ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )
კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო!
ამ კვირას კაია კალასმა მოსკოვს ომის დაწყებიდან ყველაზე შორსმიმავალი სანქციები აღუთქვა; ბრიუსელმა ჰააგის სასამართლო ვაშინგტონის თავდასხმებისგან დაიცვა; ხოლო ექვსი ევროპული დედაქალაქი ნავთობის გიგანტებს ომის ფონზე მიღებული ზემოგების დაბეგვრით დაემუქრა. ამ და სხვა საინტერესო ამბებს მოგითხრობთ ევროპის მოამბე.
თუმცა, მოდით, იქიდან დავიწყოთ, საიდანაც ევროპის შემოდგომა დაიგეგმა.
კალასი შემოდგომას სანქციებით დახვდება
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა გერმანულ Die Welt-ს უთხრა, რომ შემოდგომაზე ომის დაწყებიდან ყველაზე შორსმიმავალ სანქციების ნუსხას წარვადგენ, რომელიც სანქცირებულ რუსულ პირთა და კომპანიათა რიცხვს ერთბაშად მესამედით გაზრდისო. დღეს ამ სიაში 3 000-მდე სახელია, ევროკავშირში გაყინული კერძო აქტივების საერთო ოდენობა კი 28 მილიარდ ევროს აჭარბებს. კალასის თქმით, სანქციებს რუსეთის ომის მანქანისთვის უკვე ტრილიონ ევროზე მეტი აქვს ამოცლილი სისხლიანი ნისკარტიდან. ახალი სანქციების ვადებზე კალასს არაფერი უთქვამს, მხოლოდ აღნიშნა, რომ მოსკოვზე წნეხი მანამ უნდა იზრდებოდეს, სანამ კრემლი ომს არ დაასრულებს.
სანქციების გასამკაცრებლად მიზეზების ძიება რთული არაა: ივლისი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით სისხლიანი გამოდგა, რადგანაც საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის ფონზე პუტინმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტების წვიმა დაუშინა. შავ ზღვაში რუსეთი მარცვლეულით დატვირთულ ხომალდებს ესხმოდა თავს უკრაინის ეკონომიკასაც აჩანაგებდა და მსოფლიოში საკვების დეფიციტსაც ქმნიდა.