ტექსტზე გადასვლა

ევროკომისიამ გაფართოების განახლებული პოლიტიკა გამოაქვეყნა

თანდათანობითი და ტექნიკურად უფრო იოლი გაწევრება, მაგრამ უფრო მეტი კონტროლითა და პირობებით

ევროკომისიამ გაფართოების განახლებული პოლიტიკა გამოაქვეყნა

ევროკომისიამ დღეს გაფართოების პოლიტიკის შესახებ ახალი დოკუმენტი გადაუგზავნა ევროპარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს იმ აუცილებელ ზომებს, რომლებიც ახალი წევრების მიღებამდეა აუცილებელი და ასევე მოიცავს წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ქმედუნარიანობა გაფართოებულმა ევროკავშირმა უკეთ მოქმედების შესახებ.

დოკუმენტსა და მის დანართში აღწერილია, თუ როგორ უნდა მოამზადოს ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკა, ინსტიტუტები და დაფინანსება მომავალი გაფართოებისთვის.

მთავარი პოსტულატი ისაა, რომ წევრებს ევროკავშირის ინსტიტუტებისაკენ გზა უფრო მალე და უფრო ადვილად შეიძლება გაეხსნათ, მაგრამ სამაგიეროდ ნებისმიერი ეს ნაბიჯი შექცევადი იქნება და დამოკიდებული იქნება პირველ რიგში ე.წ. ფუნდამენტური საკითხების - კანონის უზენაესობის, უფლებების დაცვის და დემოკრატიული მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების მხრივ ხელშესახებ და მუდმივ წინსვლაზე. ახალი წევრების მონიტორინგი ამ მიმართულებებით 15 წლის განმავლობაში გაგრძელდება და უკუსვლა დაისჯება. ამავე დროს, ნათქვამია რომ თავად ევროკავშირს დასჭირდება გადაწყვეტილების მიღების უფრო მოქნილი მექანიზმები, რომ მეტი წევრების მიღების პირობებში საქმიანობის ბლოკირება არ მოხდეს.

გთავაზობთ ცხელ კვალზე ამ დოკუმენტის მოკლე შეჯამებას:

ძირითადი მიდგომა

გაფართოება სტრატეგიულ შესაძლებლობადაა წარმოდგენილი: ნათქვამია, რომ უფრო დიდ ევროკავშირს ექნება უფრო დიდი ეკონომიკური მასშტაბი, გაიზრდება საერთაშორისო ასპარეზზე მისი გავლენა, გაუმჯობესდება მისი სტრატეგიული სიღრმე და ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობა განამტკიცოს. განსაკუთრებითაა ხაზგასმული უკრაინის საბრძოლო გამოცდილება, თავდაცვითი ინოვაციები, კიბერმედეგობა და თავდაცვით-სამრეწველო პოტენციალი.

აქვე ნათქვამია, რომ მზადყოფნა ორმხრივი უნდა იყოს: კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა და წესთა ერთობლიობა — acquis — საკუთარ კანონმდებლობაში უნდა შეიტანო და აღასრულონ. თავის მხრივ, ევროკავშირმა ისე უნდა მოამზადოს მმართველობის სისტემა, დაფინანსება, სააგენტოები, ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რომ უფრო ფართო შემადგენლობით მუშაობა შეძლოს.

კომისიის მიერ შემოთავაზებული მთავარი ინსტრუმენტი ეტაპობრივი, დამსახურებაზე დაფუძნებული ინტეგრაციაა: სრულ გაწევრიანებამდე კანდიდატი ქვეყნები თანდათანობით უნდა შეუერთდნენ ევროკავშირის ცალკეულ პროგრამებს, სისტემებსა და თანამშრომლობის მექანიზმებს.

დოკუმენტში აღიარებულია, რომ კანდიდატ ქვეყნებში ყველა სფეროში გამჭოლი რისკი პოლიტიკის განხორციელების უნარების სისუსტეა. ამისთვის აუცილებელია კვალიფიციური საჯარო ადმინისტრაცია, ძლიერი მარეგულირებლები, ერთმანეთთან თავსებადი საინფორმაციო სისტემები და ეროვნული უწყებების თანამშრომლობა. ნათქვამია, რომ თუ პრობლემების მოგვარება ადრეულ ეტაპზე არ დაიწყო, გაფართოებას შეიძლება ხელი შეუშალოს სუსტმა ინსტიტუტებმა, არასაკმარისად მზადყოფნამ საჯარო სამსახურში, კადრების ნაკლებობამ და მათმა არასაკმარისმა კვალიფიკაციამ, კორუფციამ, კანონების არათანაბარმა აღსრულებამ და არასრულყოფილმა სტატისტიკურმა მონაცემებმა.

პოლიტიკის მიმოხილვის დასკვნით, ევროკავშირს არსებული ხელშეკრულებების შეუცვლელად შეუძლია ახალი წევრების მიღება, ოღონდ ამისთვის საჭირო იქნება მიზნობრივად შეცვალოს პოლიტიკა, გააძლიეროს ადმინისტრაცია, ინსტიტუტები და გაზარდოს დაფინანსებას.

ევროკავშირის მხრივ, მთავარ გადასაჭრელ პრობლემად ერთსულოვნების აუცილებლობაა დასახელებული: გაფართოებულ და უფრო მრავალფეროვან კავშირს შესაძლოა გაუჭირდეს გადაწყვეტილებების მიღება საგარეო პოლიტიკის, სანქციებისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თუკი ყველა საკითხზე კონსენსუსის წესი შენარჩუნდა. გაფართოებული კავშირის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, ევროკომისია მოუწოდებს წევრებს, იქ, სადაც კანონი ამის საშუალებას იძლევა, უფრო ფართოდ გამოიყენონ კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა. ეს მოიცავს ე.წ. passerelle-ის დებულებების — ხელშეკრულებებით გათვალისწინებული „გადასასვლელი“ მექანიზმების, რომლებიც კონსენსუსს არ საჭიროებს — უფრო აქტიურად გამოყენებას და ევროკავშირის საბჭოში პროცედურების დაჩქარებას.

კომისია ასევე გამოდის წინადადებით, რომ გაწევრიანების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასასვლელად (მაგ. მოლაპარაკებების ე.წ. „თემატური თავების“ გახსნა-დახურვისას) არ იყოს საჭირო კონსენსუსი და საკმარისი იყოს კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ახალი წევრის საბოლოო მიღებას კვლავ ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ეროვნულ დონეზე რატიფიცირება დასჭირდება.

თუ ევროკავშირის მასშტაბით ამა თუ იმ საკითხზე შეთანხმება ვერ მიიღწევა, სულ მცირე ცხრა წევრ სახელმწიფოს „გაძლიერებული თანამშრომლობის“ მექანიზმის გამოყენება შეეძლება კანდიდატთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.

ღირებულებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მედეგობა

დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები და კანონის უზენაესობა გაწევრიანების აუცილებელ პირობადაა დასახელებული, რომელზეც კომპრომისები არ იქნება. კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ, რომ გააჩნიათ ქმედითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლოები, კორუფციის საწინააღმდეგო კანონების აღსრულების უნარი, აქვთ მედიის თავისუფლება, შეუძლიათ უმცირესობათა დაცვა და რეალურად მოქმედებს ძალაუფლების შეკავებისა და გაწონასწორების მდგრადი სისტემა.

ამ მიმართულებით, ევროკომისია წინადადებას აყენებს გაძლიერდეს მონიტორინგი და დაფინანსება ამ პირობების შესრულებაზე იყოს მიბმული გაწევრიანებამდეც და მის შემდეგაც. ევროკომისია გეგმავს, კანონის უზენაესობის მხრივ ვითარების შესახებ ანგარიშები მომზადდეს უფრო მეტი კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით [დღეისათვის ასეთი ანგარიშები ფორმალურად კანდიდატი ქვეყნებიდან არ მზადდება ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინისათვის -რედ. ] და მათდამი დახმარება რეფორმების შესრულების დონეს უშუალოდ დაუკავშიროს.

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ, გაწევრიანებისთანავე შეუერთდნენ ევროპის პროკურატურას და გააძლიერონ ევროკავშირის სახსრების დაცვის შესაძლებლობები.

„ევროპული დემოკრატიის ფარის“ ფარგლებში ევროკავშირი გააღრმავებს ურთიერთთანამშრომლობას უცხოური ჩარევის, კიბერთავდასხმებისა და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის წინააღმდეგ.

ეტაპობრივი ინტეგრაცია გაწევრიანებამდე

კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებენ, ევროკავშირის შერჩეულ პოლიტიკაზე, პროგრამებზე, სააგენტოებსა და სამუშაო სტრუქტურებზე წვდომა უფრო ადრე და ეტაპობრივად მიეცემათ ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. მიზანია, კანდიდატებმა გაწევრიანებამდე მიიღონ ხელშესახები სარგებელი და პარალელურად განავითარონ ადმინისტრაციული შესაძლებლობები. თუმცა ამ სტრუქტურებში გაწევრიანება შექცევადი იქნება.

პრიორიტეტებია ერთიან ბაზარში უფრო ღრმა მონაწილეობა; კვლევითი და სამრეწველო თანამშრომლობა; ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ქსელებში ჩართვა; დაცული ციფრული ინფრასტრუქტურა; თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა; აგრეთვე იმ მხრივ თანამშრომლობა, რასაც მოქალაქეებისთვის მოაქვს უშუალოდ საგრძნობი სარგებელი - მაგალითად, ერთიანი ევროგადახდების სივრცე (SEPA), უფასო როუმინგი, განათლების შესაძლებლობები და აკადემიური და პროფესიური კვალიფიკაციების აღიარება.

ყველა სტრუქტურაში მონაწილეობა დამოკიდებული იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ღირებულებებთან, სანქციებსა და საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებთან კანდიდატი ქვეყნების შესაბამისობის დონეზე და, ასევე, აღებული ვალდებულებების აღსრულების უნარზე. ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში ქვეყნის მონაწილეობა ამა თუ იმ სტრუქტურასა თუ პროგრამაში შეიძლება შეჩერდეს.

ევროკომისია გეგმავს, იმ კანდიდატებთან, ვინც წარმატებით ივლიან წინ რეფორმების გზაზე, ყოველწლიურად გამართონ „ეტაპობრივი ინტეგრაციის დიალოგი“, რომლის მიზანი იქნება მოთხოვნების, პასუხისმგებლობებისა და ფინანსური დახმარების ოდენობის განსაზღვრა.

გაწევრიანების უფრო ძლიერი დამცავი მექანიზმები

გაწევრიანების შესახებ მომავალი ხელშეკრულებები უნდა შეიცავდეს უფრო მკაცრ, დროებით დამცავ მექანიზმებს, რომლებიც გაწევრიანების შემდეგ ამ ქვეყნებში მომხდარი სერიოზული უკუსვლის შემთხვევაში ამოქმედდება — განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებაკანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ძირითადი უფლებების სფეროებს.

ეკონომიკის, ერთიანი ბაზრის, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა სფეროებში არსებული დამცავი მექანიზმები წინა გაფართოებებთან შედარებით უფრო ხანგრძლივად უნდა მოქმედებდეს. ამ მხრივ მონიტორინგი მოლაპარაკებების დასრულებიდან გაწევრიანების პერიოდამდე გაგრძელდება.

შემოთავაზებული ინსტიტუციური დამცავი მექანიზმი შეიძლება გაწევრიანებიდან 15 წლის განმავლობაში მოქმედებდეს. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში მან შესაძლოა ევროკავშირის საბჭოში ქვეყნის ხმის უფლების შეჩერებაც გამოიწვიოს. ეს მექანიზმი ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურას შეავსებს და არ ჩაანაცვლებს.

გაწევრების ხელშეკრულებები შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს გარდამავალ ან ცალკეული სექტორისთვის მიმართულ წესებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუშახელის თავისუფალი გადაადგილება, სოფლის მეურნეობა, დაფინანსება და საერთო სისტემებში მონაწილეობა.

შემდგომი ნაბიჯები

თუ მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა რეფორმების ტემპს შეინარჩუნებენ, ევროკომისია მათთვის 2026 წლის გაფართოების პაკეტშივე შესთავაზებს მათ წევრობის საგზაო რუკებს.

ეს წინადადებები ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ და დაამტკიცონ, რომ ძალაში შევიდეს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ წინადადებებს, რომლებიც ერთსულოვნების წესების შერბილებას გულისხმობს - ამის განსახორციელებლად ჯერ კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე