რა არის "ფსიქოლოგიური თავდაცვა"?
ევროპული თავდაცვის ლექსიკონი.
2024 წლის შემოდგომაზე შვედეთის მილიონობით მოქალაქემ საფოსტო ყუთში ერთი შეხედვით უჩვეულო ბროშურა მიიღო სათაურით: „თუ კრიზისი ან ომი დაიწყო.“
ბროშურის მთავარი გზავნილი პირველივე გვერდზე მკაფიოდაა გამოყოფილი: „თუკი შვედეთს თავს დაესხნენ, ჩვენ არასოდეს დავნებდებით. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ტყუილი იქნება.“
ბროშურა მოქალაქეებისთვის ბევრ პრაქტიკულ რჩევას მოიცავს საგანგებო ვითარებისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად: რა მოიმარაგონ, სად და როდის შეეძლებათ სანდო ინფორმაციის მიღება, როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო და საომარი ვითარების დროს და როგორ არ გახდნენ მანიპულაციის მსხვერპლი.
შვედეთი ცივი ომის დროიდან მოყოლებული დიდი ყურადღებით ეკიდება სამოქალაქო თავდაცვას. ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მოდელი მოქმედებს, რაც თითოეულ მოქალაქეს მიუჩენს ადგილს ქვეყნის დასაცავად.
თუმცაღა, ამ ბროშურის განახლების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ტანკებით, რაკეტებითა და არმიებით აღარ მიმდინარეობს. ხშირად საკმარისია საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება და ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს აღარ სჯერათ არც ინსტიტუტების, არც მედიის და, საბოლოოდ, არც ერთმანეთის.
სწორედ ამიტომ, უკანასკნელ წლებში ევროპულ უსაფრთხოების დებატებში სულ უფრო ხშირად ისმის ტერმინი „ფსიქოლოგიური თავდაცვა“.
რას ნიშნავს ეს ტერმინი? რატომ გაჩნდა ის ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში? და სად გადის ზღვარი საზოგადოების დაცვასა და სიტყვის თავისუფლებას შორის?
რას გულისხმობს ფსიქოლოგიური თავდაცვა?
ფსიქოლოგიური თავდაცვა არის საზოგადოების უნარი, ამოიცნოს და გაუძლოს ისეთ ზემოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი მათი ნდობის შესუსტებას.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ სამხედრო თავდაცვა სახელმწიფოს ტერიტორიას იცავს, ფსიქოლოგიური თავდაცვა იცავს მის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს - მოქალაქეთა ცნობიერებასა და საზოგადოებრივ სიმტკიცეს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თანამედროვე დაპირისპირება მხოლოდ სამხედრო მოქმედებებით არ შემოიფარგლება. ევროპულ დედაქალაქებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, დეზინფორმაციაზე, უცხოურ საინფორმაციო ჩარევასა და გავლენის ოპერაციებზე. ბოროტგანმზრახველი სახელმწიფოების საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს იყენებენ იარაღად, როგორც ამ სტატიაში გიყვებოდით.
ამ ფონზე ბევრმა სახელმწიფომ დაასკვნა, რომ მხოლოდ საზღვრებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა აღარ არის საკმარისი, აუცილებელია საზოგადოების მედეგობის გაძლიერებაც.
რატომ აქცევენ ფსიქოლოგიურ თავდაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას?
თუკი კრიზისის დროს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სიმართლეს მალავს; თუკი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მედია შეგნებულად ატყუებს, ხოლო სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები, რომელთა გადამოწმებაც თითქმის შეუძლებელია, საფრთხე არა იმდენად ინფორმაციის სიჭარბე, არამედ ისაა, საზოგადოება თანდათან კარგავს რეალობის გაზიარებულ, ერთიან აღქმას. გარკვეული ჯგუფები საკუთარ, იზოლირებულ საინფორმაციო ველში ცხოვრობენ.
სწორედ ამის გამო განიხილავენ ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნებში ფსიქოლოგიურ თავდაცვას ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად. მათი შეფასებით, თუ საზოგადოებაში ნდობა დაინგრა, მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ავტორიტეტი დაკარგეს, მაშინ ქვეყნის დამორჩილება შესაძლებელია სამხედრო ძალის გამოყენების გარეშეც. ფსიქოლოგიური თავდაცვა პრაქტიკული ნაბიჯებია, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები, საგანმანათლებლო სისტემა, მედია და სამოქალაქო საზოგადოება ერთობლივად ახორციელებენ.
შვედეთი ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სახელმწიფოდ მიიჩნევა. 2022 წელს ქვეყანაში შეიქმნა ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო, რომლის მთავარი ამოცანაა უცხოური გავლენის ოპერაციების, საინფორმაციო მანიპულაციისა და დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენა. თუმცა სააგენტოს საქმიანობა მხოლოდ საფრთხეების იდენტიფიცირებით არ შემოიფარგლება. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების მზადყოფნის გაზრდა.
ფინეთმა განსხვავებული გზა აირჩია. ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედია-წიგნიერებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და განათლებას. ფინელი მოსწავლეები ადრეული ასაკიდან სწავლობენ, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია, როგორ ამოიცნონ მანიპულაცია და როგორ შეაფასონ წყაროს სანდოობა. სწორედ ამიტომ ფინეთი ხშირად სახელდება დეზინფორმაციის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მედეგ საზოგადოებად მსოფლიოში.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გამოცდილებაც განსაკუთრებულია. საბჭოთა ოკუპაციისა და რუსეთის საინფორმაციო ზეწოლის ისტორიულმა გამოცდილებამ ეს ქვეყნები დაარწმუნა, რომ საზოგადოებრივი მედეგობა ეროვნული უსაფრთხოების ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორიც სამხედრო თავდაცვა. ამიტომ სტრატეგიული კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და უცხოური გავლენის ოპერაციების გამოვლენა აქაც სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ყველას საერთო იდეა აერთიანებს: თანამედროვე სამყაროში საზოგადოების ნდობა ისეთივე სტრატეგიული რესურსია, როგორიც ენერგოსისტემა, პორტი ან სამხედრო ბაზა.
საზოგადოება, როგორც თავდაცვის პირველი ინსტიტუტი
ფსიქოლოგიური თავდაცვა არ არის ცენზურა და არც აზრის კონტროლი. მისი მთავარი მიზანია საზოგადოების გაძლიერება, მოქალაქეების ინფორმირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მანიპულაცია ნაკლებად ეფექტიანია.
ოცდამეერთე საუკუნეში ბრძოლა მ~მიმდინარეობს აღქმებისთვის, ნდობისთვის და საზოგადოების ერთიანობისთვის. შესაძლოა სწორედ ამიტომ ისმის დღეს ევროპაში ტერმინი „ფსიქოლოგიური თავდაცვა“ უფრო ხშირად, ვიდრე ოდესმე.
თუ სახელმწიფოს საზღვრებს ჯარისკაცები იცავენ, დემოკრატიის დაცვა საბოლოოდ თავად მოქალაქეების ხელში რჩება. ამიტომაც სახელმწიფოს თავდაცვის ბედი არა საზღვართან, არამედ მოქალაქეების გონებაში წყდება.
წყაროები:
