ლი მილერი: მოდელი, რომელიც ხედავდა ომს
ფოტოგრაფი ქალი, რომელმაც ჰოლოკოსტის საშინელება უჩვენა ბრიტანეთს
1945 წლის 30 აპრილს, ფოტოჟურნალისტმა ლი მილერმა ჰიტლერის აბაზანაში გადაიღო ფოტო. მილერი ბრიტანული ვოუგის (Vogue) კორესპონდენტი გახლდათ და მიუნხენში ჰიტლერის მიტოვებულ ბინაში 179-ე ბატალიონის ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეაღწია. იმავე დილას, მილერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახლადგათავისუფლებული დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი ნახა. ჰიტლერის ბინაში, სანამ აბაზანაში ჩავიდოდა, ჯერ კამერა დააყენა. სანამ ტანს იბანდა, სურათი მისმა მაშინდელმა საყვარელმა, ჟურნალ ლაიფის (Life) კორესპონდენტმა, დეივიდ შერმანმა გადაიღო.
გავა დრო და ეს ფოტო ომის დასრულების მეტაფორად იქცევა. იმ დღეს, ბერლინში, ჰიტლერმა და მისმა ახლადმოყვანილმა მეუღლემ, ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს. თავის რედაქტორთან მიწერილ წერილში მილერი აღწერს დახაუს „უზარმაზარ, მტვრიან სივრცეებს, რომელიც უამრავ განწირულ ფეხს გაეთელა, ფეხებს, რომლებიც სტკიოდათ, რომლებსაც სიცივისგან გათოშილს უბაკუნებდნენ მიწას, რომ ტკივილი გაეყუჩებინათ, ფეხებს, რომლებიც სასიკვდილო კამერაში შესვლაღა დარჩენოდათ.“ ეს როცა იცი, რთულია თვალი აარიდო მილერის ჩექმით მოტანილი დახაუს მტვერის ჰიტლერის აბაზანის ფითქინა ხალიჩაზე.
