კოლეტ შულმანი: ჟურნალისტი, რომელმაც სსრკ გააცნო ამერიკას

ერთმა ქალმა გადაწყვიტა, საბჭოელებს დალაპარაკებოდა

კოლეტ შულმანი: ჟურნალისტი, რომელმაც სსრკ გააცნო ამერიკას
ამერიკელი, რომელიც საბჭოთა ადამიანებს ესაუბრებოდა. კოლაჟი: მოამბე

სულ ახლახანს გარდაიცვალა კოლეტ ჯოან შვარცენბახი (ქორწინებაში შულმანი), ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის დასავლეთში სსრკ-ს პროპაგანდისტული კლიშეებისგან დაცლილი სახის შექმნაში. ასეთმა, თითქმის შეუმჩნეველმა, ადამიანებმა შექმნეს წარმოდგენები, რომლებიც დღესაც ახდენენ გავლენას საზოგადოებაზე.

კოლეტი 1932 წლის 6 აპრილს ნიუ-იორკში, შვეიცარიული წარმოშობის ოჯახში დაიბადა და, როგორც თავად მოგვიანებით იხსენებდა, რომ გაიზარდა „ძალიან ბურჟუაზიულ, საშუალო კლასის ოჯახში, სადაც ფერმერები, მასწავლებლები, მეღვინეები და ავეჯის ოსტატები იყვნენ.“ სტუდენტობის პერიოდში, უელსლის კოლეჯში მეცხრამეტე საუკუნის რუსული ინტელექტუალური ისტორიის კურსმა გაუღვიძა ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ და განსაზღვრა მთელი მისი პროფესიული ცხოვრება.

1953 წელს შულმანმა კოლუმბიის უნივერსიტეტის რუსეთის ინსტიტუტში (დღეს ჰარიმანის ინსტიტუტის სახელით ცნობილში) გააგრძელა სწავლა. იმ დროს მხოლოდ რამდენიმე ქალი სწავლობდა ამ დაწესებულებაში. როცა ინსტიტუტი დაასრულა, 1955 წელს, ამერიკის საელჩომ ის მოსკოვში, ანგლო-ამერიკული სკოლის დირექტორად და მასწავლებლად მიიწვია.

მოსკოვში, არბატზე განლაგებულ სპასოპესკოვის მოედანზე განლაგებული აშშ ელჩის რეზიდენცია, „სპასო ჰაუსად“ ცნობილი, ლეგენდარული შენობაა.

შულმანი ცნობილ „სპასო ჰაუსში“ ცხოვრობდა - აშშ-ის ელჩის ოფიციალურ რეზიდენციაში, სადაც, როგორც თავად იხსენებდა, თითქმის მთლიანად მამაკაცურ გარემოში აღმოჩნდა. თუმცა უელსლის კოლეჯში მიღებულმა გამოცდილებამ კოლეტს თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა ასწავლა. მოგვიანებით, თავის მემუარებში, შულმანი აღწერდა იმ შეხვედრებს, რომლებიც ამ დროს ჰქონდა ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის ნიკიტა ხრუშჩოვთან, ცნობილი სტალინის მგმობელი „საიდუმლო მოხსენების“ შემდეგ, რომელიც მან კომპარტიის ყრილობას წაუკითხა და რომელმაც მალე მოირბინა მსოფლიო.

სკოლის წარმატებით ხელმძღვანელობის შემდეგ კოლეტი ლეგენდარული ჟურნალისტის, ჰენრი შაპიროს მიწვევით United Press International-ის (UPI) მოსკოვის ბიუროს შეუერთდა. სწორედ აქ დაიწყო მისი ჟურნალისტური კარიერა, რომელმაც ის ცივი ომის პერიოდის საბჭოთა საკითხების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკელ ჟურნალისტად აქცია.

სტრიქონებს შორის

საბჭოური საინფორმაციო სააგენტო „საკდესი“ (ТАСС) პროპაგანდის, მოსაწყენი პროტოკოლური ღონისძიებების ანგარიშების, ტყუილებისა და ნახევართსიმართლეების ნაზავი იყო. შულმანს ეს არ აკმაყოფილებდა. ის მალევე დაეუფლა გაზეთების „სტრიქონებს შორის კითხვის“ საბჭოურ ხელოვნებას. „რეპორტაჟების კეთება მაშინ ფრიად რთული რამ იყო,“ - იხსენებდა შულმანი მოგვიანებით „მოსკოვის გარეთ უნებართვოდ წასვლა არ შეიძლებოდა, და ნებართვითაც მხოლოდ საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქებში გვიშვებდნენ.“

მან მიზნად ჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობა დაისახა. დადიოდა ქუჩებში, მაღაზიებში, შედიოდა სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში და ცდილობდა, უბრალო ადამიანებს გამოლაპარაკებოდა. ზოგი არ პასუხობდა, თუმცა ზოგიერთი ერთვებოდა საუბრებში და ამ ადამიანური ურთიერთობების შედეგად ჟურნალისტი ათობით სახასიათო სტატიას წერდა. „ვცდილობდი გამეგო, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები სინამდვილეში,“ - წერდა ის. ხრუშჩოვული „გაზაფხულის“ პირობებში ეს უკვე შეუძლებელი აღარ იყო. სწორედ ამ მეთოდმა შექმნა მისი თვითმყოფადი ჟურნალისტური ხელწერა და სწორედ მისგან გაიგეს ამერიკელმა მკითხველბმა, ვის შეეძლო საბჭოეთში ავტომობილის ყიდვა და ვის არა, რას უცქერდნენ საბჭოთა ოჯახები ტელევიზოოთ, რამდენად ხელმისაწვდომი იყო სულ ცოტა ხნის წინათ ნებადართული აბორტი ქალებისთვის და საერთოდ, რითი და როგორ ცხოვრობდნენ რიგითი საბჭოელები.

1956-1959 წლებში მან გააშუქა ხრუშჩოვის „საიდუმლო მოხსენების“ შედეგები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება გულაგიდან , უნგრეთის 1956 წლის რევოლუციისადმი მოსკოვის რეაქცია, პოლონეთში ვლადისლავ ჰომულკას დაბრუნების შემდეგ განვითარებული მოვლენები და თითქოსდა გამოცოცხლებულ საბჭოთა საზოგადოებაში მიმდინარე ცხარე საზოგადოებრივი დებატები.

მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი 1958 წელს, ბორის პასტერნაკთან პერედელნიკოში, მისივე სახლში, ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ გახდა. ეს ინტერვიუ შედგა იმ დილას, როდესაც მწერალმა „ექიმი ჟივაგოსთვის“ ნობელის პრემია მიიღო, მაშინ, როცა ეს ნაშრომი საბჭოეთში აკრძალული იყო. შულმანი მოგვიანებით წერდა, რომ პირადად გაცნობილი პასტერნაკი სრულიად განსხვავდებოდა იმ „მოღალატის, ამორალური, უხეირო მწერლის“ ხატისაგან, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა «Правда»-ს და «Литературная газета»-ს გვერდებზე ძერწავდა - სინამდვილეში სიმპატიური, მოთმინებით აღსავსე, განათლებული კაცი შემხვდაო, იხსენებდა ჟურნალისტი.

გზა ურთიერთგაგებისკენ?

1959 წელს შულმანი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და UPI-ის გაეროს კორესპონდენტი გახდა. როდესაც მან მოსკოვის ბიუროდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა როჯერ ტატარიანმა ბიუროს ხელმძღვანელს მისწერა: „ჩვენ მეორე კოლეტს ვეღარასდროს ვიპოვითო.“

თუმცაღა მისი ჟურნალისტური კარიერა ამით არ დამთავრებულა: 1960 წელს კოლეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, PBS-ის ეთერში საბჭოთა პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა დაიწყო, სადაც ამერიკელ მაყურებელს საბჭოთა პოლიტიკას, კულტურას, ლიტერატურასა და საგარეო პოლიტიკას აცნობდა. იმავე წელს, ის დაქორწინდა საბჭოთა საკითხების ცნობილ მკვლევარზე, დიპლომატსა და ჰარიმანის ინსტიტუტის მომავალ დირექტორზე, მარშალ შულმანზე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ოჯახური და პროფესიული პარტნიორობის განმავლობაში ისინი აშშ-ში საბჭოთა და რუსული კვლევების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალურ წყვილად ჩამოყალიბდნენ.

მოგვიანებით შულმანი კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა კომუნიზმის შემსწავლელ სემინარს, საბჭოთა ემიგრანტ მეცნიერებს ამერიკაში პროფესიული ცხოვრების დაწყებაში ეხმარებოდა, ამერიკელ სტუდენტების რამდენიმე თაობას კი საბჭოთა სამყაროს უკეთ გაგებაში.

1980-იან წლებში მან დააარსა ამერიკელ და საბჭოთა ქალებს შორის დიალოგის უნიკალური პლატფორმა, რომელსაც თავად „სამზარეულოს მაგიდასთან გამართულ საუბრებს“ უწოდებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 1989 წელს, ჟურნალ The Nation-ის გამომცემელ კატრინა ვანდენ ჰიუველთან ერთად დააფუძნა რუსულენოვანი ფემინისტური ჟურნალი „Вы и Мы“ („თქვენ და ჩვენ“), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. შულმანი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა Human Rights Watch-თან და რუსეთის ფედერაციაში ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური კვლევის განხორციელებაში მონაწილეობდა.

საბჭოთა კავშირის შესახებ წერისას შულმანი ყოველთვის ცდილობდა პოლიტიკის მიღმა ადამიანების დანახვას. როგორც კატრინა ვანდენ ჰიუველი აღნიშნავდა, „მისთვის საბჭოთა კავშირი მხოლოდ კრემლი და ლიდერები არ იყო, იქ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთა ამბავიც მოყოლას იმსახურებდა.“

კოლეტ შულმანი 2026 წლის 20 ივნისს, 94 წლის ასაკში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ დენბერიში გარდაიცვალა. მან დატოვა არა მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ჟურნალისტური და აკადემიური მემკვიდრეობა, არამედ მიდგომა, რომელმაც დასავლეთს საბჭოთა კავშირის ისტორია ოფიციალური განცხადებების ნაცვლად ადამიანების ყოველდღიური გამოცდილებით გააცნო.

მისი საქმიანობა დღემდე რჩება იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია ჟურნალისტიკას პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა საზოგადოების ცხოვრებისეული სინამდვილის დანახვა და გაზიარება.

 კომპილაცია ეყრდნობა შემდეგ წყაროებს:

https://harriman.columbia.edu/in-memoriam-colette-shulman-1932-2026/

https://www.nytimes.com/2026/06/27/business/media/colette-shulman-dead.html

წაიკითხეთ მეტი

ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

ჯერ ლითიუმი, მერე დემოკრატია? ანუ ვუჩიჩის გერმანელი აჩრდილი

ბერლინის მიერ მივლენილ მრჩეველს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან 13-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სადავო სამთო-მოპოვებითი პროექტის ლობირებაში.