ტექსტზე გადასვლა

რამ მოშალა ორბანის საინფორმაციო მანქანა?

მადიარი შიშზე აგებული სისტემის წინააღმდეგ

რამ მოშალა ორბანის საინფორმაციო მანქანა?
ორბანის ყოვლისშემძლე მანქანა ბოლოს საფრთხობელა აღმოჩნდა. ილუსტრაცია: მოამბე/დიანა ხაბეიშვილი

წლების განმავლობაში უნგრეთის ხელისუფლება მოქალაქეებს ერთსა და იმავე ამბავს უყვებოდა: ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ (Fidesz - უნგრეთის სამოქალაქო კავშირი)  ქვეყნის მართვის ერთადერთი რეალური და კომპეტენტური ძალაა, ხოლო ოპოზიცია სუსტია, თან უცხოურ ინტერესებს ემსახურება და უნგრეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამის მრავალწლიანმა გამეორებამ შექმნა განცდა, რომ რეალური პოლიტიკური ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობდა, „ფიდესის“ გამარჯვება მანამ იყო გარანტირებული, სანამ საარჩევნო დღე დადგებოდა. წლების განმავლობაში, სწორედ ეს აღქმა გახდა აძლევდა ორბანს პოლიტიკურ უპირატესობას, მაგრამ 2026 წლის 12 აპრილის არჩევნებმა ეს მექანიზმი მოშალა: პეტერ მადიარის „ტისამ“ (Tisza - პატივისცემისა და თავისუფლების პარტია) ხმების 55.8% და პარლამენტის 199 ადგილიდან 141 მოიპოვა, რითაც „ფიდესის“ თექვსმეტწლიანი მმართველობა დაასრულა.

2026 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებული კვლევა „რატომ შეიძლება დამარცხდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაცია? რა შეიძლება ვისწავლოთ ორბანის ინფორმაციული ავტოკარატიის კოლაფსიდან“ , რომელიც კვლევითმა ჯგუფმა Political Capital მოამზადა გვაჩვენებს, რომ ავტოკრატის საინფორმაციო მანქანა მაშინ მოიშალა, როცა აღმოჩნდა, რომ მის მიერ მოყოლილი ამბავი დამაჯერებელი აღარ იყო, რადგან ასცდა მოქალაქეების ყოველდღიურ გამოცდილებას.

როგორ მუშაობდა ორბანის საინფორმაციული მანქანა

კვლევა ორბანის რეჟიმს საინფორმაციო ავტოკრატიას უწოდებს, რომელსაც განსაზღვრავს როგორც მმართველობის მოდელს, რომელიც სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა საზოგადოების დარწმუნებას, რასაც აღწევს მედიის და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის მექანიზმების კონტროლით. მუდმივი საინფორმაციო კამპანია ემსახურება ხელისუფლების ლეგიტიმურობისა და კომპეტენტურობის დასაბუთებას. ის მოქალაქეებში ქმნის განცდას, რომ მოქმედ ხელისუფლებას იმდენად ფართო მხარდაჭერა აქვს, რომ მისი შეცვლა წარმოუდგენელია.

პარალელურად, ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტია „ფიდესმა“ ჩამოაყალიბეს სისტემა, რომელიც შიდა პრობლემების მთავარ წყაროდ გარე ფაქტორებს წარმოაჩენდა. ბრიუსელი, მიგრანტები, ჯორჯ სოროსი, საერთაშორისო მემარცხენეობა, უკრაინა და ზოგადად ომი სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენებოდა იმისათვის, რომ მოქალაქეს ყოველდღიურ პრობლემებზე ხელისუფლებისთვის არ მოეთხოვა პასუხი. ამ კამპანიის პირობებში, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის სახელმწიფო მომსახურების გაუმართაობა, ფასების ზრდა და ა.შ. ვერ გარდაიქმნებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროცესად.

როგორ იმარჯვებს ვიქტორ ორბანი
2022 წლის 3 აპრილს ვიქტორ ორბანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო არჩევნები და მეოთხედვე გაინაღდა საკონსტიტუციო უმრავლესობა.

შიშის პოლიტიკური არქიტექტურა: „ომი თუ მშვიდობა“

2022 წლიდან მოყოლებული „ფიდესმა“ თანდათან შეამცირა აქცენტი საკუთარი მმართველობის მიღწევებზე. 2026 წლის კამპანიისთვის ცხადი იყო, რომ პოზიტიური გზავნილები ვერ შეცვლიდა მოსახლეობის აღქმას, რომ მმართველი პარტია ყოველდღიურობის პრობლემებს ვერ უმკლავდებოდა. „ფიდესი“ სულ უფრო მეტად დაეყრდნო ერთ ცენტრალურ გზავნილს: „ომი თუ მშვიდობა“. არჩევნები წარმოდგენილი იყო როგორც ეგზისტენციალური არჩევანი, რომელშიც „ტისა“, პეტერ მადიარი, უკრაინა და ბრიუსელი დაკავშირებული იყვნენ უნგრეთის ომში ჩათრევის საფრთხესთან. ამ გზავნილს თან ახლდა დეზინფორმაციაზე დამყარებული ამბების მთელი ქსელი, რომელიც ამოცანაც იყო ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლასა და ომს შორის კავშირი შორის მაქსიმალურად რეალური და ემოციურად შეფერილი გაეხადა.

უნგრეთი: ორბანი ”ომის პარტიას” ერკინება?
რა ხდება: უნგრეთში 3 აპრილს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რუსეთ-უკრაინის ომი საარჩევნო კამპანიის საკვანძო თემად იქცა. რატომაა ეს მნიშვნელოვანი: პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2010 წლიდანაა ქვეყნის სათავეში და ევროპაში ”ანტი-ლიბერალური” ბლოკის ლიდერად იქცა. ამ არჩევნებში მას ოპოზიციური კოალიცია სერიოზულად ეცილება. * გამოკითხვების თანახმად, ორბანის პარტია ”ფიდესი” 5%-ით უსწრებს ოპოზიციურ

თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შიშზე დაფუძნებულმა კომუნიკაციამ ეფექტურობის ზღვარს მიაღწია. გამოკითხვების თანახმად, ომის საფრთხის შიში 2025 წლის 46%-დან 2026 წელს 29%-მდა დაეცა. შეიქმნა უფსკრული პარტიის მომხრეებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის: კვლევების მონაცემებით, „ფიდესის“ მხარდამჭერთა 78% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობდნენ უნგრეთის ომში ჩათრევას, ფართო მოსახლეობის 62% კი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა. სკეპტიციზმი განსაკუთრებით ძლიერი იყო იმ ამომრჩევლებს შორის, ვინც არ იცოდა, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.

ამგვარად, გზავნილი „ომი თუ მშვიდობა“ არ გამქრალა, მაგრამ მისი ფუნქცია შეიცვალა: არჩევნების მომენტისთვის ის მხოლოდ „ფიდესის“ ტრადიციულ ამომრჩეველთა მობილიზებას ახდენდა და ვერ ახერხებდა საზოგადოების სხვა წევრების დარწმუნებას.

დღის წესრიგისთვის ბრძოლა: მადიარის ალტერნატიული ნარატივი

მადიარის პარტიამ მმართველი პარტიის კამპანიას დაუპირისპირა როგორც ტონის, ისე შინაარსის ცვლილება. მაშინ, როცა „ფიდესის“ დამზაფვრელი კამპანია ომზე, სისხლზე და სიკვდილზე ამახვილებდა ყურადღებას, „ტისამ“ ოპტიმისტურ ფერებზე და იმის იმედზე ააგო თავისი გზავნილი, რომ ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი იყო.

როგორ დამარცხდა ვიქტორ ორბანი
დეზინფორმაციისა და ბინძური ხრიკების ძველი ტაქტიკა უძლური აღმოჩნდა პეტერ მადიარის თანმიმდევრული კამპანიის წინააღმდეგ

მადიარის მთავარი საკომუნიკაციო წარმატება „ფიდესის“ მიერ შექმნილი დღის წესრიგის შეცვლა იყო. „ტისამ“ შეძლო ცხოვრების დონის გაუარესება, კორუფცია, ჯანდაცვის, განათლების, ტრანსპორტისა და სახელმწიფო მართვის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების ერთ დიდ პრობლემად გაერთიანება, მთავრობით უკმაყოფილების კალაპოტში მისი გადაყვანა და შემდეგ კი „რეჟიმის ცვლილების“ მოთხოვნად კრისტალიზება.

ორბანის გუნდმა ვერ შეინარჩუნა წინასაარჩევნო პერიოდში საგარეო საფრთხესთან დაკავშირებული თემატიკის უპირატესობა საინფორმაციო ველზე. არჩევნების დომინანტურ თემად იქცა ორბანის მმართველობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება.

უნგრული კვლევითი ორგანიზაცია Medián-ის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ამომრჩევლისთვის პრიორიტეტულ საკითხებად იქცა ჯანდაცვის რეფორმა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, კორუფციის აღმოფხვრა, განათლება და ხელფასები. შესაბამისად, მადიარის წარმატება ნაწილობრივ იმაში მდგომარეობდა, რომ მან ამომრჩეველს საშუალება მისცა არჩევნები საკუთარი ყოველდღიური გამოცდილების პერსპექტივიდან განეხილა და არა „ფიდესის“ მიერ ხელოვნურად გაზვიადებული ბუნდოვანი საომარი საფრთხის კუთხიდან.

რაოდენობა, რომელიც გავლენად არ გარდაისახება: „ფიდესის“ ციფრული უპირატესობის კრახი

არჩევნების მომენტისთვის „ფიდესი“ სოციალურ მედიაში მეტ ინფორმაციას დებდა. ზოგიერთ პლატფორმაზე ის „ტისა“-ზე ორ-სამჯერ მეტ პროდუქტს აქვეყნებდა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ ვიდეოებს. თუმცა ეს ინფორმაცია პოპულარობით არ სარგებლობდა.

კვლევის თანახმად ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ორბანის საჯარო კომუნიკაცია და გავრცელებული გზავნილები ვერტიკალურად იყო ცენტრალიზებული და ამიტომ არაგულწრფელად გამოიყურებოდა. პარტიის მთელი კომუნიკაცია მხოლოდ ოთხ თემას ეყრდნობოდა. სოციალური მედიის გზავნილები სულ უფრო ხშირად ტრიალებდა თავად პრემიერ-მინისტრის პერსონის გარშემო და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაფორმალურ კონტექსტში ცდილობდა მის ჩვენებას, მნახველისთვის მაინც აშკარა იყო, რომ ყველაფერი ეს მკაცრად დადგმული და მართული კომუნიკაციის კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

მადიარი კი პირიქით, აქტიურად იყენებდა პირდაპირ და აშკარად იმპროვიზებულ ჩართვებს (livestream-ებს) სადაც ის ხალხს ესაუბრებოდა, ზოგჯერ არწმუნებდა, ზოგჯერ კი ვერა. მადიარი აქტიურად პასუხობდა სოციალურ მედიაში მოწერილ კომენტარებსაც, რაც უზრუნველყოფდა აუდიტორიასთან პირდაპირი ურთიერთობის და ემოციური კავშირის დამყარებას.

შედეგად, მადიარის 50 ყველაზე პოპულარულ Facebook პოსტს 4.8 მილიონი ინტერაქცია ჰქონდა, ორბანის 50 ყველაზე პოპულარულ პოსტს კი 2.8 მილიონი. არჩევნების ბოლო კვირაში მადიარის პოსტებმა ორბანის პოსტებზე დაახლოებით 50% მეტი ინტერაქცია მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მადიარი ნაკლებ კონტენტს აქვეყნებდა.

პარალელურად, საზოგადოებამ ზიზღით უარყო „ფიდესის“ ინოვაცია - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები, რომლებიც ხშირად სწორედ ომით დაშინების თემას უტრიალებდა. კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულთა 90%-მა სრულიად მიუღებლად მიიჩნია გენერირებული ვიდეოების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება. მხოლოდ 3% თვლიდა მათ მეტნაკლებად მისაღებად.

ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად მკვლევარები ასახელებენ ევროკავშირში Meta და Google პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამების აკრძალვას 2025 წლის სექტემბრიდან. 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მმართველმა პარტიამ, მასთან დაკავშირებულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა 9.2 მილიონი ევრო დახარჯეს რეკლამებზე, ათჯერ მეტი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენმა პოლიტიკურმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია შეეცადა და ნაწილობრივ მოახერხა კიდეც აკრძალვისთვის გარს შემოეარა, პოლიტიკური რეკლამები თითქმის სრულიად გაქრა ამ ორი პლატფორმიდან, რამაც მოსპო „ფიდესის“ უპირატესობა.

„ინფორმაციული იმუნიზაცია“: მადიარის წინმსწრები კომუნიკაცია

მადიარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო სტრატეგია რომელსაც „თავდასხმის წინმსწრებ განეიტრალებას“ (prebunking) ან „ინფორმაციულ იმუნიზაციას“ უწოდებენ. ეს გულისხმობს ისეთი მოცემულობის შექმნას, სადაც აუდიტორია წინასწარ არის გაფრთხილებული კონკრეტული მოსალოდნელი მანიპულაციის შესახებ. ასეთ ვითარებაში, საზოგადოებისთვის ნეგატიური გზავნილი აღარ არის მოულოდნელი და მისი ემოციური ეფექტი მცირდება.

მადიარი და „ტისა“ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის, გაჟონვებისა და „ფიდესის“ საკომუნიკაციო აპარატის მოქმედების შესახებ პირადი ცოდნის გამოყენებით, წინასწარ მიუთითებდნენ, რა ტიპის ცილისმწამებლური კამპანია შეიძლებოდა დაწყებულიყო. კვლევაში მაგალითად მოყვანილია „ტისას“ ორი ცნობილი ფიგურის სავარაუდო სექსუალური კავშირის ვიდეოს შემთხვევა. მადიარმა და მისმა პარტიამ წინასწარ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამომრჩევლები საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მათ წინააღმდეგ პირადი ხასიათის თავდასხმებსა და კომპრომატების გამოქვეყნებას უნდა ელოდნენ. შესაბამისად, როდესაც ეს მართლა მოხდა, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღარ იყო. მით უფრო, რომ მადიარმა კონკრეტული ვიდეოს გამოქვეყნებას დაასწრო და დეტალურად აღწერა, რაში იყო საქმე. კვლევის შეფასებით, ამ შემთხვევაში ინფორმაციულმა იმუნიზაციამ თავდასხმის სტრატეგიული ეფექტი შეასუსტა და მისი გამოყენების სურვილიც შეამცირა პრო-სამთავრობო წყაროებში.

მსგავსი იყო მადიარის მიდგომა რუსეთის შესაძლო საინფორმაციო ოპერაციების მიმართაც. საერთაშორისო გამოცემები არჩევნებამდე ავრცელებდნენ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული აქტორების შესაძლო საინფორმაციო ჩარევაზე, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) საქმიანობის გაძლიერების სავარაუდო მცდელობებზე. შედეგად, რუსეთის შესაძლო გავლენა აღარ ჩანდა მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ ბრალდებად, ხოლო გარკვეულ გზავნილებს აღარ ჰქონდა მოულოდნელობის ეფექტი და „ორგანული“ პოლიტიკური კამპანიის იერსახე.

რუსეთის ნარატივის ბუმერანგი: სუვერენიტეტი ორბანის წინააღმდეგ

2022 წელს ორბანი „მშვიდობის“ გზავნილით არწმუნებდა თანამოქალაქეებს, რომ მხოლოდ მას შეეძლო უნგრეთის ომში ჩართვისგან დაცვა. ის ამბობდა, რომ „ყველასთან კომუნიკაციის აუცილებლობა“ უბიძგებდა მას მოსკოვთან საუბრისკენ, ხოლო ბრიუსელი და დასავლეთ ევროპის დედაქალაქები ცდილობდნენ ამაში ხელი შეეშალათ და ამით ქვეყნის სუვერენიტეტს ზღუდავდნენ.

თუმცა 2026 წლისათვის ვითარება შეიცვალა: უნგრელების თვალში, ორბანის მოსკოვთან დაახლოება გასცდა მხოლოდ თავისუფალი საგარეო პოლიტიკური არჩევანის თემას. უნგრელები დაეჭვდნენ, რომ სწორედ კრემლთან ზედმეტად მჭიდრო კავშირები ზღუდავდა უნგრეთის სუვერენიტეტს და აძლიერებდა ქვეყანაში უცხოურ გავლენას. ამ ცვლილებას წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეუწყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ჩანაწერების გავრცელებამ, საიდანაც ჩანდა, რომ სიიარტო ლავროვთან ევროკავშირის სანქციებსა და ევროკავშირის შიდა საკითხებზე საუბრობდა. სიიარტოს პასუხისმგებლობაში მიცემის აუცილებლობაზეც კი დაიწყო საუბარი.

„ფიდესი“ წლების განმავლობაში სუვერენიტეტის დაცვას ბრიუსელის, ვაშინგტონის, კიევისა და სხვა „უცხოური ინტერესებისგან“ დამოუკიდებლობას უკავშირებდა, მადიარმა კი საკითხი შემდეგნაირად დასვა: სწორედ რუსეთთან ასეთი მჭიდრო კავშირები ხომ არ უქმნის უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს, რომლის დაცვასაც ხელისუფლება საკუთარ მთავარ წარმატებად წარმოაჩენდა? შედეგად, მადიარს სულაც არ დასჭირვებია უნგრელი ამომრჩევლის ერთიანად ანტირუსულ პოზიციაზე გადაყვანა. მან „ფიდესის“ მთავარი პოლიტიკური საყრდენი „სუვერენიტეტის დაცვისა“ და „დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის“ წარმოების შესახებ, ორბანის წინააღმდეგ შემოაბრუნა.

როცა არჩევანი არსებობს

ორბანის მიერ შექმნილ პოლიტიკურ გარემოში, პიტერ მადიარმა გონივრული სტრატეგიის და კარგად გათვლილი ნაბიჯების დახმარებით მოქალაქეები დაარწმუნა, რომ რეალური პოლიტიკური ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს. „ტისამ“ შეცვალა დღის წესრიგი, ყოველდღიური პრობლემები მოაქცია არჩევნების ცენტრში, ხალხთან კომუნიკაცია უფრო ინტერაქტიული გახადა, ხოლო „ინფორმაციული იმუნიზაციით“ პირადული პოლიტიკური თავდასხმების ეფექტი შეამცირა.

პარალელურად, მკვლევარები ამბობენ, რომ „ფიდესის“ წევრებმა იმდენად ბრმად ირწმუნეს საკუთარი უძლეველობის მითი, იმდენად დაამშვიდათ საკუთარმა ორგანიზაციულმა, ფინანსურმა და მედია უპირატესობამ, რომ საბოლოოდ დაკარგეს პოლიტიკური რეალობის რაციონალურად აღქმის უნარი. საბოლოოდ, ორბანის ინფორმაციულმა ავტოკრატიამ კრახი განიცადა, რადგან მან ვეღარ დაარწმუნა მოქალაქეები, რომ მმართველი ძალის მიერ შექმნილი ნარატივი რეალობას ასახავდა.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე