ეს წერილი 1948 წელს დაიწერა...
სახელმწიფოს მიერ კონტროლის საუკუნეში მწერლის მდგომარეობის შესახებ უკვე ბევრი რამ დაიწერა, თუმცა ბევრი ფაქტი, რაც ამ საკითხის განსახილველად შეიძლება ღირებული იყოს, ჯერაც არ ვიცით. ამ წერილში არ მინდა მოსაზრება გამოვთქვა სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნების პატრონაჟის სასარგებლოდ ანდა მის საწინააღმდეგოდ. მსურს მხოლოდ ის აღვნიშნო, რომ ის, თუ როგორი სახელმწიფო გვმართავს, ნაწილობრივ დამოკიდებულია გაბატონებურ ინტელექტუალურ კლიმატზე, კერძოდ კი, არსებულ კონტექსტში თავად მწერლებისა და ხელოვანი ხალხის დამოკიდებულებაზე და მათ ნებაზე, აცოცხლონ ლიბერალური სულისკვეთება. თუკი ათი წლის შემდეგ ვიღაც ჟდანოვისებურის წინაშე მოგვიწია მუხლის მოდრეკამ, ეს ალბათ იმიტომ მოხდება, რომ თავადვე დავიმსახურეთ. აშკარაა, რომ ინგლისის ლიტერატურულ ინტელიგენციაში დღეს ძლიერია ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილება. მაგრამ ამ წერილში არ ვეხები ორგანიზებულ, გაცნობიერებულად ტოტალიტარული მოძრაობებს, როგორც, მაგალითად კომუნიზმია. მხოლოდ იმაზე მსურს საუბარი, თუ რა გავლენას ახდენს კეთილი ნების ადამიანებზე პოლიტიკური აზროვნება და პოლიტიკურ ბრძოლაში მხარეების არჩევის მოთხოვნილება.
ანდრეი ალექსანდრეს ძე ჟდანოვი (1896-1948)
საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე, სტალინის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდას უდგა სათავეში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მან 1946 წელს ჩამოაყალიბა დასავლეთში „ჟდანოვის დოქტრინად“, ხოლო სსრკ-ში „ჟდანოვშჩინად“ცნობილი პოლიტიკა კულტურის სფეროში. მისი არსი იყო, რომ საბჭოთა ხელოვნებს, მწერლებსა და ინტელიგენციას პარტიული ხაზი უნდა გაეტარებინათ და პარტიული მიზნების მსახური ყოფილიყვნენ. მის სახელს უკავშირდება ვანო მურადელის, ანა ახმატოვას, სერგეი პროკოფიევის და სხვათა დევნა. ბრძოლა მიმართული იყო ე.წ. „ფორმალიზმის“ (ხელოვნება ხელოვნებისათვის) და „კოსმოპოლიტიზმის“ (კულტურის გლობალური გაგების) წინააღმდეგ.
ჩვენ პოლიტიკის ეპოქაში ვცხოვრობთ. ომი, ფაშიზმი, საკონცენტრაციო ბანაკები, რეზინის ხელკეტები, ატომური ბომბები და მისთანანი ისაა, რაზეც ჩვენ ვწერთ, მაშინაც კი, როცა პირდაპირ მათ არ ვასახელებთ. ამას ვერაფერს ვუშველით. როცა ფსკერისკენ მიმავალ გემზე ხარ, ბუნებრივად ფსკერისკენ მიმავალ გემებზე ფიქრობ. საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ ჩვენი თემატური ველი დავიწროვდა, არამედ ისიც, რომ ჩვენი ლიტერატურა შეფერილია რაღაცისადმი ერთგულებით, იმისადმი რაც, როგორც დროდადრო ვაცნობიერებთ კიდეც, ლიტერატურასთან კავშირში არაა. ხშირად მაქვს განცდა, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ლიტერატურულ კრიტიკას შარლატანობის ელფერი დაჰკრავს, რადგანაც არ არსებობს არანაირი საერთო სტანდარტი, არანაირი გარეშე საზომი, რომელიც მნიშვნელობას მიანიჭებდა მტკიცებას, რომ ესა თუ ის წიგნი „კარგია“ ან „ცუდი“. ლიტერატურის კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა იშველიებს ამა თუ იმ წესს მხოლოდ იმისთვის, რომ ნაშრომის ინსტინქტური მოწონება ან დაწუნება გაამართლოს. ადამიანის ჩვეულებრივი რეაქცია წიგნის წაკითხვის შემდეგ - თუკი მას რაიმე რეაქცია აქვს - არის „ეს წიგნი მომეწონა“ ან „ეს წიგნი არ მომეწონა“, ყველაფერი რაც დამატებით ითქმება, უბრალოდ საკუთარი დამოკიდებულების გამართლების მცდელობაა. მე არ ვთვლი, რომ ფრაზა „ეს წიგნი მომწონს“ რამენაირად არალიტერატურული რეაქციაა; მე ვფიქრობ, რომ არალიტერატურული რეაქციაა „ეს წიგნი ჩემს მხარესაა, ჩემიანის დაწერილია და ამიტომ ნებისმიერ ფასად მისი ღირსებები უნდა ვიპოვო“.
არალიტერატურული რეაქციაა „ეს წიგნი ჩემს მხარესაა, ჩემიანის დაწერილია და ამიტომ ნებისმიერ ფასად მისი ღირსებები უნდა ვიპოვო“.
რა თქმა უნდა, შეიძლება წიგნს პოლიტიკური მიზეზებით აქებდე და გულწრფელი იყო, იმ გაგებით, რომ მართლაც გულით ეთანხმებოდე მის სულისკვეთებას, მაგრამ ისეც ხშირად ხდება, რომ პარტიული სოლიდარობა ღიად მოითხოვს ტყუილის თქმას. ყველამ, ვისაც გაზეთისთვის წიგნის მიმოხილვა ოდესმე დაუწერია, ეს კარგად იცის. როგორც წესი, თუკი იმ გაზეთისთვის წერ, რომელიც პოლიტიკურად შენს მხარესაა, ქმედებით სცოდავ და თუ იმ გაზეთისთვის, რომელიც საპირისპირო შეხედულებისაა, უმოქმედებით - ერთ შემთხვევაში იმას აქებ, რისი ქებაც არ გსურს, და მეორე შემთხვევაში არ აძაგებ იმას, რაც საძაგებელია. ფაქტია, რომ უამრავ წიგნს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს - საბჭოთა რუსეთის მომხრეს ან საწინააღმდეგოს, სიონიზმის მომხრეს ან საწინააღმდეგოს, კათოლიკური ეკლესიის მომხრეს ან საწინააღმდეგოს და ა.შ - მანამდე განსჯიან, ვიდრე წაიკიხავდნენ. მეტიც, მანამ, სანამ ეს წიგნები დაიწერება, ყველამ წინასწარ იცის, როგორ შეაფასებენ მას გაზეთები. და მაინც, ჯიუტად, ფარისევლობით, რომელიც ხშირად მეოთხედითაც კი არაა გაცნობიერებული, ყველა ისეთ სახეს იღებს, თითქოს რაღაც ჭეშმარიტი ლიტერატურულ სტანდარტების მიხედვით განსჯიდეს ამ წიგნების ხარისხს.
რასაკვირველია, ლიტერატურაში პოლიტიკის შემოჭრა გარდაუვალი იყო. ეს მოხდებოდა, ტოტალიტარიზმის ძალიან კონკრეტული პრობლემა რომც არ არსებულიყო. ეს იმიტომ, რომ ჩვენში ჩასახალებულია სინდისის ქენჯნა, რომელიც ჩვენს ბაბუებს არ აწუხებდათ და რომელიც მოიტანა მსოფლიოში არსებული უზარმაზარი უსამართლობისა და სიღარიბის არსებობის გაცნობიერებამ. დანაშაულის გრძნობა, იმის განცდა, რომ ამ ვითარებას რაღაცნაირად უნდა ვშველოდეთ, ცხოვრების წმინდად ესთეტიკურ ხედვას შეუძლებლად ხდის. დღეს ვეღარავინ შესწირავს საკუთარ თავს ლიტერატურას ისე სრულად, როგორც ამას ჯოისი ან ჰენრი ჯეიმსი აკეთებდნენ.
ჩვენში ჩასახალებულია სინდისის ქენჯნა, რომელიც ჩვენს ბაბუებს არ აწუხებდათ და რომელიც მოიტანა მსოფლიოში არსებული უზარმაზარი უსამართლობისა და სიღარიბის არსებობის გაცნობიერებამ.
ოღონდაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გათავისება ჩვენს დროში ასევე გულისხმობს დოგმებისა და პარტიული ხაზებისადმი ერთგულებას, მთელი იმ მორჩილებითა და ფარისევლობით, რასაც ეს საქციელი. ვიქტორიანული ეპოქის მწერლებისაგან უარყოფითად ის გამოგვარჩევს, რომ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური იდეოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც თვალის ერთი შევლებითაც ვიცით, რომელი აზრები ითვლება ჩვენიანებს შორის მწვალებლურად. თანამედროვე ინტელექტუალი ლიტერატორი მუდმივ შიშში ცხოვრობს და წერს - არა, მას ფართო საზოგადოებრივი აზრის კი არ ეშინია, არამედ თავისი ჯგუფის აზრისა. კიდევ კარგი, რომ ჩვეულებრივ, ერთზე მეტი ასეთი ჯგუფის წევრია ადამიანი. მაგრამ სამაგიეროდ, ნებისმიერ მოცემულ მომენტში არსებობს ერთი გაბატონებული დოგმაც, რომლის წინააღმდეგ წასვლაც მოითხოვს სქელ კანს და ზოგჯერ გულისხმობს შემოსავლის კარგა ხნით განახევრებასაც.
თანამედროვე ინტელექტუალი ლიტერატორი მუდმივ შიშში ცხოვრობს და წერს - არა, მას ფართო საზოგადოებრივი აზრის კი არ ეშინია, არამედ თავისი ჯგუფის აზრისა.
აშკარაა, რომ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში გაბატონებული დოგმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, „მემარცხენეობაა“. საკვანძო ზედსართავი სახელებია „პროგრესული“, „დემოკრატიული“ და „რევოლუციური“. ნებისმიერ ფასად უნდა ეცადოთ, არ მოგაწებონ ისეთი იარლიყები, როგორიცაა „ბურჟუაზიული“, „რეაქციული“ ან „ფაშისტური“. დღეს ყველა - მათ შორის კათოლიკეებისა და კონსერვატორების უმრავლესობა – „პროგრესულია“. ან ყოველ შემთხვევაში, სურს, რომ იყოს. მე პირადად არავის ვიცნობ, საკუთარ თავს რომ „ბურჟუაზიულად“ ახასიათებდეს. ზუსტად ასევე, არავინ, ვისაც იმდენი განათლება მაინც აქვს, რომ ეს ტერმინი ერთხელ მაინც გაეგო, არ აღიარებს რომ ანტი-სემიტური აზრები აწუხებს.
ჰოდა ყველანი ვართ ასე, კარგი დემოკრატები, ანტი-ფაშისტები, ანტი-იმპერიალისტები, გვძაგს კლასობრივი განსხვავებები, ვერ გვეკარება კანის ფერთან დაკავშირებული ცრურწმენები და ა.შ. დიდად ეჭვი არავის ეპარება, რომ დღევანდელი, მემარცხენე დოგმა იმ სნობურ, ყალბმორწმუნე კონსერვატიულ დოგმას მაინც სჯობია, რომელიც ოცი წლის წინ გვქონდა, როცა გაზეთები Criterion და (უფრო ქვედა დონეზე) London Mercury ითვლებოდა წამყვან ლიტერატურულ გამოცემებად. სხვა თუ არაფერი, ახლანდელი დოგმა ისეთი საზოგადოების შექმნას მაინც ისახავს მიზნად, რომლისკენაც ადამიანების დიდი ჯგუფები მართლა მიისწრაფიან. მაგრამ ამ ხედვასაც ახასიათებს თავისი წილი სიყალბე და რადგანაც დოგმის სიყალბის აღიარება არ შეიძლება, არსებობს კითხვები, რომლების სერიოზულად განხილვაც ვერ ხერხდება.
მთელი მემარცხენე იდეოლოგია, მეცნიერულიდან დაწყებული და უტოპიურით დამთავრებული, შეიქმნა ისეთი ხალხის მიერ, ვისაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების რეალისტური შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამ მიზეზით, ის ექსტრემისტული იდეოლოგია იყო, სავსე ზიზღით: მეფეების, მთავრობების, კანონების, ციხეების, პოლიციის, არმიის, დროშების, საზღვრების, პატრიოტიზმის, რელიგიის, საზოგადო მორალის, და - პირდაპირ ვთქვათ - ზოგადად, არსებული სისტემისადმი. ჩვენ ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს დრო, როცა მემარცხენე ძალები ყველა ქვეყანაში იბრძოდნენ ისეთი ტირანიის წინააღმდეგ, რომელიც ხელშეუვალად გამოიყურებოდა. ამდენად, ადვილი იყო დასკვნის გაკეთება, რომ თუკი ეს კონკრეტული ტირანია - კაპიტალიზმი - დაემხობოდა, მაშინვე სოციალიზმი დამყარდებოდა. მეტიც, მემარცხენეობამ ლიბერალიზმისგან მემკვიდრეობად რამდენიმე საკმაოდ საეჭვო ხარისხის დოგმა მიიღო: მაგალითად რწმენა იმისა, რომ სიმართლე მაინც გაიმარჯვებს და რომ მოძალადეები საკუთარ თავს უთხრიან საფლავს; რომ ადამიანი ბუნებით კეთილია და მას მხოლოდ გარემო რყვნის. სრულყოფილებისკენ ეს სწრაფვა ყველა ჩვენთაგანშია ჩაბუდებული და სწორედ მისი სახელით გამოვთქვამთ პროტესტს, როცა (მაგალითისთვის) ლეიბორისტული მთავრობა მეფის ქალიშვილებისთვის მაღალ პენსიას აწესებს, ანდა მეტალურგიის მრეწველობის ნაციონალიზაციას არ ჩქარობს. ამასობაში, ჩვენს ტვინში გროვდება რეალობასთან შეჯახებით შექმნილი, მაგრამ ხმამაღლა გამოუთქმელი ლოგიკური წინააღმდეგობების მთელი სერია.
მემარცხენეობამ ლიბერალიზმისგან მემკვიდრეობად რამდენიმე საკმაოდ საეჭვო ხარისხის დოგმა მიიღო: მაგალითად რწმენა იმისა, რომ სიმართლე მაინც გაიმარჯვებს და რომ მოძალადეები საკუთარ თავს უთხრიან საფლავს; რომ ადამიანი ბუნებით კეთილია და მას მხოლოდ გარემო რყვნის.
პირველი ასეთი შეჯახება რუსეთის რევოლუცია იყო. რაღაც მანქანებით, ინგლისური მემარცხენეების დიდმა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ რუსული რეჟიმი „სოციალისტურია“, თუმცა გულში კი აღიარებდა, რომ თავისი სულისკვეთებითა და საქმით ეს რეჟიმი სრულაც არ შეესაბამებოდა იმას, რასაც ჩვენს ქვეყანაში „სოციალიზმს“ ვუძახით. აქედან წარმოიშვა აზროვნების გარკვეულწილად შიზოფრენული მანერა, რომელშიც ისეთ სიტყვებს, როგორიცაა მაგალითად, „დემოკრატია“, ერთმანეთთან შეუთავსებადი ორი მნიშვნელობა გააჩნიათ და როცა ისეთი რაღაცეები, როგორიცაა საკონცენტრაციო ბანაკები და მასობრივი დეპორტაციები შეიძლება ერთდროულად მისაღებიც იყოს და მიუღებელიც.
მემარცხენე იდეოლოგიისთვის მეორე ალიყური ფაშიზმის აღმასვლა გახდა, რამაც მემარცხენეების პაციფიზმისა და ინტერნაციონალიზმის პედესტალი კი შეაჯანჯღარა, მაგრამ ამ დოქტრინების ღია გადახედვა არ გამოუწვევია. გერმანული ოკუპაციის გამოცდილებამ ევროპელ ერებს ასწავლა ის, რაც კოლონიზებულმა ერებმა უკვე კარგად იცოდნენ: კერძოდ, რომ კლასობრივი ანტაგონიზმი არაა ყველაფერ სხვაზე მნიშვნელოვანი რამ და რომ მართლა არსებობს ისეთი რაღაც, რასაც ეროვნული ინტერესი ეწოდება. ჰიტლერის შემდგომ გართულდა იმის მტკიცება, რომ „შენი მთავარი მტერი შენივე ქვეყანაა“ და რომ ეროვნულ დამოუკიდებლობას არანაირი ღირებულება არა გააჩნია. დღეს ეს ყველამ ვიცით და შესაბამისადაც ვიქცევით, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ამას ხმამაღლა თუ ვიტყვით, ვიღაცას ან რაღაცას ვღალატობთ.
და ბოლოს, მთავარი სირთულე ის ფაქტია, რომ მემარცხენეები ახლა ხელისუფლებაში არიან და, შესაბამისად, ვალდებული არიან პასუხისმგებლობით მოიქცნენ და ნამდვილი გადაწყვეტილებები მიიღონ.
მემარცხენე მთავრობები თითქმის გარდაუვლად უცრუებენ იმედებს თავის მომხრეებს იმიტომ, რომ მათ მიერ შეპირებული კეთილდღეობა შესაძლებელი რომც იყოს, ყოველთვის იარსებებს საკმაოდ უხერხული გარდამავალი პერიოდის აუცილებლობა, რომლის შესახებ ადრე არავის ულაპარაკია. დღეს ვუცქერთ საკუთარ [ლეიბორისტულ] მთავრობას, რომელიც ურთულეს ეკონომიკურ ვითარებაშია და ფაქტიურად საკუთარ ადრინდელ პროპაგანდასთან ბრძოლა უწევს. დღევანდელი კრიზისი რაღაც მოულოდნელი ბუნებრივი კატასტროფა არაა, მიწისძვრის მსგავსი. ის არც ომს არ გამოუწვევია, უბრალოდ დააჩქარა. ათწლეულების წინ შესაძლებელი იყო წინასწარმეტყველება, რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა.
მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ჩვენი ეროვნული შემოსავალი, რომელიც ნაწილობრივ მაინც საგარეო ინვესტიციებიდან შემოსულ დივიდენდებს, კოლონიების საიმედო ბაზარს და იქედან მომავალ იაფ ნედლეულს ეყრდნობოდა, ძალიან მყიფე იყო. აშკარა იყო, რომ ადრე იქნებოდა თუ გვიან, ვითარება უარესობისკენ შეიცვლებოდა და მოგვიწევდა ექსპორტისა და იმპორტის დაბალანსება, და როცა ეს მოხდებოდა, ბრიტანელების ცხოვრების დონე, მათ შორის მუშათა კლასის ცხოვრების დონეც, დაეცემოდა, დროებით მაინც. ამისდა მიუხედავად, მემარცხენე პარტიებს, მათ შორის აგრესიულად ანტი-იმპერიალისტურებსაც, არასოდეს ნათლად არ აუხსნიათ ეს ფაქტი ხალხისთვის. კი, ისინი ხანდახან აღიარებდნენ, რომ ბრიტანელმა მშრომელებმაც რაღაც დონეზე იხეირეს აზიისა და აფრიკის ძარცვით, მაგრამ ყოველთვის ისე ეჭირათ თავი, რომ ამ ძარცვის შეჩერების შემდეგ კეთილდღეობის შენარჩუნება რაღაც მანქანებით მოხერხდებოდა. მნიშვნელოვანწილად, მუშათა კლასი სოციალიზმს მხარს იმიტომ უჭერდა, რომ ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ ექპლუატირებული, მაშინ, როცა მწარე სინამდვილე ისაა, რომ მსოფლიო მასშტაბით თუ შევხედავთ, ისინი იყვნენ ექსპლუატატორები.
მუშათა კლასი სოციალიზმს მხარს იმიტომ უჭერდა, რომ ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ ექპლუატირებული, მაშინ, როცა მწარე სინამდვილე ისაა, რომ მსოფლიო მასშტაბით თუ შევხედავთ, ისინი იყვნენ ექსპლუატატორები.
ახლა აშკარაა, რომ მივედით წერტილში, როცა მუშათა კლასის ცხოვრების დონის არათუ გაზრდა, მისი შენარჩუნებაც კი შეუძლებელია. მდიდრები სულაც რომ გავაქროთ, ხალხის მასამ ან ნაკლები უნდა მოიხმაროს, ან მეტი უნდა აწარმოოს. ვაჭარბებ, როცა ამას ვამბობ? გამეხარდება თუკი აღმოჩნდა, რომ ვცდები. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ საკითხების ნამდვილად განხილვა იმ ხალხთან, რომელიც თავს მემარცხენე იდეოლოგიის ერთგულად მიიჩნევს, შეუძლებელია. ხელფასების დაწევა და სამუშაო საათების გაზრდა იმდენად ფუნდამენტურად ანტი-სოციალისტური ზომებია, რომ მათ სერიოზულად არც კი განიხილავენ, როგორიც არ უნდა იყოს ეკონომიკური ვითარება. მათთვის უფრო ადვილია, თვალი აარიდონ რეალობას და ისე მოგვაჩვენონ თავი, თითქოს ვითარების გაუმჯობესება არსებული შემოსავლის გადანაწილებით შეიძლებოდეს.
დოგმის აღიარება ყოველთვის გულისხმობს ჯერაც გადაუჭრელი წინააღმდეგობების მემკვიდრეობით მიღებას.
დოგმის აღიარება ყოველთვის გულისხმობს ჯერაც გადაუჭრელი წინააღმდეგობების მემკვიდრეობით მიღებას. მაგალითად, ავიღოთ ფაქტი, რომ ყველა მგრძნობიარე ადამიანს აღაშფოთებს გაქანებული ინდუსტრიალიზაცია და მის მიერ წარმოებული პროდუქტები, მაგრამ ამავე დროს, ყველამ იცის, რომ სიღარიბის დაძლევა და მუშათა კლასის ემანსიპაცია მოითხოვს არა ნაკლებ, არამედ სულ უფრო და უფრო მზარდ ინდუსტრიალიზაციას. ანდა ის ფაქტი გავიაზროთ, რომ არის გარკვეული ტიპის სამშაო, რომელიც ვიღაც აუცილებლად უნდა აკეთებდეს, არადა არავის სურს, თუკი რაიმე სახის იძულება არ იქნა. ანდა ფაქტი, რომ პოზიტიური საგარეო პოლიტიკის ქონა შეუძლებელია, თუკი ძლიერი შეიარაღებული ძალები არ გყავს. კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თითოეულ ამ შემთხვევაში, დასკვნა მარტივია, მაგრამ ამ დასკვნამდე მისვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი საკუთარ იდეოლოგიას უღალატებ. ადამიანის ჩვეულებრივი რეაქცია ასეთ ვითარებაში ისაა, რომ კითხვა უპასუხოდ დატოვოს, საკუთარი ტვინის ბნელ კუთხეში გამოკეტოს, და განაგრძოს წინააღმდეგობრივი, დაზეპირებული ლოზუნგების გამეორება. გაზეთების და ჟურნალების ფურცვლა დიდხანს არ მოგვიწევს იმისთვის, რომ ასეთი აზროვნების დამადასტურებელი მაგალითი მრავლად აღმოვაჩინოთ.
მე არ ვამტკიცებ, რომ აზრობრივი ფარისევლობა მხოლოდ სოციალისტებს ანდა ზოგადად, მემარცხენეებს ახასიათებთ, ანდა მათ შორის ამ თვისებას უფრო ხშირად ვაწყდებით. იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი იდეოლოგიის პოლიტიკური დისციპლინის აღიარება შეუთავსებელია ლიტერატურულ პატიოსნებასთან. ეს თანაბრად ეხება ისეთ მოძრაობებს, როგორიციაა პაციფიზმი და პერსონალიზმი, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ისინი პოლიტიკური ბრძოლის მიღმა დგანან. ისკიარა, ნებისმიერი სიტყვას, რომელიც -იზმით მთავრდება პროპაგანდის სურნელი ასდის. ჯგუფისადმი ერთგულება მათთვის აუცილებელია, მაგრამ ლიტერატურისთვის ეს საწამლავია, იმიტომ, რომ ლიტერატურა ინდივიდის პროდუქტია. როგორც კი ჯგუფისადმი ერთგულებას საშუალება ეძლევა, რამენაირი გავლენა მაინც ჰქონდეს შემოქმედებით წერაზე, შედეგად ვიღებთ არა მხოლოდ სიყალბეს, არამედ ხშირად თავად ავტორის შემოქმედებითი პოტენციალის გაქრობას.
როგორც კი ჯგუფისადმი ერთგულებას საშუალება ეძლევა, რამენაირი გავლენა მაინც ჰქონდეს შემოქმედებით წერაზე, შედეგად ვიღებთ არა მხოლოდ სიყალბეს, არამედ ხშირად თავად ავტორის შემოქმედებითი პოტენციალის გაქრობას.
მაშ, რა უნდა ვქნათ? უნდა დავასკვნათ რომ ნებისმიერი მწერალი „პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს“? რა თქმა უნდა, არა! როგორც ზემოთ ვამბობდი, ვერც ერთი მოაზროვნე ადამიანი ვერ აარიდებს თავს პოლიტიკაში გარევას, მითუმეტეს ჩვენს დროში. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ იმაზე უფრო მკვეთრად უნდა გავავლოთ გამყოფი ხაზი ჩვენს პოლიტიკურ და სალიტერატურო სიმპათიებს შორის ვიდრე ამას დღემდე ვაკეთებდით და ვაღიაროთ, რომ გარკვეული არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი რაღაცეების კეთება ავტომატურად არ ნიშნავს იმ ღირებულებების აღიარებას, რაც ამგვარ მოქმედებებს ჩვეულებრივ ახლავს. როცა მწერალი პოლიტიკაში ერთვება, ამას უნდა აკეთებდეს როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი, მაგრამ არა როგორც მწერალი. მე არა მგონია, რომ მწერალს აქვს უფლება თავი აარიდოს პოლიტიკის ჩვეულ შავ სამუშაოს მხოლოდ იმიტომ, რომ განსაკუთრებული მგრძნობელობითაა დაჯილდოვებული. ისევე, როგორც ყველა სხვა, მწერალიც მზად უნდა იყოს მიმართოს აუდიტორიას ფარღალალა დარბაზებში, ცარცით ჩხაპნოს ლოზუნგები კედლებსა თუ ქვაფენილზე, ესაუბროს ამომრჩევლებს და გაავრცელოს ბუკლეტები; სამოქალაქო ომებშიც კი მიიღოს მონაწილეობა, თუ ეს აუცილებელი გახდა. ნებისმიერი რამ შეუძლია გააკეთოს თავისი პარტიისთვის, მაგრამ ის არასოდეს არ უნდა წერდეს პარტიისთვის. ნათლად უნდა აუხსნას ყველას, რომ წერა ცალკე რამაა. მწერალს ასევე უნდა ჰქონდეს საშუალება ითანამშრომლოს [პოლიტიკურ მოძრაობასთან] ისე, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, სრულიად უარყოფდეს მის ოფიციალურ იდეოლოგიას. მან ზურგი არასოდეს უნდა აქციოს საკუთარი აზრების ბუნებრივ მდინარებას მხოლოდ იმიტომ, რომ ნააზრევს პოლიტიკური ერესად ჩაუთვლიან; და არც უნდა ადარდებდეს, თუკი დოგმისადმი მისი რწმენის არასრულყოფილებას იყნოსავს ვინმე, ეს ალბათ საკმაოდ სწრაფად მაინც მოხდება. დღეს ეგებ ცუდის ნიშანიცაა, თუკი მწერალს რეაქციული ტენდენციების ქონას არ გაბრალებენ - ზუსტად ისევე, როგორც ცუდი ნიშანი იყო ოცი წლის წინ, თუ კომუნისტებისადმი სიმპათიებს არ გაბრალებდნენ.
დღეს ეგებ ცუდის ნიშანიცაა, თუკი მწერალს რეაქციული ტენდენციების ქონას არ გაბრალებენ - ზუსტად ისევე, როგორც ცუდი ნიშანი იყო ოცი წლის წინ, თუ კომუნისტებისადმი სიმპათიებს არ გაბრალებდნენ.
ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს, რომ მწერალმა არა მხოლოდ უარი უნდა უთხრას პოლიტიკური ბოსების დიქტატს, არამედ ასევე თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკის შესახებ წერისგან? კიდევ ერთხელ - არავითარ შემთხვევაში! არანაირი მიზეზი არ არსებობს, ღიად პოლიტიკური ტექსტები არ შეთხზას, თუკი ამის სურვილი ექნება. ოღონდ ამას უნდა აკეთებდეს როგორც ერთი პიროვნება, განზე მდგომი ისე, როგორც არასასურველი პარტიზანი რეგულარული არმიის ფლანგზე. ამგვარი დამოუკიდებლობა შეუთავსებელი სულაც არაა პოლიტიკურ სარგებლიანობასთან. სრულიად ლოგიკურია, გსურდეს იბრძოლო ომში, რადგან თვლი, რომ ეს ომი მოსაგებია და, ამავე დროს, უარს ამბობდე პოლიტიკური პროპაგანდის წერაზე. ისეც ხდება ხოლმე, რომ თუკი მწერალი გულწრფელია, მისი ტექსტები და მისი პოლიტიკური საქმიანობა შეიძლება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. ზოგჯერ ეს აშკარად არასასურველია, მაგრამ მწერლისგან სწორი საქციელი ასეთ შემთხვევაში ნაწარმოებში საკუთარი იმპულსების გაყალბება კი არა, გაჩუმებაა.
ჩემი წინადადება, რომ შემოქმედი მწერალი კონფლიქტის დროს თავის სიცოცხლეს ორ ნაწილად უნდა მიჯნავდეს ზოგმა შეიძლება კაპიტულანტობად ან კაპრიზად ჩამითვალოს. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ვერ ვხედავ, სხვა რა გზა არსებობს. კოშკში თავის გამოკეტვა და ზემოდან ყურება არც სასურველია და თანაც შეუძლებელია. შენი ინდივიდუალობის ჩაყენება არა მხოლოდ პარტიული მანქანის, არამედ ჯგუფური იდეოლოგიის სამსახურში ნიშნავს შენს თავში მწერლის განადგურებას. ეს დილემა მტკივნეული იმიტომაა, რომ პოლიტიკაში ჩართვა აუცილებელია და ამავე დროს ვაცნობიერებთ, რა ბინძური საქმეა ეს.
ყოველ ჩვენთაგანში ჯერაც ცოცხლობს განცდა, რომ ნებისმიერი არჩევანი, მათ შორის პოლიტიკური არჩევანი, არის არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, და რომ რაც აუცილებელია, ის სწორიცაა. მე მგონია, რომ ამ რწმენისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რომ მისი ადგილი საბავშვო ბაღშია.
პოლიტიკაში შესაძლებელია არჩევანი მხოლოდ ორიდან უმცირეს ბოროტებას შორის და არსებობს სიტუაციები, რომლებიდან თავის დაღწევაც მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ან გიჟად მოაჩვენებ სხვებს თავს ან ხორცშესხმულ ეშმაკად. ავიღოთ ომი, მაგალითად - ის შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ არც სიკეთეა და არც ჭკუასთან ახლოს მდგომი საქციელი. საყოველთაო არჩევნებზეც ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით სასიამოვნო ან მამოტივირებელი სპექტაკლია. თუკი ასეთ მოვლენებში მონაწილეობა გიწევს - და ჩემი აზრით, ეს აუცილებელიცაა თუკი ასაკი, ჭკუასუსტობა ან ფარისევლობა არ გვეღობება წინ - მაშინ შენი თავის რაღაც ნაწილი მაინც შეურყვნელად უნდა გადაარჩინო. ადამიანების უმრავლესობისათვის საკითხი ასე არ დგას, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ისედაც გამიჯნულია - ისინი ჭეშმარიტად მხოლოდ დასვენების საათებში ცოცხლობენ, სამსახურთან ან პოლიტიკურ აქტივობასთან კი არანაირი ემოციური კავშირი არ გააჩნიათ. მათ არც არავინ სთხოვს, რომ პოლიტიკური მოტივით თავი დაიმცირონ, როგორც მშრომელებმა. ხელოვანს და, განსაკუთრებით, მწერალს კი ხშირად სწორედ ამას სთხოვენ, კაირადა პოლიტიკოსები მწერლებს მხოლოდ თავის დამცირებას სთხოვენ. თუკი მწერალი უარს ეტყვის, ეს არ ნიშნავს რომ ის უმოქმედობისთვისაა განწირული. მისი არსების ნახევარს, რომელიც რაღაც გაგებით მისი საზოგადოებრივი მეობის მთლიანობააცაა, შეუძლია იმოქმედოს ისევე გადამჭრელად და თუ საჭირო გახდა, ძალადობრივადაც, როგორც ნებისმიერ სხვას. მაგრამ მისი ნაწერი, თუ უნდა რომ ამ ნაშრომს რაღაც ღირებულება გააჩნდეს, მისი არსების იმ ნახევრის შექმნილი უნდა იყოს, რომელიც უფრო ბრძენია, რომელიც განზე დგას, აღნუსხავს იმას რაც ხდება, აცნობიერებს იმის აუცილებლობას, რასაც აკეთებს, მაგრამ არასოდეს იტყუებს თავს, ხედავს რა ჩადენილის ჭეშმარიტ ბუნებას.
ინგლისურიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა