ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის, ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო გეგმის შემუშავება და ევროპული უშიშროების საბჭოს შექმნა.

უშიშროების საბჭო - ძველი იდეის დაბრუნება

ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა ნატოს პარალელურად ასეთი სტრუქტურის შექმნის შესახებ კონსენსუსი არ არსებობდა. აშშ-ს მიმდინარე პოლიტიკამ, ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომის სულ უფრო ხშირმა გადადინებამ ევროკავშირის ტერიტორიაზე საკითხი დღის წესრიგში დააბრუნა. თავმჯდომარემ თქვა, რომ საბჭოში ევროკავშირის წევრებთან ერთად უნდა შედიოდნენ დიდი ბრიტანეთი, კანადა, უკრაინა და ნორვეგია (აშშ არ უხსენებია). მისი მთავარი ამოცანა კი უნდა იყოს საფრთხეზე რეაგირების ახალი პროტოკოლის განხორციელება, რომელიც ნატოს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის (ურთიერთდახმარება სამხედრო დახმარების გარეშე) ანალოგი იქნება.

ინვესტიციები თავდაცვის სფეროში: სტრატეგიული შესაძლებლობების განმტკიცების ევროპული ინსტრუმენტის ამოქმედება და ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერება.

უკრაინის მხარდაჭერა: უკრაინის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარება, საჰაერო თავდაცვა და ერთობლივი თავდაცვის პროექტების განვითარება.

დაუხარჯავი ფული - უკრაინას

ევროკავშირის წევრების შეიარაღებისთვის ევროკავშირმა სპეციალური ფონდი SAFE შექმნა, რომელიც 150 მილიარდ ევროს გრძელვადიან სესხებს პირდებოდა წევრებს ერთობლივი სამხედრო შეკვეთებისთვის. ეს ფული ბოლომდე არ გახარჯულა და ნარჩენს უკრაინისკენ გადაისვრიან, კერძოდ უკრაინულ თავდაცვის კომპანიებთან ერთობლივი პროექტების გასავითარებლად.

გლობალური პარტნიორობა და გაფართოება

სავაჭრო შეთანხმებები: ახალი შეთანხმებები ინდოეთთან, მერკოსურთან, მექსიკასთან, ავსტრალიასთან და ინდონეზიასთან; განსაკუთრებით იყო ნახსენები „შუა დერეფნის“ პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიას ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს. ითქვა, რომ „გლობალური კარიბჭის“ ინსტრუმენტის წყალობით, ევროკავშირი შეეცდება 12 მილიარდი ევროს საჯარო და კერძო ინვესტიცია მოიზიდოს ამ პროექტში დასაბანდებლად.

კანადასთან პარტნიორობა: მუშაობის დაწყება, კანადის, როგორც ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის შესახებ. თანამშრომლობის გაღრმავება ტექნოლოგიების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.

მოულოდნელი წინადადება

„ეს არაა პარტნიორობა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი საერთო გაძლიერებისათვის,“- ფონ დერ ლაიენმა ამ სიტყვებით აშკარად აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა. თავად ასოცირებული წევრობის წინადადება უპრეცედენტოა - ასეთი სტატუსი ოფიციალურად არ არსებობს. პირველი რეაქცია რაც ჟურნალისტებმა ევროპული დედაქალაქებიდან მოისმინეს, გაკვირვება იყო - რაიმე ახალი ფორმალური სტატუსი ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლას მოითხოვს, რაც ამჟამად არაა შესაძლებელი. ამიტომაც, განცხადება, ჩანს სიმბოლურად დარჩება - რეალური დაახლოვების რეალური პერსპექტივა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და სექტორული შეთანხმებებია, იმის მსგავსი, რაც ევროკავშირს სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებთან აქვს.

ევროკავშირის გაფართოება: რეფორმებით მოწინავე კანდიდატი ქვეყნებისთვის საგზაო რუკების შეთავაზება გაწევრებისთვის, პროგრესის წახალისება დამსახურების მიხედვით. ხაზი გაესვა უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის სწრაფვას წევრობისაკენ (საქართველო არ იყო ამ კონტექსტში ნახსენები). თავმჯდომარემ გააჟღერა ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემის შეუვალი მოთხოვნა და თქვა რომ „შემზარავი იყო“ სამხედრო დამნაშავის, რატკო მლადიჩის სამხედრო პატივით დაკრძალვა ბელგრადში.

მიგრაცია და საზღვრები

მიგრაციის პაქტი: მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის განხორციელება, არალეგალური ჩამოსვლების შემცირება და საგანგებო ვითარებებზე რეაგირების ახალი ჩარჩოების დადგენა.

საზღვრის უსაფრთხოება: ფრონტექსის (ევროპის სასაზღვრო სააგენტოს) გაძლიერება, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესება და მიგრაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.

თავშესაფრის უფლების შესუსტება

თავმჯდომარე მიგრაციის თემატიკაზე მკაცრი იყო, რაც მისი პარტიული ოჯახის, EPP-ს, პოზიციის გამკაცრებასაც ეხმიანება. ფრონტექსის გაძლიერებასთან ერთად ითქვა, რომ თავშესაფრის პროცედურებში წევრ ქვეყნებს „მოქნილობა“ უნდა ჰქონდეთ სეუტას მსგავს კრიზისებზე რეაგირებისთვის. რაც ნიშნავს, რომ მიგრანტების გაძევება თავშესაფრის პროცედურების გვერდის ავლით წესად იქცევა.

დემოკრატია და კანონის უზენაესობა

დემოკრატიის დაცვა: დეზინფორმაციასთან, უცხოურ ჩარევასთან და კოგნიტურ ომთან ბრძოლა; დემოკრატიული მედეგობის ცენტრის გაძლიერება.

კანონის უზენაესობა: ევროკავშირის ფონდებზე წვდომის დაკავშირება კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემასთან, მტკივნეული საკითხების ადრეული გამოვლენისა და მათზე დიალოგის გზით.

ხედვა და ღირებულებები

ევროპული იდენტობა: აქცენტი გაკეთდა ერთიანობაზე, ევროპისადმი ერთიანი კუთვნილების გრძნობაზე და ევროპული ღირებულებების — დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის — დაცვაზე.

ევროპის კონგრესი: იგეგმება ევროპის კონგრესის მოწვევა, სადისკუსიო ფორუმისა, მომავალი თაობის შთაგონებისა და კავშირის მომავალი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე