ტექსტზე გადასვლა

ევროპის კვირა (9-15 ნოემბერი)

ევროპის კვირა (9-15 ნოემბერი)

გამარჯობათ! გასული კვირა ევროპაში ორი სიმბოლური თარიღის გარშემო ტრიალებდა. 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედელი დაეცა, რითაც ამ თარიღის ერთგვარი რეაბილიტაცია მოხდა - მანამდე 1938 წლის 9 ნოემბერი უფრო იყო ისტორიული ნიშანსვეტი, ნაცისტების ავბედითი ბროლის ღამის თარიღის აღსანიშნავი, როცა გერმანელი ებრაელების მაღაზიები და საცხოვრისი ყავისფერპერანგიანმა გორსალებმა შემუსრეს. მეორე თარიღი კი 11 ნოემბერია - პირველი მსოფლიო ომის ცეცხლის შეწყვეტის დღე ევროპაში, ტკბილმწარე თარიღი, რომელმაც გააცრუა თანამედროვეების იმედი, რომ ეს ბოლო დიდი ომი იქნებოდა ევროპაში.

ომი ევროპაში დღესაც მძვინვარებს და ევროკავშირის კარსაც უკაკუნებს. ამიტომაც კვირის მთავარ მოვლენად აბუ-დაბიში გამართული სამშვიდო მოლაპარაკებების მცდელობა იქცა რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელსაც ამერიკელი ემისრები შუამავლობდნენ. ევროკავშირის დიდმა ქვეყნებმა მოახერხეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დაბევება, მაგრამ როგორც რუსებმა, ისე ამერიკელებმა უშედეგო საუბრების შემდეგ მათაც დაუცაცხანეს, გაარკვიეთ, ვინ წარმოადგენს თქვენს ერთობასო.

ამ საკითხზე ევროპაში თანხმობა კვლავაც არაა, ზოგი ამბობს, არცაა საჭირო, მშვენივრადაა წარმოდგენილი ახლაცო. გათვიცნობიერებული ხალხის ნაწილი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ დღეისათვის ევროპა უკრაინის დაცვაში აშშ-ზე უფრო მნიშვნელოვან ფინანსურ და სამხედრო როლს თამაშობს და ამიტომაც მათი მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა სრულიად ბუნებრივიაო. ირიბად ადასტურებს ამას ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც თავისი შხამიანი ისრების მთავარ სამიზნედ სწორედ ევროპა აირჩია - რუსული დელეგაცია ითხოვს, აშშ-სთან მორიგება ევროპაში პოლიტიკური და უსაფრთხოების წესრიგზე მოხდეს, თანაც შერეკილ მოთხოვნებს ახვავებს მაგიდაზე - ფინეთი ნატოდან გამოვიდეს, პოლონეთიდან ნატოს ჯარები გავიდესო და მისთანანი.

"გრომიკოს ფორმულა" - სსრკ-ს უკვდავი საგარეო მინისტრის სახელით - ევროპელებისთვის კარგადაა ნაცნობი: იბაქიბუქე, მუქარები გაამრავლე, მერე ის მოითხოვე რაც არ გეკუთვნის, ვინმე სულელი მაინც დაგითმობსო, ამბობდა გაქნილი დიპლომატი. ამერიკელ ბიზნესმენ მოლაპარაკებებს ეს ამბავი ან არასოდეს გაუგიათ, ან სულაც არ აინტერესებთ.

ამასობაში ევროპა დუღს და გადმოდუღს, ძირითადად ეკონომიკური მიზეზებით. ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა ჩატარდა ბინების ფასების რეგულირების მოთხოვნით. საფრანგეთში უკვე მერამდენე შაბათია, მასობრივი გამოსვლები იმართება ცხოვრების ფასის ზრდის საწინააღმდეგოდ და ისე, რომ მთავრობა დიდად ვერც ვერაფერს სთავაზობს მოპროტესტეებს. ამასობაში კი არჩევნები ორივეგან კარზეა მომდგარი.

საფრანგეთში მარინე ლე პენი კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს, მესამედზე მეტი გამოკითხულის მხარდაჭერით, მეორე ადგილი კი უკვე მკვიდრად დაიბევა არანაკლე ტვინგაცხელებულმა ჟან ლუკ მელანშონმა. ცენტრისტული ფლანგი ამასობაში აჭრილ-არეულია. გაცხოველდა საუბრები ცენტრისტული პრაიმარის ჩატარების შესახებ, ამასობაში კი საჭიდაო მოედანზე განთქმული ჯუდოკა, ტედი რინერი გამოჩნდა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხარდამჭერი სიტყვებიც დაიმსახურა.

მოკლე ამბები:

  • იტალიაში სკოლების 80%-მა ბომბის შესახებ შეტყობინებები მიიღო ვინმე "მიხეილ ანდროპოვის" ხელმოწერით. ჯერჯერობით არაფერი აფეთქებულა და პრემიერმა მელონიმ ერს უთხრა, რამდენი ასეთი წერილი მოვა, სასწავლო პროცესს ვერ შევწყვეტთო.
  • სერბეთში მთავრობის ფორმირებაზე საუბრობენ, მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებულმა სტუდენტურმა სიამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ალექსანდარ ვუჩიჩის პარტიაზე. პროკურატურამ ისე შეიცხადა და ამოჩხრიკა მთავრობის კორუფციისა და პოლიციის მეპროტესტეებზე ძალადობის საქმეები, თითქოს რამდენიმე დღის წინ თვითონ არ აფარებდა ხელს. მოკლედ, ურემი კი გადაბრუნებულია, მაგრამ გზა რამდენად გამოჩნდება, ჯერაც უცნობი.
  • პოლონეთში გრძელდება დაძაბულობა მთავრობასა და პრეზიდენტს, ანუ პრო-ევროპულ და ნაციონალისტურ დაჯგუფებებს შორის. ეს უკანასკნელნი უკრაინის დახმარების შემცირება-შეწყვეტას ითხოვენ და ამ საკითხზე ეს სტატიაც გაგიხაზირეთ.
  • ესტონეთმა რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა მას შემდეგ, რაც იქაურმა გამომძიებლებმა ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაზე რუსული სამხედრო დაზვერვის თავდასხმის გეგმა გამოააშკარავეს.

ასეთი იყო კვირის ამბები, გამოიწერეთ ჩვენი ცნობის ფურცელი და მიჰყევით ევროპულ ამბებს.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე