ვინ არის პიტერ მადიარი?

იმ წამს, როდესაც პიტერ მადიარმა ბუდაპეშტში, გმირთა მოედანზე აღმართულ სცენას მიაშურა, მას უკვე აღსრულებული ჰქონდა ის, რაც მანამდე ვერცერთმა ვეტერანმა ოპოზიციონერმა, ლიბერალმა თუ მემარცხენემ ვერ მოახერხა; მან თავად ვიქტორ ორბანს დაუკარგა მოსვენება.

ვინ არის პიტერ მადიარი?
კოლაჟი: ანი ლობჯანიძე / მოამბე

სისტემის შვილი

მადიარი უნგრულ პოლიტიკაში შემთხვევითი გამვლელივით არ მოსულა, მისი მსოფლმხედველობა სწორედ ამგვარ გარემოში გამოიწრთო.

ბავშვობა ბუდაპეშტის წარჩინებულ უბნებში გაატარა. მისი ოჯახი იმ კონსერვატიული წრის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელსაც მყარად ჰქონდა ფესვები გადგმული სამართლის სფეროსა თუ პოსტკომუნისტურ, ქრისტიან-დემოკრატიულ ელიტაში.

დედამისი უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსანი გახლდათ, მამა კი — ცნობილი იურისტი. მის ნათესაურ წრეს მიეკუთვნებოდა ფერენც მადლიც, უნგრეთის პრეზიდენტი 2000-2005 წლებში, ხოლო მისი ბაბუა, პალ ეროში, საქვეყნოდ ცნობილი სატელევიზიო კომენტატორი გახლდათ.

მადიარი ორბანის მმართველ გუნდს, „ფიდესს“, ჯერ კიდევ 2003 წელს შეუერთდა. ორი წლის შემდეგ კი, თავისი მეგობრის გერგეი გულიაშის (ორბანის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) მიერ გამართულ წვეულებაზე, ბედმა იუდით ვარგას შეახვედრა. იუდითი გონებამახვილი, ამბიციური ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც პარტიულ იერარქიაში გზას დამაჯერებლად იკაფავდა. მათი კავშირი 2006 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა.

წყვილმა წლები ბრიუსელში გაატარა, სადაც ვარგა ევროპარლამენტარის თანაშემწედ მუშაობდა, მადიარს კი დიპლომატიური პოსტები ეკავა. 2018 წელს სამშობლოში დაბრუნებისას, ქალის კარიერამ ელვისებური სვლა დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელიწადში იგი იუსტიციის მინისტრი გახდა. მადიარის გზა კი სხვაგავრად წარიმართა.

მადიარი არაერთხელ ეცადა მთავრობაში მაღალი თანამდებობის დაკავებას, თუმცა ყოველჯერზე უარყოფას ეჩეხებოდა. მისი ბავშვობის მეგობრის, მიკლოშ შუკოშდის თქმით, მინისტრები მას მუდამ უარით ისტუმრებდნენ, რადგან იგი გადამეტებულად ამბიციური და დამოუკიდებელი ბუნების პიროვნება გახლდათ. სწორედ ამ ხელმოცარულობამ დათრგუნა მისი მისწრაფებანი და მასში შინაგანი დუღილი გამოიწვია.

იმედგაცრუება დროთა განმავლობაში აშკარად უფრო მძიმე ემოციად გარდაიქმნა. სანამ მისი მეუღლე წინ მიიწევდა, ვარგა თავად ორბანმა კაბინეტის წევრადაც კი განამწესა, მადიარი კვლავაც ჩრდილქვეშ რჩებოდა. ამგვარმა უთანასწორობამ მის პიროვნებაზე წარუშლელი კვალი დაამჩნია. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოძახილი იყო 2024 წლის ერთ-ერთი ინტერვიუც. როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იგი ქალბატონ ვარგაზე იყო დაქორწინებული, მადიარმა მას სიტყვა მყისიერად გააწყვეტინა და ხაზგასმით მიუგო, რომ, სინამდვილეში, სწორედ ვარგა იყო მასზე დაქორწინებული.

ჩანაწერი

2023 წლის დამდეგს მათ ოჯახურ თანაცხოვრებაში პირველი ღრმა ნაპრალები გაჩნდა. განქორწინებამდე ორიოდე თვით ადრე, მადიარმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნგრეთის პოლიტიკური ბედ-იღბალი სრულიად გარდასახა; საკუთარ მეუღლეს ფარულად მოუსმინა და საუბარი ჩაწერა.

ამ ჩანაწერში ვარგა დაწვრილებით აღწერდა იმას, რასაც თავად „ხელისუფლების ჩარევას“ უწოდებდა ერთ-ერთ მეტად სენსიტიურ კორუფციულ საქმეში. ეს იყო მოქმედი იუსტიციის მინისტრის თავზარდამცემი აღიარება. მოგვიანებით, ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, მადიარმა განმარტა, რომ ხსენებული ჩანაწერი ერთგვარი დაზღვევა გახლდათ იმ შემთხვევისთვის, თუკი ის და ვარგა რეჟიმის რისხვას იწვნევდნენ. თვეების განმავლობაში ამ საიდუმლოს აღსარებასავით უფრთხილდებოდა და გულში იმარხავდა, ვინაიდან საკუთარი სამი მცირეწლოვანი შვილის უსაფრთხოებაზე მეტისმეტად შფოთავდა.

მალე კი ყველაფერი თავდაყირა დადგა.

2024 წლის თებერვალში უნგრეთის საზოგადოებრივ ყოფას ბავშვზე სექსუალური ძალადობის სკანდალი მეხივით დაატყდა, რამაც ყველა და ყველაფერი აალაპარაკა. ფარდა აეხადა შემზარავ სიმართლეს, რომ პრეზიდენტ კატალინ ნოვაკს ის პირი შეეწყალებინა, რომელიც ბავშვთა სახლში ჩადენილი ძალადობის მიჩქმალვისთვის იყო მსჯავრდებული. საზოგადოების რისხვა მყისიერი და მრისხანე აღმოჩნდა. ნოვაკი გადადგა. პოლიტიკურ ასპარეზს განერიდა ვარგაც, რომელიც მანამდე „ფიდესის“ უპირატეს დასაყრდენად და ევროპარლამენტის მომავალი არჩევნების რჩეულად მოიაზრებოდა.

მადიარმა იგრძნო, რომ მისი ჟამი დადგა. სულ რამდენიმე დღეში დუმილი საჯაროდ დაარღვია და სოციალური ქსელის მეშვეობით „ფიდესის“ მაღალჩინოსნები ამხილა, რომ ისინი საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად ქალებს ამოფარებოდნენ. პოსტი თვალის დახამხამებაში გავრცელდა.
ამას დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან გახმაურებული ინტერვიუების სერია მოჰყვა. ამგვარად, იგი ორბანის უახლოესი გარემოცვიდან პირველ გავლენიან „განდგომილად“ იქცა, კაცად, რომელმაც მყარად მდგომ რეჟიმს შიგნიდან დიდი დარტყმა მიაყენა.

მისი სიტყვების დამაჯერებლობა წარსულ გამოცდილებას ეფუძნებოდა, რამეთუ იგი „ფიდესის“ წიაღში გამოწრთობილი კაცი იყო და ზედმიწევნით უწყოდა, თუ რა მექანიზმებით მუშაობდა სისტემა.

ტისას აღზევება

2024 წლის მარტში, უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში ახალგამოჩენილი ლიდერის მოწოდებით 50 000-მდე ადამიანი გამოვიდა. ჰაერში ცვლილებების გახშირებული სუნთქვა იგრძნობოდა, თუმცა ამ ბობოქარ ტალღას ნავსაყუდელი სჭირდებოდა, კერძოდ, ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ნებას ხორცს შეასხამდა. სწორედ მაშინ მიმართა მადიარმა მეწარმე დეჟო ფარკაშს, რათა ერთად ჩაეყარათ საფუძველი პარტიისთვის, რომელსაც მოგვიანებით „ტისა“ ეწოდა.

პირველი ნაბიჯები შიშითა და ქაოსით იყო აღსავსე. მადიარი საკუთარ მეგობრებსაც კი ვერ უხმობდა, ვინაიდან მისი ძველი გარემოცვა კვლავინდებურად მმართველი გუნდის,„ფიდესის“ ერთგული რჩებოდა. შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პირველივე შეკრების შემდეგ ექვსმა ადამიანმა დატოვა გუნდი. ბიზნესმენებს ხელისუფლების შურისძიებისა და ეკონომიკური რეპრესიების ეშინოდათ, რადგანაც კარგად უწყოდნენ, რომ რეჟიმს მეტად გრძელვადიანი მეხსიერება ჰქონდა.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, ვინც დარჩა, თავდაუზოგავად შეუდგა საქმეს. იურიდიული აღიარების მოსაპოვებლად მათ ერთი პატარა, მივიწყებული პარტია ჩაიბარეს და უმოკლეს დროში შექმნეს ციფრული ქსელი შემოწირულობებისა თუ მოხალისეების მოსაზიდად. საქმეში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც ჩაებნენ: რეჟისორმა მარკ რადნაიმ მედიასტრატეგია მოხაზა, მსახიობმა ერვინ ნადიმ კი ხალხის მობილიზება ითავა. მადიარის პირველივე საჯარო გამოსვლებიდან სულ რამდენიმე კვირაში მათ ელექტრონულ ფოსტაზე ასი ათასზე მეტი წერილი დახვდათ, რაც იმის დასტური გახლდათ, რომ უნგრელი ხალხი გამოფხიზლებულიყო.

სამთავრობო მედიის მიერ აღმართული გაუვალი კედლის გასარღვევად მადიარმა პირდაპირ ხალხისკენ აიღო გეზი. იგი დაუღალავად დაქროდა ქვეყნის მასშტაბით და ზოგჯერ დღეში ექვს ქალაქსაც კი სტუმრობდა. 2025 წლის მაისში მან ორას ორმოცდაათი კილომეტრი ფეხით გაიარა რუმინეთის საზღვრამდე, რათა გული მოეგო ეთნიკური უნგრელებისთვის, ანუ იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ორბანის უპირველეს დასაყრდენად მიიჩნეოდა. სოფლებსა თუ ქალაქებში გაჩნდა ეგრეთ წოდებული „ტისას კუნძულები“, რომლებიც ხელისუფლების ციხესიმაგრეებში ოპოზიციურ მუხტს თანდათან აძლიერებდნენ.

მადიარმა ვირტუალური სივრცეც დაიპყრო; ოსტატურად დაეუფლა ალგორითმების ენას, თუმცა ხალხის ნდობა მაინც უშუალო, პირისპირ შეხვედრებით მოიპოვა. შედეგმაც არ დააყოვნა; 2024 წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში, პარტიის დაარსებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში, „ტისამ“ ხმების თითქმის 30 პროცენტი ხვლა წილად, „ფიდესი“ კი ისტორიულ მინიმუმამდე დასცა.

რას პირდება მადიარი ამომრჩეველს?

მადიარი კორუფციის მანკიერებებზე ისე მგზნებარედ საუბრობს, რომ მსმენელში სამართლიანობის აღდგენის დაუოკებელ წყურვილს აღვიძებს. მისი უმთავრესი დაპირება ორბანის გარემოცვის იმ წევრთა პასუხისგებაში მიცემაა, რომლებმაც ქვეყნის ხარჯზე იცვალეს ფერი და ჯიბეები გაისქელეს; ხალხს აღუთქვამს, რომ კვლავ აღადგენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რადგანაც მისი მტკიცებით, დღეს ისინი მხოლოდ ფასადურ ნაჭუჭს წარმოადგენენ და შინაარსისგან სრულად არიან დაცლილნი.

მისი საშინაო დღის წესრიგი, რომელიც ინფლაციასთან ბრძოლას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებასა და სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებულ გამოძახილს პოვებს იმ ადამიანებში, ვინც თავს მიტოვებულად გრძნობს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მადიარის პოზიცია გაცილებით ფრთხილი და მრავალწახნაგოვანია. იგი არ ამჟღავნებს ბრიუსელისა თუ კიევის მიმართ იმგვარ მტრულ განწყობას, რაც მოქმედ პრემიერს ახასიათებს, და დასავლელ ინვესტორებს ბევრად უფრო პროგნოზირებად, სტაბილურ ბიზნესგარემოს აღუთქვამს. თუმცა, იქვე იმასაც დასძენს, რომ ევროკავშირის პოლიტიკურ კურსს უპირობოდ არ მიჰყვება; ორბანის მსგავსად, მასაც სურს შეინარჩუნოს რუსული, იაფი ენერგიის იმპორტის შესაძლებლობა.

მცოდნეთა აზრით, „ტისას“ გამარჯვებამ შესაძლოა ფუნდამენტურად შეცვალოს უნგრეთის როლი ევროპაში: განმუხტოს მრავალწლიანი დავა კანონის უზენაესობის შესახებ, შეამციროს ბუდაპეშტის სიახლოვე მოსკოვთან და უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორად აქციოს. დაბოლოს, დაასრულოს „ფიდესის“ თექვსმეტწლიანი მმართველობის ეპოქა.

მხსნელი თუ „ორბანის ანარეკლი”?

მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებისა, პიტერ მადიარი კვლავ რჩება იმგვარ ფიგურად, რომლის სრულად აღქმაც კი უჭირთ მათ, ვისაც ორბანის ხელისუფლების დასასრული სისხლხორცეულად სწყურია. შიდა სამზარეულოში ვითარება სულაც არ გახლავთ ისეთი უღრუბლო, როგორიც ტრიბუნიდან მომდინარე მგზნებარე სიტყვების დროს ჩანს. დეჟო ფარკაშმა, პარტიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, „ტისა“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა. მან პარტიის შიდა კულტურას „ტოქსიკური“ უწოდა და აღნიშნა, რომ იქ ყველაფერი ბრმა ერთგულებაზეა დაფუძნებული და არა საქმისადმი პროფესიულ მიდგომაზე; ეს დინამიკა მან მრავლისმეტყველად შეადარა თავად „ფიდესის“ მმართველობის სტილს.

მადიარი საკუთარ პარტიას ისე უძღვება, როგორც „ერთი მსახიობის თეატრს“. ეს ტერმინი მან თავადვე გამოიყენა ერთ-ერთ ინტერვიუში. იგი ერთადერთი ფიგურაა, ვისაც მედიასთან რეგულარული ურთიერთობის უფლება აქვს მოპოვებული. პარტიის პრესსამსახური ჟურნალისტებს ხშირად მოუწოდებს, თავი აარიდონ აქციის მონაწილეებთან საუბარს, ხოლო მოხალისეებს პირდაპირ აქვთ ნაბრძანები, ყოველგვარი ინტერვიუსგან შეიკავონ თავი.

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ მშფოთვარე აღმოჩნდა. საზოგადოება მოწმე გახდა ჟურნალისტებთან გამართული მძაფრი დაპირისპირებებისა და ღამის კლუბში გამოვლენილი აგრესიული ქცევის შესახებ გავრცელებული ცნობებისა. თუმცა, ყველაზე მძიმე დარტყმად მაინც ყოფილი მეუღლის ბრალდებები იქცა, რომელიც მას ფიზიკურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს. მადიარი ყოველივე ამას ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროპაგანდისტულ სპექტაკლად მიიჩნევს. მეტიც, მან ყოფილი მეგობარი ქალიც კი ამხილა, რომ იგი „ფიდესის“ დავალებით მასზე ფარულად ჯაშუშობდა.

ოპოზიციის ყოფილმა კანდიდატმა, პიტერ მარკი-ზაიმ, მადიარი „ამპარტავან“, „ეგოცენტრიკ“ და „ბოროტ“ პიროვნებად მონათლა, თუმცა იქვე გააჟღერა ისეთი აზრი, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს „მადიარის ფენომენს“. მისი თქმით, ოპოზიცია მასზე ჯვრის დაწერას არ აპირებეს, თუმცა კი სჭირდებათ ვინმე, ვინც ორბანის ეპოქას წერტილს დაუსვამს.

ეს განწყობა მის მომხრეებში ღრმად არის ფესვგადგმული. მწვანეთა პარტიის წევრმა, ტიმეა საბომ, რომელმაც განზე გადგომა და გზის „ტისასთვის“ დათმობა ამჯობინა, დაუფარავად განაცხადა, რომ ისინი ხმას არა „ტისას“, არამედ „ფიდესის“ წინააღმდეგ აძლევენ. მისივე თქმით, უნგრელები ამ ეტაპზე თხასაც კი სიამოვნებით აირჩევდნენ, ოღონდ კი ვინმე ორბანის წინააღმდეგ აღიმაღლებდეს ხმას.

„ნუ გეშინია”

პიტერ მადიარის პოლიტიკური აქტივიზმის სათავეები სწორედ ორბანის სახელს უკავშირდება. ორი ათწლეულის წინ, ჯერ კიდევ ნორჩი იურისტი, იმ ანტიკორუფციულ ტალღას შეუერთდა, რომელსაც მაშინდელი ოპოზიციონერი ორბანი მეთაურობდა. იმხანად მადიარი მომიტინგეთა სამართლებრივი დაცვის ჯგუფსაც კი ედგა სათავეში, რომლის უმთავრეს დევიზს სიტყვები „ნუ გეშინია!“ წარმოადგენდა. სიმბოლურია, რომ სწორედ ეს მოწოდება გამოიყენა მან 2024 წელსაც, როდესაც არსებულ რეჟიმს საბოლოოდ აქცია ზურგი და საკუთარი, დამოუკიდებელი გზით წავიდა.

პიტერ მარკი-ზაიმ, კაცმა, რომელმაც ოთხი წლის წინ ამაოდ სცადა ორბანის ტახტიდან ჩამოგდება, მადიარს ერთგვარი კურთხევა გააყოლა, თუმცა ეს დალოცვა უფრო ავბედით გაფრთხილებას ჰგავდა. მან აღნიშნა, რომ მადიარის ზურგს უკან აღმართული უზარმაზარი ტალღა მძლავრია, თუმცა იმავე სტიქიას მისი შთანთქმაც ძალუძს, თუკი იგი ხალხის იმედებს ვერ გაამართლებს.


წინამდებარე ტექსტი მომზადებულია Financial Times-ისა და Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით.

ავტორი: ანა ძირკვაძე / მოამბე

 

Read more

უნგრეთის უკანასკნელი შანსი

უნგრეთის უკანასკნელი შანსი

12 აპრილის არჩევნები უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში უნგრეთის საუკეთესო შანსია, დემოკრატია არჩიოს ავტოკრატიას. ესეთი შანსი მეორედ შეიძლება აღარ მოვიდეს.

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

უნგრელები 12 აპრილს ეროვნული და ევროპული მნიშვნელობის არჩევნებზე მიდიან. მოსალოდნელია სამი სხვადასხვა შედეგი, რომელთაგან თითოეულს ევროკავშირზე განსხვავებული გავლენა ექნება. ჟუჟანა ჟელენი 2 აპრილი, 2026 უნგრეთი რომ ნორმალური ევროპული დემოკრატია იყოს, დასკვნა მარტივი იქნებოდა: ხელისუფლება, რომელიც თვეებია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მისი მთავარი ოპონენტის უკან მოჩანჩალებს, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულია.