მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველო!
ამ კვირაშიც ევროპაში ქუჩამ გადაწყვიტა ხმის ამოღება, ტრადიციულად, საფრანგეთში შფოთავდნენ ყველაზე მეტს. შაბათს ქვეყნის ათეულობით ქალაქში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა - პოლიციამ 550 000 დაითვალა, პროფკავშირებმა კი ეს რიცხვი ბარემ 800 000-მდე დაამრგვალეს. დემონსტრაციის ორგანიზატორები პროფესიული კავშირები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა იყვნენ, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს ლიცეუმის მოწაფეების მოთხოვნებს. ბევრგან ძირითადმა მანიფესტაციამ შედარებით მშვიდად ჩაიარა - თუმცა პოლიციასთან შეხლა-შემოხლები და ცრემლსადენი გაზის სროლა მაინც იყო. სამაგიეროდ, ძირითადი ღონისძიებების შემდეგ, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, სცენაზე შავებში ჩაცმული „მმტვრეველები“ და „შავი ბლოკები“ გამოჩნდნენ. შედეგებმაც არ დააყოვნა: ლიონში ტურისტულ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს, ლიმოჟში მერიის სახურავი ააბრიალეს და მეცხრამეტე საუკუნის შენობა იმსხვერპლეს. იყო ძარცვაც: ხუთ ქალაქში მაღაზიების კარებიც შეამტვრიეს.
ფრანგული პრესის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა გამოცდას ვერ გაუძლო. ბევრი დაზარალებული ქალაქის მერი პოლიციის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს. მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც შინაგან საქმეთა მინისტრ ნუნიესის გადადგომის მოთხოვნები დაგუდულად გაისმის. ბევრმა მიუთითა, რომ ამ ძალების ერთად გამოსვლა ვერ მოხდებოდა, ლიცეუმის სტუდენტების გამოსვლაზე პოლიციას გადაჭარბებული რეპრესიით რომ არ ეპასუხაო. ახლა, როცა ურემი გადაბრუნდა, უკვე ყველა პოლიტიკური ძალა ამბობს - მოწაფეების მოთხოვნა კანონიერია, მაგრამ მას მოძალადეები მიეტმასნენო. ასე იყო თუ ისე, 2000-მდე კაცია დაკავებული.
პრეზიდენტმა და პრემიერმა ძალადობა დაგმეს, ოღონდ მოთხოვნების მოსმენა-შესრულებას დაპირდნენ ხალხს. ოპოზიციამაც დაგმო ძალადობის აქტები, განსაკუთრებით ახლახანს სოციალ-დემოკრატიული ფლანგიდან წამოჩიტულმა რაფაელ გლუკსმანმა გამოიდო თავი „დღეს რესპუბლიკას თავს დაესხნენო“ და მთავრობას მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სამართლიან მოთხოვნებს და დასაჯონ დამნაშავეები.
საარჩევნო ციებ-ცხელების კონტექსტში, მთავრობა და მემარჯვენე ფლანგი „ულტრამემარცხენე დამნაშავეების“ პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობენ. გაიხარეს ევროპის დაისის და დიდი ჩანაცვლების თეორიის მომხრეებმა უცხოეთშიც - ჯეიდი ვენსიდან დაწყებული და, მოულოდნელად, პიტერ მადიარით დამთავრებული.
კვამლი და შეტაკებები ტირანაში
არანაგლები ქაოსი იყო ტირანას ქუჩებშიც, როგორც ჩანს,საფრანგეთში განათლების სისტემაზე განრისხებული სტუდენტების ტალღამ ალბანეთამდეც მიაღწია. მათაც გადაწყვიტეს არსებულ უსამართლობას დაპირისპირებოდნენ და განათლების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. თუმცა იქ თავმოყრილი ახალგაზრდობა მხოლოდ უნივერსიტეტების გაუსაძლის ყოფას, განათლების მძიმე საფასურსა და გაუსაძლის ყოველდღიურობას როდი აპროტესტებდა. ისინი პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომასაც ითხოვდნენ; ეს შეკრება უფრო „ფლამინგოს რევოლუციის“ გაგრძელებას ჰგავდა, რომელიც რამას მიერ დონალდ ტრამპის არიფანასთან დადებულ გარიგებებს უკავშირდებოდა, რომელსაც კორუფციულად თვლის მოქალაქეების ნაწილი. დედაქალაქის ქუჩები მალევე ბრძოლის ველად გადაიქცა. სტუდენტთა მშვიდობიანო ტალღა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
ჰაერში ერთმანეთს ენაცვლებოდა ნასროლი ქვების ზათქი და „მოლოტოვის კოქტეილების“ ალები, სამართალდამცავების მხრიდან კი ცრემლსადენი გაზის მახრჩობელა ნისლი და ყინულივით ცივი წყლის ჭავლი.
ხუთდღიანი ზათქის შედეგი: 167 დაკავებული მოქალაქე, 132 დაშავებული სამართალდამცველი და შვიდი პოლიციელი, რომელთაც „ზედმეტი მონდომების“ გამო დროებით მუშაობა აუკრძალეს. თავად პრემიერი რამა, რომელიც 2013 წლიდან, უკვე მეოთხე ვადითაა სავარძელში და ადგომას აშკარად ეზარება, ტრადიციული სიტყვებით გამოვიდა: პროტესტის უფლებას, რა თქმა უნდა, მთელი გულით ვუჭერ მხარს, მაგრამ ნიღბიანი ხალხი ბიზნესს რომ აფუჭებს, კრიმინალია და პასუხს აგებენო.
კარვები პორტოს მოედანზე
პორტოში საბინაო კრიზისი და საცხოვრებლის გაძვირება კარვების ჩადგმით გააპროტესტეს. ბოლოს და ბოლოს, სახლს თუ ვერ ვქირაობთ, აქ მაინც გავითენებთ ღამესო. მუნიციპალიტეტს ქალაქის შეცვლილი იერსახე არ ეჭაშნიკა და ორშაბათს ბანაკი აალაგა, თუმცა აქტივისტებმა სამშაბათსვე დაამტკიცეს, რომ კარვის აწყობაში ბადალი არ ჰყავთ.
ხუთშაბათს, გამთენიის სამ საათზე, მოედანს უკვე სპეცრაზმი მოადგა. აქტივისტები იფიცებიან, მშვიდობიანად ვიდექით, ხელჩაკიდებულები ვმღეროდით და ხელკეტებით გაგვისწორდნენო, რასაც 37 დაშავებული და რამდენიმე მოტეხილობა მოჰყვა. პოლიციამ კი განმარტა, რომ თურმე დემონსტრაციას ვადა 00:30-ზე გაუვიდა, ხალხი ხმაურობდა და ჩვენი მხრიდან “ზომების მიღება” იდეალურად პროპორციული იყოო.
პოლიტიკოსებმაც უმალ გაინაწილეს როლები: პრემიერმა მონტენეგრუმ ბრიუსელიდან შეშფოთებით დაიბარა, ქვეყანაში არასტაბილურობა არ შემოიტანოთო, შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპერაციას ლეგიტიმური უწოდა, ულტრამემარჯვენე „შეგამ“ კი კმაყოფილებით დასძინა, კარვების ქვეყნად ნუ ვიქცევითო.
მოძრაობა დანებებას არ აპირებს, გამოძიებას ითხოვს და იმუქრება, რომ აუცილებლად დაბრუნდება. მოთხოვნები კი შემდეგნაირია: ქირის გაყინვა, გამოსახლებების შეჩერება და ფონდების ალაგმვა.
ისე კი, სანამ პორტუგალიელები კარვების გაშლას ისწავლიდნენ, ცოტა ხნით ადრე მეზობელ ესპანეთში, მადრიდსა და ბარსელონაში, ათიათასობით გაბრაზებული მოქალაქე უკვე ქუჩაში იდგა და ტურისტულ ბუმსა და ქირის ფასებს აპროტესტებდა.
გერმანია: ბასის უცაბედი წასვლა
12 ოქტომბერს ბერბელ ბასმა მოულოდნელად შრომის მინისტრობა და SPD-ის თანათავმჯდომარეობა მიაგდო და პოსტი დაუყოვნებლივ დატოვა. ოფიციალურ მიზეზად მეუღლის ქალიშვილის გარდაცვალება დასახელდა, თუმცა დამთხვევების მოყვარულთათვის რთული შესამჩნევი არ დარჩენილა ბოლო კვირების ფონი: საპენსიო რეფორმის უსასრულო გაჭიანურების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ, განსაკუთრებით CDU/CSU-ს მეგობრული ბანაკიდან.
ვიცე-კანცლერმა ლარს კლინგბაილმა კოლეგებს შეახსენა, რომ გლოვის დროს ასეთი თავდასხმები „არ იყო საკადრებელი“ და პოლიტიკურ ელიტას ჭეშმარიტებაც გაუმხილა: „თანამდებობების იქით ყველანი უბრალოდ ადამიანები ვართაო“. ბასის სავარძელს კი რაინლანდ-პფალცის ყოფილი შეფი, ალექსანდერ შვაიცერი ჩაიბარებს - ცნობილი „პრაგმატიკოსი“, რომელსაც გულზე დიდად არ ეხატება იდეა, რომ ხალხმა 45-წლიანი მუშაობის შემდეგ სრული პენსია მიიღოს. ამასობაში, თავად SPD წლის ბოლოს მთელი თავისი ხელმძღვანელობის გადახალისებას გეგმავს.
ერთი მინისტრის წასვლა გერმანიის მთავრობას ქვეყანას ვერ დააქცევს, თუმცა კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ კოალიცია ჭიანი კბილივით ყანყალებს. განსაკუთრებით სახიფათო ამბავია მაშინ, როცა თავს ასასივით AfD დასდგომია, თავისი ჯიუტად მაღალი რეიტინგებით.
ერთი ბიუჯეტი, მრავალი წითელი ხაზი
15-16 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტმა ზუსტად ისეთ ატმოსფეროში ჩაიარა, რომელსაც ბოლო თვეებში მივეჩვიეთ: ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ პროცესი გრძელდება.
ენერგეტიკის ფრონტზე ვიშეგრადის ოთხეულმა გადაწყვიტა, ევროკომისიისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მიწიერი რეალობა. მავნე გამონაბოლქვით ვაჭრობის ახალი, ამბიციური სისტემის (ETS2) ამოქმედება 2030 წლამდე მაინც გადადეთ, თორემ გაძვირებული გადასახადებით გაბრაზებული მოქალაქეები და მცირე ბიზნესი ამ მწვანე ოცნებებს თავზე დაგვამხობენო.
იქით ვაშინგტონმა გაახარა ევროპელი პარტნიორები: რუსულ დიზელზე სანქციები დროებით შეარბილა, ევროპულმა საბჭომაც ოფიციალურ დოკუმენტებში ღრმა და დიპლომატიური „სინანული“ ჩააგვრისტა. რობერტა მეცოლა იძულებული გახდა, დარბაზისთვის შეეხსენებინა, უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირსა და აშშ-ს ერთმანეთი ჯერ კიდევ სჭირდებათო.
და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მომავლისათვის ფუნდამენტური თემა - ფული. მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის განხილვისას მეცოლამ ლიდერები გააფრთხილა, მოლაპარაკებებში ევროპარლამენტის თანხმობა გარანტირებულად არ მიიჩნიოთო. წევრი ქვეყნები კი, ძველი ტრადიციისამებრ, ვერც ხარჯვის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ და ვერც იმაზე, საერთოდ რამდენის დახარჯვა უღირთ.
შედეგი? რაკი ვერაფერზე შეთანხმდნენ, გადაწყვიტეს, 26 ნოემბერს კიდევ ერთი, „სპეციალური“ სამიტი ჩანიშნონ.
მთავრობა, რომელსაც ჯერ ფიცი არ დაუდია
რუმინეთზე გასულ კვირას გიყვებოდით, რომ ქვეყანა ლამისდა მთავრობის გარეშე დარჩა... ახლა თითქოსდა ეშველათ, ლუკა ნიკულესკუს კაბინეტი თითქმის შეკოწიწდა, თუმცა ფიცის დადებამდეც კი სერიოზულ გამოცდას გადის: PSD-ს მინისტრთა 11 პორტფელი ერგო, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ რადუ ოპრეას კი ბრალი ფულის გათეთრებაში დასდეს.
ამასობაში საზღვარზე დრონები დათარეშობენ: ქალაქ სულინასთან მათი მორიგი „სტუმრობის“ შემდეგ ქიმიკატებით სავსე ტანკერ Wine Trader-ს ცეცხლი გაუჩნდა და რვა მეზღვაური გაუჩინარდა. რუმინულმა F-16-ებმა ორი დრონი კი ჩამოაგდეს.
მაგრამ ამით არ დამთავებულია მარცხიანი კვირა: ბუქარესტის საფონდო ბირჟის დეპოზიტარს ჰაკერები ისე მოხერხებულად შეესივნენ, პერსონალურ მონაცემებსაც გამოჰკრეს ხელი.
მოკლედ უძღები შვილის დაბრუნებაზე
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნებას მიესალმებოდა. ლონდონში, ახალი პრემიერის, ენდი ბერნემის გარემოცვაში, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ხელახალ გაწევრიანებასაც. ნოემბერში ევროკავშირ-ბრიტანეთის სამიტიც იგეგმება; ყველაზე რეალისტურ სცენარად კი ე.წ. „შვეიცარია პლუსის“ მოდელი მიიჩნევა, რაც ერთიან ბაზარზე ფართო წვდომას სრული გაწევრიანების გარეშე გულისხმობს.
ბოლო სიტყვა
ასეთი იყო ეს კვირა, უქმეებზე წასაკითხად კი „მამაკაცურობის კრიზისზე“ სტატიას ვუწვეთ რეკომენდაციას. ბოლო დროს ეს თემა იმდენად განხილვადი გახდა, რომ თითქმის ყველას მოგვხვედრია ყურში. დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის მკვლევარი და ნაშრომის ავტორი, ანა იარა პოსტიგო ფუენტესი კი კითხულობს: რომელ მამაკაცურობაზეა საუბარი და ვის ემსახურება ეს ნარატივი?

