ტექსტზე გადასვლა

ევროპის კვირა (26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი)

ევროპის კვირა (26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი)

მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველო!

ბოლო კვირა სერბეთის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინით დავასრულეთ, დღეს კი შედეგები უკვე ცნობილია: სტუდენტურმა სიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა კი მარცხი აღიარა. ამასობაში, ევროპის სხვა ქვეყნებში პროტესტის ტალღა ჯერ კიდევ ქუჩებში მძვინვარებს: საფრანგეთში დემონსტრაციები უკვე მესამე შაბათია არ წყდება, გერმანიის რამდენიმე ქალაქში ვითარება დაიძაბა და მასობრივი არეულობა დაიწყო, ტირანაში კი ოპოზიციის პროტესტმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაშიც გადაინაცვლა, სადაც სხდომათა დარბაზში პიროტექნიკა აამოქმედეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ვაშინგტონიდან ისმის: პენტაგონი ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მისამართით რიტორიკა შეარბილონ და მეტი თავშეკავება გამოიჩინონ, რამაც ევროპელ პარტნიორებში კითხვები გააჩინა.

სერბეთი: ქუჩიდან ბიულეტენამდე

25 ოქტომბერის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 68,8% შეადგინა. ღამით ეკრანზე გამოჩენილმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მშრალად აღიარა: სტრატიფიცირებული შერჩევის მიხედვით ცხადია, რომ არჩევნები წავაგეთო. ბელგრადში კი ზეიმი დაიწყო.

დამკვირვებელთა შეფასებით, არჩევნები სრულად თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა: წინასაარჩევნო პერიოდს თან სდევდა ამომრჩევლის დაშინება და მედიის მიკერძოებული გაშუქება. ორგანიზაცია CRTA-ში კი აცხადებენ, რომ მათმა დამკვირვებლებმა უბნებზე სისტემური გაყალბების პრევენცია მეტწილად შეძლეს. შესაბამისად, გამარჯვება ისევე რეალურია, როგორც მის გარშემო არსებული კითხვები.

მართვა გამარჯვებაზე ბევრად რთულია. სერბეთის ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხებულია: მოლაპარაკებების მესამე კლასტერი დღემდე დაბლოკილია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ სტუდენტებს გამარჯვება ოპერატიულად მიულოცეს და რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს, 4 ნოემბერს კი მარტა კოსი გაფართოების 2026 წლის პაკეტს წარადგენს. ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ეს შედეგი ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანის რეფერენდუმად არ უნდა აღვიქვათ: სტუდენტური მოძრაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, კოსოვოს საკითხზე კი ხშირად ნაციონალისტურ რიტორიკას მიმართავს. სრდანოვიჩი კი ირწმუნება, რომ ევროინტეგრაცია და კოსოვოსთან დიალოგი გაგრძელდება, თუმცა ამ სიტყვებთან ერთად სამთავრობო პროგრამაც უნდა გამყარდეს, რომელსაც საზოგადოება ჯერ კიდევ ელის.

საფრანგეთი: მესამე შაბათი ზედიზედ

ფრანგებს შაბათობით ქუჩაში გასვლა ჩვევად ექცათ. 31 ოქტომბერს მესამედ გამოვიდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 320 000 ადამიანი. ბევრია თუ ცოტა? 17 ოქტომბრის 550 000-თან და 24-ის 410 000-თან შედარებით ცოტაა, სამასი ათასისთვის კი ძალიან ბევრი. ორგანიზატორები, ჩვეულებისამებრ, უფრო დიდ რიცხვებს ასახელებენ. ხელისუფლებამ ამჯერად არაფერი მიანდო შემთხვევას: 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი, ლორან ნუნიესის გაფრთხილება ჰელოუინის ღამეს „ძალიან მაღალი რისკის“ შესახებ და მაკრონის დაპირება, რომ მსვლელობები ქალაქების ცენტრში არ შევა, მაღაზიების გულისთვის. პარიზის მთავარი მსვლელობა ბოლო მომენტში, სასამართლო დავის შემდეგ, განაპირას გადაიტანეს, წინა რიგებს კი პროფკავშირ CGT-ის წევრები იცავდნენ.

შაბათის საღამომდე ქვეყანაში 560-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მსვლელობების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა პარიზში, პორტ-დე-შარანტონთან, დემონსტრანტებმა ბოთლები და ფეიერვერკები ისროლეს, პოლიციამ კი ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პატარ-პატარა ჯგუფებმა პარიზსა და სხვა ქალაქებში ხანძრები გააჩაღეს. რესპუბლიკის მოედანსა და ლე-ალში შაბათ-კვირას ღამის 11-დან დილის 6 საათამდე შესვლა აიკრძალა, არასრულწლოვნებისთვის კი შანზ-ელიზეს მიმდებარედ საღამოს 9 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. ამ ამბავში სასამართლოსაც თავისი სიტყვა აქვს: ოთხშაბათს პარიზის სასამართლომ არასრულწლოვნებისთვის ადრე დაწესებული კომენდანტის საათი შეაჩერა და „გადაადგილების თავისუფლების სერიოზულ და უკანონო შეზღუდვად“ მიიჩნია.

გერმანია: „Gen Z regelt“, ანუ „Gen Z მოაგვარებს“

ამბიციური სახელი კია. შაბათს გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში ახალგაზრდებმა სწორედ ეს სცადეს: მოეგვარებინათ განათლების, ჯანდაცვის, კლიმატისა და ცხოვრების სიძვირის პრობლემები და სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნების იდეაც კი ჩაეხშოთ. ორგანიზატორების თქმით, ონლაინ 180 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ქუჩაში კი ათიათასობით გამოვიდა; ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ მისი სკოლის წყლისგან დაზიანებული ჭერი ინგრევა. პოლიცია ქალაქში 1 500 დამატებითი თანამშრომლით იყო მობილიზებული, კურფიურსტენდამზე კი ზოგიერთმა მაღაზიამ ვიტრინები ფიცრებით აიჭედა.

ყველგან ყველაფერი ასე მშვიდობიანად არ დასრულებულა. ფრანკფურტში ვიტრინები დაამსხვრიეს, საქონელი გაიტაცეს, იარაღის მაღაზიიდან ცეცხლსასროლი იარაღიც გაიტანეს (რომელიც პოლიციამ მოგვიანებით ამოიღო), სამართალდამცველებს კი „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. კიოლნში პოლიციამ მსვლელობა პიროტექნიკისა და ქვების სროლის გამო ნაადრევად დაასრულა, ჰამბურგში კი ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, რის შემდეგაც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

იტალია: ქუჩაც, გაფიცვაც და ერთი გათავისუფლებული ჟურნალისტიც

პარასკევს, 30 ოქტომბერს, რომიდან გენუამდე ათეულობით ქალაქში ქუჩებში სტუდენტები და პროფკავშირების წევრები გამოვიდნენ, USB-ის საყოველთაო გაფიცვას კი სატვირთოების მძღოლები, ტაქსისტები და ფერმერები შეუერთდნენ. მოთხოვნები ერთმანეთში აირია: ფასები,განათლება, საწვავი, თავდაცვის ხარჯები და ახლო აღმოსავლეთის ომები, ერთ პლაკატზე მართლაც ბევრი რამ ეტევა. ტურინში მსვლელობის დასაწყისში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა, სხვა სერიოზულ დაპირისპირებას კი ადგილი აღარ ჰქონია. მელონიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დახმარება „არ არის მათთვის, ვინც ვიტრინებს ამსხვრევს“; მთავრობამ სატვირთოების მძღოლებს, ფერმერებსა და მეთევზეებს 175 მილიონი ევრო გამოუყო, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 30 წლამდე დასაქმებულებისთვის წელიწადში 2 500 ევროს ოდენობის ბონუსია გათვალისწინებული.

ამ კვირის ყველაზე ცხარე იტალიური ამბავი ქუჩაში კი არა, მილანის სასამართლოში მოხდა. 28 ოქტომბერს გაათავისუფლეს 30 წლის დამოუკიდებელი ჟურნალისტი იუსეფ სიჰერი, რომელიც 24 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მას დანაშაულისკენ წაქეზებას ედავებოდა ტერორისტული მიზნის დამამძიმებელი გარემოებით, პოლიციის მტკიცებით კი ის „17 ოქტომბრის მოძრაობის“ Telegram-ჯგუფს მართავდა; საქმეში ახალი დეკრეტით მიღებული ნორმაც ფიგურირებდა, რომელიც ორგანიზატორებისთვის 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე ტიციანა ლანდონიმ დაკავების კანონიერება არ დაადასტურა: მისი გადაწყვეტილებით, ბრალდების სერიოზული საფუძველი არ არსებობს, გამოძიება კი ხარვეზიანია, რადგან ძალადობრივი შინაარსის შეტყობინებები ჯგუფში სხვებმა დაწერეს. სიჰერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

მელონიმ ვიდეომიმართვაში ამ გადაწყვეტილებას „სირცხვილი“ და პოლიციის შრომის „დამცირება“ უწოდა. მილანის სასამართლოს თავმჯდომარემ, ფაბიო როიამ, საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების არსის გაუცნობიერებლობაზე მეტყველებსო.

ალბანეთი: ფეიერვერკი პარლამენტში

ტირანაში პროტესტი 29 ოქტომბერს მე-17 დღეს მივიდა და პარლამენტშიც შეაღწია, ამჯერად პირდაპირი გაგებით: დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა სხდომაზე ლურჯი ფეიერვერკები და კვამლის ბომბები ააბრიალეს, სპიკერის ტრიბუნა გადაკეტეს, ზოგმა თვალებზე შავი ქსოვილი გაიკეთა და დაშავებული დემონსტრანტების ფოტოები აჩვენა. სპიკერმა ოთხი დეპუტატი დარბაზიდან გააძევა, ოპოზიციის ლიდერ სალი ბერიშას მიკროფონი კი გამოურთეს. რამა სხდომას დაესწრო, ბანკის შესახებ კანონპროექტს მისცა ხმა და წავიდა. 

ქუჩაში დემონსტრანტი რეზინის ტყვიით თვალის არეში სერიოზულად დაშავდა, ხელისუფლებამ კი პროტესტს ახალი წესებით უპასუხა. რამამ „ურბანული ანარქიის“ წინააღმდეგ კანონების პაკეტი გამოაცხო და ბრალი ბერიშასა და „ევროპელ ანტიფაშისტებს“ დასდო. ჯარიმა ათასობით ევროს აღწევს არასანქცირებული შეკრებისთვის, დაშლის ბრძანების უგულებელყოფისა და სახის დაფარვისთვის; ერთ-ერთი ცნობით, ძალადობისა და ძარცვის ადგილას ბრბოში დარჩენა 500 000 ლეკამდე (დაახლოებით 5 500 ევრომდე) ჯარიმით დაისჯება, თუნდაც ადამიანმა ძალადობაში მონაწილეობა არ მიიღოს. სისხლის სამართლის დანაშაული იქნება აკრძალული აქციის ორგანიზება, პოლიციის გაფრთხილების შემდეგ ადგილზე დარჩენა და სოციალურ ქსელში ძალადობისკენ მოწოდება; შეიქმნება დამრღვევთა ელექტრონული რეესტრი, მასწავლებლებს კი მოსწავლეების აქციებზე წაყვანა აეკრძალებათ. წესები ამოქმედდა, პარლამენტმა 45 დღეში უნდა დაამტკიცოს. რამა ამბობს, რომ შთაგონება საფრანგეთის საკანონმდებლო ინიციატივიდან აიღო; უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ პაკეტი შეკრებების თავისუფლებას ემუქრება. გადადგომაზე რამა კვლავ უარს ამბობს, სტუდენტებს დიალოგზე იწვევს (კაბინეტის წინ სკამებიც კი დადგეს), მაგრამ მათ ეს ფორმატი უარყვეს.

პენტაგონი: „ხმას ნუ იღებთ“

Reuters-ის ექსკლუზიური ცნობით, პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში რამდენიმე ნატო-მოკავშირეს სთხოვეს, რუსული საფრთხის შესახებ საჯარო განცხადებებში უფრო თავშეკავებულები იყვნენ.  აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ არაეფექტური რიტორიკის მაგალითად მოიყვანა ევროპელების საჯარო განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი „ვირთხასავით კუთხეშია მიმწყვდეული“. მსგავსი ხისტი განაცხადებით კონტინენტის უსაფრთხოებას უთხრის ძირსო. ეს დიპლომატიური მიყუჩება კი იმიტომ გამხდარა სასწრაფოდ საჭირო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიდ სამშვიდობო ვაჭრობას იწყებს, სანქციების მოხსნის პერსპექტივით, უკრაინისთვის ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევის აკრძალვითა და მომავალი ბიზნესგარიგებების იმედით.

ევროპაში, ბუნებრივია, გაოგნებულები დარჩნენ: გერმანიაში ხან ინფრასტრუქტურის გადაწვის მცდელობაზე იჭერენ დივერსანტებს და ხან აეროპორტებზე დრონებით თავდასხმას იგერიებენ, პენტაგონიდან კი ეუბნებიან, რომ რუსეთის საფრთხეზე ხმამაღლა ლაპარაკი მოსკოვის ინტერესებში შედის და ამიტომ სჯობს რეპლიკებისგან თავი შეიკავონ. თანაც, იქვე ამერიკული ჯარების შესაძლო შემცირებაზეც მიანიშნებენ: ჩვენ სხვა საქმეები გვაქვს, თქვენ კი ნაკლები ილაპარაკეთ, საკუთარ თავს თავად მიხედეთ და დაელოდეთ, როგორ დაალაგებენ დიდები საქმეს კრემლთანო.

ნატოში ამის გარშემო დებატიც გაჩაღდა: ერთნი ფიქრობენ, რომ რუსული საფრთხის ხაზგასმა კრემლს ეხმარება, მეორენი კი  რომ მთავრობებმა ამომრჩეველს იმ მსხვერპლზე ღიად უნდა ელაპარაკონ, რაც მოსკოვთან დასაპირისპირებლად დასჭირდება.

სტუბი და სტიორე პუტინს ურეკავს

სკანდინავიელებმა ამასობაში ზარითაც გამოიჩინეს თავი. სამშაბათს, 27 ოქტომბერს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერმა იონას გარ სტიორემ ჰელსინკიდან პუტინს დაურეკეს; სტუბის თქმით, ზარი უკრაინასა და აშშ-თან იყო შეთანხმებული. საუბარი „გულახდილი და შინაარსიანი“ იყო. ორივემ აბუ-დაბიში მოლაპარაკებების წინ დაძაბულობის განმუხტვა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა მოითხოვა. კრემლის ვერსიით, პუტინმა მშვიდობას რუსეთის ინტერესების გათვალისწინება მოუთხოვა, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ომის გაგრძელებაში დაადანაშაულა და ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა კვლავ შესთავაზა, რასაც კიევი უარყოფს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა. ევროპაში კი ყველა არ აღფრთოვანდა: დანიის პრემიერმა თქვა, რომ ევროპული ერთიანობა ცალ-ცალკე ზარებით არ შენდებაო; შვედეთმა კი პუტინთან საუბრებს აქამდე შედეგი არ მოუტანიაო. სტუბზე კი სამომავლოდ შუამავლად მოიაზრებენ: ტრამპთან კარგი ურთიერთობა აქვს, ფინეთს კი რუსეთთან 1 300 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. მეზობლის ნომერი კი ყოველთვის გვჭირდება.

ესპანეთი: მატარებლების შეჯახება ტოლედოს პროვინციაში

ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, ტოლედოს პროვინციაში, Renfe-ის სწრაფი მატარებელი უკნიდან შეეჯახა გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს. ორივე მადრიდიდან სევილიისკენ მიდიოდა, ბორტზე დაახლოებით 544 მგზავრი იყო. ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ფერდობზე ჩაცოცდა. დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 68-ია და, რეგიონული ხელისუფლების გაფრთხილებით, შეიძლება გაიზარდოს; დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. პრემიერმა სანჩესმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა: „მთელი ესპანეთი გლოვობს“. ძირითადმა პარტიებმა წინასაარჩევნო აქტივობები შეაჩერეს, ფეხბურთის ფედერაციამ კი თასის 24 მატჩი გადადო. ინფრასტრუქტურის მმართველმა Adif-მა მადრიდსა და სამხრეთს შორის მოძრაობა შეაჩერა.

მიზეზი ჯერ დადგენილი არაა, თუმცა სურათი უკვე უცნაურია. დაახლოებით 8:30 საათზე LZB სასიგნალო სისტემას კომპიუტერული გაუმართაობა დაეტყო და ექვსამდე მატარებელი დაახლოებით 63 კილომეტრის მონაკვეთზე გაჩერდა. მადრიდის მართვის ცენტრმა სულ მცირე ორ მატარებელს, მათ შორის Renfe-ისას, მოძრაობის განახლება უბრძანა, მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი სიგნალები ჯერ კიდევ ჩართული იყო. Renfe-ის მატარებელმა დაახლოებით 25 კილომეტრი გაიარა და 17 წუთის შემდეგ გაჩერებულ Iryo-ს შეეჯახა. ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ბრძანება „აუხსნელად“ შეაფასა, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არ ისურვა და დაამატა, რომ იმ დილით სხვა მემანქანემ მსგავს ბრძანებას გააპროტესტა და ფრთხილ რეჟიმში გააგრძელა მოძრაობა. გამოძიებას დამოუკიდებელი კომისია აწარმოებს, სამოქალაქო გვარდიამ კი დაღუპულთა იდენტიფიკაციისთვის ოფისები გახსნა.

ბავშვთა აქტს დრო სჭირდება

ევროკომისიამ ცალკეული სახელმწიფოების მიერ სოციალური პლატფორმების შეზღუდვის ინიციატივების განხილვა ერთი წლით გადაავადა. მთავარ პრიორიტეტად საერთო ევროპული რეგულაციის „ბავშვთა აქტის“ მიღებას მიიჩნევენ. ამის გამო, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დროებით თაროზე შემოდო გადაწყვეტილება ავსტრიის კანონპროექტზე, რომელიც 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მავნე ვიდეოპლატფორმებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებდა.

კომისიის ციფრული მიმართულების პრესსპიკერმა, თომას რენიემ, განმარტა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ვერ გაუძლებენ განსხვავებული ეროვნული ბიუროკრატიების ქაოსს, სისტემა კი შეიძლება ისე მოიშალოს, რომ სასიკეთოს საქმის ნაცვლად, ბავშვები ვირტუალურ სივრცეში ისევე დაუცველნი დარჩნენ. სწორედ ამიტომ, ევროკომისიას ურჩევნია ინტერნეტში არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისთვის ერთიანი, მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი სტანდარტი შექმნას.

ბულგარეთი: პირველად არჩეული  ქალი პრეზიდენტი 

ბულგარეთმა პრეზიდენტი აირჩია. კვირას, 1 ნოემბერს, მეორე ტურში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითქმის საბოლოო მონაცემებით (ოქმების 99,95% დამუშავებულია) მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ დაახლოებით 57,6% მიიღო, ანდრეი გიუროვმა - 39,5%. პირველ ტურში იოტოვას 34,6% ჰქონდა, ხოლო გიუროვს - 32%, ასე რომ, სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იოტოვას ბულგარეთის პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტია. აქტივობა პირველი ტურის რეკორდულად დაბალი 22,5%-დან მეორეში, გამოკითხვებით, დაახლოებით 27–29%-მდე გაიზარდა.

იოტოვას პოლიტიკური კრედო ერთგვარ ორმაგ ბუნებას ატარებს: ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის წევრობის ერთგულებასთან ერთად, იგი მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებას ემხრობა, მტკიცედ ეწინააღმდეგება კიევისთვის იარაღის გადაცემას და მიიჩნევს, რომ მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა მოლაპარაკებების მაგიდაზე გადის. მის პირისპირ მდგარი გიუროვი მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური კურსის მქონე ბანკირი და ყოფილი დროებითი პრემიერი გახლდათ.

ბულგარეთში პრეზიდენტის როლი მეტწილად ცერემონიულია, თუმცა დროებით მთავრობას ნიშნავს, კანონებს ვეტოს დებს და არმიას მეთაურობს; ევროკავშირისა და ნატოს წევრობას ცალმხრივად ვერ შეცვლის, მაგრამ ვალდებულებების შესრულებაზე გავლენა მაინც შეუძლია.

ესეც ასე.

ამ კვირას, 4 ნოემბერს მარტა კოსი გაფართოების პაკეტს წარადგენს და გავიგებთ, რას იტყვის ბრიუსელი სერბეთზე არჩევნების შემდეგ.

თქვენ კი საკითხავად ამ სტატიას გირჩევთ:

ახალი ხანის ახალი საფრთხე
ალგორითმები, ხელოვნური ინტელექტი და სიძულვილი უსაფრთხოების საკითხია და მას სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება



დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე