რა არის მედეგობა?
ევროპული უსაფრთხოების ლექსიკონი
2025 წლის გაზაფხულზე რამდენიმე საათის განმავლობაში ესპანეთისა და პორტუგალიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეწყდა სარკინიგზო და შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა, გაითიშა შუქნიშნები, მოიშალა მობილური კავშირი, ხოლო სახელმწიფო და კერძო მომსახურების მიწოდება მნიშვნელოვნად გართულდა. ეს არ იყო სამხედრო თავდასხმა და, როგორც გამოძიებამ აჩვენა, არც საბოტაჟის აქტი. თუმცა ამ შემთხვევითობამ ნათლად გვიჩვენა, რამდენადაა დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც შეიძლება პირდაპირი შეტევის გარეშე გამოვიდეს მწყობრიდან.
საკმარისია დროებით შეწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება, დაზიანდეს საკომუნიკაციო ქსელები, მწყობრიდან გამოვიდეს სახელმწიფო მონაცემთა ბაზები, რომ საზოგადოება ვეღარ ენდობა იმ დაწესებულებებს, რომლებსაც მისი ყოველდღიური ცხოვრების მოწესრიგება ევალება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს საკვანძო ამოცანა ხდება, კრიტიკულ ვითარებაშიც ჰქონდეს უნარი, გააგრძელოს ძირითადი ფუნქციების აღსრულება და საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივი მსვლელობის მაქსიმალურად ნორმალური შენარჩუნება. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ მსჯელობაში სულ უფრო ხშირად გვხვდება ერთი სიტყვა: resilience - ქართულად „მედეგობა“ იგივე „მდგრადობა“ თუ „სიმტკიცე“.
რას არის მედეგობა?
ნატო-ს განმარტებით, მედეგობა არის სახელმწიფოსა და საზოგადოების უნარი, მოემზადოს, რეაგირება მოახდინოს და სწრაფად აღიდგინოს ნორმალური ქმედუნარიანობა გარე შოკის - სამხედრო თავდასხმის, კიბერ-შეტევის, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი კატასტროფისა თუ სხვა ფართომასშტაბიანი კრიზისის - პირობებში. ალიანსის გაგებით, მედეგობა შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელ საფუძვლად არის მიჩნეული. სწორედ ამ სულისკვეთებას ემყარება ვაშინგტონის ხელშეკრულების მესამე მუხლი, რომლის თანახმადაც წევრ სახელმწიფოებს ევალებათ მუდმივად განავითარონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები და გაუმჯობესონ წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ალიანსმა ეროვნული მედეგობის შვიდი ძირითადი მოთხოვნა დაამტკიცა. მათი დანიშნულებაა უზრუნველყოს, რომ ყოველგვარი კრიზისის, მათ შორის საომარი ვითარების დროსაც, წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, არამედ ალიანსის სამხედრო ძალების შეუფერხებელი მოქმედებისათვის საჭირო პირობების შენარჩუნებაც.
ეს მოთხოვნები მოიცავს:
1. მთავრობისა და სახელმწიფო სამსახურების უწყვეტი ფუნქციონირება. ეს გულისხმობს, რომ კრიზის დროსაც არ შეწყდეს ხელისუფლების მოქმედება, არ შეფერხდეს გადაწყვეტილებების დროული მიღება და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
2. ენერგიით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა. თუ ვითარება ამას მოითხოვს, სახელმწიფოს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაჭერილი თადარიგი ენერგიის საავარიო მიწოდების უზრუნველსაყოფად და შეფერხების დროულად აღმოსაფხვრელად;
3. მოსახლეობის ევაკუაციის გონივრული მოწესრიგება. აუცილებელია, საგანგებო ვითარებაში მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიგეგმოს და იმგვარად წარიმართოს, რომ არც საზოგადოებრივი მართლწესრიგი დაირღვეს და არც ნატო-ს ძალების გადაადგილებას შეეშალოს ხელი.
4. სურსათისა და სასმელი წყლის მარაგების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს მოვალეობაა იზრუნოს როგორც საჭირო მარაგების არსებობაზე, ისე მათ დაცვაზე ყოველგვარი ავარიისა და საბოტაჟისგან.
5. ჯანდაცვის ისეთი კრიზისების მართვა, რომელთაც მასობრივი მსხვერპლი და საზოგადოებრივი არეულობა შეიძლება მოჰყვეს. ამისათვის აუცილებელია, სამოქალაქო სამედიცინო სამსახურებმა შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა, არსებობდეს საიმედოდ დაცული სამედიცინო მარაგები.
6. სამოქალაქო საკომუნიკაციო საშუალებების შეუფერხებელი მუშაობა. სატელეკომუნიკაციო და კიბერ-ქსელების მოქმედება კრიზისის დროსაც საიმედოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. უნდა არსებობდეს სათადარიგო სიმძლავრეები, დაგეგმილი უნდა იყოს საკომუნიკაციო სისტემების, მათ შორის მობილური კომუნიკაციის აღდგენის გეგმა, ამ საშუალებებზე კრიზისის მართვის ორგანოებისთვის უპირატესი წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ და საფუძვლიანად უნდა იყოს შეფასებული და რისკების მართვის ღონისძიებები დეტალურად გაწერილი.
7. სატრანსპორტო მიმოსვლის უწყვეტობა. ნატო-ს ძალებს უნდა შეეძლოთ ალიანსის მთელ სივრცეზე სწრაფი გადაადგილება, ხოლო სამოქალაქო სამსახურებს სატრანსპორტო ქსელებით სარგებლობა.
ჯამში, ამ მოთხოვნების შესრულება სახელმწიფოს საშუალებას მისცემს კრიზისის დროსაც გააგრძელოს მუშაობა. მედეგობა მხოლოდ სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვა ან საგანგებო ვითარების მართვა როდია. ის თავდაცვის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს შეადგენს და გულისხმობს ქვეყნის უნარს, ყოველგვარ განსაცდელს მტკიცედ დაუხვდეს, იქნება ეს სამხედრო შეტევა თუ საზოგადოებრივი კრიზისი.
სუპერსახელმწიფოების ხანგრძლივი მეტოქეობით დაღლილმა და ათწლეულების განმავლობაში ომის მოლოდინში მცხოვრებმა ევროპამ ცივი ომის დასრულების შემდეგ ირწმუნა, რომ ახალი ხანა დადგა. ბევრ ქვეყანაში დამკვიდრდა რწმენა, რომ სამხედრო შესაძლებლობების განვითარება, სამოქალაქო მზადყოფნა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, სტრატეგიული მარაგებისა და სახელმწიფოს უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარსულს ჩაბარდებოდა. მაგრამ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეზობლობამ ეს წარმოდგენა მალევე გააქარწყლა და ევროპა მწარე რეალობის წინაშე დააყენა.
ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებულმა კიბერ-შეტევებმა, ყირიმის ანექსიამ, COVID-19-ის პანდემიამ, ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა, ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევებმა და რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა ჯერ საქართველოს, მერე კი უკრაინის წინააღმდეგ ცხადყო, რომ თანამედროვე სახელმწიფოს უსაფრთხოება მხოლოდ ბრძოლის ველზე აღარ წყდება.
სახელმწიფო შეიძლება უმძიმესი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს მაშინაც, როდესაც კლასიკური სამხედრო მოქმედებები საერთოდ არ მიმდინარეობს, ხოლო სამხედრო შეტევა ფართო სპექტრის ზემოქმედების მხოლოდ ერთი ნაწილია. თუ წარსულში სახელმწიფოს სიმტკიცეს უმეტესად არმიის ძლიერებით აფასებდნენ, დღეს მისი უნარი კრიზისის, ზეწოლისა თუ არეულობის დროსაც გააგრძელოს ხელისუფლების ორგანოების გამართული მოქმედება, დაიცვას თავისი სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემები და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი და შეკავების აუცილებელი პირობა გახდა.
წყაროები: