ტექსტზე გადასვლა

ნატო ქვეყნების მედეგობის მოთხოვნებს აქვეყნებს

საჯარო კომუნიკაციის მიზეზი ესკალაციის საფრთხის რეალური ზრდაა

ნატო ქვეყნების მედეგობის მოთხოვნებს აქვეყნებს
სამხედრო ძალას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი თუ ზურგს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უმაგრებს. ილუსტრაცია: AI

ჩვენს წინა სტატიებში გესაუბრეთ მედეგობის შესახებ, რომელსაც ნატო განსაზღვრავს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების უნარს, მოემზადოს საგანგებო ვითარებებისთვის და გაუმკლავდეს მათ, სწრაფად აღიდგინოს ნორმალური ქმედუნარიანობა ისეთი კრიზისებისას, როგორიცაა სამხედრო თავდასხმა, კიბერ-შეტევა, ტერორისტული აქტები, ანდა ბუნებრივი კატასტროფები.

რა არის მედეგობა?
ევროპული უსაფრთხოების ლექსიკონი

ალიანსმა ეროვნული მედეგობის შვიდი ძირითადი მოთხოვნა ჯერ კიდევ ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე დაამტკიცა, მაგრამ მათი სრული, გაშლილი ვერსია 2026 წლის 17 სექტემბერს პირველად გამოქვეყნდა. მსოფლიოში დღეს არსებულმა დაძაბულობამ და რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამძაფრებამ აშკარად უბიძგა ალიანსს, მთავრობებს ღიად სთხოვოს, რომ მოსახლეობა უკეთ მოამზადოს.

მაშ, რა წერია ამ დოკუმენტში? შევეცადეთ ნატოს ჟარგონი გასაგებ ენაზე აგვეხსნა, ხოლო ვისაც ორიგინალის ხილვა გნებავთ - ბმულსაც აქვე დავურთავთ.

2026 Resilience Baseline Requirements
Objective 1: A formalised, tested and exercised plan or system for the continuity of government, including:

როგორ ასაბუთებს მოთხოვნებს ნატო

როგორც ვთქვით, მედეგობის შვიდი მოთხოვნა უკვე ათი წელია ნატო-ს პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ნატო ამბობს, რომ მისი მიზანი მარტივია - რაც არ უნდა მოხდეს, რა საგანგებო ვითარებაც არ უნდა შეიქმნას, მთავრობის მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მოსახლეობას აუცილებელი სერვისები უნდა მიეწოდებოდეს, ხოლო სამხედროებს სამოქალაქო პირების იმედი და მხარდაჭერა არ უნდა მოაკლდეთ.

ნათქვამია, რომ ნატოს ქვეყნების უსაფრთხოების გარემო ბოლოხანს მკვეთრად გაუარესდა. წევრ სახელმწიფოებზე კიბერ-შეტევები, საბოტაჟი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, საინფორმაციო ჩარევები და სხვა მტრული მოქმედებები ნატოს მიერ თითქმის ყოველდღიურად აღირიცხება. ნატოს გენერალურმა მდივანმა 2025 წლის ანგარიშში ასეთი მოქმედებები „დესტაბილიზაციის კამპანიებად“ მოიხსენია. საპასუხოდ, თავდაცვითმა ალიანსმა განაახლა ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და გააძლიერა კიბერ-თავდაცვა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.

დოკუმენტში ნათლად წერია, რომ საფრთხე მხოლოდ სამხედრო და გასამხედროებულ ობიექტებს კი აღარ ემუქრება, არამედ მოქალაქეებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც. საუბარია არაა მხოლოდ ფიზიკურ თავდასხმებსა და საბოტაჟზე - ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში გაადვილდა კიბერ-შეტევების და მასშტაბური სადეზინფორმაციო კამპანიების განხორციელება, რაც მოქალაქეებზე პირდაპირ მოქმედებს.

სტრატეგიული ეკონომიკური კავშირები ირღვევა, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, მთავრობები და მოქალაქეები სულ უფრო დამოკიდებული ხდებიან კოსმოსურ სისტემებზე, ნავიგაციიდან კომუნიკაციამდე. ეს ყველაფერი ზრდის სტრატეგიული შოკების შესაძლებლობას. შესაბამისად, სახელმწიფოები და საზოგადოებები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ შოკი გადაიტანონ და სწრაფად აღიდგინონ ნორმალურთან ახლო ცხოველქმედება.

მედეგობის საბაზისო მოთხოვნები

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, არსებულ გამოწვევებს ნატო მხოლოდ სამხედრო მიმართულებით ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია, სამხედროებს საზოგადოებაც ამოუდგეს მხარში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ერთ რომელიმე მოკავშირე სახელმწიფოში თუ გაწყდა მედეგობის ჯაჭვი, პრობლემა შესაძლოა სხვებსაც გადაედოს. ხელისუფლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ერთიანი მოქმედებისათვის ის გზაა, რომელიც გაამყარებს ალიანსის სიმტკიცეს და მოწინააღმდეგეს არ მისცემს საშუალებას, სტრატეგიული დაშინებით გადატეხოს მოკავშირეთა ნება.

საბაზისო მოთხოვნების შესრულება მოკავშირე სახელმწიფოებისგან მოითხოვს:

1.     სახელმწიფოს მართვის ჩარჩო კარგად მოერგოს ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის ამოცანას. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრილი ერთი მხრივ, სახელმწიფო მმართველობის ყველა ორგანოს, მეორეს მხრივ კი საზოგადოების ყველა შესაბამისი რგოლის ფუნქციები და პასუხისმგებლობები ისე, რომ სამხედრო სტრუქტურებთან კოორდინაცია ხდებოდეს როგორც მშვიდობიანობისას, ისე კრიზისისა თუ კონფლიქტის დროსაც;

2.     საიმედოდ და გრძელვადიანად დაიგეგმოს შესაბამისი რესურსებით ამ საქმის უზრუნველყოფა. 2025 წლის ჰააგის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, მათ შორის მედეგობისა და სამოქალაქო მზადყოფნის სფეროებში, მშპ-ის 1,5%-მდე იქნება გათვალისწინებული;

3.     სამოქალაქო ელემენტები ყველა დონეზე ჩაერთოს ნატო-ს სამხედრო გეგმების განხორციელების პროცესში. განსაკუთრებით ხაზგასმულია მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ნატოს ღონისძიებების და სამხედროების მხარდაჭერის უზრუნველყოფა შესაძლო კონფრონტაციისას.

ნატო თვლის, რომ თუკი მედეგობის განმტკიცების მისი გეგმები და ეროვნული გეგმები სინქრონიზებულია, სამოქალაქო და სამხედრო მდგენელები ერთმანეთს გააძლიერებს. ოღონდ ეს რომ მოხდეს, მრავალმხრივი კოორდინაციაა საჭირო. ნათქვამია, რომ უსაფრთხოების გარემოს უწყვეტი გაუარესება რისკების უფრო ხშირ და საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს.

სწორედ ამ მიზნით, საბაზისო მოთხოვნები მოკავშირე სახელმწიფოებს სთხოვს, კრიტიკულად შეაფასონ რისკები და მათთან გამკლავების უნარები, მოემზადონ სტრატეგიული შოკებისა და შეფერხებებისთვის, დაგეგმონ, თუ როგორ აპირებენ მათთვის გაძლებას და რეაგირებას ისე, რომ ქვეყნის ცხოვრება ნორმალურთან მაქსიმალურად დაახლოებულ რეჟიმში გაგრძელდეს.

საბაზისო მოთხოვნა 1: მთავრობისა და კრიტიკული მნიშვნელობის სახელმწიფო სამსახურების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა. მთავრობის ფუნქციონირება უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ შემუშავებულ, გამოცდილ და პრაქტიკაში შემოწმებულ სისტემას, რომელიც კრიზისისა და კონფლიქტის დროსაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების უწყვეტობას, კრიტიკული სახელმწიფო ფუნქციების შეუფერხებლივ შესრულებას და დააწესებს ხელისუფლების გადაბარების მკაფიო წესებს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული შესაძლებლობების განვითარება. უნდა არსებობდეს კრიზისების მართვის ფიზიკურად დაცული ცენტრები და გამოიცადოს ქვეყნის მართვისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ალტერნატიული მექანიზმები, თუკი ჩვეულებრივი საშუალებები შეფერხებულია ან აღარ მუშაობს.

საბაზისო მოთხოვნა 2: ენერგომომარაგების უწყვეტობა. უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგება, განსაკუთრებით კრიზისისა და კონფლიქტის დროს, უნდა ფარავდეს როგორც მოსახლეობის, ისე სამხედრო ოპერაციების საჭიროებებს. ამისთვის აუცილებელია ენერგეტიკული სისტემების რისკებისა და მოწყვლადობების წინასწარი შეფასება, შეფერხებების შემთხვევაში ენერგოწარმოების, გადაცემისა და მიწოდების აღდგენის შესაძლებლობებისთვის რესურსების დაბევება და პროცედურების დაგეგმვა, კრიტიკული რესურსების მიწოდების ჯაჭვებისა და ეროვნულ ეკონომიკაში არსებული საწარმოო ურთიერთკავშირების შესწავლა და კრიზისების მართვისას მათი გათვალისწინება.

საბაზისო მოთხოვნა 3: ადამიანების კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი გადაადგილების მართვის შესაძლებლობა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს წინასწარ შემუშავებული მექანიზმები და საგანგებო გეგმები როგორც ადამიანების მასობრივი შემოდინების, ისე კრიზისისა და კონფლიქტის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სამართავად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოქალაქო მოსახლეობისა და სამხედრო ძალების გადაადგილების კოორდინაციას, რათა შეზღუდული სატრანსპორტო მარშრუტების პირობებში მათი საჭიროებები დაბალანსდეს.

საბაზისო მოთხოვნა 4: სურსათისა და წყლის რესურსებით მომარაგების უზრუნველყოფა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სურსათისა და წყლის რესურსებისა და შესაბამისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, რისკების შეფასება და ადრეული გაფრთხილების მექანიზმების არსებობა. კრიზისისა და კონფლიქტის დროს აუცილებელია სურსათისა და წყლის უწყვეტი მიწოდება როგორც სამოქალაქო მოსახლეობისთვის, ისე სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, ასევე ამ სექტორში ფუნქციების მდგრადობის შენარჩუნება ხანგრძლივი კრიზისის პირობებშიც კი.

საბაზისო მოთხოვნა 5: მასობრივი მსხვერპლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რღვევის გამომწვევი კრიზისების პირობებში მართვის უნარის შენარჩუნება. ჯანდაცვის სფეროს მზადყოფნა და მდგრადობა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების ყველა რგოლისა და საზოგადოების ყველა სექტორის ერთიან მუშაობას და საერთო დაგეგმარებას. ამოცანაა მასობრივი მსხვერპლის, ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემლახავი მსხვილმასშტაბიანი კრიზისისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფა ისე, რომ როგორც მოსახლეობისთვის, ისე შეიარაღებული ძალებისთვის სამედიცინო მომსახურება უწყვეტად ხორციელდებოდეს. ამ მოთხოვნის შესასრულებლად საჭიროა სამოქალაქო და სამხედრო სამედიცინო უწყებებს შორის ინფორმაციისა და რესურსების გაცვლის კოორდინაცია, გადაუდებელი სამედიცინო აუცილებლობების წინასწარი შეფასება, სამედიცინო მარაგებისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პერიოდული ვარჯიშები სხვადასხვა წინასწარ დაგეგმილი სცენარისთვის მზადყოფნის შესამოწმებლად.

საბაზისო მოთხოვნა 6: სამოქალაქო საკომუნიკაციო სისტემების მედეგობა. კრიზისისა და კონფლიქტის დროს საიმედო, გამძლე და დაცულ საკომუნიკაციო საშუალებებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის აუცილებელია საინფორმაციო ინფრასტრუქტურისადმი როგორც ფიზიკური, ისე ციფრული რისკების რეგულარული შეფასება, კრიტიკული მიწოდების ჯაჭვებისა და სხვა, პოტენციურად მტრულ ქვეყნებზე ტექნოლოგიური დამოკიდებულების შემცირება, კომუნიკაციის სარეზერვო სისტემების არსებობა და სამოქალაქო საკომუნიკაციო ქსელებზე პრიორიტეტული წვდომის უზრუნველყოფა კრიზისების შემთხვევაში. მთავრობას კრიტიკულ ვითარებაშიც უნდა შეეძლოს საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა, თუნდაც მინიმალურად, ადრეული გაფრთხილების და განგაშის სისტემების საშუალებით.

საბაზისო მოთხოვნა 7: სამოქალაქო სატრანსპორტო სისტემების მედეგობა. უნდა არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ტარდებოდეს პოლიტიკა და პრაქტიკული ზომები იმისთვის, რომ სამოქალაქო სატრანსპორტო სისტემებმა კრიზისისა და კონფლიქტის დროსაც განაგრძონ მუშაობა და უზრუნველყონ როგორც მოსახლეობის, ისე სამხედრო ძალების გადაადგილება, პრიორიტეტების შესაბამისად. ამისთვის საჭიროა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მარშრუტების დაცვა და დაზიანების შემთხვევაში მათი სწრაფი აღდგენის საშუალებების მომზადება, საზღვრის სწრაფი გადაკვეთის მექანიზმების არსებობა, ტრანსპორტისათვის კრიტიკული სატელეკომუნიკაციო და სხვა ტექნოლოგიური სისტემების მდგრადობა, სარეზერვო შესაძლებლობების გათვლა და ეკონომიკის სხვა სექტორებში არსებული სატრანსპორტო საშუალებების (მაგალითად, სოფლის მეურნეობაში) აღრიცხვა და კრიზისების დაგეგმვაში გათვალისწინება.

რას გვეუბნება ეს ყოველივე?

სამოქალაქო თავდაცვა ყოველთვის იყო ნატოს ერთ-ერთი საზრუნავი, თუმცა დიდწილად ეს საქმე ეროვნული მთავრობების ხელში რჩება. უკრაინაში მიმდინარე ომმა ნათლად უჩვენა ალიანსს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა ფრონტის ხაზიდან მოშორებითაც შეიძლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. დრონების და ფრთოსანი რაკეტების ტექნოლოგიების გაიაფება, კიბერშეტევების გაიოლება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ამგვარ რისკებს ზრდის. უკრაინის რკინიგზის უნიკალური გამოცდილება, რომელიც განუწყვეტელი დარტყმების პირობებშიც განაგრძობს მუშაობას, სატრანსპორტო სფეროს მედეგობის უნიკალური მაგალითია. რიგითი უკრაინელების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მთავრობების მიერ აგრესიის საწყის ეტაპზე გაწეულმა უზარმაზარმა სამუშაომ აშკარად უჩვენა ყველას, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთნდობა და მხარდაჭერა გადამწყვეტია მსგავსი ტიპის კრიზისებთან გასამკლავებლად.

ის გეგმები, რაც აქამდე სამხედროების და უმაღლესი სამოქალაქო ჩინოვნიკების მაგიდებზე და უჯრებში იდო, უსარგებლო გახდება თუ საზოგადოების ფართო ფენისგან ქმედითი მხარდაჭერა ვერ მიიღო. მედეგობის საბაზისო გეგმების გამოქვეყნება ამ მიმართულებით გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯია.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე