ტექსტზე გადასვლა

„მემარცხენეებს“ გერმანულმა მედიამ ჩაუშალა ლხინი

მემარცხენე პარტიის საეჭვო კონტაქტები ჟურნალისტებმა მოჩხრიკეს

„მემარცხენეებს“ გერმანულმა მედიამ ჩაუშალა ლხინი
გამარჯვებისთანავე „მემარცხენეებს“ საჩოთირო ჩრდილი აეტორღიალა. კოლაჟი: მოამბე

20 სექტემბერს, ბერლინელმა „მემარცხენეებმა“ (Die Linke) არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმეს, მაგრამ ლხინი სანანებელი გაუხდათ. იმ საღამოდან მოყოლებული, გერმანული პრესის მთავარი განსახილველი თემა არა ეს გამარჯვება, არამედ არჩევნების შემდეგ გამართულ წვეულებაზე სტუმრად მოსული „საეჭვო ბიოგრაფიის“ პირები გახდნენ.

პრესაში ერთი ამბავია ამტყდარი: მარჯვნივ გადახრილი ჟურნალ-გაზეთები ზეიმზე კრიმინალური კლანის წევრების, პროპალესტინური რადიკალებისა და ანტისემიტების სტუმრობაზე წერენ, სწორედ ისინი წარმოადგენენო „მემარცხენეების“ ჭეშმარიტ სახეს. მარცხნივ მდგომები მხრებს იჩეჩავენ, ზეიმზე რამდენი ადამიანი მივა, მთლიანად პარტიას აბა, რატომ უნდა დაბრალდესო. ორივე მხარე სათავისოდ ირჯება: ერთნი აბუქებენ, მეორენი აინუნში არ აგდებენ, ჭეშმარიტება კი, სავარაუდოდ სადღაც შუაშია.

მაშ მოდით, ფაქტებსა და შუქ-ჩრდილებს ჩავყვეთ.

სანანებელი მოლხენა ნოიკიოლნში

არჩევნების შემდეგ, რამდენიმე ადგილას აღნიშნეს „მემარცხენეებმა“ გამარჯვება. პრესის ყურადღების ცენტრში ბერლინის ერთ-ერთი უბნის, ნოიკიოლნის (Neuköln) საზეიმო დარბაზი მოექცა, სადაც Tagespiegel-ის ცნობით, 500-მდე ადამიანი შეიკრიბა. მოზეიმე ხალხში ჟურნალისტებმა ისა რემო (Issa Remmo) დალანდეს, რომელიც მოგვიანებით, პარტიის ოფიციალურ მიღებაზეც იმყოფებოდა კროიცბერგში.

ბერლინის კრიმინალურ ქრონიკას რომ მისდევდეთ, ისა რემო რა კაციაო, არ იკითხავდით. კაკო ყაჩაღისა არ იყოს, ბავშმაც კი იცის, ვინ არის „რემო“ და ესეც სრულიად ყაჩაღური მიზეზებით. რემოს ოჯახი იგივე „რემოს კლანია“ - რამდენიმე წევრი ორგანიზებულ დანაშაულშია მხილებული და გასამართლებული, თავად ისა რემოს კი ჟურნალისტები კლანის შეფად მოიხსენიებენ. მათ სახელთან დაკავშირებულ ყველაზე ცნობილ საქმეებს შორისაა ბერლინის ბოდეს მუზეუმიდან 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტის ქურდობა და დრეზდენის დრეზდენის სამეფო საგანძურიდან  ძვირფასეულობის გახმაურებული გატაცება, რომლის დიდ ნაწილსაც დღემდე ვერსად მიაკვლიეს.

რემოების ოჯახი 1980-იან წლებში ლიბანიდან გადმოვიდა დასავლეთ ბერლინში და დღეს რამდენიმე თაობისა და ათეული ადამიანისგან შედგება. გერმანული მედიის ცნობით, ოჯახის მამაკაცები არაერთ მძიმე დანაშაულთან კავშირში არიან შემჩნეული. ბუნებრივია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამ გვარის ყველა წარმომადგენელი კრიმინალია.

„მემარცხენეების“ გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმზე ისა რემოს ხილვის შემდეგ პრესაში მალევე გაჩნდა კითხვები, არსებობდა თუ არა რაიმე უშუალო კავშირი კლანის თავკაცის გარემოცვასა და პარტიას შორის. ცეცხლზე ნავთი თავად ისა რემოს კომენტარმა დაასხა, რომელმაც „Berliner Morgenpost“-ს უთხრა „მემარცხენეების“ წარმატება მახარებს და თავს ამ პარტიისგან მხარდაჭერილად ვგრძნობო. სწორედ ამაში ხედავს გავლენიანი გერმანული Die WELT მთავარ პრობლემას: კი, რთულია დიდ ღია ღონისძიებაზე ყოველი სტუმრების ვინაობის გაკონტროლება, თუმცა კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანები რომ მემარცხენეებთან იდეურ სიახლოვეს გრძნობენ, ეს კი საგანგაშოაო.

„მემარცხენეების“ ლიდერმა ბერლინელი ამომრჩევლების ბრაზი გამარჯვების ვარდისფერ ბურუსს მიღმაც შეიგრძნო და გერმანულ ZDF-თან განაცხადა, რემო ჩვენ არ მოგვიწვევია, დაუპატიჟებლად მოვიდა და ორგანიზებულ კრიმინალს ვემიჯნებითო.

პალესტინური კავშირები

არანაკლები ხმაური გამოიწვია მოზეიმეთა შორის ვინმე იბრაჰიმ იბრაჰიმის გამოჩენამ. ის პროპალესტინელი აქტივისტია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტთან (PFLP). ეს ფრონტი ისტორიულად მარქსისტ-ლენინისტურ პლატფორმაზე იდგა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (PLO) წონით მეორე დამფუძნებელიც გახლდათ. მოძრაობა ოსლოს შეთანხმებებს და „ორი სახელმწიფოს“ გეგმას და, შესაბამისად PLO-დან თავის ძმობილებსაც დაუპირისპირდა. ის ევროკავშირსაც და აშშ-საც ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ აღიარებული.

როგორც გერმანული TAZ იტყობინება, იბრაჰიმს თბილი გრძნობები აკავშირებს ჰამასთან - მის აწ უკვე მოკლულ თავკაცს, იაჰია სინვარს წამებულ გმირსაც კი უწოდებდა. ბუნებრივია, ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანის გამოჩენამ დამატებითი კითხვები გააჩინა და „მემარცხენეების“ მიმართ ანტისემიტიზმისა და რადიკალური პროპალესტინური ჯგუფებისგან არასაკმარისი დისტანცირების შესახებ ძველი საუბრებიც გამოაცოცხლა.

პრესის სიჩაუქის ფონზე, „მემარცხენეებს“ იმის თქმა აღარ გამოუვიდათ, არც იბრაჰიმი დაგვიპატიჟებიაო. ჟურნალისტებმა ფოტოები გამოჩხრიკეს, სადაც იბრაჰიმი გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, ფერატ ქოჩაქთან ერთადაა გამოჭიმული. „მემარცხენეებს“ წევრმა ქოჩაქმა თავი მოიქაჩლა, იბრაჰიმი ვერ ვიცანი, კაცმა ფოტოს გადაღება მთხოვა და უარს ხომ არ ვეტყოდიო. ოღონდ ქოჩაქს აღარც პარტიამ დაუჯერა, მის ქმედებას გაემიჯნა და ოფიციალურად დაეტუქსა კიდეც - შენი ქცევებით პარტიას ჩრდილს აყენებო. არადა ქოჩაქი მრავალმხრივ ჩრდილოვანი ფიგურაა: ბოლო დღეებში მედიის ყურადღების ცენტრში რემოების ოჯახის წევრებთან კონტაქტებიც მოექცა. გამოქვეყნდა ქოჩაქის მიმოწერა ფირას რემოსთან, ისა რემოს შვილთან.

ფაქტების წინაშე ქოჩაქს სხვა გზა აღარ ჰქონდა, შევცდიო აღიარა, ბოდიში მოიხადა და ბუნდესტაგის შინაგან საქმეთა კომიტეტში საკუთარი ადგილიც დატოვა. ეს ამბავი ამით ჩანს, არ დასრულდება.

 არეულობა ბანაკში

ასე უცბად სკანდალებში აღმოჩენა „მემარცხენეებისთვის“ იოლი საქმე ვერაა. საეჭვო კონტაქტების მიღმა პარტიის ისტორიისა და მისი აწმყოს ჩრდილოვანი სურათი იმალება. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომპარტიის მემკვიდრე პარტიამ ძლივძლივობით შეძლო ახალ ამომრჩეველზე გასვლა, მაგრამ რის ფასად? პარტიის შიგნით ცხარე დავა მიმდინარეობს ისრაელის, ანტისემიტიზმისა და რადიკალური პროპალესტინური მოძრაობების მიმართ დამოკიდებულებაზე. ბერლინის „მემარცხენეებში“ მოქმედებს სამუშაო ჯგუფი „Palästinasolidarität“, რომლის წარმომადგენლების პრო-პალესტინური განცხადებები ცოტა ხნის წინათ იმდენად საჩოთირო გახდა, რომ თავად პარტიის წევრებმა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის წინააღმდეგ პარტიიდან გარიცხვის პროცედურაც კი წამოიწყეს.

არანაკლები ხმაური მოჰყვა „მემარცხენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელთა ანტი-ისრაელურ განცხადებებსაც. პარტიის ფედერალური ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, საჯაროდ გამიჯვნოდა განსაკუთრებით რადიკალურ ფორმულირებებს. ამ ყველაფერს ქოჩაქის ისტორიაც ცუდად დაერთო.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „მემარცხენეების“ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პოლიტიკოსმა, თიურინგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბოდო რამელოვმა (Bodo Ramelow) საკუთარ თანაპარტიელს საჯაროდ მოსთხოვა რემოების ოჯახთან და PFLP-სთან დაახლოებულ ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირებზე დამაჯერებელი განმარტების წარმოდგენა.

სულ უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას თუ რატომ ხვდებიან პარტიის ცალკეული წარმომადგენლები იმ ადამიანებისა და ჯგუფების გვერდით, რომელთა შეხედულებები თავად „მემარცხენეების“ შიგნითაც პრობლემურად მიაჩნიათ. გერმანიის ებრაელთა ცენტრალურმა საბჭომ (Zentralrat der Juden in Deutschland), მკვეთრად გააკრიტიკა „მემარცხენეების“ ნაწილი. საბჭოს პრეზიდენტის, იოზეფ შუსტერის (Josef Schuster) შეფასებით, პარტიაში ანტისემიტიზმის პრობლემა სისტემურია და მხოლოდ ცალკეული პირებით არ შემოიფარგლება. თუკი მართვა სურთ, „მემარცხენეებს“ საკუთარი ავი სულებისა და დემონების მოთვინიერება მოუწევთ - სწორედ ამაშია დემოკრატიული სისტემის ხიბლიც.

 გერმანული მედიის ბრწყინვალება და ჭოჭმანი

პრესას ვინ არ აგინებს ამ ბოლო დროს - ზოგი ამბობს ინტერნეტის და პოდკასტების ეპოქაში ჩვეულებრივი მედია და, განსაკუთრებით პრესა, მკვდარიაო. ზოგი იმას ჰგოდებს, გაზეთები მარტო ესტაბლიშმენტის ინტერესებს ემსახურებიან და არაფრად გვარგიაო. არადა, „მემარცხენეების“ შეჯანჯღარება სწორედ ტრადიციულმა გაზეთებმა მოახერხეს.

Die WELT-მა, სტატია გამოაქვეყნა სათაურით „კლანის მეთაური რემო მემარცხენეების საარჩევნო წვეულებაზე გამოჩნდა - პარტიას ამის ახსნა მოუწევს“, ყურადღება გაამახვილა ზეიმის დროს გამოყენებულ პროპალესტინურ სიმბოლიკაზე, მოგვიანებით კი ვრცლად წერდა იბრაჰიმ იბრაჰიმსა და ფერათ ქოჩაქის კონტაქტებზეც. ამ და სხვა გაზეთების გაუნელებელი და ახლო ინტერესის გამო, ცალკეული შემთხვევები ერთ სურათად აიკინძა, პოლიტიკური დისკუსიის თემად იქცა და მისგან თავის არიდება აღარც პარტიას გამოუვა და აღარც მემარცხენეებისადმი სიმპატიით განმსჭვალულ პრესას.

აქ არსებობს ტენდენცია, რომ საეჭვო წარსულის მქონე სტუმრების „მემარცხენეების“ ზეიმზე ყოფნა შემთხვევითობას მიაწერონ. ასე მაგალითად, გერმანული taz (die Tageszeitung) წერს, რომ ცალკეული ადამიანების კონტაქტებისა და ქმედებების საკმარისი მტკიცებულებების გარეშე მთლიან პარტიაზე განზოგადებას ეწინააღმდეგება და მკითხველს არწმუნებს, რომ ის, რომ ვიღაც მოდის შენთან სტუმრად, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე საერთო აქვს შენთანო.

„მემარცხენეების“ დაცვა სცადა მკვეთრად მემარცხენე ჟურნალმა Jacobin-მაც. 21 სექტემბერს გამოცემამ ნიმროდ ფლაშენბერგის (Nimrod Flaschenberg) სტატია გამოაქვეყნა სათაურით -„Die Linke ანტისემიტური პარტია არ არის“. ავტორი უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ბერლინის „მემარცხენეებში“ ანტისემიტიზმი სტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს. მისი შეფასებით, შექმნილი სურათი მემარჯვენე მედიაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნარატივია, რომელსაც პარტიის წინააღმდეგ და მათ შორის სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაში ხელის შესაშლელად იყენებენ. ცალკეული პოლიტიკოსების კონტაქტები „საეჭვო ბიოგრაფიის ადამიანებთან“, სადავო პარტიული ჯგუფების არსებობა და ანტისემიტური განცხადებების შესახებ შიდა დაპირისპირება ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ეს თავისთავად არ ადასტურებს, რომ „Die Linke“-ს, როგორც პარტიას, „ჰამასთან“, PFLP-სთან ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან პირდაპირი კავშირი აქვსო.

სწორედ ამიტომ არის ეს ისტორია პოლიტიკურად საინტერესო: მემარჯვენე პრესისთვის ცალკეული ეპიზოდები უკვე ერთ დიდ სურათად ლაგდება და ეს სურათი არცთუ ლამაზად გამოიყურება; ხოლო „მემარცხენეებში“ კი ჯერ კიდევ კამათობენ, ვის და როგორ გაემიჯნონ, ისე, რომ არც ბერლინელი ამომრჩევლები გადაიკიდონ და არც მათი „საეჭვო რეპუტაციის“ მხარდამჭერები გაანაწყენონ.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე