კანტი კანტი-კუნტად
კანტის მთავარი დასკვნა: ზნეობრივი კატეგორიებით მხოლოდ საკუთარი თავის განსჯა შეიძლება
ამასწინათ ქართულ პოლიტიკაში იშვიათი ამბავი მოხდა: მმართველი პარტიის დეპუტატმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, პოლიტიკურ არგუმენტად ფილოსოფიური კონცეფცია - კატეგორიული იმპერატივი - გამოიყენა და მისი ავტორი, ემანუელ კანტიც მოიხსენია.
„ძირითადად, ყველაფრის მიღმა დგას ზნეობრივი პრინციპი და კანტის კატეგორიული იმპერატივი გვახსენებს, რომ არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ ადამიანი მხოლოდ საშუალებად, არასდროს არ უნდა გამოიყენო მიზანი, როგორც მხოლოდ საშუალება და ეს ურყევი ზნეობრივი ქცევაა, როდესაც მოქმედების მიზანი ადამიანის საერთო საქმეა და არა საშუალება კერძო მიზნების განსახორციელებლად, მით უფრო, თუ ამას დესტრუქციისათვის იყენებთ,“ - მარიამ ლაშხი, ციტატა გაზეთ "პუბლიკას" მიხედვით
ქართული პოლიტიკის ფილოსოფიურ მწვერვალზე აყვანის ამ მცდელობასა და საბაბს ჩვენ ხელიდან ვერ გავუშვებდით: მივუბრუნდეთ ბატონ ემანუელს და ვნახოთ, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რა აწუხებდა ამ პატივცემულ ფილოსოფოსს.
გაიღეთ, რამდენსაც გაიმეტებთ: კარგ საქმეს მოვახმართ და უკეთ მოგემსახურებით.
ჯერ ისა ვთქვათ, რომ კანტის მთავარი საზრუნავი მართლაც ზნეობა გახლდათ. მორალი, კანტის აზრით, პირდაპირ უკავშირდება მოვალეობას და მისი პრინციპები აბსოლუტური და უნივერსალურია. სხვა სიტყვებით, არაა სავალდებულო, ფილოსოფოსი იყო, რომ დაასკვნა, რა ქცევაა ზნეობრივად გამართლებული და რა არა, ნებისმიერ ადამიანს ეს ბუნებრივად ესმისო, ამბობდა კანტი და ამით მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ფილოსოფოსების უფრო ტრადიციული მიდგომისგან, რომლებიც თავის ამოცანად სწორედ სიკეთისა და მორალურობის განსაზღვრების პოვნას მიიჩნევდნენ.
ბ-ნ კანტს, ხმოსანი ლაშხის მიერ მიერ ნახსენები კატეგორიული იმპერატივის, ანუ ზნეობრიობის თანახმად მოქმედების ზოგადი პრინციპის ორი ფორმულირება აქვს:
- ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენს ნამოქმედარს თუ განვაზოგადებთ, ის საყოველთაო კანონად შეიძლება დაწესდეს (მაგალითად: მე არ მოვიტყუე/არავინ უნდა იტყუებოდეს).
- აღვიქვათ ნებისმიერი სხვა და, ასევე, საკუთარ თავიც, როგორც (ყოველთვის, და ამავე დროს) თავისთავადი მიზანი და არასოდეს, როგორც მხოლოდ საშუალება.
პარლამენტში სწორედ მეორე დეფინიციაზე მიანიშნეს, თუნდაც ცოტათი არაზუსტად. მას, კანტისეული გაგებით, სამი საკვანძო ელემენტი აქვს:
- "თავისთავადი მიზანი" - სხვა სიტყვებით, ყოველ ადამიანს გააჩნია აბსოლუტური, თანდაყოლილი, უპირობო ღირებულება, რომელიც არ შეიძლება გაიცვალოს, შეფასდეს, თითქოს საგანი იყოს, ანდა დაუქვემდებარდეს რაღაც კონკრეტულ, გარე მიზანს.
- "ყოველთვის, და ამავე დროს" - კანტი არ ამბობს, ადამიანი არ შეიძლება იყოს საშუალებაო - ექიმი გამოჯანმრთელების საშუალებაა, ხაბაზი - პურის ყიდვის. კანტი ამბობს, რომ ადამიანის მხოლოდ ფუნქციამდე დაყვანა არაა მორალური საქციელი. მათთან ურთიერთობისას ყოველი ადამიანის დამოუკიდებლობა და პიროვნული ღირსება უნდა დააფასო.
- "სხვა და, ასევე, საკუთარი თავიც"- იმპერატივი საკუთარ თავზეც ვრცელდება - ვალდებული ხართ დაიცვათ საკუთარი ღირსება, ბრმად არ უნდა დაექვემდებაროთ სხვათა ნებას ისე, რომ საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგოთ.
თუმცაღა, კანტის მიდგომას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა - მისი დროშიც და მერეც. მაშ, მივყვეთ ზნეობისა და ეთიკისადმი ძირითადი ფილოსოფიური მიდგომების ევოლუციას.
კანტი (1724-1804) და დეონტოლოგია
დეონტოლოგია (ბერძნულიდან დეონ - მოვალეობა, ვალდებულება) კანტის სამფლობელოა. ამ მიდგომის თანახმად, ნებისმიერი ქმედება არის აპრიორი ან სრულიად "კარგი" ან სრულიად "ცუდი." ანუ მკვლელობა ყოველთვის და ყოველ მიზეზგარეშე ცუდი საქციელია, მაგრამ ტყუილის თქმაც ცუდი საქციელია და თან ზუსტად იმდენადვე, რამდენადაც მკვლელობა, მაშინაც კი, თუკი ტყუილი "უწყინარია."
როცა ერთხელ კოლეგამ სიტყვა შეუბრუნა, ხომ შეიძლება ჰუმანისტური მოტივებით თქვას ადამიანმა ტყუილი, მაგალითად მომაკვდავს გული რომ არ ატკინოსო, კანტმა ასე უპასუხა: "თუკი ტყუილს განვსაზღვრავთ, როგორც განზრახ არასწორი რამის თქმას ადამიანისთვის, აღარაა საჭირო დაზუსტება და შესწორება, როგორც იურისტებს სჩვევიათ ხოლმე, რომ ტყუილი აუცილებლად ვინმეს უნდა აზიანებდეს. ტყუილი ყოველთვის ვიღაცას აზიანებს, ეგებ არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ადამიანობას ზოგადად, რადგან ის სამართლიანობის საფუძველს [სიმართლეს - რედ.] ანგრევს." ანუ, კანტი თვლიდა, რომ ტყუილის კონკრეტულ შედეგს (რომლის გათვლაც შეიძლება, თუმცა ეს გათვლაც არასოდესაა სრულყოფილი) არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ ჩემი ნებით განხორციელებული ყოველი მოქმედება სრულად უნდა ექვემდებარებოდეს ჩემს ზოგად მოვალეობას, პატივი ვცე ზნეობრივ კანონს და სწორედ ამ კანონიდან გამომდინარეობს, თუ რა მევალება და რაა აკრძალული.
ჩემი ნებით განხორციელებული ყოველი მოქმედება სრულად უნდა ექვემდებარებოდეს ზოგად მოვალეობას, პატივი ვცე მორალურ კანონს.
საინტერესოა, რომ კანტის კონცეფცია სრულიად უგულვებელყოფს ბედნიერებას, როცა კი საქმე ზნეობას ეხება. მოვალეობის შესრულება სახალისო საქმე არაა: მორალი და ბედნიერება ერთმანეთს რომ დავუკავშირო, მაშინ ჩემი მოქმედების კონკრეტული შედეგები უნდა გავითვალისწინო და იმაზე ვიფიქრო, რამდენად გააბედნიერებს ან გააუბედურებს ჩემი მოქმედება სხვას. კანტი ამბობს, რომ ზნეობრივი კანონი აბსოლუტურია, ამდენად ამ კანონის თანახმად მოქმედება გამორიცხავს მის შედეგებთან დაკავშირებული გათვლების კეთებას.
მილი (1806-1873) და შედეგობრიობა (კონსეკვენტალიზმი)
კანტის დეონტოლოგიას უპასუხა შედეგობრიობის (კონსეკვენტალიზმის) სკოლამ, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლები გახლავან ჯერემი ბენთამი და ჯონ სტიუარტ მილი.
ნაშრომში "უტილიტარიზმი" (1861) მილი ამბობდა, კანტის მოვალეობის კრიტერიუმი პრაქტიკური შინაარსისაგან დაცლილიაო. კანტი გვეუბნება, ვალდებული ხარ ისე იმოქმედო, რომ შენი საქციელის საზოგადო წესად დადგენა შეიძლებოდესო. კანტისვე თქმით, თუკი საქციელის წესად განზოგადება არ შეიძლება, მაშინ ადამიანი, როგორც ზნეობრივი არსება უკუაგდებს ამგვარ ქმედებას. მილის თქმით ამგვარი დასკვნა "თითქმის სასაცილოა," რადგან როგორც ლოგიკურად, ისე რეალურ ცხოვრებაში მრავლად შეიძლება მაგალითების მოყვანა, როცა საზოგადოება ბარბაროსული, სასტიკი ან სულაც ერთ ადამიანზე მორგებული კანონებით იმართება - არ არსებობს "კატეგორიული იმპერატივი", რომელიც ავტომატურად აკავებს რაციონალურად მოქმედ ადამიანებს ამორალური საქციელის ჩადენისაგან. ერთადერთი რამე, რასაც კანტი გვიჩვენებსო, წერდა მილი, ისაა "რომ ყველა თუ ცუდად მოიქცა, ეს იმდენად ცუდ შედეგებს მოიტანს, რომ არავის ენდომება ამგვარად მოქმედებაო." ამდენად, მილის თქმით კანტი სინამდვილეში და თავისდაუნებლიედ შედეგობრიობის დოქტრინის სისწორეს ადასტურებს.
ჯონ სტიუარტ მილი მიიჩნევს, რომ მოქმედების სიკარგე თუ სიცუდე შედეგით განისაზღვრება.
მილის აზრით, კანტი ცდება როცა თვლის, რომ კარგი და ცუდი აბსტრაქტული ზნეობრივი კატეგორიაა. მილი მიიჩნევს, რომ მოქმედების სიკარგე თუ სიცუდე შედეგით განისაზღვრება. ამორალურად უნდა ჩავთვალოთ ტყუილი, რომელიც ერთ, ათ ან ას ადამიანს გადაარჩენს? ამგვარი მოქმედების შესაფასებლად მარტო რაოდენობა არ კმარა, სხვა საზომია საჭირო.
სწორედ აქ შემოჰყავს მილს ის, რასაც კანტი უარყოფს: ბედნიერება - საკუთარი თუ სხვისა. "ჩვენი მოქმედების გავლენა ბედნიერებაზე ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ მხედველობაში და ეგებ, უპირველესადაც დავისახოთ ყველა იმ საკითხში, რაც პრაქტიკულ მორალს ეხება," წერს მილი.
უტილიტარული ფილოსოფიის ეს პოსტულატი ჯერემი ბენთამმა განავითარა. მისი თქმით, ზნეობრივია ისეთი ქმედება, რომელიც ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას მაქსიმალური ბედნიერების შესაძლებლობას ანიჭებს.
ანკსომბი (1919-2001) და სიქველის ეთიკა
ერთ-ერთი გამოჩენილი თანამედროვე ფილოსოფოსი ჯ.ე.მ ანსკომბი თვლიდა, რომ ვერც კანტი და ვერც მილი ვერ წყვეტენ ზნეობის თანახმად მოქმედების საკითხს. მისი აზრით, კანტი იმდენად ხისტი იყო საკუთარ აღქმებში და იმდენად დარწმუნებული, რომ ტყუილი დაუშვებელია, არც კი ცდილობდა დაეშვა, რომ ტყუილისთვის არსებობს გარემოებებიც და ამ გარემოებებს მორალისათვის მნიშვნელობა აქვს.
მისი აზრით, კანტი ზედმეტად იყო მიჯაჭვული სიკეთისა და ბოროტების თეოლოგიურ კონცეფციებს, რომლებიც აბსოლუტური აკრძალვებისკენაა მიდრეკილი საღვთო კანონის სახელით. ოღონდაცო, წერდა ანსკომბი, თანამედროვე სამყაროში ღვთიური კანონების რწმენა შესუსტებულია და ამიტომაც აბსოლუტური მოვალეობის იდეამ ძალა დაკარგაო.
კანტი ზედმეტად იყო მიჯაჭვული სიკეთისა და ბოროტების თეოლოგიურ კონცეფციებს, რომლებიც აბსოლუტური აკრძალვებისკენაა მიდრეკილი საღვთო კანონის სახელით.
მაგრამ ანსკომბს ასევე სერიოზული უთანხმოება ჰქონდა მილთან: კონსეკვენტალიზმს იმას აყვედრიდა, რომ ის არ აღიარებს და ვერ განსაზღვრავს აბსოლუტურად ამორალური მოქმედებების კატეგორიას. ამის გამოო, წერდა ანსკომბი, შედეგობრიობით გაუგონარი ბოროტების გამართლებაა შესაძლებელიო. მაგალითად მას მოჰყავდა ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბის ჩამოგდება, რომლის მორალურ გამართლებადაც ომის სწრაფად დასრულება მოჰყავდათ. "როცა ვინმე გადაწყვეტს, უდანაშაულო ხალხი დახოცოს საკუთარი მიზნების მისაღწევად, ეს - ნებისმიერი გამამართლებელი შედეგისდა მიუხედავად - მკვლელობაა," წერდა ანსკომბი.
კონსეკვენტალიზმი ვერ განსაზღვრავს აბსოლუტურად ამორალური მოქმედებების კატეგორიას.
მაშ როგორ გამოვიდეთ ჩიხიდან? ანსკომბი არისტოტელეს ნაშრომებიდან ცნობილ კონცეფციას, "სიქველეს" (ღირსებებს) და აქედან მომდინარე ეთიკას უბრუნდება. "ეგებ "ნორმების" ძიებაში ადამიანური ღირსებების ცნებას უნდა დავუბრუნდეთ: თუკი ნორმად ითვლება, რომ ადამიანს ამდენი და ამდენი კბილი აქვს, ეგებ არა მხოლო ბიოლოგიური, არამედ ადამიანის მოქმედების, აზროვნების და არჩევანის მხრივაც არსებობს სიქველის, ადამიანური ღირსებების გარკვეული კრებული, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ნორმად ისევე, როგორც ნორმად ითვლება ადამიანი კბილების გარკვეული რაოდენობით." ამგვარად ანსკომბის აზრით, მორალის განსაზღვრება შეიძლება, როგორც ადმიანური ღირსებების გარკვეული კრებულისა.