ერიხ ფრომი: რატომ გვეშინია თავისუფლების?
ერიხ ფრომი ავტორიტარიანიზმის საფუძვლების შესახებ
ეგებ ადამიანები ავტორიტარიტარიზმს მხოლოდ იმიტომ არ ემორჩილებიან, რომ ვიღაც აიძულებს, არამედ შინაგანი, ფსიქოლოგიური მექანიზმი ამოძრავებთ? ამ კითხვაზე ეძებდა პასუხს ერიხ ფრომი, გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი და სოციოლოგი.
ფრომს გერმანიის დატოვებამ თავისი ებრაული ფესვების გამო მოუწია და 1934 წელს აშშ-ში დასახლდა. "ფრანკფურტის სკოლის" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებში ასწავლიდა. 1941 წელს კი გამოსცა ნაშრომი "თავისუფლების შიში", რომელშიც ის ავტორიტარული და ტოტალიტარული ხელისუფლების აღზევების ფსიქოლოგიურ და სოციალურ საფუძვლებზე მსჯელობს.
ფრომის თეზისია, რომ ავტორიტარიზმი და ფაშიზმი მხოლოდ გარედან ზეწოლისა და მუქარის ხარჯზე არ იმარჯვებს. ნაშრომში ის ამერიკელ ფილოსოფოსს, ჯონ დიუის (John Dewey) ციტირებს: "ჩვენი დემოკრატიისათვის ყველაზე სერიოზული საფრთხე საზღვარგარეთ ტოტალიტარული ქვეყნების არსებობა კი არაა, არამედ ჩვენს პირად ქცევაში და ჩვენს ინსტიტუტებში იმ პირებობის არსებობა, რომლებმაც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიწვია დისციპლინის, ერთგვაროვნების და უფროსის მიმართ მორჩილების კულტის გამარჯვება. შესაბამისად, ბრძოლის ველი აქ, ჩვენს შორის, ჩვენს ინსტიტუტებზე გადის."
ფრომის აზრით, თანამედროვე ადამიანის ბუნებაში არსებობს ფაქტორები, რომლებიც მას თავისუფლების და დემოკრატიის უარყოფისკენ უბიძგებს.
ფრომი თვლიდა, რომ ავტორიტარული სისტემები წარრმატებას იმიტომ კი არ აღწევს, რომ მისი ლიდერები განსაკუთრებით გამჭრიახი, ცბიერი ანდა ძალადობისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან. პრობლემის თავი და თავი ჩვენშია - ფრომი ამბობდა, რომ თანამედროვე ადამიანის ბუნებაშივე არსებობს თვისებები, რომლებსაც შეუძლიათ მას თავისუფლების და დემოკრატიის უარყოფისკენ უბიძგონ.
ადამიანის ჩამოყალიბება, ფრომის თქმით "ინდივიდუალიზაციის" პროცესია. ჩვენი ნამდვილი სოციალური ცხოვრება მაშინ იწყება, როცა ბავშვი აცნობიერებს, რომ მშობლისაგან განსხვავებული, თავისუფალი არსებაა. ბავშვი ეტაპობრივად იშორებს თავიდან ე.წ. "პირველად" კავშირებს მშობლებთან - ჯერ ელემენტარულს (ძუძუს), მერე კი თანდათანობით ეკონომიკურსა და სოციალურს. ამ პროცესის გავლით და გამოისობით ის ხდება დამოუკიდებელი ინდივიდი, მაგრამ კარგავს იმ კავშირებს, რომლებიც მას უსაფრთხოების განცდას უქმნიდნენ.
შესაბამისად, ჩნდება პრობლემა: ახლადმოპოვებულ თავისუფლებას თან სდევს შიშის განცდა. ინდივიდს მოულოდნელად უწევს "მარტო გაუმკლავდეს სამყაროს ხიფათებს. ის მარტოა და თავისუფალია, მაგრამ ამავე დროს უღონოა და შეშინებული." მის წინაშე დგას არჩევანი: დაექვემდებაროს ვიღაცას ან რაღაცას ამ შიშის გასაქარვებლად, თუ საკუთარ თავთან და სხვებთან დაამყაროს სპონტანური სოციალური კავშირები, როგორც დამოუკიდებელმა ინდივიდმა. ეს უკანასკნელი არჩევანი რომ გააკეთოს, ადამიანს სჭირდება შესაფერისი კონტექსტი: "თუკი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რასაც წესით ინდივიდუალიზაციისკენ უნდა მივყავდეთ, არ უწყობს ხელს პიროვნების მეობის განმტკიცებას, თავისუფლება მისთვის აუტანელ ტვირთად იქცევა."
"თუკი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რასაც წესით ინდივიდუალიზაციისკენ უნდა მივყავდეთ, არ უწყობს ხელს პიროვნების მეობის განმტკიცებას, თავისუფლება მისთვის აუტანელ ტვირთად იქცევა."
ეკლესიისა და მონარქიული სახელმწიფოს დაცემამ შეუქმნა ადამიანებს განცდა, რომ მათზე ვეღარავინ იბატონებდა. კაპიტალისტური ეკონომიკის განვითარებამ კი შექმნა შთაბეჭდილება, რომ ინდივიდს, როგორც იქნა, შეეძლო თვითრეალიზაცია, წარმატების მიღწევა მხოლოდ "საკუთარი ღირსებების და საკუთარი ქმედების წყალობით," განხვავებით ფეოდალურ-არისტოკრატიული საზოგადოებისაგან, სადაც ადამიანის ცხოვრების გზას მისი წარმოშობა განსაზღვრავდა. ამისდა მიუხედავად, ახალი ტოტალიტარული სისტემები მაინც ჩამოყალიბდა. ფრომი სვამს კითხვას: როგორ ავხსნათ, რომ თითქოსდა თავისუფლებისთვის ხელშემწყობ კონტექსტში წარმოიშვა პოლიტიკური სისტემები, რომლებმაც ადამიანების დამორჩილება განიზრახეს?
კონფორმიზმის ტვირთი
ფრომი ამ კითხვას ასე პასუხობს: დიახ, კაპიტალიზმა პიროვნებას ძალაუფლების ტრადიციული ინსტიტუტებისაგან ემანსიპაციის საშუალება შეუქმნა, თუმცაღა მორჩილების ახალი ფორმა შექმნა - ძალაუფლების ძველ სამანებს მოწყვეტილი პიროვნება კონფორმიზმის ლუკმად აქცია. ფილოსოფოსის აზრით, თანამედროვე ადამიანი მანიაკალურად ცდილობს სხვებს დაემსგავსოს და ეს ტოტალიტარიზმის წარმოშობის ერთ-ერთი ფაქტორია.
ისეთი აზრებისა და ქცევების გათავისება, რომელიც მისთვის დამახასიათებელი არაა, ადამიანს უქმნის ილუზიას, რომ რაღაც მაინც აქვს საფიქრალი მაშინ, როცა სხვა შემთხვევაში არაფერზე იფიქრებდა.
კაპიტალისტური საზოგადოება თითოეულ ადამიანს უბიძგებს, გვერდზე გადადოს საკუთარი სიღრმისეული სწრაფვები წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ, რაც ცხოვრების თვითმკმარ მიზნადაა ქცეული. ამ საქმიანობით გართული ინდივიდი ვერ ამჩნევს, რომ საკუთარ მეობას კარგავს. მეობის კარგვა კი "საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებულ სიღრმისეულ ეჭვს აღვივებს", ეჭვს, რომლის დაძლევის მთავარი საშუალება კონფორმიზმია.
სხვების აზრებისა და ქცევების გათავისება ადამიანს უქმნის ილუზიას, რომ რაღაც აქვს საფიქრალი, ნაცვლად იმისა, რომ არაფერზე იფიქროს. მაშინ, როცა "ჩვენ აღფრთოვანებული ვართ გარე ძალებისგან გათავისუფლებით, ბრმანი ვართ შინაგანი კონტროლის მექანიზმების მიმართ." ფრომი გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა ბატონობის გაშინაგანებული ფორმაა, რომელიც ადამიანს უქმნის ინდივიდუალობის ილუზიას, სინამდვილეში მას საკუთარ კონტროლს უქვემდებარებს.
ერთხელ როცა ჩაერთვები კონფორმისტულ ფერხულში, მერე გაჩერება ძნელია, რადგან სხვების მიერ განსჯის შიში აუტანელ რისკად იქცევა. ფრომი განათლების მაგალითს იყენებს და ამბობს, რომ ფორმალური განათლების სისტემა სპონტანურობას კლავს და ფუნდამენტურ ფსიქიურ რეაქციებს ანაცვლებს ნასწავლი სენტიმენტებით. ის თვლიდა, რომ ბავშვები ინდოქტრინაციის შედეგად ჯერ წყვეტენ საკუთარი სურვილების გამოხატავას, მერე კი აღარც აქვთ ეს საკუთარი სურვილები.
თანამედროვე საზოგადოება ემოციებს სასირცხვილოდ მიიჩნევს: "ემოციურობა რაციონალიზმის ნაკლებობის ანდა გაუწონასწორებლობის სინონიმად იქცაო," წერდა ფრომი. ეგრეთ წოდებული "ნორმალური" ადამიანი ამ გადმოსახედიდან არის პიროვნება, რომელიც ასრულებს თავის სოციალურ როლს იმით, რომ პატიოსნად შრომობს და ზედმეტ კითხვებს არ სვამს. თუკი წესების შესახებ კითხვებს დასვამს, მაშინ ნევროზიანი ადამიანის იარლიყი მიეკვრება.
ამიტომო, ამბობს ფრომი, ადამიანი, ვისაც საზოგადოება "ნორმალურად" მიიჩნევს, სინამდვილეში ავადმყოფია: "თავად საზოგადოებას შეგვიძლია ვუწოდოთ დანევროზებული, რადგანაც მისი წევრებს შეზღუდული აქვთ პიროვნული განვითარების საშუალება." საზოგადოებაში გაბატონებულია ქვეცნობიერი შიში ადამიანისა, რომელმაც დაკარგა რწმენა და დაკარგა დამოუკიდებლად აზროვნების უნარი. ასეთ საზოგადოებაში, პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევებს ადამიანები ან ნიჰილიზმით და სკეპტიციზმით პასუხობენ, ანდა ბავშვური მიჯაჭვულობით ავტორიტეტის მქონე ფიგურებთან.
აკვიატებული კონფორმიზმის გავლით, ავტორიტარიზმი იმედგადაწურული ადამიანისთვის საკუთარი თავისაგან გაქცევის საბოლოო მექანიზმია, ის საშუალებას აძლევს ამ ადამიანს, უარყოს საკუთარი მეობა და შეერწყას გარე ავტორიტეტს.
აკვიატებული კონფორმიზმის გავლით, ავტორიტარიზმი იმედგადაწურული ადამიანისთვის საკუთარი თავისაგან გაქცევის საბოლოო მექანიზმია, ის საშუალებას აძლევს ამ ადამიანს, უარყოს საკუთარი მეობა და შეერწყას გარე ავტორიტეტს, რითიც მას ექმნება ძალაუფლების განცდა და, ამასთანავე, ენიჭება უფლება გამოხატოს აქამდე დათრგუნული ემოციები, მაგალითად - სიძულვილი.
ფრომის თქმით ასეთია "ავტორიტარული პიროვნება", რომელსაც სჭირდება უფროსი, ლიდერი, რომელთანაც ის ამყარებს მეორად კავშირს, რომელიც ჩაანაცვლებს ინდივიდუალიზაციის პროცესში დაკარგულ პირველად კავშირს მშობლებთან. მისი აზრით, ასეთი ადამიანის ბუნება სადო-მაზოხისტურია. მაზოხისტური იმიტომ, რომ საკუთარი უღონობის განცდას ის მიჰყავს საკუთარი ინდივიდუალიზმის უარყოფამდე, ანუ "თავისუფლების ტვირთისაგან გათავისუფლებამდე." სადისტური იმიტომ, რომ ამგვარ ადამიანს სურს სხვაზე იბატონოს და ამით გამოხატოს საკუთარი ძალაუფლება. ფრომის განმარტებით, ასეთი ადამიანები მაზოხისმსა და სადიზმს შორის მუდმივად მერყეობენ, იმგვარად, რომ ერთი ასპექტი მეორისაგან განუყოფელია. ასეთი ადამიანები სასტიკად ვერ იტანენ იზოლაციას, სამაგიეროდ სიმბიოზურ ურთიერთობაში შედიან ლიდერთან - აბსოლუტურად დამოკიდებულნი ხდებიან მასზე.
ფილოსოფოსი ნაციზმის მაგალითზე გვიჩვენებს: ჰიტლერი ბატონობს მასებზე და ასწავლის მათ სხვა ერებზე ბატონობას. "მაინ კამპფში" ჰიტლერი წერდა, რომ საზოგადოება "ემორჩილება ძლიერს და ბატონობს სუსტზე," ხოლო "შემწყნარებლობა მას მიტოვებულობის განცდას ანიჭებს." ჰიტლერის აზრით, განსხვავებულის შეწყნარება საზოგადოებას უკარგავს მეობის შეგრძნებას, რადგანაც მეობის მთავარი არსია სუსტზე ძლიერის ბატონობა. ამგვარ გზადაკარგულ საზოგადოებას ლიდერმა უნდა მიანიჭოს "ნება გარედან და მოსაზრებაც - გარედან."
ფრომი თვლიდა, რომ ნაციზმის, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემის საფუძველი სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებში უნდა ვეძიოთ: ეკონომიკურმა კრიზისმა, ომებში მარცხმა საშუალო კლასში თანაბრად დააგროვა მორჩილების სურვილი და ძალაუფლების წყურვილი. ამავე დროს, ლიბერალურმა ბურჟუაზიამ, ცინიზმსა და უიმედობაში ჩაფლულმა, თავი დაუხარა ნაცისტურ რეჟიმს. ფილოსოფოსის თქმით, ჰიტლერმა კარგად გაიაზრა მაშინდელი გერმანული საზოგადოების სადო-მაზოხისტური მისწრაფებები 1930-იან წლებში და ისინი სათავისოდ გამოიყენა.
როგორ ვებრძოლოთ ავტორიტარულ ტენდენციებს?
იზოლაცია და მომავლის შიში არც დღეს გვაკლია. მაშ, როგორ ავირიდოთ თავიდან ავტორიტარიზმი? ფრომის თვალსაზრისით ეს შესაძლებელია. მას მიაჩნდა, რომ მთავარია სპონტანურობის დაბრუნება. უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი თავისუფლების განცდით, ამ სიტყვის პოზიტიური მნიშვნელობით - საკუთარი მისწრაფებების ასასრულებლად.
"დემოკრატიის მომავალი ინდივიდუალიზმის განხორციელების უნარზეა დამოკიდებული," ამბობდა ფრომი
სპონტანურობის დაბრუნება შესაძლებელია, თუკი საკუთარ იდენტობის გამოხატვის სრულ შესაძლებლობას მივცემთ საკუთარ თავს, იმგვარადვე, როგორც ბავშვი თამაშობს უბრალოდ სიამოვნებისათვის, ანდა ხელოვანი გამოხატავს საკუთარ თავს. ფრომი მოგვიწოდებს, ყურადღება მივაქციოთ პროცესს, რომელიც აწესრიგებს ჩვენს ქმედებას და არა იმდენად შედეგს. იდეალი უნდა იყოს არა წარმატება ან ფინანსური მოგება, არამედ პიროვნების თვითრეალიზაცია.
ამის გაკეთება შეუძლებელია, თუკი საზოგადოების მიზნები და პიროვნული მიზნები თანხვედრაში არაა. სწორედ ამიტომ, ფრომი სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მომხრე.
"დემოკრატია არის სისტემა რომელიც ქმნის პიროვნების სრულფასოვანი განვითარების წამახალისებელ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ პირობებს. ფაშიზმი კი სისტემაა, რომელიც პიროვნებას აქცევს გარედან თავსმოხვეული მიზნების მორჩილ აღმასრულებლად და ასუსტებს ინდივიდუალობის განვითარებას." ერიხ ფრომი