უნგრეთის უკანასკნელი შანსი

12 აპრილის არჩევნები უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში უნგრეთის საუკეთესო შანსია, დემოკრატია არჩიოს ავტოკრატიას. ესეთი შანსი მეორედ შეიძლება აღარ მოვიდეს.

უნგრეთის უკანასკნელი შანსი

სტატიია გამოქვეყნდა ჟურნალში Foreign Affairs.

ავტორები:

ბალინტ მალდოვიჩი, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დემოკრატიის ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი.

ბალინტ მადიარი, უნგრეთის ყოფილი განათლების მინისტრი და ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტატის დემოკრატიის ინსტიტუტის უფროსი მოწვეული მკვლევარი.


ოთხი წლის წინათ უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი, ძალაუფლების მწვერვალზე იყო. თორმეტი წლის განმავლობაში მან გულდასმით გამოშიგნა უნგრეთის დემოკრატია და ის ავტორიტარული სისტემით ჩაანაცვლა, სადაც ძალაუფლებამ და უკანონო გზებით მოპოვებულმა სიმდიდრემ მისი ოჯახისა და მომხრეების ხელში მოიყარა ხელი. მისმა პარტიამ, "ფიდესმა", 2022 წლის არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა. ამ გამარჯვების შემდეგ სულ ცოტა ხანში, ორბანმა ერთპიროვნული დეკრეტით მმართველობა დააკანონა, მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომის საბაბით - სხვადასხვა საგანგებო ვითარებების მომიზეზებით მან ეს სამჯერ მოიმოქმედა თავისი მმართველობის მანძილზე. ამასობაში ოპოზიცია დაშლილი იყო - ხალხი სანდო ლიდერებს ვეღარ ხედავდა და აპათიამ იმძლავრა. ამ პირობებში ორბანმა ჩამოაყალიბა ის, რასაც ჩვენს კვლევაში "მაფიოზური სახელმწიფო" ვუწოდეთ - ეს ტერმინი შემდეგ არა მხოლოდ უნგრულმა ოპოზიციამ აიტაცა, არამედ ორბანმაც კი გამოიყენა თავისებურად, როცა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ კლიპში ფილმ "ნათლიმამას" პერსონაჟად წარმოგვიდგა.

სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მას-მედიაზე და ეკონომიკის დიდ ნაწილზე სრული კონტროლისდა მოუხედავად, რეჟიმმა ვერ მოახერხა ახალი პოლიტიკური ძალის ზრდის შეფერხება. პარტია "ტისა", რომელიც რეჟიმის ყოფილი წევრმა, პიტერ მადიარმა ჩამოაყალიბა, 2024 წლის ბოლოდან ლიდერობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ის 23 საპროცენტო პუნქტით უსწრებდა მმართველ პარტიას იმ უნგრელებს შორის, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა არჩევნებზე წასვლა. 12 აპრილის არჩევნების წინ, მადიარმა გამოაცოცხლა იმედი, რომ 16 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც აქამდე ხელშეუვალად გამოიყურებოდა, შეიძლება მართლაც დასრულდეს.

მადიარის საარჩევნო კამპანია ორბანისათვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა 2010 წლის შემდეგ, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა. ეს კამპანია შესაძლებელი გახდა რეჟიმის მხარდაჭერის საყრდენების თანდათანობითი ეროზიის ფონზე და თანაც იმის გამო, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ზედმეტად თავდაჯერებული გახდა, არადა სულ უფრო იშვიათად უწევდა პოლიტიკური პაექრობა რეალურ ოპონენტებთან. ძალაუფლების ცენტრალიზებამ, ევროკავშირიდან სუბსიდიების სტაბილურმა შემოსავალმა და სუსტმა, კორუმპირებულმა ოპოზიციამ რეჟიმს სტაბულურობის ყალბი განცდა შეუქმნა. თითქოსდა მშვიდ ზედაპირს ქვემოთ კი უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა და ამოსახეთქად ქარიზმატულ ლიდერს ელოდა. მადიარი სწორედ ასეთ ფიგურად იქცა და თავისკენ მოიზიდა როგორც ოპოზიციით, ისე "ფიდესით" იმედგაცრუებული ამომრჩეველი.

ძალაუფლების ცენტრალიზებამ, ევროკავშირიდან სუბსიდიების სტაბილურმა შემოსავალმა და სუსტმა, კორუმპირებულმა ოპოზიციამ რეჟიმს სტაბულურობის ყალბი განცდა შეუქმნა.

კვირადღის არჩევნების შედეგი განსაზღვრავს უნგრეთის მომავალს. თუ მადიარი გაიმარჯვებს და ორბანი ამ შედეგის გაფორმებას ხელს არ შეუშლის, ახალ მთავრობას შეუძლია უნგრეთი დემოკრატიის გზაზე შემოაბრუნოს. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ რეჟიმი შესაძლოა მზად იყოს გამარჯვების უზრუნველსაყოფად ყველაფერზე წავიდეს, რათა არ დაუშვას იმ სისტემის ჩამოშლა, რომელმაც მას აქამდე მაფიასავით მუშაობის საშუალებას აძლევდა და მის წევრებს დაუსჯელობის განცდას უქმნიდა. თუკი ორბანმა ახლა ხელისუფლება შეინარჩუნა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა ოპონენტებმა ასეთი შანსი ვეღარასოდეს ჩაიგდონ ხელში, რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთი კიდევ უფრო გადაიხრება კონსოლიდირებული ავტოკრატიის მოდელისკენ.

A Last Chance for Hungary
Orban’s mafia state could fall—or cement itself.

სტატიის ორიგინალი

უნგრეთის ნათლიმამა

მას შემდეგ, რაც "ფიდესმა" 2010 წელს აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო, ორბანმა გულდასმით შექმნა მაფიოზური სახელმწიფო, ანუ სისტემა, რომელმაც აბსოლუტური ძალაუფლება ცენტრალიზებულ, სისტემურ კორუფციასთან შეაჯვარა. გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, მან გადაწერა კონსტიტუცია და საკვანძო ინსტიტუტები - საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა - თავისი მომხრეებით შეავსო, რითაც სახელმწიფოზე ერთპიროვნული კონტროლი დაიბევა. ამავე დროს, მან შექმნა ვასალური დამოკიდებულების მთელი ქსელი: ერთგული მოხელეები მაღალი პოსტებით საჩუქრდებოდნენ, ოლიგარქები სახელმწიფო კონტრაქტებით მდიდრდებოდნენ, ხოლო - ყველაზე დაბალ დონეზე - ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ფინანსური სარგებლით იყვნენ გადაბმული პარტიულ რეჟიმს. "ფიდესის" ოპონენტებს ამგვარი სიკეთეებით სარგებლობის იმედი ვერ ექნებოდათ, უკმაყოფილო შინაურებს კი ჰქონდათ შიში, რომ თუკი ერთგულების ნაკლებობას დასწამებდნენ, პრივილეგიებს მაშინვე დაკარგავდნენ. როგორც მაფიის თავკაცი წყვეტს ოჯახის წევრების ბედს, ორბანიც პარტიული "ოჯახის" მამამთავრად ჩამოყალიბდა: უნგრული საზოგადოების ყოველი სექტორი ვალდებულია, მას სცეს პატივი და ხარკი უხადოს .

ორბანის მაფიოზურმა სახელმწიფომ მოახერხა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის (თუმცა არა გადამწყვეტი უმრავლესობის) მხარდაჭერის მოპოვება. საარჩევნო წარმატებების საწინდარი პატრონ-ყმური ქსელის გაფართოება, სახელმწიფო ფულით დაფინანსებული პროპაგანდის მანქანის ამუშავება და საარევნო კანონების მმართველი პარტიაზე მორგება გახდა. რეჟიმის სტაბილურობა სამ საყრდენზე იდგა: საგარეო ფინანსური სუბსიდიებით განპირობებული ეკონომიკური ზრდა, ოპოზიციის დათრგუნვა-გადმობირება და ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ორბანის დამარცხება შეუძლებელია.

რეჟიმის სტაბილურობა სამ საყრდენზე იდგა: საგარეო ფინანსური სუბსიდიებით განპირობებული ეკონომიკური ზრდა, ოპოზიციის დათრგუნვა-გადმობირება და ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ორბანის დამარცხება შეუძლებელია.

ახლო აღმოსავლეთის, პოსტ-საბჭოთა ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ორბანის რეჟიმს არ შეეძლო ბუნებრივი რესურსების ხარჯზე თავის გატანა. მისი დაფინანსების ძირითადი წყარო ევროკავშირია. სწორედ ევროკავშირიდან ყოველწლიური ტრანსფერები წარმოადგენდა ამ ხნის განმავლობაში უნგრეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით სამ პროცენტს - ეს კი, წილობრივად, აშშ-ს მიერ ევროპის დასახმარებლად მარშალის გეგმით გამოყოფილ თანხაზე მეტია. საჯარო ტენდერების გავლით ეს დახმარება ორბანის პოლიტიკური ქსელში გადაიქაჩებოდა. "ფაინეიშნლ ტაიმსის" კვლევის თანახმად, ორბანთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 30 მილიარდ დოლარზე მეტის კონტრაქტები მიღეს 2010-2025 წლებში. სწორედ ტენდერებით იხეირა ორბანის ბავშვობის მეგობარმა, ლორინც მესაროშმა, რომელიც ერთი პატარა ბიზნესმენიდან უნგრეთის უმდიდრეს ადამიანად იქცა. საზოგადო რწმენით, მესაროში უბრალოდ ნაცვალი პირია და ორბანის აქტივებს განაგებს. სწორედ ევროპული დაფინანსებისა და 2013 წლიდან ვიდრე კოვიდის ეპიდემიამდე გლობალური ეკონომიკის ზრდის ფონზე ჩამოაყალიბა უნგრულმა რეჟიმმა ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დამყარებული პოლიტიკური გავლენის ქსელი.

თუმცა, მალე აშკარა კორუფციამ საჯარო სერვისების ხარისხის მკვეთრი გაუარესება მოიტანა, რამაც მმართველი პარტიის ოპონენტებს საკმარისად დამაჯერებელი მტკიცებულებები ჩაუგდო ხელში "ფიდესის" საკრიტიკოდ. მათ გასაჩუმებლად ან გადმოსაბირებლად რეჟიმმა მრავალფეროვანი ინსტრუმენტები აამოქმედა: ოპოზციურ პარტიებში შეღწევა და მათი "მოშინაურება", ურჩი პარტიების დაბეგვრა და ამ გზით მათი გაკოტრება-ლიკვიდაცია, "ყალბი პარტიების" ჩამოყალიბება არჩევნებში ოპოზიციის ხმების დასაყოფად. კი, იყო საჯარო საპროტესტო გამოსვლებიც, თუმცაღა მათი უმრავლესობა მალევე მინავლდა ანდა დაშალეს. საჯარო უკმაყოფილების პოლიტიკურ ძალად გარდასახვის არხები აღარ დარჩა. შედეგად, სისტემამ მოახერხა ისეთი ვითარება შეექმნა, რომ სკანდალებისა და წარუმატებლობისათვის აღარანაირ პოლიტიკურ ფასს აღარ იხდიდა.

სისტემამ მოახერხა ისეთი ვითარება შეექმნა, რომ სკანდალებისა და წარუმატებლობისათვის აღარანაირ პოლიტიკურ ფასს აღარ იხდიდა.

ოპოზიციის ამგვარად ჩახშობამ ჩამოაყალიბა სისტემის მდგრადობის ფსიქოლოგიური საყრდენი: მისი უძლეველობის მითი. ოპოზიციის ყოველი მორიგი მარცხი არწმუნებდა უნგრელებს, რომ წინაარმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. ბევრი შეურიგდა რეჟიმს და შეგუების რეჟიმში გადავიდა. 2022 წლის არჩევნების წინ, ორბანმა თავი მშვიდობის გარანტად დასახა, ვითომდა ომის მოსურნე ოპოზიციის ფონზე, მაგრამ ამ გზავნილის ეფექტურობის მთავარი საწინდარი არა მისი შინაარსი, არამედ რეჟიმის ურყვევობის განცდა იყო. მანამ, სანამ სისტემა უძლეველად აღიქმებოდა, ბევრი უნგრელი "ფიდესის" პროპაგანდას თავისი შეგუების რაციონალიზაციისთვის იყენებდა. 2022 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით ჩანდა, რომ ოპოზიციის მომხრეების მესამედი იზიარებდა მთავრობის დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ ოპოზიცია უნგრეთს ომში ჩაითრევდა. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გამართულ ანტი-ლგბტ რეფერენდუმზე მთავრობის პოზიციას მხარი იმაზე 300 ათასი მეტმა უნგრელმა დაუჭირა, ვიდრე არჩევნებში "ფიდესს" მისცა ხმა.

მეტოქე

ისე ჩანს, რომ სისტემის სტაბილურობის განცდამ ორბანს დათვური სამსახური გაუწია. 2022 წლის არჩევნების შემდეგ მისი ყურადღება ძირითადად გლობალურმა პოლიტიკურმა საკითხებმა მიიპყრო. ორბანმა თავისი წვლილი შეიტანა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ფრაქციის "პატრიოტები ევროპისათვის" ჩამოყალიბებაში და შეეცადა შეემსუბუქებინა ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საერთაშორისო საკითხებზე მიჯაჭვულობა მას ძვირად დაუჯდა - ორბანმა საკმარისად სწრაფად ვერ გაიაზრა, რომ რეჟიმისადმი საშინაო მხარდაჭერა ნელ-ნელა იფხვნებოდა.

ეკონომიკური საფუძველი რეჟიმს 2022 წლის დეკემბერში შეერყა, როცა ევროკავშირმა უნგრეთს გამოყოფილი ფონდების ნახევარზე მეტი გაუყინა კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის გამო. ეს მოვლენა დაემთხვა პანდემიისშემდგომი ეკონომიკური გამოცოცხლების შეფერხებას, ამას დაერთო მთავრობის პროტექციონისტული პოლიტიკაც და უნგრეთის ეკონომიკა სტაგნაციაში შევიდა, ინფლაციამ კი ორნიშნა ნიშნულს მიაღწია. ეკონომიკურმა სირთულეებმა საფუძველი შეურყია რეჟიმის პატრონ-ყმურ ქსელს: ბიუჯეტის შეკვეცის ფონზე, ამ ქსელის ქვედა დონის მონაწილეებმა დაკარგეს წვდომა პარტიული გზით გადანაწილებულ ფონდებზე. თუკი 2025 წელს მესაროში 1.5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, უნგრეთის მშპ დაახლოებით ამ თანხის ნახევრით გაიზარდა.

ეკონომიკურმა სირთულეებმა სოციალური უკმაყოფილება მოიტანა. როცა 2024 წელს გამოირკვა, რომ მთავრობასთან კავშირების მქონე პირი, რომელსაც ბავშვებზე ძალადობა ედებოდა ბრალად, პრეზიდენტმა შეიწყალა, ქვეყანაში პროტესმა იფეთქა. დემონსტრაციების სათავეში ოპოზიცია კიარა, სოციალური მედიის ინფლუენსერები იყვნენ - მათი მოწოდებით ქუჩაში 150 ათასი ადამიანი გამოვიდა, როცა ოპოზიციამ 1500 კაცი ძლივს შეაგროვა. რეჟიმისადმი წინააღმდეგობა იზრდებოდა, თუმცაღა ცვლილების მოთხოვნა ერთია და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა - მეორე.

რეჟიმისადმი წინააღმდეგობა იზრდებოდა, თუმცაღა ცვლილების მოთხოვნა ერთია და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა - მეორე.

სწორედ ამ სიცარიელეში შეაბიჯა პეტერ მადიარმა. სახელმწიფო სტუდენტური სესხების ცენტრის ყოფილი უფროსი ორბანის გვერდით იყო ხოლმე საჯარო ღონისძიებებზე და ხალხი მას იცნობდა. შეწყალების სკანდალის შემდეგ, მადიარი გაემიჯნა რეჟიმს, ორბანს დააბრალა პასუხისმგებლობის უსამართლოდ გადაკისრება პრეზიდენტ კატალინ ნოვაკსა და მის ყოფილ მეუღლეზე, იუსტიციის მინისტრ ჯუდით ვარგაზე. იმან, რომ მადიარი ადრე ორბანის მომხრე იყო, მას პოლიტიკური წონა შესძინა: ბევრი უნგრელის შეხედულებით, "ფიდესისგან" მისი წასვლა რეჟიმის ხრწნის სიმპტომიც იყო და კატალიზატორიც.

მადიარისადმი ნდობა იმანაც გააძლიერა, რომ მან უარი განაცხადა ნეიტრალიზებულ და დისკრედიტირებულ ოპოზიციასთან გარიგებებზე. ძველ და კორუმპირებულ პარტიებთან თანამშრომლობაზე უარით მან ორბანის მოწინააღმდეგე ამომრჩევლების შეკავშირება მოახდინა. ამით მადიარმა შობა მოძრაობა, რომელმაც მანამდე უმოქმედო და მივიწყებული "ტისა" 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში უდიდეს ოპოზიციურ პარტიად აქცია. 2024 წლის ოქტომბრისათვის ამ პარტიამ გამოკითხვებში "ფიდესსაც" გადაასწრო.

მადიარისადმი ნდობა იმანაც გააძლიერა, რომ მან უარი განაცხადა ნეიტრალიზებულ და დისკრედიტირებულ ოპოზიციასთან გარიგებებზე.

ოპოზიციური პარტიის აღმავლობას მადიარმა ახალი პოლიტიკური ენა დაუდო საფუძვლად. მის მიერ წარმოებულმა კამპანიამ მოახერხა უნგრული ნაციონალიზმის ქადაგების მონოპოლია ჩამოერთმია "ფიდესისათვის" და ის ეროვნული ერთობის რელსებზე გადაეყვანა. თუკი ორბანი მხოლოდ მის მომხრეებს აიგივებს უნგრეთთან და მოწინააღმდეგებს გამორიცხავს, მადიარი "ფიდესის" მომხრეებს უნგრეთის პოლიტიკური სხეულის ნაწილად აღიქვამს. "ტისას" პროგრამა პრაგმატულ მიზანს ისახავს - "მოქმედი უნგრეთი" - და ამით მაპოლარიზებელ იდეოლოგიურ დებატებს გაურბის. მადიარი რეჟიმის ბობოლებს ესხმის თავს და ციხეში გაშვებით ემუქრება, არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს ის მაფიოზურ სისტემას უწოდებს, რომელსაც "ორბანის კლანი" მართავს და ამოცანად ისახავს უნგრეთის აღდგენას რეჟიმის ცვლილების შედეგად. თუკი ძველი ოპოზიცია დიდ ყურადღებას არ აქცევდა კორუფციას - იმ საბაბით, რომ ის ამომრჩეველების გამოკითხვებში მნიშვნელოვან საკითხად არ ფიგურირებდა - მადიარმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი. მან მოახერხა და უნგრელების ყოველდღიური გამღიზიანებლები - არასაკმარისად დაფინანსებული ჯანდაცვა, სახელმწიფო სერვისების მოუწესრიგებლობა, უხარისხო ინფრასტრუქტურა - პირდაპირ დაუკავშირა სისტემურ კორუფციას. ამ მიდგომით, მადიარი იდეოლოგიურ და პარტიულ განსხვავებებს ზემოდან მოექცა და ამომრჩევლების ფართო სპექტრი მიიზიდა.

წლების განმავლობაში, ორბანი ახერხებდა ოპოზიცია გაეხლიჩა და ისე ემართა. მადიარმა უნგრული პოლიტიკა დასახა არა როგორც შეჯიბრი მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის, არამედ როგორც ბრძოლა ერსა და კრიმინალურ სისტემას შორის. სწორედ ამით მოახერხა მან ორბანის დასამარცხებლად საკმარისი სიდიდის საზოგადოებრივი კოალიციის შეკვრა. უკანასკნელი გამოკითხვებით, "ტისას" ამომრჩევლის 43% თავს ლიბერალად მიჩნევს, 22% მემარცხენედ, 11% კი მემარჯვენედ.

მადიარმა უნგრული პოლიტიკა დასახა არა როგორც შეჯიბრი მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის, არამედ როგორც ბრძოლა ერსა და კრიმინალურ სისტემას შორის.

მადიარის აღმასვლამ დაამსხვრია ორბანის უძლეველობის მითი. 2025 წლის ივნისისათვის, პირველად უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, გამოკითხვებმა უჩვენა, რომ უნგრელების უმრავლესობა აღარ მოელოდა "ფიდესის" უპირობო გამარჯვებას არჩევნებში. 2026 წლის მარტისთვის, უნგრელების 47% მოელოდა "ტისას" გამარჯვებას, ხოლო 35% -
"ფიდესისას." თუკი აქამდე უნგრელები შეგუებულნი იყვნენ რეჟიმის უცვლელობას, ახლა ისინი ცვლილებას შესაძლებლად მიიჩნევენ.

ერი თუ კლანი?

მადიარის მიერ ორბანის რეჟიმისადმი დაგდებულმა გამოწვევამ უპრეცედენტოდ აქტიური პოლიტიკური კამპანია მოიტანა. მარტის ერთი კვირის განმავლობაში "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო მინისტრი პიტერ სიარტო მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას რუსეთს ევროკავშირში მიმდინარე უმაღლესი დონის მოლაპარაკებების შესახებ და რომ რუსული სპეცსამსახურები განიხილავდნენ "ყალბი დროშით" საბოტაჟის ოპერაციების გამართვას არჩევნების წინ შიშის ატმოსფეროს გასაღვივებლად. ოპოზიციურმა პუბლიკაციამ 444.hu გამოიძია, რომ ორბანის ქსელის წარმომადგენლებმა აქტივების დუბაიში გატანა დაიწყეს, ხოლო პოლიციის ყოფილი კაპიტანმა, ბენს საბომ საჯაროდ განაცხადა, რომ სპეცსამსახურები "ტისას" პარტიაში შეღწევას და მის შიგნიდან ჩამოშლას გეგმავდნენ. ამ ცნობებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა უნგრელები, რომ რეჟიმს მორალური საზღვრები გადალახული აქვს და ყველაფერს იზამს საკუთარი ინტერესების დასაცავად - არჩევნების პროცესში ჩარევის ჩათვლით.

თეორიულად, ორბანს შეუძლია მის მიერ ადრევე შექმნილი იურიდიული მექანიზმების გამოყენება, რაც რეჟიმს დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისგან იცავს. მას ბოლო მომენტამდე შეეძლო არჩევნების გადატანა [რაც არ გააკეთა]. თუკი არჩევნები ჩატარდა და ორბანი დამარცხდა, მას შეუძლია, გააუქმოს შედეგები და საგარეო ჩარევას დააბრალოს მადიარის გამარჯვება - მისი საარჩევნო კამპანია ამ მოსაზრებისთვის უკვე ამზადებდა საზოგადოებრივ აზრს. თუკი გამოჩნდა, რომ მადიარი მართლაც იღებს ძალაუფლებას, ორბანს ჯერაც შეუძლია შეასწოროს კონსტიტუცია და ვეტოს საშუალება დაიტოვოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რითაც შეუზღუდავს ახალ მთავრობას მოქმედების საშუალებას. რეჟიმის მომხრეებსა და ოლიგარქებს როგორც სახელმწიფო სამსახურში, ისე ეკონომიკურ სექტორში, ასევე შეუძლიათ ახალ მთავრობას ობსტრუქცია მოუწყონ.

საქმე ისაა, რომ რეჟიმი მარტო ძალაუფლების დაკარგვას კი არ უფრთხის, არამედ გასამართლებისაც ეშინია. მსგავს სისტემებში, დამარცხებული ლიდერები - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, ჩრდილო მაკედონიის ყოფილი პრემიერი ნიკოლა გრუევსკი - ხშირად გარბოდნენ ხოლმე ქვეყნიდან გასამართლება რომ აეცილებინათ თავიდან. ამათგან გრუევსკის სწორედ ორბანის სპეცსამსახურებმა გაუწია დახმარება. სამართლებრივი შედეგების შიშმა შეიძლება აიძულოს ორბანი, ყველა ზომა გამოიყენოს ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

რეჟიმმა დააგვიანა მადიარის აღმასვლაზე რეაგირება და ამით მანევრის თავისუფლება თავადვე შეიზღუდა. ოპოზიცია ახლა იმდენად დიდია და მობილიზებული, რომ ღიად ავტოკრატიული ზომების გატარებამ შეიძლება ორბანი კიდევ უფრო სავალალო ვითარებაში ჩააგდოს.

თუმცაღა, რეჟიმმა დააგვიანა მადიარის აღმასვლაზე რეაგირება და ამით მანევრის თავისუფლება თავადვე შეიზღუდა. ოპოზიცია ახლა იმდენად დიდია და მობილიზებული, რომ ღიად ავტოკრატიული ზომების გატარებამ შეიძლება ორბანი კიდევ უფრო სავალალო ვითარებაში ჩააგდოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინ რეჟიმმა ისინი პრემიებით დაასაჩუქრა, სპეცსამსახურები ალბათ არ დათანხმდებიან ძალით ჩაახშონ მასობრივი პროტესტები, რომლებიც აუცილებლად გაიმართება, თუკი ობანი არჩევნების შედეგების გაუქმებას შეეცდება. თუკი რეჟიმს არჩევნების შედეგის შესაცვლელად ძალის გამოყენების იმედი ვერ აქვს, ის ფინანსური წახალისებისა და შიშის ქადაგების იმედზეღა რჩება, მაგრამ ამ ინსტრუმენტებს ძველებური შედეგი ვეღარ მოაქვს: თუკი ადრე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მესამედს სჯეროდა, რომ ოპოზიციას შეეძლო უნგრეთის ომში ჩათრევა, ახლა ამისი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მხოლოდ ერთ პროცენტსღა სჯერა.

რეჟიმის ცვლილება - შინ და გარეთ

ამ არჩევნების შედეგებს გავლენა უნგრეთის საზღვრებს გარეთაც ექნება. ორბანის მმართველობის პირობებში, ქვეყანა რუსეთის გაველენის ყველაზე ღირებულ აქტივად იქცა ნატოსა და ევროკავშირში, სადაც უნგრული ვეტო ორივე ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ზომების საკვანძო შემაფერხებლად იქცა. თუ ორბანმა იმარჯვა, რუსეთთან ბუდაპეშტის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და უნგრეთი "ბელორუსიზაციის" გზას დაადგება - რუსეთის კლიენტ სახელმწიფოდ იქცევა და პრო-დასავლური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლა არარეალისტურ პერსპექტივად იქცევა. ამით ქვეყანა ევროკავშირის პერიფერიაზე მოექცევა, ანდა საერთოდ დატოვებს მას. ორბანის წარმატება წაახალისებს მემარჯვენე პოპულისტებსა და კრიმინალური ავტოკრატიის მოტრფიალეებს, რომლებიც ხშირად სახავდნენ ორბანს საკუთარ მოდელად - საქართველოში, სლოვაკეთსა თუ აშშ-ში.

მადიარის გამარჯვება უნგრეთში შექმნის სახელმწიფოს მიერ მართული კრიმინალური ქსელის დაშლის და კანონის უზენაესობის აღდგენის საშუალებას. თუკი ორბანმა იმარჯვა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი კრიზისი მომავალში გამოირიცხოს. მის კრიმინალურ სისტემას სხვა არჩევანი აღარ ექნება - მას მოუწევს ერთპიროვნული ძალაუფლების საბოლოოდ ჩამოყალიბება, მისი მომხრეებისთვის დაუსჯელობის უზრუნველყოფა, რაც გამოიწვევს დასავლეთთან კავშირების გაწყვეტას და "უცხოეთის აგენტების" წმენდებს - დამოუკიდებელი მედიის, გამომძიელებლი ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციებისა პირველ რიგში. 12 აპრილის არჩევნები უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში უნგრეთის საუკეთესო შანსია, დემოკრატია არჩიოს ავტოკრატიას. ესეთი შანსი მეორედ შეიძლება აღარ მოვიდეს.

Read more

ვინ არის პიტერ მადიარი?

ვინ არის პიტერ მადიარი?

იმ წამს, როდესაც პიტერ მადიარმა ბუდაპეშტში, გმირთა მოედანზე აღმართულ სცენას მიაშურა, მას უკვე აღსრულებული ჰქონდა ის, რაც მანამდე ვერცერთმა ვეტერანმა ოპოზიციონერმა, ლიბერალმა თუ მემარცხენემ ვერ მოახერხა; მან თავად ვიქტორ ორბანს დაუკარგა მოსვენება.

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

უნგრელები 12 აპრილს ეროვნული და ევროპული მნიშვნელობის არჩევნებზე მიდიან. მოსალოდნელია სამი სხვადასხვა შედეგი, რომელთაგან თითოეულს ევროკავშირზე განსხვავებული გავლენა ექნება. ჟუჟანა ჟელენი 2 აპრილი, 2026 უნგრეთი რომ ნორმალური ევროპული დემოკრატია იყოს, დასკვნა მარტივი იქნებოდა: ხელისუფლება, რომელიც თვეებია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მისი მთავარი ოპონენტის უკან მოჩანჩალებს, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულია.