შეტევა ცნობიერებაზე

ევროპული უსაფრთხოების ლექსიკონი

შეტევა ცნობიერებაზე
კოლაჟი: მოამბე

როდესაც სამიზნე ადამიანის გონებაა

2024 წლის ბოლოს, რუმინეთში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ევროპას ერთი მნიშვნელოვანი თავსატეხი გაუჩინა: როგორ მოახერხა კანდიდატმა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში სერიოზულად თითქმის არავინ აღიქვამდა, რამდენიმე კვირაში მილიონობით ამომრჩევლის გულის მოგება? ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ რუმინეთის ხელისუფლებამ, ევროკომისიამ და სხვა ევროპულმა ინსტიტუტებმა დაადგინეს, რომ საქმე მხოლოდ სოციალური ქსელების მარჯვედ გამოყენება არ იყო. დადგინდა, რომ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად მომართული კოორდინირებული ოპერაცია გაიმართა, რომელმაც სოციალური ქსელის, TikTok-ის ალგორითმის ისე გამოიყენა ყალბი ანგარიშებისა და მათი კოორდინირების საშუალებით, რომ მოქალაქეთა აღქმასა და არჩევანს მნიშვნელოვანი დაღი დაამჩნია.

სწორედ ამგვარი ტიპის ოპერაციების აღსაწერად სულ უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს „ცნობიერებაზე შეტევა.“ (Cognitive Warfare).

რა არის ცნობიერებაზე შეტევა?

მარტივად რომ ითქვას, ცნობიერებაზე შეტევა არის ადამიანის აღქმაზე, განსჯასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მიზანმიმართული ზემოქმედება პოლიტიკური თუ სამხედრო მიზნის მისაღწევად. მოწინააღმდეგე ცდილობს, თავისი ზემოქმედებით ისეთი საინფრმაციო ველი ჩამოაყალიბოს, რომ გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ აფასებს ადამიანი მოვლენებს და ვის ენდობა, რათა, ჯამში, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის.

თანამედროვე უსაფრთხოების დოკუმენტებში სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოთა მეტოქეობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ტერიტორიების, ეკონომიკისა და ტექნოლოგიებისათვის, არამედ ადამიანის ყურადღებისა და ცნობიერებისთვისაც.

რით განსხვავდება სხვა ცნებებისაგან?

ცნობიერებაზე შეტევას ხშირად აიგივებენ პროპაგანდასთან, ინფორმაციულ ან ფსიქოლოგიურ ოპერაციებთან, თუმცა მათ შორის განსხვავებები არსებობს.

  • პროპაგანდა გარკვეული იდეის ან შეხედულების გავრცელებას ცდილობს.
  • საინფორმაციო ოპერაციები ინფორმაციულ გარემოზე ზემოქმედების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
  • ფსიქოლოგიური ოპერაციები ადამიანის ქცევის შეცვლაზეა მიმართული.

ცნობიერებაზე შეტევა თითოეულ მათგანზე უფრო ფართო, კომპლექსური ცნებაა. მისი მთავარი სამიზნე თავად ის პროცესია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი რეალობას აღიქვამს, ინფორმაციას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ საინფორმაციო ოპერაცია ცდილობს გავლენა მოახდინოს იმაზე, რას ხედავთ, ცნობიერებაზე შეტევა ცდილობს გავლენა მოახდინოს იმაზე, როგორ ფიქრობთ.

ცნობიერებაზე შეტევის მაგალითები

ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია „ოპერაცია ტყუპისცალი“ (Doppelgänger), რომელიც 2022 წლიდან ევროპის მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობდა და რომლის ერთიანი, გეგმაზომიერი ხასიათიც მხოლოდ მოგვიარებით დადგინდა. ოპერაციის ორგანიზატორები ქმნიდნენ სანდო საინფორმაციო საშუალებების (BBC, Der Spiegel, Le Monde და სხვათა) ვებ-გვერდების კლონებს, რომლების ნამდვილისგან გამორჩევა ფრიად რთული იყო. ამ გვერდებზე ქვეყნდებოდა მანიპულირებული სტატიები და შემდეგ ვრცელდებოდა ათობით ათასობით ყალბი სოციალური მედიის ანგარიშით. ამ ოპერაციის მიზანი ერთი მხრივ იყო დეზინფორმაცია - ყალბი, მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ მეორე მხრივ, ინფორმაციის ამ ტრადიციულად სანდო წყაროებისადმი უნდობლობის გაჩენა: როცა ერთხელ შეგეპარება ეჭვი ნამდვილია თუ არა მათი ვებ-გვერდი, მერე ეგებ აღარც მიმართო ანდა თავიდანვე უნდობლობით მოეკიდო.

ეს მიდგომა ტიპიურია ცნობიერებაზე შეტევის ოპერაციებისთვის - ის ერთი გასროლით ორ ჩიტსა კლავს: თან მანიპულირებულ ინფორმაციას ავრცელებს და თან ამავდროულად ინფორმაციის სანდო წყაროებისადმი უნდობლობას თესავს. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ოპერაციის ამოცანა სულაც არაა, მანიპულაცია მუდმივად შეუმჩნეველი დარჩეს - მის გამოაშკარავებასაც თავისი შედეგი მოაქვს.

მეორე მაგალითია „მატრიოშკას“ სახელით ცნობილი კამპანია: იქმნებოდა ათასობით ყალბი ვიდეო, დოკუმენტი და ფოტო, რომლებიც შემდეგ ჟურნალისტებს, მკვლევრებსა და ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს ეგზავნებოდა. მიზანი იყო ინფორმაციის გადამოწმებისა და კონტროლის საკვანძო ელემენტების გადაღლა, მათი ყურადღების გაფანტვა და ინფორმაციული სივრცის გადავსება ისეთი მოცულობის ყალბი მასალით, რომ სიმართლის დადგენა სულ უფრო რთულ გახდმხდარიყო. როგორც ცნობიერებაზე შეტევას ჩვევია, „მატრიოშკას“ ორმაგი სარჩული აქვს: მანიპულირებული ინფორმაციის ფართო გავრცელება სხვადასხვა (თუნდაც ყალბი) წყაროდან იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელებშიც ეს ინფორმაცია ხვდება და მოინიშნება, როგორც ფართოდ გავრცელებული. მაშინ, როცა ახალი ამბების გენერირების და მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო ხელოვნური ინტელექტი ხდება, ამას შეიძლება საინფორმაციო ველის მძიმე და გრძელვადიანი მოწამლვა მოჰყვეს.

რუმინეთის არჩევნებმა ცნობიერებაზე შეტევისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების წიაღში შობილ ახალ სივრცეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. სოციალური ქსელების ალგორითმების გასაიდუმლოებული ხასიათი, მათ მიერ მნახველისა და მკითხველისთვის რეკომენდაციების გაწევის მათოდების გაუმჭვირვალობა და კოორდინირებული აქტივობისაგან დაცვის სისტემების სისუსტე ადვილი გამოსაყენებელია ბოროტი განზრახვის მქონე ხალხისთვის. რუმინეთის შემთხვევაში პრობლემა პროპაგანდისათვის კლასიკური „დიდი ტყუილი“ კი არ იყო, არამედ თავად იმ საინფორმაციო გარემოს განზრახ ფორმირება, რომელშიც მოქალაქე გადაწყვეტილებას იღებდა.

განგაშის ზარი ბრიუსელში

ნატო-ს შეფასებით, თანამედროვე მეტოქეობა მხოლოდ ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში აღარ მიმდინარეობს. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანის აღქმა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიც უსაფრთხოების მნიშვნელოვან განზომილებად აქცია.

ევროკავშირი ამ პრობლემას უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) პერსპექტივიდან განიხილავს. მისი შეფასებით, თანამედროვე გავლენის ოპერაციების მიზანი ხშირად არც კონკრეტული ტყუილის გავრცელებაა და არც საზოგადოების პირდაპირ დარწმუნება. მათი მიზანია ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, სადაც მოქალაქეს სულ უფრო უჭირს სანდო ინფორმაციის გარჩევა, სუსტდება ნდობა ინსტიტუტების მიმართ და ისე იზრდება პოლარიზაცია, რომ დემოკრატიული სისტემები ვეღარ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას - ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ შეთანხმებას.

გლობალურ მეტოქეობაში სამხედრო ძალა, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები კვლავაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთანავე, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გონებასაც. მით უფრო, დემოკრატიულ სისტემებში, რომელშიც თითიეული მოქალაქის მოსაზრებას და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ვინც ახერხებს გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ინფორმაციაზე, არამედ იმ გზაზე, რომლითაც ადამიანი ამ ინფორმაციას აღიქვამს, უპირატესობას ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე მოიპოვებს.

ამ ბრძოლაში სახელმწიფო აქტორებთან ერთად თავად საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტებიც არიან ჩართული. ილონ მასკმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი კომპანიის ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელი „იქსი“ კონკრეტულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ანიჭებს უპირატესობას და სხვებს კი თრგუნავს. მკვლევარებმა მსგავსი, პოლიტიკურად განპირობებული მიდრეკილებები დაადგინეს ჩინურ სოციალურ ქსელებში (ტიკტოკი ყველაზე ნათელი მაგალითია) და ასევე ახალ, ხელოვნური ინტელექტის ჩინურ მოდელებში.

ამდენად, როცა ევროკავშირისათვის ე.წ. „ციფრული სუვერენიტეტისთვის“ ბრძოლა და სოციალური მედიის გიგანტების ალგორითმების გამჭვირვალობა სულ უფრო საკვანძო საკითხად იქცევა.

ტერმინი ცნობიერებაზე შეტევა გვახსენებს, რომ თანამედროვე ეპოქაში დემოკრატიული სისტემების უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, დაიცვას მოქალაქის უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს ინფორმაცია და განსაჯოს ტყუილ-მართალი, გაარჩიოს სარწმუნო წყარო არასანდოსგან.  

წყაროები:

წაიკითხეთ მეტი

ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

ბერლინის მიერ მივლენილ მრჩეველს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან 13-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სადავო სამთო-მოპოვებითი პროექტის ლობირებაში.