ტექსტზე გადასვლა

ესპანელი სოციალისტების ეკონომიკური ბრწყინვალება და სიღატაკე

პედრო სანჩესს არჩევნების მოსაგებად ეკონომიკური არგუმენტები აქვს

ესპანელი სოციალისტების ეკონომიკური ბრწყინვალება და სიღატაკე
ესპანეთის ეკონომიკა ევროპის გამწევ ძალად იქნა, მაგრამ რამდენად ეყოფა ეს სანჩესს პრემიერობის შესანარჩუნებლად? ილუსტრაცია: მოამბე/AI

ესპანეთში 29 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რითაც ევროპაში დიდი საარჩევნო ციკლი იხსნება. ესპანეთი იქნება, საფრანგეთი თუ იტალია, კითხვა ერთია: რამდენად მოახერხებენ პოპულისტური და ანტი-ევროპული ძალები - მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე - ძალაუფლების ხელში ჩაგდებას? სანჩესს სოციალისტი მმართველისთვის უჩვეულო კოზირი უპყრია ხელში: მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ზრდა.

ავტორი: ემილიო ორდისი, ესპანური გამოცემა 20 Minutos

ესპანეთის მთავრობა სულ ერთ რამეს იმეორებს: ევროპული ეკონომიკური ეტლის გამწევი ძალა დღეს ესპანეთია. 2008 წლის კრიზისის შემდეგ ასეთი რამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ესპანეთის სოციალისტური პარტია (PSOA) 2018 წლიდანაა ხელისუფლებაში და სანჩესის პრემიერობისას მაკროეკონომიკული მაჩვენებლების გაუმჯობესება სახეზეა. აშკარაა, რომ სანჩესს იმედი აქვს, რომ სწორედ ეს გადაარჩენს მომავალ არჩევნებზე. სანამ მემარჯვენეები და ულტრამემარჯვენეები მიგრაციაზე საუბრობენ, სოციალისტებს კეთილდღეობის თემის წამოწევა სურთ. თუმცა ეს არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ევროპის მასშტაბით მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, თანაც ძირითადად ეკონომიკური და სოციალური მოტივებით. მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, რუთ ფერერო ამბობს, რომ პროტესტის არსი მიმართულია „სოციალური სისტემების დასუსტების, არასტაბილური დასაქმებისა და უთანასწორობის წინააღმდეგ“. მისი თქმით „საზოგადოებაში პოლიტიკური წარმომადგენლობის ღრმა კრიზისია. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები მათ არ სთავაზობს ეფექტურ გზებს მოთხოვნების გამოსახატად“. ესპანეთში უკმაყოფილება, 11 ნოემბრის საყოველთაო გაფიცვით გამოვლინდა.

ერთი შეხედვით, სანჩესის მთავრობას მყარი არგუმენტები აქვს იმის სათქმელად, რომ ეკონომიკის საქმე კარგად მიდის. ესპანეთის ეკონომიკის ზრდა მყარია და პროგნოზიც - დადებითი, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი თანდათან შენელდება. ესპანეთის ეროვნული ბანკის ბოლო შეფასებით, მშპ 2026 წელს 2,6%-ით, ხოლო 2027 წელს 2,2%-ით გაიზრდება; EY Insights-ის პროგნოზით კი, 2028 წლის ზრდა 1,9% იქნება. ამ დადებით ვარაუდს საფუძვლად უდევს კერძო მოხმარების სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შიდა მოთხოვნის პოზიტიური დინამიკა. მთავარი პრობლემები უკავშირდება ენერგომატარებლების გაძვირებას, ინფლაციურ ზეწოლას, ფინანსური სესხების პირობების გამკაცრებასა და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას. თუმცა, ამისდა მიუხედავას, ესპანეთი ევროზონის საშუალო მაჩვენებელზე საგრძნობლად სწრაფად განაგრძობს ზრდას. ხელისუფლების შესანარჩუნებლად სანჩესი სწორედ ამას ეყრდნობა.

ჰარვარდის პროფესორი, ჯეისონ ფურმანი ამასწინათ ამბობდა, რომ „ესპანეთი ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ძრავად იქცა“. ზოგადად, მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდას დღეს სამხრეთის ქვეყნები ასაზრდოებენ. ამ მხრივ, ესპანეთში ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი პროფესიათაშორისი მინიმალური ხელფასის (SMI) ზრდაა. ამას ემატება დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესებაც.

ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის (INE) მონაცემები მრავლისმეტყველია. 2018 წლის მესამე კვარტალში ესპანეთში 19,53 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, 2026 წლის მესამე კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა 22,85 მილიონს მიაღწია. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 3,33 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობის დონე 14,55%-დან 10,18%-მდე შემცირდა, ანუ 4,37 პროცენტული პუნქტით დაიკლო, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 3,33 მილიონიდან 2,59 მილიონამდე ჩამოვიდა. მთლიანობაში, ეს მონაცემები ესპანეთის შრომის ბაზრის დადებით განვითარებაზე მიუთითებს: დასაქმებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, უმუშევრობა კი შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი კვლავ შედარებით მაღალია: უმუშევრობის დონით ესპანეთი ევროკავშირში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ფინეთი უსწრებს.

ამავე პერიოდში ესპანეთში პროფესიათაშორისი მინიმალური ხელფასი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. თუ 2018 წელს იგი თოთხმეტი თვის განმავლობაში ყოველთვიურად დარიცხული 735,90 ევრო იყო, 2026 წელს 1 221 ევროს მიაღწია, ანუ თვეში 485,10 ევროთი, დაახლოებით 65,9%-ით გაიზარდა. წლიური გაანგარიშებით, SMI 10 302,60 ევროდან 17 094 ევრომდე ავიდა. ამან ხელი შეუწყო ყველაზე დაბალანაზღაურებადი დასაქმებულების მსყიდველობითუნარიანობის გაუმჯობესებასა და სახელფასო უთანასწორობის შემცირებას. მთავრობა ამას თავის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად თვლის.

თუმცა პრობლემებიც მრავლადაა. ესპანეთში ყველაზე დიდი თავსატკივარად საბინაო კრიზისი იქცა, რამაც ათობით ათასი ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში. საკითხს მრავალი მხარე აქვს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობაზე. მთავრობის ყველაზე მწვავე კრიტიკოსები ამბობენ, რომ საცხოვრებლის გაძვირების შესაჩერებლად მას რვა წლის განმავლობაში „არაფერი გაუკეთებია“. მართლაც, ესპანეთში უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა დაახლოებით 80,6%-ით აღემატება 2015 წლის დონეს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა 2021 წლიდან, რასაც პანდემიის შემდგომმა ეკონომიკურმა გამოცოცხლებამ, მოთხოვნის ზრდამ, დიდ ქალაქებსა და ტურისტულ ზონებში საბინაო ფონდის მიწოდების სიმცირემ და მშენებლობის ხარჯების გაძვირებამ შეუწყო ხელი. მართალია, უძრავი ქონების და ქირავნობის ფასების ზრდის ტემპი 2022-2023 წლებში რამდენადმე შენელდა, მაგრამ 2024 და 2025 წლებში ფასებმა კვლავ მკაფიოდ აღმავალი მიმართულება აიღო. Eurostat-ის მონაცემებით, ზრდამ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა: იმავე პერიოდში ევროკავშირში ბინების ფასები დაახლოებით 58,6%-ით გაიზარდა.

ესპანეთში ბინების ფასები სწრაფად კი იზრდება, თუმცა ამ მხრივ ქვეყანა მარტო არ არის. პორტუგალიაში ზრდამ 180% შეადგინა, ლიტვაში 168%, ბულგარეთში კი 157%-ით. საფრანგეთსა და ფინეთში კი ფასების ცვლილება ბევრად უფრო მოკრძალებული იყო. თუმცა ესპანეთის პრობლემა განსაკუთრებით საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაზე მისი გავლენით გამოირჩევა: 2015-2025 წლებში საცხოვრებლის ფასისა და შინამეურნეობების შემოსავლების თანაფარდობა 24,5%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ევროპული საშუალო მაჩვენებელი 6,8% იყო. ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებლის ხარჯები ოჯახების ბიუჯეტებში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ისიც მართალია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ სიღარიბის საფრთხის ქვეშ მყოფი მოსახლეობის წილი თითქმის ვერ შეამცირა. სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის საფრთხის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა წილი 2015 წლის 34%-დან 2025 წელს 33,8%-მდე შემცირდა — ანუ ეს მაჩვენებელი ბოლო ათი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა და ევროკავშირის საშუალო ტემპს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. ფაქტია, რომ გასული წლის ბოლოს ესპანეთში ბავშვთა სიღარიბის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მთელ ევროკავშირში და კავშირის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 9,5 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა.

ანუ რა ხდება? ზოგადად, ესპანეთის „მაკრო“ მაჩვენებლების - მშპ-ის ზრდა და მისთანანი - დინამიკა კარგია. სანჩესმა ეს იცის და საარჩევნო კამპანიის დროს იყენებს კიდეც. მაგრამ მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას ვერ ან ნაკლებად გრძნობს. ამიტომაც ვხედავთ შფოთს პარიზში, მადრიდში, ბარსელონასა თუ მილანში. ფერერო ამბობს, რომ საპროტესტო მობილიზაციის მიზეზებია „იდეოლოგიური მობილიზაციაზე, სოციალური გამოფიტვა და თაობათა იმედგაცრუება - მომავლის იმედის დაკარგვა“. პირველ რიგში, სწორედ ახალგაზრდებს არ სწამთ ამ „ეკონომიკურ ზრდისა“. ამ თვალსაზრისით, თითქოს პარადოქსია, მაგრამ სანჩესის სოციალისტურ მთავრობას ის ემართება, რაც ხშირად ლიბერალურ-ცენტრისტულ პარტიებს სჭირთ: მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაჯანსაღებას, მოსახლეობის აღქმა ვერ ეწევა და ამით პოპულისტები სარგებლობენ. თუმცა ახალგაზრდობის პრობლემები რეალური და ხელშესახებია.

„Z-თაობის საპროტესტო მოძრაობებს საერთო ძაფი აკავშირებს და ისინი ახლა არ დაწყებულა. აღშფოთებამ, რომელსაც გასულ წელს გლობალურ სამხრეთში ვხედავდით, დღეს გლობალურ ჩრდილოეთში გადაინაცვლა, განსაკუთრებით კი ევროპაში, სადაც მალე საარჩევნო სუპერციკლში შევდივართ. განსხვავებულია ნაპერწკალი, რომლებიც პროტესტის ცეცხლს აჩაღებს. საფრანგეთში ეს განათლებაა - სოციალური მობილობისა და რესპუბლიკის სიმბოლო; ესპანეთში - საცხოვრებელი; ალბანეთში - კორუფცია. თუმცა ყველას აერთიანებს: იმ თაობის (Z თაობის) პროტესტი, რომელიც გრძნობს, რომ სოციალური კონტრაქტი მოშლილია“, - ასე დაახასიათა არსებული ვითარება, სოციალურ ქსელებში ესპანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ.

ამ ვითარებაში, ზრდაზე საუბარი PSOE-ს წარმატებისთვის საკმარისი ვეღარ იქნება. სავარაუდოდ, სანჩესი შეეცდება სწორედ სოციალური აღშფოთების ტალღა გამოიყენოს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოყავს. სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეას კვლავაც აქვს მიმზიდველობა, ოღონდ მას დაფინანსება სჭირდება. ამიტომაც, პედრო სანჩესი ერთადერთი იყო, ვინც დონალდ ტრამპს ღიად დაუპირისპირდა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე უარი თქვა. სანჩესი ასევე თითქმის მარტოა, როცა ამბობს, რომ არსებული სოციალური მოდელის შესანარჩუნებლად იმიგრაციის ლეგალიზაციაა საჭირო და არა შეზღუდვა.

ესპანეთი პოლიტიკურ ლაბორატორიად იქცა: 29 ნოემბერი გვაჩვენებს, რომელი გზა და რომელი თემები განაპირობებს ამომრჩეველთა უმრავლესობის არჩევანს - ქსენოფობიური პოპულიზმი, თუ სოციალური სახელმწიფოს იდეა.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე