ტექსტზე გადასვლა

პოლონეთი-უკრაინა: გაცივებული მეგობრობა

სტრატეგიული პარტნიორობის რღვევა ცუდი ამბავია ევროპისათვის

პოლონეთი-უკრაინა: გაცივებული მეგობრობა

2022 წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ანჯეი დუდა პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც უკრაინის პარლამენტს სიტყვით მიმართა. მიმართვისას მან პირობა დადო, რომ არ მოისვენებდა, სანამ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ გახდებოდა. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, 2026 წლის ივლისში, „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ, რომლის პარტიაც 2022 წელს ქვეყანას მართავდა, პარტიის წევრებს უთხრა, უკრაინის ევროინტეგრაცია მანამ უნდა შეჩერდეს, სანამ კიევი ისტორიული მეხსიერების პოლიტიკის ამჟამინდელ კურსზე უარს არ იტყვისო.


ავტორი: ნატალია კოვალი ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (EPIK) მკვლევარი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის ყოფილი მრჩეველია. სტატიის სრული, ინგლისური ვერსია ჩვენი პარტნიორის GEOPolitics-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა.

The Neighbor’s Consent: What Ukraine’s Accession Means for Poland - GEOpolitics
On May 22, 2022, Andrzej Duda, then Poland’s president, became the first foreign head of state to address the Verkhovna Rada in person since the full-scale invasion. “I personally will not rest until Ukraine becomes a member of the European Union in the full sense of the word,” he told the deputies. Four days into the invasion, […]

ეს მხოლოდ „კანონი და სამართლიანობის“ კაპრიზი არ არის. ცვლილება მოქმედი მთავრობის რიტორიკაშიც შეინიშნება. 2024 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ოპტიმიზმით ამბობდა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისუფალი სამყაროს საზღვრებს აღმოსავლეთით გააფართოვებდა. 2026 წლის სექტემბერში კი მან კიევში ვიზიტისას აღნიშნა, რომ უკრაინა სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებში კომპრომისებისთვის უნდა იყოს მზადო. ცვლილებაა საზოგადოებრივ განწყობებშიც - თუკი 2022 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას პოლონელების 87 პროცენტი უჭერდა მხარს, 2026 წელს ეს მაჩვენებელი 43 პროცენტამდე შემცირდა.

როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, რომელიც უკრაინის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, დღეს მის გაწევრიანებას დამატებით პირობებს უყენებს და პროცესის გაჭიანურებას ცდილობს? შეგვიძლია სამი ძირითადი მიზეზი დავასახელოთ.

მემარჯვენეების გავლენა

პირველი მიზეზი პოლონეთის შიდა პოლიტიკური ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ 2023 წელს ხელისუფლება დაკარგა, მემარჯვენე ძალები მნიშვნელოვან პოლიტიკურ გავლენას კვლავაც ინარჩუნებენ. 2025 წელს პრეზიდენტად მათი მხარდაჭერით კაროლ ნავროცკი აირჩიეს, ულტრამემარჯვენე კანდიდატებმა კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 21 პროცენტი აიღეს.

მემარჯვენე პოლიტიკური დღის წესრიგი უკრაინის მიმართ ორ ურთიერთსაპირისპირო პოზიციას აერთიანებს. ერთი მხრივ, რეგიონში ლიდერობის შესანარჩუნებლად პოლონეთს ძლიერი და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრირებული უკრაინა სჭირდება. მეორე მხრივ, მემარჯვენე ძალების ნაციონალისტური ხედვები უკრაინას ისტორიულ მოწინააღმდეგედ და ეკონომიკურ კონკურენტად განიხილავს. 2023 წლიდან ნაციონალისტურმა ხედვამ გადაფარა პრაგმატული არგუმენტი უკრაინის დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტი აკრძალა, 2025 წელს კი პრეზიდენტმა ნავროცკიმ უკრაინელი ლტოლვილებისთვის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ვეტო დაადო.

უკრაინის მიმართ სკეპტიკური განწყობები მემარჯვენე ამომრჩევლით აღარ შემოიფარგლება. დონალდ ტუსკის მთავრობაც იძულებულია სულ უფრო მეტად გაითვალისწინოს საზოგადოებაში გაძლიერებული განწყობები. უკრაინელი ლტოლვილების მიღებას მხარს 2022 წელს პოლონელების 94 პროცენტი უჭერდა, 2025 წლის დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 48 პროცენტამდე შემცირდა. ამასთან, ნავროცკის გადაწყვეტილებას ლტოლვილების სტატუსის გახანგრძლივებაზე ვეტოს დადების შესახებ მოსახლეობის 60 პროცენტი დაეთანხმა.

ვაშინგტონის გავლენა

მეორე ფაქტორი შეერთებული შტატების არათანმიმდევრული პოლიტიკაა. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევდა, თუმცა იარაღის მიწოდებას ხშირად აგვიანებდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კი ვაშინგტონის ზეწოლა სულ უფრო მეტად არის მიმართული კიევისკენ.

ვარშავისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან პოლონეთის საგარეო პოლიტიკაზე ვაშინგტონის გავლენა ბრიუსელის გავლენაზე გაცილებით დიდია. ქვეყანაში დაახლოებით 10 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული. გარდა ამისა, ტრამპმა 2025 წელს მხარი დაუჭირა ნავროცკის საპრეზიდენტო კანდიდატურას, ხოლო 2026 წლის მაისში პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნა დააანონსა. ამ გარემოებებმა ვარშავის პოზიციაზეც იმოქმედა და უკრაინის საკითხზე პოლონეთი სულ უფრო მეტად ითვალისწინებს ვაშინგტონის პოლიტიკას. თუმცა მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლისთვის ითვალისწინებდა, ნავროცკი ასეთ დაჩქარებულ გაწევრიანებას დაუპირისპირდა.

 ორმხრივი ეჭვიანობა

მესამე ფაქტორი პოლონეთსა და უკრაინას შორის დაგროვილი ორმხრივი პრობლემებია. კიევი ვარშავისგან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქტიურ მხარდაჭერას ელოდა, თუმცა პოლონეთმა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობასა და სატვირთო გადაზიდვებში დათმობების მოთხოვნამდე დაიყვანა.

ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, პოლონეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე თანხმობა ისტორიულ საკითხსაც დაუკავშირა. ვარშავა კიევს 1943–1944 წლების ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზე პოლიტიკის შეცვლას სთხოვს. პოლონეთის პარლამენტმა ეს მოვლენები გენოციდად აღიარა, უკრაინა კი მათ პოლონურ-უკრაინულ კონფლიქტად განიხილავს, რომელშიც მსხვერპლი ორივე მხარეს იყო.

შედეგად, ურთიერთობა პირობების წაყენებისა და დათმობების მოთხოვნის გარშემო ვითარდება და ამავდროულად, სულ უფრო ასიმეტრიული ხდება, რადგან უკრაინას პოლონეთის პოლიტიკური მხარდაჭერა და თანხმობა სჭირდება, ვარშავა კი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საკუთარ სტრატეგიულ ინტერესად იმდენად აღარ განიხილავს, რამდენადაც ადრე.

რას კარგავს პოლონეთი და რეგიონი

პოლონეთის პოზიციის ცვლილებას მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე არ უმოქმედია. ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის როლს თანდათან კარგავს. მაგალითად, 2025 წელს, პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებების არცერთი ახალი თავი არ გახსნილა. პოლონეთის პასიურობა კანდიდატ ქვეყნებზე სხვადასხვაგვარად აისახება, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს, საქართველოს კი, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების ფონზე, ევროკავშირში გავლენიანი მხარდამჭერი აღარ ჰყავს.

ხოლო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მხარდამჭერის როლმა ახლა ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისკენ გადაინაცვლა. თუმცა მათ ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის მსგავსი წონა არ აქვთ. შედეგად, ევროკავშირი აღმოსავლეთ საზღვარზე უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს კარგავს, თანაც მაშინ, როცა ვაშინგტონი რეგიონში ჩართულობას ამცირებს.

 შერიგების გზაზე?

არსებული ვითარების შესაცვლელად სამი მიმართულებით მოქმედებაა საჭირო. პირველ რიგში, ევროკავშირმა და პოლონეთის მთავრობამ უკრაინის გაწევრიანების პროცესი შიდა პოლიტიკური ზეწოლისგან უნდა დაიცვან. ამისთვის, უპირველესად, ერთი წევრი ქვეყნის მიერ პროცესის დაბლოკვის შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს. ევროკომისიამ 6 ოქტომბერს რეკომენდაცია გასცა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა კვალიფიციური უმრავლესობით გახდეს შესაძლებელი. ამასთან, უკრაინულ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში იმპორტზე დამცავი მექანიზმები უნდა ამოქმედდეს. ასეთი მიდგომა პოლონელ ფერმერებს დაიცავს და მთავრობას შიდა პოლიტიკური წნეხის გამო გაწევრიანების პროცესის დაბლოკვის საჭიროებას შეუმცირებს.

მეორე რიგში, პოლონეთმა საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა მხოლოდ ამერიკულ სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ უნდა ააგოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  ვაშინგტონი ევროპელებისგან უსაფრთხოებაში ინვესტიციას, მეტ დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში პოლონეთმა ევროპული თავდაცვის გაძლიერებაში მეტი წვლილი უნდა შეიტანოს და ევროკავშირის გაფართოება კვლავ რეგიონული უსაფრთხოების ინსტრუმენტად განიხილოს.

ხოლო მესამე ნაბიჯი უკრაინამ უნდა გადადგას: კიევმა პოლონეთთან თანამშრომლობა ისტორიულ საკითხებში, ვაჭრობასა და ტრანსპორტში, ასევე უკრაინელი ლტოლვილების პოლონეთში ინტეგრაციისა და სამშობლოში დაბრუნების საკითხებში უნდა გააღრმაოს.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე