ტექსტზე გადასვლა

ევროპის კვირა (14-20 სექტემბერი)

ევროპის კვირა (14-20 სექტემბერი)

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო!

ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ ვახსენეთ ურსულა ფონ დერ ლაიენის წლევანდელი მიმართვა და აი, ამ კვირაში მისი წარმოთქმის დროც დადგა. ევროკომისიის თავმჯდომარე ტრიბუნაზე ავიდა თუ არა, მყისიერ გამოაცოცხლა საზოგადოება.

საკმარისი გახლდათ ეს ერთი ფრაზა დასცდენოდა: „მსურს, თქვენთან ერთად ვიღვაწო იმ კარის გასაღებად, რომლითაც კანადა ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრი“ გახდება“. რა წამს ითქვა, გამოცემების სათაურებიც აჭრელდა, ზოგი კი წერდა, კანადა ევროკავშირს უერთდებაო. ეს ინტერპრეტაცია, ცხადია, რეალობისგან შორსაა. ფონ დერ ლაიენს კანადისთვის სრულუფლებიანი წევრობა არ შეუთავაზებია; მხოლოდ „კარის გაღებაზე“ ისაუბრა, რაც ბრიუსელს არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს; „მსურს ვიღვაწოთ“ კი მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევაა და არა უკვე მიღწეული შეთანხმების ზეიმი. დავუმატოთ ისიც, რომ ევროპული ხელშეკრულებები მსგავს სტატუსს საერთოდ არ იცნობს: 49-ე მუხლი გაწევრიანების უფლებას მხოლოდ „ევროპულ სახელმწიფოებს“ უტოვებს, 217-ე მუხლი კი მხოლოდ წევრობის გარეშე ასოცირებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, ფონ დერ ლაიენის ეს ფორმულირება ორ მუხლს შორის მოქცეული, მიზანმიმართულად ბუნდოვანი ფორმულაა, რომელიც პოლიტიკურ ნებას სახელს არქმევს, თუმცა დეტალებს არ აზუსტებს.

თუმცა, ლაიენის გამოსვლა მხოლოდ კანადა-ევროკავშირის ურთიერთობამდე არ ჩავიწროვებულა, ბევრი სხვა რამ ითქვა: ევროპის უსაფრთხოებიდან დაწყებული, ბავშვთა ციფრული აგრესორებისგან დაცვით დამთავრებული.

წინა კვირას შვედეთის არჩევნებზეც გიყვებოდით, ამ კვირაში ბევრი რამ გაცხადდა, ამასობაში ხელისუფლებაც შეიცვალა, ულფ კრისტერსონმა კი მარცხი აღიარა.

მოდი, სწორედ აქედან დავიწყოთ.

შვედეთი ხელისუფლებას იცვლის

კვირის საარჩევნო ციებ-ცხელება დასრულდა: პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა, ბიულეტენების საბოლოო დათვლისთანავე, დატოვა თანამდებობა. გამარჯვება მაგდალენა ანდერსონისა და მისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით მოქმედმა ოთხპარტიულმა მემარცხენე-ცენტრისტულმა ალიანსმა იზეიმა; მემარცხენე ბლოკმა ოპონენტს 50 ათასი ხმით გაუსწრო და სასწორის პინა თავის სასარგებლოდ გადახარა.

მმართველი გუნდის მარცხს საზოგადოებაში ულტრამემარჯვენე „შვედი დემოკრატების“ მიმართ გაღვივებულ უკმაყოფილებას მიაწერენ. როგორც ადრეც გიამბობდით, ამ პარტიის წარმომადგენლის კრემლთან კავშირების სკანდალმა წინასაარჩევნო ბოლო კვირა მთლიანად მოიცვა. დაარსებიდან თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „შვედი დემოკრატების“ რეიტინგმა იკლო. ანდერსონი ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად ემზადება, თუმცა მყარი კოალიციის ჩამოყალიბებას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

მერცის რთულო კვირა

ქრისტიან-დემოკრატების პოლიტიკური შედეგების სისუსტემ წყალი შეუყენა გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს. მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა გააუქმა და ამ კვირა დღეს ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის ადგილობრივ არჩევნებს დაუდარაჯდა. ბერლინში მერცის პარტია რადიკალურ მემარცხენე Die Linke-ს ჩამორჩება და ალბათ მეორე ადგილზე გავა, ოღონდ ხმების 8%-მდე დაკარგავს. მას შემდეგ, რაც საქსონია-ანჰალთში მემარჯვენე რადიკალებმა იგდეს ხელში ძალაუფლება, ქრისტიან-დემოკრატებმა შეიძლება ახალი სირცხვილი ჭამონ მეკლენბურგ-ქვემო პომერანიაში. აქ პირველობისთვის ბრძოლა სოციალ-დემოკრატებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის იქნება, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა შეიძლება საარჩევნო ზღურბლი ვერც გადალახონ. 

თუ ასე მოხდა, ბევრი იტყვის მერცი უგერგილო თავკაცი აღმოჩნდაო. არადა როგორი ამბავი იქნება, ექვსი წლით არჩეულმა კანცლერმა, წელიწადნახევარიც ვერ გასტანოს პოსტზე? ეს მხოლოდ გერმანიის პრობლემა როდი იქნება, ევროპაშიც დიდ რეზონანსს გამოიწვევს, მით უფრო, რომ მომავალ წელს ემანუელ მაკრონი დატოვებს პოსტს და საფრანგეთის ლიდერის ვინაობაც გაურკვეველია.

ცვლილებები კი მინდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ხომ არ შეეხება?

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, Le Monde-ის დაკვეთით ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ (13 000 გამოკითხული) ამომრჩევლის უცნაური პარადოქსი გამოავლინა: 67% არჩევნებზე წასვლას გადაჭრით აპირებს, 71%-ს სურს, ამ არჩევნებმა გარდამტეხი ცვლილებები მოიტანოს, თუმცა საერთო განწყობა უკიდურესად ნეგატიურია: ნახევარზე მეტი შფოთავს, მესამედი გაბრაზებულია, მომავლის იმედი კი მხოლოდ 17%-ს შერჩა.

ხალხი გამოსავალს რადიკალურ პოლუსებზე ეძებს: მარინ ლე პენი ყველა სცენარით პირველ ადგილზეა (33–35%), მის მთავარ მეტოქედ კი ჟან-ლუკ მელანშონი რჩება. ამავდროულად, საზოგადოებას თავადვე აფრთხობს საკუთარი რადიკალიზმი: ვალის შემცირება სურთ ისე, რომ არც გადასახადები გაიზარდოს და საპენსიო ასაკიც შემცირდეს. ხოლო მაგიდის აყირავება ჭურჭლის დაუმსხვრევლად… აი, ასეთი რთული ამოცანის წინაშე დგას დღეს საფრანგეთი.

რუსეთი საზღვრებს (და ევროპელების ნერვებს) ეთამაშება

პარიზში უსაფრთხოების საგანგებო თათბირის დასრულებისთანავე, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის ობიექტების დასაცავად გადაუდებელი ზომები ამოქმედდებაო.

„ბოლო პერიოდში საფრანგეთისა და მთელი ევროპის წინაშე არსებული საფრთხეები, უპირველესად კი რუსული ჰიბრიდული აგრესია, კიდევ უფრო გამწვავდა“

ელისეს სასახლის გადაწყვეტილებით იქმნება საგანგებო „ფარი“, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებს დრონებისა და კიბერშეტევებისგან დაიცავს. ამავდროულად, შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონულ პრეფექტებს სიფხიზლისკენ მოუწოდა.

„ეს (ჩრდილოვანი თავდასხმები) უპასუხოდ არ დარჩება, ის, რაც დღეს უკრაინაში სასწორზე დევს, ჩვენივე უსაფრთხოებაა“.

პოლონეთშიც მსგავსი განწყობაა: პრემიერმა დონალდ ტუსკმა სამხედრო და უსაფრთხოების შეფები შეკრიბა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავების გეგმებზე სამუშაოდ:

„პუტინი რაღაცას ამზადებს, ჩვენი საქმეა, მზად ვიყოთ“.

საბაბი საზღვრიდან სულ ოთხ კილომეტრში, ვოლინის ოლქში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ტრანსპორტზე რუსეთის ზედიზედ თავდასხმები გახდა. აქტიურდება საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვა და სწრაფი რეაგირების დანაყოფები; თავდაცვის მინისტრმა კი გააფრთხილა, ამ ზამთარს უკრაინის ენერგეტიკაზე რუსეთის კიდევ უფრო გამწვავებული დარტყმები გველისო.

ჩრდილოეთშიც საინტერესო ამბავი მოხდა: დანიელებმა ვერტმფრენიდან საერთაშორისო წყლებში მცურავი რუსული ფრეგატის გეგმური ფოტოგადაღება სცადეს, საპასუხოდ რუსებმა გემიდან ორი სასიგნალო რაკეტა ესროლეს. დანიამ ამაზე რუსეთის ელჩი დაიბარა; მოსკოვმა კი, ჩვეულებისამებრ, გამოძიებას დაჰპირდა, თან წინასწარვე დამნაშავედ დანიური ვერტმფრენი დაასახელა, რომელიც „მეტისმეტად პროვოკაციულად დაფრინავდაო“.

იმავე დღეებში ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ასაფეთქებლით აღჭურვილმა რუსულმა დრონმა ნახევარსაათიანი „ექსკურსია“ მოაწყო, სანამ ნატოს იტალიურმა გამანადგურებელმა საბოლოოდ არ ჩამოაგდო. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი შეგვახსენა, ნატოს ამ რეგიონში ჯერ კიდევ ბევრი „საშინაო დავალება“ აქვს შესასრულებელიო.

ბალკანური უკმაყოფილება

ჰააგაში კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ერთ დროს ბელგრადისგან გათავისუფლების მებრძოლთა წინამძღოლს ჰაშიმ ტაჩის, ომის დანაშაულებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მის სინდისზეა 96 მკვლელობა, 385 უკანონო დაკავება, 303 წამება და 50-მდე მსხვერპლის მიმართ სასტიკი მოპყრობა. მოსამართლეებმა ტაჩი და სხვა ყოფილი მეთაურები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ორგანიზებულ ერთობლივ კრიმინალურ საქმიანობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნაწილი მტკიცებულებების ნაკლებობის გამო მოეხსნა. ტაჩიმ ბრალდებები უარყო, განაჩენს კი მდუმარებით შეხვდა. ისე, კი გასაჩივრების უფლება აქვს... მრავალი კოსოვოელი ალბანელისთვის ტაჩი კვლავაც ეროვნული სიმბოლოა, თავად ჰააგის ტრიბუნალს კი საზოგადოება უნდობლობით შესცქერის. ამიტომაც ვერდიქტის გამოტანისთანავე განრისხებულნი პრიშტინაში გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის (EULEX) სათავო ოფისს ქვები დაუშინეს...

მეორე მხრივ, თითქმის ორწლიანი უწყვეტი ქუჩის პროტესტის შემდეგ სერბმა სტუდენტებმა არჩევნებს მიაღწიეს და 25 ოქტომბრის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი საარჩევნო სიაც წარადგინეს: ექიმებით, ფილოსოფოსებით, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელითა და ვეტერანი კალათბურთელებით სავსე, პოლიტიკური სპექტრის ბოლომდე შესაჯანჯღარებლად. ვუჩიჩმა კი კვლავ ძველ ხერხს მიჰყო ხელი: რაკი კონსტიტუცია მესამე საპრეზიდენტო ვადას უკრძალავს, ის 27 სექტემბერს პრეზიდენტობიდან გადადგება, მმართველ პარტიას სათავეში ჩაუდგება და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის სავარძელს მოაჯდება. ოპონენტებს უკვე „უპროგრამო, უსახელო და უგეგმო“ ხალხი უწოდა, სტუდენტებს კი, ჩვეულებისამებრ, „უცხოეთიდან მართული სახელმწიფოს მტრებად“ ნათლავს.

სამაგიეროდ, ვუჩიჩმა ფორმალურად უკვე გადამდგარი პრეზიდენტის სტატუსი გამოიყენა და ასე ჩააკითხა კიივს, სადაც უკრაინის ლიდერმა „კარპატების რვიანის“ პოლიტიკური გაერთიანების დაარსება გამოაცხადა.

ფერმერთა რისხვა ბუქარესტში

სამშაბათს რუმინეთის სხვადასხვა კუთხიდან დედაქალაქისკენ ათასობით მეცხვარე დაიძრა. მათი გულისწყრომის მიზეზი ცოცხალი საქონლის გატანაზე დაწესებული აკრძალვის წლის ბოლომდე გახანგრძლივება გახდა. ზომა ევროკომისიამ წვრილფეხა პირუტყვის ჭირის გავრცელების შემდეგ დააწესა, თავად რუმინეთის ხელისუფლების უღონო მცდელობების გამო. მათ გვერდით მემცენარე ფერმერებიც დადგნენ, გვალვის კომპენსაციის შემცირებით აღშფოთებულები; დაზარალებულ ჰექტარზე 100 ევრო შეჰპირდნენ, საბოლოოდ კი მხოლოდ 19 გაიღეს. პროტესტი მალევე მძვინვარე შეტაკებად იქცა: ბრბომ უსაფრთხოების რკალები გაარღვია და სამართალდამცველებს საგნები დაუშინა, სპეცრაზმმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა პროტესტის მონაწილეთა „მიუღებელი“ ძალადობა დაგმო.

დაბოლოს…

ქალი საჭესთან

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად, ფრეგატის მეთაურობა ქალმა ჩაიბარა. 15 სექტემბერს, ვილჰელმსჰაფენის პორტში, მე-4 ესკადრილიის მეთაურმა ხომალდ „რაინლანდ-პფალცის“ მართვა ოფიციალურად გადააბარა მეორე რანგის კაპიტან უტე ნიკლასს. „ვიმედოვნებ, გოგონები დაინახავენ, რომ ქალს სავსებით შეუძლია ეკავოს წამყვანი პოზიცია იქ, სადაც ტრადიციულად კაცები ჭარბობენ“, - აღნიშნა კაპიტანმა. 2001 წლამდე ბუნდერვერში ქალებისათვის ყველა სამხედრო თანამდებობა ხელმისაწვდომი არ იყო; დღეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში 25 475 ქალი მსახურობს, რაც საერთო რაოდენობის 14%-ზე ნაკლებია.

ესეც ასე, მომავალ კვირას გერმანიის არჩევნების განხილვით დავიწყებთ, ვნახოთ მერცის სავარძელი როგორ გაუძლებს...

საკვირაო საკითხავად ორუელის 1947 წლის წერილს შემოგთავაზებთ:

ჯორჯ ორუელი: ერთიანი ევროპისაკენ
ეს წერილი 1947 წელს დაიწერა დღეს, იყო სოციალისტი ეს იგივეა, რაც იყო ექიმი, რომელიც უიმედო პაციენტს მკურნალობს. როგორც ექიმი, ვალდებული ხარ, პაციენტი აცოცხლო და შესაბამისად გჯეროდეს, რომ მას გამოჯანსაღების შანსი აქვს. როგორც მეცნიერი, ვალდებული ხარ, ფაქტებს თვალებში ჩახედო და შესაბამისად აღიარო, რომ პაციენტი ალბათ მოკვდება. ჩვენი, როგორც სოციალისტების საქმიანობას აზრი

ხოლო იმათ, ვინც ფასიანი ხელმომწერია, შეუძლიათ საფრანგეთის საპრეზიდენტო ბრძოლის მემარჯვენე-ცენტრისტი კანდიდატის, გაბრიელ ატალის საპროგრამო სტატია სრულად წაიკითხონ, რომელშიც ისიც ერთიანი ევროპის აუცილებლობაზე საუბრობს. გარწმუნებთ, შედარება ფრიად საინტერესოა.

ატალი: ევროპის შეერთებული შტატების დრო დადგა
ევროპის ამბები გასაგებ ენაზე

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე