ანტიდასავლური შეთქმულების თეორიებს თუ მხოლოდ „რუსულ პროპაგანდას“ დავაბრალებთ, მთავარ კითხვას უპასუხოდ დავტოვებთ: თუ გარედანაა შემოგდებული, რატომ და როგორ ვრცელდება ხალხში ასე სწრაფად ტყუილზე დაფუძნებული ბოდვა?
2021 წელს, ანუ სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებამდე, დეზინფორმაციის ცნობილმა მკვლევარებმა, პიტერ პომერანცევმა, ნატალია გუმენიუკმა, ნატალია კარიაკინამ და კოლეგებმა უკრაინაში ჩაატარეს კვლევა, რომელშიც შეეცადნენ აეხსნათ ეს პარადოქსი: როგორ შეიძლება საზოგადოებაში, სადაც 61% რუსეთს ქვეყნის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს და 80% ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს, მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს სჯეროდეს, რომ უკრაინა დასავლელი „კურატორების“ კონტროლის ქვეშაა?
კვლევამ დაასკვნა, რომ კონსპირაციული პროპაგანდა განსაკუთრებით ეფექტიანია იქ, სადაც უკვე არსებობს უნდობლობა, უმწეობის განცდა და პასუხგაუცემელი კითხვები. ამიტომ მასთან ბრძოლა მხოლოდ ცრუ ნარატივების ფაქტებით უარყოფას ვერ დაეყრდნობა. საჭიროა იმ მიზეზებზე მუშაობა, რომლებიც ამ ნარატივებს მიმზიდველს ხდის: მოქალაქეების ინფორმირება, მათი ჩართულობის გაზრდა და რეალური პრობლემების შესახებ ღია საუბარი გასაგებ ენაზე.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე მედიისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, რომ საზოგადოების სოციალური კაპიტალი და მოქალაქეთა სურვილი, თავად გადაამოწმონ ინფორმაცია, მტრული ძალებისადმი წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი რესურსია. სწორედ ამ რესურსის გაძლიერება ქმნის უფრო მდგრად საზოგადოებას, რომლის მანიპულირება კონსპირაციული პროპაგანდით გაცილებით რთული ხდება.
ამ კვლევის შედეგები დღესაც აქტუალური და საქართველოსთვის საინტერესოა, რადგანაც „მოშინაურებული პროპაგანდისა“ და მასთან გამკლავების სირთულეების შესახებ უკვე გესაუბრეთ ჩვენს წინა სტატიაში.
უნდობლობა და უიმედობა შეთქმულების თეორიების საძირკველია
ანგარიშის მთავარი მიგნებაა, რომ შეთქმულების თეორიები მაშინ ვრცელდება სწრაფად, როცა ეყრდნობა საზოგადოებაში უკვე არსებულ უნდობლობას, შიშებს, პირად გამოცდილებასა და სამყაროს შესახებ დამკვიდრებულ წარმოდგენებს და შემდეგ ამ ყველაფერს შეთქმულებით ხსნის - ანუ რთული ვითარების მარტივ და ყოვლისმომცველ ახსნას სთავაზობს ადამიანს.
მიუხედავად გავრცელებული წარმოდგენისა, რომ შეთქმულების თეორიებს უკრაინაში უმთავრესად რუსული და პრო-რუსული წყაროები ავრცელებდნენ, კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფებში ნათლად გამოჩნდა, რომ უკრაინაში შეთქმულებებისა მხოლოდ აშკარად პრორუსულად განწყობილ აუდიტორიას კი არ სჯეროდა, არამედ პროდასავლური შეხედულებების მქონე ხალხსაც.
შეთქმულების თეორიების გავლენის ერთ-ერთი საფუძველი ფართოდ გავრცელებული უნდობლობა იყო. ამის მაგალითად კვლევაში მოყვანილია გამოკითხულთა რწმენა, რომ საერთაშორისო დახმარება უფასოდ არ მოდის და ქვეყანას მოუწევს მაში რაღაც საფასური გადაიხადოს. ეს რწმენა ეყრდნობა ხალხურ გამოთქმას „არაფერი მოდის უფასოდ“. ის ხალხიც კი, ვინც ამბობდა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის აუცილებელია, შიშობდა, რომ უკრაინას ამისთვის „ძალიან მაღალი ფასის“ გადახდა მოუწევდა.
მკვლევარები ასკვნიან, რომ პრობლემა მხოლოდ სიცრუის გამიზნული პროპაგანდა ან უცოდინრობა არ არის. მართალია, რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მქონე რეგიონები და პარტიები ამგვარ მოსაზრებებს უფრო ხშირად იმეორებდნენ, მაგრამ მკვეთრად პროდასავლური პარტია „ჰოლოსის“ ამომრჩეველთა 6%-საც კი სჯეროდა აშშ-ის ბიოლაბორატორიების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა.
იმავე სურათს გვაძლევს 2021 ეროვნული მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელმაც უჩვენა, რომ 40% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ უკრაინა დასავლელი „კურატორების“, კრედიტორებისა და „სოროსელების“ მხრიდან იმართებოდა, 39%-ს სჯეროდა, რომ ჯორჯ სოროსსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკრაინული მიწების ხელში ჩაგდება სურდა.
ანგარიშის ავტორების თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობისა და შიდა რეფორმების შესახებ მარტივი და გასაგები ინფორმაციის ნაკლებობა ქმნიდა ვაკუუმს, რომელსაც შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია ადვილად ავსებდა. გადამწყვეტია გარემო, რომელშიც ასეთი სიცრუე ადვილად ვრცელდება და მკვიდრდება.
გადამწყვეტია გარემო, რომელშიც ასეთი სიცრუე ადვილად ვრცელდება და მკვიდრდება.
მაშინ, როცა მოქალაქეები რეფორმების მიმართულებებით სწრაფ პროგრესს ვერ ხედავდნენ, ზოგიერთი მათგანი დასავლეთის დახმარებას გაზრდილ ვალებთან და მომავალ თაობებზე გადასატან ტვირთად აღიქვამდა. ზოგმა კი რეფორმების წარუმატებლობა გარედან წინასწარ დაგეგმილ პროცესად ჩათვალა.
ამაშია კონსპირაციული ნარატივის მთავარი სიძლიერე: რთულ, წინააღმდეგობრივ და ხშირად იმედგამაცრუებელ პროცესს ის ერთი დამნაშავისა და ერთი ფარული გეგმის არსებობით ხსნის.
უნდობლობის გარდა, კვლევა გადარჩენაზე ორიენტირებულ (survivalist) მენტალიტეტს კონსპირაციული აზროვნების კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად გამოყოფს. ავტორები მიუთითებენ, რომ უკრაინის მძიმე ისტორიულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო სამყაროს ისეთი აღქმის ჩამოყალიბებას, რომელშიც ერთი მხარის მოგება ავტომატურად მეორის წაგებას ნიშნავს. საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ასეთი „ნულოვანი შედეგის“ ხედვა აძლიერებს უნდობლობას და ხელს უწყობს ისეთი წარმოდგენების გავრცელებას, რომლებშიც საერთაშორისო დახმარება ფარულ გარიგებად ან ხაფანგად აღიქმება.
თუმცა მკვლევარები ჯერ კიდევ 2021 წელს მიუთითებდნენ, რომ გადარჩენაზე ორიენტირებულ მენტალიტეტი მხოლოდ სისუსტე არ არის. ავტორების რეკომენდაცია იყო, რომ პირადი გადარჩენისა და უსაფრთხოების ძლიერი სურვილი უფრო ზოგად, ეროვნულ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ერთობასა და საერთაშორისო ინტეგრაციას უნდა დაუკავშირდეს. ამ ხედვის სისწორეც კარგად გამოჩნდა სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. სხვა სიტყვებით, ის, რაც შეთქმულების თეორიების მიმღებლობას აძლიერებს, სწორ კალაპოტში თუ მიიმართა, შეიძლება საზოგადოებრივი მდგრადობის რესურსადაც იქცეს.
„ვის ათამაშებს მარიონეტებს?“: უმწეობის განცდა და კონსპირაციული აზროვნება
კვლევის თანახმად, კონსპირაციული პროპაგანდის გასაგებად შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედუნარიანობისა და კონტროლის განცდა შეიძლება იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ გარშემო არსებულ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, უფრო ადვილად სჯერათ, რომ სამყაროს ფარული ძალები მართავენ. გამოკითხვაში უკრაინელების 68% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ „არსებობენ საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“, 55% ფიქრობდა, რომ ქვეყანას რეალურად მთავრობა არ მართავს და არავინ იცის „ვინ ათამაშებს მარიონეტებს“.
ფოკუს-ჯგუფებში ბევრი მონაწილე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ თავთან ნაკლებად აკავშირებდა და ცვლილების შესაძლებლობას (ან შეუძლებლობას) მხოლოდ პოლიტიკოსებს მიაწერდა. კვლევის მიხედვით, უსაფრთხოების დაბალი განცდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემცირებული მონაწილეობა, ადამიანებს უბიძგებს, რომ პასუხისმგებლობა სხვა მოქალაქეევბს, ხელისუფლებას ან გარე ძალებს გადააბარონ.
უსაფრთხოების დაბალი განცდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემცირებული მონაწილეობა, ადამიანებს უბიძგებს, რომ პასუხისმგებლობა სხვებს: სხვა მოქალაქეებს, ხელისუფლებას ან გარე ძალებს გადააბარონ.
სწორედ ეს ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს იმ შეთქმულების თეორიებისთვის, რომლებიც პრობლემების მიზეზს დასავლეთში ეძებენ. ამასთან, ანგარიში ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას გვთავაზობს: პირადი ჩართულობის და მნიშვნელობის განცდა ავტომატურად არ ნიშნავს ასეთივე განცდის გადატანას კოლექტიურ, ეროვნულ დონეზე. ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა აქვს, მაგრამ ამავე დროს არ მიაჩნდეს უკრაინა სრულად ქმედუნარიან და დამოუკიდებელ აქტორად. ამიტომ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ მოქალაქის ინდივიდუალური ჩართულობის გაზრდა არაა საკმარისი - საჭიროა მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობის განცდის დაკავშირება კოლექტიურ წინსვლასთან და ეროვნული/სახელმწიფოებრივი გავლენის ზრდასთან.
საჭიროა მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობის განცდის დაკავშირება კოლექტიურ და ეროვნულ გავლენასთან.
ყველაფერი არც ისე მარტივადაა..
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარადოქსი აღმოჩნდა, რომ კონსპირაციული ნარატივების რწმენა ავტომატურად არ ნიშნავს ანტიდასავლურ ან პრორუსულ პოზიციას. იმავე საზოგადოებაში, 61% რუსეთს უკრაინის მთავარ საფრთხედ მიიჩნევდა, მხოლოდ 15% თვლიდა აშშ-ს ყველაზე დიდ საფრთხედ, ხოლო 80% მხარს უჭერდა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას.
ეს ნიშნავს, რომ ანტიდასავლური ნარატივი შეიძლება ცოცხლობდეს ადამიანში, რომელიც ამავე დროს რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
შესაბამისად, კვლევა უკრაინულ საზოგადოებას კონსპირაციული პროპაგანდის პასიურ მსხვერპლად არ წარმოადგენს. პირიქით, ავტორები ხედავენ წინააღმდეგობის რესურსებსაც. ფოკუს-ჯგუფებში ადამიანები ხშირად ამაყობდნენ საკუთარი უნარით, ერთმანეთისთვის შეედარებინათ სხვადასხვა წყარო და დამოუკიდებლად გამოეტანათ დასკვნები. ანგარიშის ავტორები ამაში უფრო მედია-წიგნიერი აუდიტორიის ჩამოყალიბების ნიშნებს ხედავენ, აუდიტორიის, რომლის სკეპტიციზმს სიმართლის ძიებისადმი მიდრეკილებაც ახასიათებს.
მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველა განსხვავებული აზრისთვის „პრო-რუსული პროპაგანდის“ იარლიყის მიწებება სახიფათოა. საერთაშორისო ინსტიტუტების როლი, IMF-ის სესხები, რეფორმების პირობები, მიწის რეფორმა, ევროკავშირთან ურთიერთობა - ეს ყველაფერი პოლიტიკური დებატებისთვის სრულიად ლეგიტიმური საკითხებია და არსებული უკმაყოფილების გამოხატვაც დემოკრატიის ნაწილია. პროცესი მაშინ იღებს არაჯანსაღ სახეს, როდესაც ამ საკითხების გარშემო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დისკუსიას, შეთქმულების თეორიები ანაცვლებს.
თუ მოქალაქეს არ აქვს დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, „რატომ ვერ განხორციელდა რეფორმა ისე სწრაფად და ეფექტიანად, როგორც მოსალოდნელი იყო?“, შეთქმულების თეორია მარტივ პასუხს სთავაზობს: ასეც იყო ჩაფიქრებული. ამგვარად, რეალური პრობლემა კონსპირაციულ ახსნად გადაიქცევა.
სწორედ ამიტომ ანგარიშის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ ყველა ლეგიტიმურ საკითხზე საუბრისას ავტომატურად „დეზინფორმაციას“ ავაფრიალებთ თანამოსაუბრის გასაშავებლად და ლეგიტიმურ კითხვებს უპასუხოდ დავტოვებთ, პრობლემა არა მხოლოდ გადაუჭრელი დარჩება, არამედ ადამიანებს აღარ ექნებათ სანდო სივრცე ამ პრობლემის გასაანალიზებლად.
როგორ ვრცელდება ნარატივი: ტელევიზიიდან Telegram-მდე
ანტიდასავლური გზავნილები მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ არ ვრცელდებოდა. ანგარიშის მიხედვით, პროპაგანდის გავრცელების წყარო იყო როგორც კრემლთან დაკავშირებული მედია და სხვა გარე წყაროები, ისე უკრაინული მედია, პოლიტიკოსები და რეფორმების შეფერხებით დაინტერესებული ბიზნესმენები. სოციალური მედიის სივრცეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გავლენიანი პიროვნებები, განსაკუთრებით პრორუსი YouTube-კონტენტკრეატორები, ხოლო Telegram ამ გზავნილების მნიშვნელოვან გამაძლიერებლად გვევლინება.

ამავე თემაზე, ოღონდ ქართული გადმოსახედიდან
კვლევამ დაადასტურა, რომ მხოლოდ პროპაგანდისტური არხების დახურვა საქმეს არ შველის. პრორუს ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკთან დაკავშირებული ტელეარხების დახურვის შემდეგ მათი აუდიტორიის ნაწილი სხვა არხებზე გადავიდა. ამასთან, მსგავსი ნარატივები იმ მედიაშიც გვხვდებოდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოსთან აშკარად არ იყო დაკავშირებული. პარალელურად, იცვლებოდა ინფორმაციული გარემოც - ტელევიზიის როლი სწრაფად შემცირდა და უკვე 2020 წელს უკრაინელების 62% სიახლეების მისაღებად სოციალურ ქსელებსაც იყენებდა ტელევიზიასთან ერთად. სწორედ ამ სივრცეებში ვრცელდებოდა კონსპირაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციაც.
თუ მოთხოვნა არსებობს, უნდობლობა და აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება, ისინი გზავნილების სხვა მედიასა და პლატფორმებზე იპოვიან.
დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემა და ნდობის აღდგენისათვის
კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეთქმულების თეორიების უარყოფა, არამედ იმ შიშების მართვა და კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც ამ თეორიების საძირკველს წარმოადგენს.
ამისათვის, დისკუსიისთვის ისეთი საჯარო სივრცე უნდა შეიქმნას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ გასაგები, კონკრეტული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხები მედიის, საგანმანათლებლო პროექტებისა და საჯარო დისკუსიების საშუალებით. მიზანი არ უნდა იყოს მოქალაქის ბრმად „პროდასავლურ“ პოზიციაზე გადაყვანა. გაცილებით მნიშვნელოვანია მოქალაქემ შეძლოს გადასვლა კონსპირაციული აზროვნებიდან ჯანსაღ სკეპტიციზმამდე - მდგომარეობამდე, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული კითხვები დასაშვებია, მაგრამ პასუხები მტკიცებულებებს ეყრდნობა.
მიზანი არ უნდა იყოს მოქალაქის ბრმად „პროდასავლურ“ პოზიციაზე გადაყვანა. გაცილებით მნიშვნელოვანია მოქალაქემ შეძლოს გადასვლა კონსპირაციული აზროვნებიდან ჯანსაღ სკეპტიციზმამდე
რადგანაც კონსპირაციული აზროვნების ერთ-ერთი საფუძველი ვითარებაზე კონტროლისა და გავლენის დაბალი განცდაა, მის წინააღმდეგ ერთ-ერთი პასუხი მოქალაქისთვის ვითარებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობის შექმნაა. ამის მიღწევა შესაძლებელია მოქალაქეების უფრო აქტიური ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის ციფრული სამყაროს ინსტრუმენტების გამოყენებით. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და საზოგადოებრივი პრობლემების კოლექტიური გადაწყვეტა. მოქალაქემ უნდა დაინახოს, რომ მისი მონაწილეობა რეალურ შედეგს იძლევა. ამასთან, პროცესებში პირადი ჩართულობა უნდა დაუკავშირდეს კოლექტიურ მიზნებსა და ეროვნულ ამოცანებს. ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ და სახელმწიფომ შეინარჩუნონ იმის თავისუფლება, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
მედიის როლი ამ საქმეში მნიშვნელოვანია. მკვლევარების აზრით, მედიამ პრობლემასთან ერთად მისი გადაჭრის გზებიც უნდა აჩვენოს ხალხს. მხოლოდ ფაქტების გადამოწმებით შეთქმულებების რწმენასთან ვერ იბრძოლებ. კვლევა მოუწოდებს მედიას, აუდიტორია უფრო აქტიურად ჩართოს სარედაქციო პროცესში გამოკითხვების, მომხმარებლის მიერ მოწოდებული მასალის, საზოგადოებრივი შეხვედრებისა და სხვა ფორმატების საშუალებით. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ნდობისა და ჩართულობის გაზრდას. ამასთან, ჟურნალისტიკა პრობლემებთან ერთად მეტად უნდა საუბრობდეს მათი გადაჭრის გზებზეც. აჩვენოს არა მხოლოდ ის, თუ რა არის არასწორი, არამედ ისიც, თუ როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება - ეს აუდიტორიას შეუქმნის განცდას, რომ ცვლილება შესაძლებელია.
კვლევა ასევე გვაჩვენებს, რომ მედია შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მომსახურების, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის წახალისების ინსტიტუტი და არა მხოლოდ კონტენტის შექმნელი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში, სადაც სახელმწიფოსა და ზოგადად მედიის მიმართ ნდობა დაბალია, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოხალისეების მიმართ ნდობა შედარებით მაღალია. ამიტომ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერება შეიძლება ნდობის აღდგენის დამატებითი რესურსი გახდეს.
ადგილობრივ თემებზე ფოკუსირება საკმარისი არ არის. მედიამ უნდა შეძლოს გლობალური პოლიტიკის „დემისტიფიცირება“ და ახსნას, რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული და საერთაშორისო მოვლენების სწორი გააზრება იმისთვის, რომ ინფორმაცია ამ პროცესების შესახებ კონსპირაციული თეორიების ჩარჩოში აღარ მოექცეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საინფორმაციო გარემოში, სადაც Telegram, Facebook და YouTube კონსპირაციული ნარატივების გავრცელებისა და მოხმარების მნიშვნელოვანი სივრცეებია. ხარისხიანმა მედიამ ამ პლატფორმებთან კონკურენცია უნდა ისწავლოს, მედია წიგნიერება კი მხოლოდ ცალკეული ტრენინგებით არ შემოიფარგლოს, არამედ წაახალისოს დაბალანსებული, ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია და ჯანსაღ სკეპტიციზმი.
დასავლეთის მხრიდან კომუნიკაციაც შესაცვლელია
კვლევა საერთაშორისო პარტნიორებსაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რეფორმები უსაფრთხოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თუ მოქალაქე რეფორმისგან მხოლოდ მოკლევადიან ტკივილსა და არასტაბილურობას ხედავს, ხოლო სარგებელი მხოლოდ გაურკვეველ მომავალშია დაპირებული, შეთქმულებების თეორია მიმზიდველი ხდება. ამიტომ საერთაშორისო ინტეგრაცია და რეფორმები უნდა აიხსნას არა მხოლოდ როგორც ინსტიტუციური ცვლილებები, არამედ როგორც პირადი და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების საშუალება.
დასავლეთის მხრიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსტიტუტების სახელით საუბარი, არამედ ცოცხალი ადამიანების გავლით კომუნიკაცია. კვლევის მიხედვით, კონკრეტული პიროვნებები ხშირად უფრო მეტ ნდობასა და პოპულარობას იძენენ, ვიდრე აბსტრაქტული ინსტიტუციური „ბრენდები“. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დასავლეთის პოზიციის შესახებ კომუნიკაციას ახორციელებენ ქმნიან ემოციურ კავშირს, საყრდენს. თუკი ამგვარი საყრდენი გაქრა, მხოლოდ პრეს-მდივნების სახელით გაჟღერებული ინფორმაცია ქმნის ემოციურ ვაკუუმს საინფორმაციო სივრცეში, რომელსაც ავსებს მითები „დასავლელი კურატორებისა“ და „სოროსელების“ შესახებ.
მნიშვნელოვანია თავად მეტაფორების გადახედვაც. კვლევა აღნიშნავს, რომ IMF უკრაინაში ზოგჯერ 1990-იანი წლების „მტაცებელ ბანკირებთან“ ასოცირდება, ხოლო ევროკავშირი უფრო იძულებით, თუმცა ნაცნობ საბჭოთა ბლოკთან. ამიტომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა იპოვონ ისეთი ენა, რომელიც ადგილობრივ გამოცდილებას ეხმიანება, მაგრამ ამავე დროს მათ რეალურ ფუნქციას უფრო ზუსტად ხსნის.
ასევე ნათქვამია, რომ კომუნიკაციამ უკრაინა მხოლოდ დახმარების მიმღებად არ უნდა წარმოაჩინოს. ანგარიშის მიხედვით, უკრაინის როლის წარმოჩენას საერთაშორისო პროექტებსა და ვაჭრობაში შეუძლია მოქალაქეების ჩართულობის განცდა გააძიეროს. დასავლელი პარტნიორები უკრაინას უნდა წარმოაჩენდნენ არა როგორც დახმარების პასიური მიმღებს, არამედ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში საკუთარი წვლილის შემტანმოთამაშეს.
