ტექსტზე გადასვლა

ევროპის კვირა (28 სექტემერი - 10 ნოემბერი)

ევროპის კვირა (28 სექტემერი - 10 ნოემბერი)

გამარჯობათ, ძვირფასო მკითხველებო, ტრადიციულად, გასული კვირის ევროპული ამბებით გეხმიანებით.

გასული კვირას საფრანგეთი იყო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. პარიზის გარეუბნებში წამოწყებული მოწაფეების პროტესტი ცეცხლივით მოედო ქვეყანას. მიზეზად დამამთავრებელი კლასები მოსწავლეები არასაკმარისად დაფინანსებულ განათლების სისტემას, ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობას, მასწავლებლების ნაკლებობას და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის რთულ და უსამართლო სისტემას ასახელებენ. პროტესტი არეულობაშიც გადაიზარდა, რასაც პოლიციის ძალისმიერი - ბევრის აზრით გადაჭარბებული - რეაქციაც მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ ხუთ ათასზე მეტი მოქალაქე დააკავა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არასრულწლოვანია. რამდენიმე ბავშვი მძიმედ დაშავდა რეზინის ტყვიებისა და ხმოვანი ყუმბარების მოხვედრის გამო. ყოველივე ამას პოლიტიკური განზომილება აქვს - საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია მიმდინარეობს. მთავრობამ ხელი რადიკალი მემარცხენეების, კერძოდ ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებლებისკენ“ გაიშვირა. პარტიული აგიტატორები - განსაკუთრებით უნივერსიტეტის სტუდენტები - ამ მოვლენებში ნამდვილად მონაწილეობენ, თუმცა ზოგადად ვერ დასტურდება, რომ არეულობა პარტიების მოწყობილია. კვირის ბოლოსკენ, ძალისმიერი რეაქციის რესურსი მთავრობას აღარ დარჩა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მთავრობა სტუდენტებთან დიალოგისკენ მიდიოდა. აკი დაპატიჟა კიდევ განათლების მინისტრმა სტუდენტების წარმომადგენლები სასაუბროდ. თუმცაღა, დაძაბულობა არ დასრულებულა - მოწაფეებს სოლიდარობა მასწავლებლებმა და პროფკავშირებმა გამოუცხადეს და საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.

სტუდენტების მოთხოვნებისა და საწუხარის შესახებ ჩვენს სტატიაში გაიგებთ მეტს:

რა სურთ ლიცეუმის ფრანგ მოწაფეებს?
ლიცეუმის სტუდენტის სარედაქციო წერილი

თავად ევროკავშირის ყურადღების ცენტრში გაფართოების ახალი პოლიტიკა იყო, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა. მოკლედ რომ ვთქვათ, კომისია ამბობს, რომ კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიასა, უფლებების დაცვაზე კომპრომისები არ იქნება და კანდიდატებზე დაკვირვება გაწევრების შემდეგ კიდევ 15 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს - ყოველ უკუსვლას კი სანქციები მოჰყვება. მეორე - გაწევრიანება ეტაპობრივი იქნება, ზოგიერთ ინსტიტუტსა და პროგრამას კანდიდატები უფრო ადრე მიუერთდებიან, ვიდრე აქამდე, მაგრამ ნებისმიერი ასეთი წინსვლა იქნება პირობითი და შექცევადი. მესამე: ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, ევროკავშირში უნდა შემცირდეს კონსენსუსით გადაწყვეტილებების მიღების სივრცე - კომისიის წინადადებაა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით მეტი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ გაწევრების ყველა ეტაპზე უმრავლესობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება. სამაგიეროდ, ახალ წევრებსაც ეტაპობრივად და შექცევადად მიეცემათ ხმა. ეს ყველაფერი ჯერ გეგმაა, პარლამენტისა და მთავრობების მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს, თუმცა დეტალურად ამ სტატიაში ნახავთ:

ევროკომისიამ გაფართოების განახლებული პოლიტიკა გამოაქვეყნა
თანდათანობითი და ტექნიკურად უფრო იოლი გაწევრება, მაგრამ უფრო მეტი კონტროლითა და პირობებით

მძიმე იყო გასულ კვირას ვითარება უკრაინაში, სადაც რუსეთმა მიზანმიმართულად გაააქტიურა სარაკეტო და დრონების დარტყმები სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ევროპულ პრესაში გაჟონა სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულმა გეგმებმა, რის თანახმადაც რუსეთი გეგმავს, ზამთარში უკრანიულ ქალაქებში ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს და ამით თავად უკრაინელების წინააღმდეგობაც გატეხოს და დასავლეთ ევროპაზეც გაზარდოს წნეხი ლტოლვილების ახალი ტალღით. რუსული საბოტაჟის შემთხვევები კვლავ იყო განხილვის საგანი ნატოსა და ევროკავშირის კაბინეტებში, მათ შორის გაითამაშეს მათ ქვეყნებზე სერიოზული თავდასხმის რამდენიმე გეგმაც.

კვირის დასაწყისში შეიქმნა იმედი, რომ ომზე მოლაპარაკებებში ახალი წინადადებები გამოჩნდა, თუმცა ამ იმედებს ხაზი გადაუსვა აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ პუტინთან დიზელის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია და რუსეთს სანქციების ნაწილს ხსნიდა. ამასთან პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ზელენსკის წასვლის დროა, რადგან ომს აჭიანურებსო. ევროპელი ლიდერები კიდევ ერთხელ გამოესარჩლნენ მოკავშირეს, თუმცაღა ევროპის ქვეყნებიც მტკივნეულად განიცდიან საწვავის ფასების ზრდას, როგორც ამ დიაგრამაზე ხედავთ. ოღონდ მათ კარგად უწყიან, რომ ამაში დამნაშავე ჰორმუზის სრუტის დახურვა უფროა, ვიდრე უკრაინის დარტყმები რუსულ ენერგეტიკაზე. ასეა თუ ისე, დიდმა შვიდეულმა 2 ოქტომბერს 100 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი შემოიტანა ბაზარზე რეზერვებიდან.

გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული დაძაბულობის ფონზე ევროპის მთავრობებს მარჯვენა და მარცხენა ფლანგებიდან რადიკალური ძალები უტევენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტი დაითხოვა და შეეცდება ბინების ფასებზე ატეხილი პროტესტების ფონზე მოიპოვოს თანამემამულეების მხარდაჭერა, თუმცაღა მისი სოციალისტური პარტიის კორუფციული სკანდალების ფონზე, ეს შეიძლება გვარიანად გაუჭირდეს. გამოკითხვებში მემარჯვენეები ლიდერობენ, ულტრამემარჯვენე Vox-ი კი მომხრეებს იმატებს. საქსონია-ანჰალთში, სადაც AfD-მ იმარჯვა სკანდალი სკანდალზე ხვავდება: პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ერთ რუქაზე საფრანგეთის ელსას-ლორენი გერმანიის ფარგლებში იყო მოხვედრილი. სკანდალები არც მემარცხენე რადიკალებს აკლიათ: კრიმინალურ სამყაროსთან და ისლამისტებთან კავშირების შესახებ ეჭვებზე ჩვენს სტატიაში მოგიყევით:

„მემარცხენეებს“ გერმანულმა მედიამ ჩაუშალა ლხინი
მემარცხენე პარტიის საეჭვო კონტაქტები ჟურნალისტებმა მოჩხრიკეს

ოთხშაბათ საღამოს, აკროპოლისზე ჩამავალი მზის ფონზე, აშშ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეეხმიანა ევროპელებს და შეახსენა, თქვენი მზე რომ არ ჩაესვენოს დამპყრობლური სული უნდა გააცოცხლოთ და ძალის გამოყენებისა არ უნდა შეგრცხვეთო. ევროპული პრესის დიდ ნაწილს რუბიოს ნალაპარაკებისთვის დიდად ყურადღება არც მიუქცევია, თუმცა ვინც შეამჩნია, დაასკვნეს „საფოსტო ბარათებიდან გაცნობილ ევროპას“ ესაუბრება რუბიო ზედაპირულად და ჩვენი საზრუნავისა და ისტორიის ინჩი-ბინჩიც არ გაეგებაო...

ასეთი ამბები იყო გასულ კვირას. იკითხეთ ჩვენი გაზეთი და სოციალური მედიის გვერდები, ყველგან რაღაც ახალს იპოვით. დესერტად კი ამ საინტერესო სტატიას გთავაზობთ:

ახალი წესრიგი შავ ზღვაზე
სად არის საქართველოს ადგილი?
დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე