ბრექსიტის ათწლეული
2016 წელს ევროკავშირიდან გამოსვლას ხმა ვინც მისცა, არჩევანს არ ნანობს. თუმცაღა უმრავლესობა გრძნობს, მაშინდელი დაპირებები ფუჭი აღმოჩნდა. დარჩენის მაშინდელი მომხრეები ნატრობენ, ნეტავ ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყოო. თუმცა, თავადაც კარგად უწყიან, რომ დროს უკან ვეღარ დააბრუნებენ.
2016 წლის 24 ივნისის გარიჟრაჟზე, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთი საპორტო ქალაქი ევროპაში პოლიტიკური ცვლილებების მომტან სიმბოლოდ იქცა. სანდერლენდი იყო პირველი მერცხალი, რომელმაც ევროკავშირის რეფერენდუმის შედეგები გამოამზეურა. როდესაც გაცხადდა, რომ მის მცხოვრებთა 60%-ზე მეტს ევროპისთვის ზურგის შექცევა ეწადა, მთელმა მსოფლიომ ერთდროულად იგრძნო, რომ ევროპაში გარდამტეხი ძვრა მოხდა.
ეს ქალაქი თითქოს ხელისგულზე იტევდა ყოველივე იმას, რაზეც „გასვლის“ მომხრეთა კამპანიამ ფსონი დადო და რითაც სულდგმულობდა: პოსტინდუსტრიული ეპოქის მძიმე დაღსა და ეკონომიკურ დაცემას, ლონდონში შეყუჟული, გაუცხოებული პოლიტიკური ელიტისგან მიტოვებულობის მწარე განცდას და უდიდეს წყურვილს — სამაგიერო მიეზღოთ იმ მმართველი კლასისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მათ ყოფიერებას გულგრილი და გულცივი მზერით შესცქროდა.
დღეს კი, ამ ამბიდან ათი წლის თავზე, სანდერლენდი და თავად მთელი ბრიტანეთი ერთგვარ გამომაფხიზლებელ სარკედ ქცეულა, რომელშიც ჩახედვაც თვალნათლივ დაგვანახებს, თუ რა ნაყოფი გამოიღო და რა კვალი დააჩნია ქვეყნის ბედს იმ საბედისწერო არჩევანმა.
ეკონომიკური საფასური
ცხარე პოლემიკა ბრექსიტის ეკონომიკურ შედეგებზე დღემდე არ ცხრება. ჭეშმარიტების დადგენას ისიც აფერხებს, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ზუსტად იმ დღეებში, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირი საბოლოოდ დატოვა, მსოფლიოს პანდემიის ქარტეხილმა გადაუარა. ორმაგი დარტყმის ფონზე, მეტად ძნელია მოვლენების ერთმანეთისგან განცალკევება და იმის თქმა, თუ რომელმა სენმა უფრო მეტად დაასუსტა ქვეყანა. თუმცა, ეკონომისტები ერთხმად თანხმდებიან: ბრექსიტისგან მიყენებული ზიანი ხელშესახებია და გრძელვადიანიც.
სხვადასხვა გაანგარიშების მიხედვით, ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს 2.5%-დან 8%-მდე უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა პირობებში იქნებოდა. მონაცემებს შორის ამხელა სხვაობა მკვლევართა განსხვავებულ მიდგომებზე მეტყველებს, თუმცა თავად პროცესის მიმართულება, რომ საქმე უკუსვლასთან გვაქვს, სადავო არაა.
„დიდი შვიდეულის“ მოწინავე ქვეყნებს შორის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ბრიტანეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ ოდნავ უსწრებს გერმანიას, რომელსაც საკუთარი, სრულიად განსხვავებული სტრუქტურული პრობლემები აწევს ტვირთად. ქვეყნის შიგნით არსებული სურათიც საკმაოდ არასახარბიელოა. შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ფაქტობრივად, ერთ ადგილზე გაიყინა.
ბიზნეს-ინვესტიციების სურათიც მსგავსია. 2016 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული, ბრიტანეთში კაპიტალდაბანდებები მხოლოდ 12%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია საფრანგეთის იმავე პერიოდის მონაცემზე. ამის მთავარი მიზეზი ბრექსიტის შემდგომი ხანგრძლივი გაურკვევლობაა, რომელმაც მსხვილი კომპანიების სამომავლო გეგმებს ჩრდილი მიაყენა. ეკონომისტების მტკიცებით, ეს ბურუსი ბოლომდე არც არასოდეს გამქრალა. ბოლო დროს იგი ახალმა საგადასახადო შფოთვამ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არაპროგნოზირებადმა სავაჭრო კურსმა ჩაანაცვლა.
განსაკუთრებით საგანგაშო სურათს გვიჩვენებს ინფლაციის დინამიკა. 2016 წლის კენჭისყრის შემდეგ, ავსტრიის გარდა, დასავლეთ ევროპის არცერთ სახელმწიფოს არ განუცდია ფასების ზრდის ისეთი მძლავრი ზეწოლა, როგორიც ბრიტანეთს. ბრექსიტიდან 2026 წლის შუა პერიოდისთვის ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები უკვე 40%-ზე მეტითაა გაზრდილი.
ფასების თავდაპირველი მკვეთრი ზრდა, რეფერენდუმის შემდეგ ფუნტის გაუფასურებასა და ენერგეტიკულ შოკს უკავშირდებოდა, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს პროცესი უკვე ქრონიკულ ხასიათს ატარებს. პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსთა შეფასებით, კრიზისის საფუძველი ღრმა და სტრუქტურულია.
პოლიტიკური არასტაბილურობა, დაბალი პროდუქტიულობა და ფისკალური სიმყიფე ისე გადაეჭდო ერთმანეთს, რომ ბრიტანეთი ინფლაციური შოკების მიმართ უჩვეულოდ მოწყვლადი გახდა. ეს სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემია სხვა განვითარებული ქვეყნების ფონზე, რომლებმაც ეს კრიზისი შედარებით მარტივად გადააგორეს. ყოველივე ამის გამო, ბრიტანული ფუნტი დღესაც 10%-ით ნაკლებად ფასობს დოლართან და ევროსთან მიმართებით, ვიდრე რეფერენდუმამდე. გაუფასურებული ვალუტა იმპორტის საფასურს ზრდის და ქვეყნის ეკონომიკურ ორგანიზმს ყოველდღიურად ფიტავს.
ქაღალდების გროვა
საერთაშორისო ვაჭრობაზე ამ მოვლენებმა არათანაბარი, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკმაოდ მძიმე გავლენა იქონია. 2016 წლის შემდეგ, გლობალურ საექსპორტო ბაზარზე დიდი ბრიტანეთის წილი საგრძნობლად შემცირდა: თუკი მანამდე მას მსოფლიო ექსპორტის 2.5% ეკავა, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი ოდნავ თუ აჭარბებდა 2%-ს. ეს კლება პროპორციულად ბევრად უფრო საგრძნობი აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის მიერ ამავე პერიოდში განცდილი დანაკარგი. მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტურ ევროპასთან ვაჭრობა მეტწილად ტარიფებისგან თავისუფალი დარჩა, ბრიტანეთს მაინც მოუწია გზის გაკაფვა საბაჟო დეკლარაციების, წარმოშობის წესებისა და სხვა მარეგულირებელი საბუთების მანამდე არარსებულ, გაუვალ ბიუროკრატიულ ლაბირინთში.
ბიუროკრატიული უღელი ყველაზე მეტად მცირე ბიზნესს დააწვა. ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევართა დასკვნით, დიდმა კორპორაციებმა, რომელთაც საგანგებო იურიდიული გუნდები უმაგრებდნენ ზურგს, ეს ახალი წინააღმდეგობები მეტ-ნაკლებად იოლად აიტანეს და შეცვლილ რეალობასაც ფეხი აუწყვეს. აი, მცირე ექსპორტიორების ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა, დანარჩენ სამყაროსთან შედარებით, ლამის მესამედით შემცირდა. თექვსმეტ ათასზე მეტმა კომპანიამ, რომელიც მანამდე კონტინენტს თავისი ნაწარმით ამარაგებდა, საბოლოოდ ფარ-ხმალი დაჰყარა და ვაჭრობაზეც ხელი ჩაიქნია.
მრეწველობის დარგს არანაკლებ მწარე ხვედრი ერგო წილად. ბრიტანეთის ინდუსტრიული საძირკველი ჯერ კიდევ საბედისწერო კენჭისყრამდე იყო შერყეული. ჩინურ კონკურენციასა და გაძვირებულ ენერგოხარჯებს იგი ისედაც კუთხეში მიემწყვდია, ბრექსიტმა კი ეს დაღმავალი პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.
რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ქვეყნისთვის ერთგვარ ნათელ სხივად გამოკრთა. 2016-დან 2025 წლამდე ბრიტანულმა მომსახურების ექსპორტმა ძალა საგრძნობლად მოიკრიბა. მთავარ მამოძრავებელ ძალად იურიდიული, საინჟინრო, სარეკლამო და ტექნოლოგიური სერვისები მოგვევლინა, რომლებსაც ახალმა სავაჭრო ბარიერებმა გზა ასე იოლად ვერ გადაუღობა. ფინანსურმა ტექნოლოგიებმა, ბიომეცნიერებებმა და ხელოვნურმა ინტელექტმაც მყარად შეინარჩუნა მოწინავე პოზიციები გლობალურ ბაზარზე. თუმცა, ჰორიზონტი არც აქ არის მთლად უღრუბლო: იმ სექტორებში, სადაც ბრექსიტმა ახალი ბარიერები და გაურკვევლობა წარმოშვა, წინსვლის ტემპი შესამჩნევად მინელდა.
ფინანსური და სადაზღვევო სექტორის წილმა საერთო სავაჭრო ბრუნვაში საგრძნობლად იკლო. ამის მიზეზი კი ეგრეთ წოდებული „საპასპორტო რეჟიმის“ გაუქმება შეიქნა, რამაც ევროკავშირის საზღვრებს მიღმა მომსახურების თავისუფალ გადადინებას ზღუდეები აღუმართა.
საიმიგრაციო პარადოქსი
ალბათ არაფერია იმაზე დიდი ბედის ირონია „ბრექსიტის“ ათის წლის თავზე, ვიდრე თავად საიმიგრაციო პოლიტიკის ბედუკუღმართობა. სწორედ მიგრაცია გახლდათ ის უპირველესი მუხტი, რომელმაც ევროკავშირის დატოვების მომხრეთა რიგები შეაკავშირა. ბრიტანეთის საზღვრებზე კონტროლის აღდგენის მქუხარე დაპირება ამომრჩევლისთვის ანდამატად იქცა და მაშინ ნაიჯელ ფარაჟი თუ ბორის ჯონსონი ძირითადად კონტინენტური ევროპიდან, კერძოდ პოლონეთიდან შემოდინებულ მიგრანტებზე ილესავდნენ კბილებს.
ბრექსიტის გამარჯვების შემდეგ ეკონომიკურმა ლოგიკამ თავისი გაიტანა: ქვეყანას იმაზე მეტი მუშახელი ესაჭიროება, ვიდრე ამას ადგილობრივი შრომის ბაზარზე სთავაზობს. შესაბამისად, 2021 წელს, თავის დროს გულითადი ბრექსიტელის, ბორის ჯონსონის კაბინეტმა ევროკავშირის მიღმა მცხოვრებთათვის საიმიგრაციო ჭიშკარი ფართოდ გააღო. ამის გამო ინდოეთიდან, ნიგერიიდან და სხვა შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულთა ტალღამ, წინა წლების ევროპული თავისუფალი მიმოსვლის ყოველი რეკორდი გადაფარა. მიგრაციამ ერთ წელიწადში მილიონ ადამიანს მიაღწია.
უცხოელი სტუდენტები, მომვლელები თუ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ავსებდნენ ცარიელ ადგილებს უნივერსიტეტებსა თუ საჯარო სამსახურებში, თუმცა, მეორე მხრივ, ძირფესვიანად ცვლიდნენ იმ თემებისა და რეგიონების დემოგრაფიულ იერსახეს, რომელთაც თავის დროზე მიგრაციის შემცირებას დაუჭირეს მხარი.
ავიღოთ თუნდაც ქალაქი სანდერლენდი: 2019-დან 2024 წლამდე აქ ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარედან ჩამოსულ დასაქმებულთა ხვედრითი წილი უცებ გასამმაგდა. ქალაქი, რომელმაც ხმა საკუთარ საზღვრებზე კონტროლის აღდგენას მისცა, სულ რამდენიმე წელიწადში იქცა ისეთ ადგილად, სადაც დანარჩენი სამყაროდან წამოსულმა მიგრაციულმა ნაკადმა თვალსაჩინო კვალი დატოვა.
პასუხმაც არ დააყოვნა და პოპულისტური პარტიების წაქეზებით, საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ მალევე იფეთქა. 2024 წლის ანტისაიმიგრაციო გამოსვლები ბრიტანეთის ქალაქებში ქუჩის მძიმე არეულობებად იქცა.
თითქოს ხომ პარადოქსია, მაგრამ ამ არეულობის წახალისებაც და პოლიტიკური შედეგების მომკაც სორედ იგივე ნაიჯელ ფარაჯის პოპულისტურმა ძალამ (Reform UK) მოახერხა და მაისში, ადგილობრივ არჩევნებში უცაბედი გამარჯვება მოიპოვა.
ნაცვლად იმისა, რომ საიმიგრაციო შფოთი განემუხტა, ევროკავშირიდან გასვლამ მხოლოდ ევროპის კონტინენტიდან იმიგრაციის კოლაფსი გამოიწვია. ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები არათუ არ გამოსწორდა, გაუარესდა კიდეც. ხოლო იმიგრაციისგან საფრთხობელის შექმნით ვინც ადრე ხეირობდა, ისევ ხეირობს. ბრიტანულ საზოგადოებაში კი განხეთქილება და შფოთი კიდევ უფრო გამწვავდა.
რღვევა
იმის ამოსაცნობად, თუ როგორ აღმოჩნდა ბრიტანეთი ამ საბედისწერო გზაგასაყარზე, მზერა 2016 წელზე გაცილებით შორს უნდა მივაპყროთ. ბრექსიტის კენჭისყრის ფესვები ათწლეულების მანძილზე ნაგროვებ პოლიტიკურ ახლომხედველობაში უნდა ვეძებოთ: 1980-იანი წლებიდან მრეწველობაში ინვესტიციების ვარდნამ, მთელი რიგი სოფლები თუ ქალაქები ბედის ანაბარა მიატოვა; პოლიტიკურ ელიტასა და ხალხის ფართო მასებს შორის უფსკრული გაჩნდა, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ღრმავდებოდა; პოლიტიკურ კულტურაში კი საგნობრივი, გამოზომილი მსჯელობის ადგილი თანდათანობით ფუჭმა მჭევრმეტყველებამ, ფასადურმა ლოზუნგებმა და ფუყე დაპირებებმა დაიკავა.
ბედისწერის საათმა წიკწიკი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. პრემიერმა ჯონ მეიჯერმა უარი თქვა ევროკავშირის მაასტრიხტის ხელშეკრულების (რომელიც თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებდა) თაობაზე რეფერენდუმის გამართვაზე. 2016 წლისთვის კი, დევიდ ქემერონმა ბრექსიტის რეფერენდუმი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ კონსერვატიულ პარტიაში ატეხილი შინააშლილობისა და ფრაქციული დაპირისპირების ჩასაცხრობად დანიშნა.
პოლიტიკურ ქარტეხილებში გამოწრთობილი ბრიტანელები „დარჩენის“ ბანაკის მხრიდან ეკონომიკური კატასტროფის მუქარამ ვერ მოხიბლა. ამ უკანასკნელთ საზოგადოების ნდობა უკვე დაკარგული ჰქონდათ, მათი შიშისმომგვრელი რიტორიკა კი ხალხს მმართველი ელიტის ნაცად ხელწერას ახსენებდა. აი, „გასვლის“ მომხრეთა გზავნილი კი უბრალო იყო, ეს ბანაკი ხალხის სიბრაზეს გრძნობდა და აღვივებდა კიდეც, რითიც ადამიანთა გულებისკენ უმალ პოულობდა გზას, განსჯას კი ჯანდაბამდის გზა ჰქონოდა.
ქემერონი დამარცხდა. ბრექსიტის ფრთას საკუთრი წარმატებისა ძლივსღა სჯეროდა - რაც ესტაბლიშმენტისთვის სილის გაწვნად იყო დაგეგმილი, მონუმენტურ, სტრატეგიულ შემობრუნებად იქცა. პოლიტიკური ელიტა ღრმა საგონებელში ჩავარდა: „სუფთა ბრექსიტისკენ“ სვლა, ანუ ევროკავშირთან ურთიერთობების სრული გაწყვეტა შეუძლებელი აღმოჩნდა. პოლარიზებულ გარემოში, პარტიები ვერც იმაზე შეთანხმდნენ, თუ კერძოდ რა შინაარსი ჰქონდა ამ ისტორიულ გაყრას.
ამ უმწეობის განცდამ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდჩატეხილობა კიდევ უფრო გააღრმავა. სასწაული არ მოხდა. ევროკავშირიდან გასული ბრიტანეთი მყისიერად არ გაბრწყინდა.
ფარაჟის მანევრი, რომელმაც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წახალისებით ქვეყანა განსაცდელში ჩააგდო, მაგრამ თავად პასუხისმგებლობა არ უტვირთია, მისი გამორჩეული ინტელექტის ან ქარიზმატული წინამძღოლობის დამსახურება როდია. მისი წარმატება უფრო ოპონენტების უსუსურობამ განაპირობა. ბრიტანელები დარწმუნდნენ, რომ ძველი პარტიები მათ სატკივარს ყურს აღარ ათხოვებდნენ.
დღესდღეობით, საზოგადოებრივი აზრის ეროვნულ გამოკითხვებში ფარაჟის პარტია „Reform UK“ ლიდერობს. „გასვლის“ ბანაკის ერთგულ ამომრჩეველთა ლამის ნახევარი საყოველთაო არჩევნებზე მხარდაჭერას სწორედ მას უცხადებს. შედარებისთვის: კონსერვატორებს დღეს მესამედზე ნაკლები თუ თანაუგრძნობს. ლეიბორისტების გადამწყვეტი გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში, რომელმაც კირ სტარმერი მოიყვანა სათავეში, მალევე გაქარწყლდა. ლეიბორისტებისა და ტორიების ორპარტიული სისტემა ჯერ სამპარტიული გახდა, უკანასკნელი ადგილობრივი არჩევნებისას კი სულაც ხუთპარტიულად იქცა. ბრიტანული პოლიტიკური სისტემა იმდენად შეირყა, რომ პრემიერს პრემიერზე იცვლიან და უკვე იტალიის არცთუ შორეულ, მაგრამ უკვე მივიწყებულ ქაოტურ წარსულს ადარებენ.
თაობათა ცვლა
ჟამთა სვლა თავისას შვრება. დრო ბრექსიტის მომხრეთა წინააღმდეგ მუშაობს. უფროსი თაობის ამომრჩევლები, რომელთაც თავის დროზე დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი ევროკავშირიდან გასვლას, წუთისოფლის უფრო სწრაფი ტემპით ტოვებენ, ვიდრე დარჩენის მომხრეები. ოფიციალური სტატისტიკაც ამას მოწმობს: ბრექსიტის ძველი მომხრეების დაახლოებით თხუთმეტი პროცენტი უკვე მარადისობას მიებარა. მოწინააღმდეგეთა ბანაკში ეს მაჩვენებელი მხოლოდ ათ პროცენტს შეადგენს. დაახლოებით ექვს მილიონ ახალგაზრდას 2016 წელს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. დღეს კი ისინი უკვე სრულუფლებიანი ამომრჩევლები არიან და მათი მსოფლმხედველობაც განსხვავებულია.
ამ ისტორიული მოვლენის მეათე წლისთავზე ჩატარებულმა გამოკითხვამ ბევრი რამ ნათელყო. 18-დან 28 წლამდე ასაკის ყოველი ხუთი ბრიტანელიდან სამი, ხელსაყრელი შესაძლებლობის შემთხვევაში, ევროკავშირში დაბრუნებას მისცემდა ხმას. გარეთ დარჩენას მხოლოდ ყოველი მეათე თუ ისურვებდა. ხოლო თუკი საქმე რეალურად არჩევნებზე წასვლამდე მიდგება, ევროპული კურსის მომხრეთა ბანაკი სავარაუდო ხმების ოთხ მეხუთედზე მეტს მოიპოვებს. ამ თაობის წარმომადგენელთა ნახევარი ბრექსიტს სრულ მარცხად მიიჩნევს, ხოლო მათ გვერდით წარმატებაზე მოუბარნი ხუთიდან ერთსაც კი არ შეადგენენ.
საზოგადოებრივ აზროვნებაში გარდატეხა უფრო ფართო შრეებშიც იგრძნობა. დღეს ბრიტანელთა უმრავლესობა ევროკავშირიდან გასვლას შეცდომად მიიჩნევს. თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯმა მათ ყოველდღიურობას მძიმე დაღი დაასვა. უკეთესობას კი მხოლოდ ყოველი მეათე თუ ამჩნევს.
ახალგაზრდები პრინციპულად კი უჭერენ მხარს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, თუმცა ძველი პოლემიკის ხელახლა გაღვივება აშკარად აფრთხობთ. ეს დავა მათი პოლიტიკური სიმწიფის წლებს წარუშლელ კვალად გაჰყვა და გადაღალა კიდეც ისინი.
ბრექსიტი ამ თაობის ცხოვრებაში პირველი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა იყო. მაშინ მას თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებდნენ, თუმცა ასაკის გამო ხმას ვერ აძლევდნენ. დღეს მათი სურვილი, ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამ გაურკვევლობას, სავსებით რეალურია. თუმცა იმის მოთმინება არ აქვთ, რომ ქვეყნის მასშტაბით მორიგ, გაჭიანურებულ და დამქანცველ დავას გაუძლონ.
გზაგასაყარი
რა არის გამოსავალი? რა გზას უნდა დაადგეს ახლა ნისლიანი ალბიონი? ევროპულ ოჯახში ხელახლა დაბრუნების იდეა თანდათან ძალას იკრებს. თუმცა, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ამის ჟამი ჯერ არ დამდგარა. ამას ამბობენ ისინიც კი, ვის გულსაც ეს ჩანაფიქრი ყველაზე მეტად ეამება.
მომავალი დაბრკოლებები მართლაც შთამბეჭდავია. ევროპაში დასაბრუნებლად ლონდონს მტკიცე ნება და მიზნისადმი ერთგულება დასჭირდება. საჭიროა ძირეული, სტრუქტურული, რეალური რეფორმები.
ამასობაში, არც თავად ევროკავშირშია იდეალური ვითარება. საფრანგეთსა და გერმანიაში პოპულისტური ძალები მძლავრობენ. ამ ზეწოლის ფონზე, ბრიუსელს შიდა წინააღმდეგობის დიდი ტალღის გადალახვა მოუწევს.
ბრიტანელებიც განწყობაც ორაზროვანია. შორიდან, თეორიულ ჭრილში, ევროკავშირში დაბრუნებას ბევრი კი მიესალმება, თუმცა ეს შემართება მყისვე ქარწყლდება, როგორც კი ლაპარაკი ხელშესახებ შედეგებზე მიდგება. საკმარისია ამომრჩეველს ერთიან იმიგრაციულ პოლიტიკაზე ან გირვანქა სტერლინგის გაუქმებაზე ჩამოუგდო სიტყვა, რომ მათი გაბედულება სადღაც ქრება.
დღეს ბევრად უფრო მიღწევადი მიზანი სხვა რამ არის: ევროკავშირთან მჭიდრო, პარტნიორული კავშირების აღდგენა, ოღონდ სრულუფლებიანი წევრობის გარეშე. ამ ჩანაფიქრს სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში სულ უფრო მეტი მომხრე უჩნდება.
კირ სტარმერის მთავრობამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგა. მათ ბრიტანეთის თავდაცვის სექტორს ევროპის მასშტაბურ გადაიარაღების ფონდისკენაც გაუხსნეს გზა. მიუხედავად ამისა, წინსვლის ტემპი მაინც დუნეა. არადა, თანამედროვე გეოპოლიტიკური რეალობა მჭიდრო კავშირების სასიცოცხლო აუცილებლობაზე მიანიშნებს. რუსეთის აგრესიული გამოხდომები, ამერიკის უკიდურესად პრაგმატული მიდგომები და ჩინეთის მზარდი ამბიციები ამის ნათელზე ნათელი დასტურია. თუმცა ეს რეალობაც კი ჯერჯერობით ვერ სძლევს ორივე მხარეს გამეფებულ პოლიტიკურ ინერციას.
როგორც ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი, მიშელ ბარნიე აღნიშნავს: ლონდონმა და ბრიუსელმა ხიდები დღევანდელი მსოფლიოს რეალობიდან გამომდინარე უნდა ააგონ და არა ისე, თითქოს დრო ათი წლის წინ გაჩერდაო.
ერთ-ერთ საინტერესო ალტერნატივად ევროკავშირთან ურთიერთობის შვეიცარიული გამოცდილება განიხილება. იგი ბრიტანეთს ევროპულ ბაზარზე ფართო ასპარეზს უხსნის. ამავდროულად, მიგრაციის კონტროლის სადავეები კვლავ ლონდონის ხელში დარჩება. წარსულში ბრიუსელი ამგვარ დათმობებზე იოლად არ მიდიოდა. სხვა მსხვილი ეკონომიკისთვის მსგავსი პრივილეგიის მიმადლებას ყოველთვის ეჭვითა და დიდი სიფრთხილით უყურებდნენ.
თუმცა ვითარება იცვლება. ინტერესების სიმძიმის ცენტრი ნელ-ნელა სხვა მხარეს, უსაფრთხოების საკითხებისკენ იხრება სადაც ბრიტანეთის მნიშვნელობა კვლავაც დიდია. მიმდინარე ათწლეულის მძიმე გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა კი ეს პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი გახადა.
სტარმერი წავიდა. მისი მემკვიდრე კი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდება. მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შორს წავიდეს ბრიუსელთან დაახლოების გზაზე. მთავარი კითხვაა: რა მოცულობის პოლიტიკური კაპიტალი შეუძლია შესწიროს ამ ბრძოლას?
სამთავრობო მარათონში ამჟამად ენდი ბერნემი ლიდერობს. ის და მისი გუნდი ნემსის ყუნწში ძვრებიან. ევროპასთან პარტნიორობისთვის მზაობას კი აცხადებენ, მაგრამ თან უკიდურეს სიფრთხილეს იჩენენ; გულმოდგინედ ერიდებიან ევროპულ სტანდარტებთან სრულ თანხვედრას. მიზეზი მარტივია: ამან შესაძლოა ამომრჩეველი დააფრთხოს. ბევრი ბრიტანელი დღესაც ფრთხილობს. მათ ძველი, დამქანცველი „ბრექსიტის ომების“ ხელახლა გაღვივება და ამ მორევში ხელახლა გადაშვება სულაც არ სურთ.
დრო კი არ იცდის.
