ხმა ჩაიკმინდე, პენელოპე!

რას გვასწავლის ანტიკური მითები ქალების სიტყვის უფლების შესახებ?

ხმა ჩაიკმინდე, პენელოპე!

ანტიკური საბერძნეთი და რომი, მათი კულტურა და ლიტერატურული თუ მითიური პერსონაჟები საერთო-ევროპული კულტურის დასაბამი და შთაგონების უშრეტი წყაროა. ფილოსოფოსებიც ხშირად სწორედ აქ ეძიებენ დასავლური საზოგადოების მოწყობის ყალიბს. რას გვეუბნება ბერძნული მითები ქალების შესახებ?


ავტორი: მარი ბეარდი (Mary Beard) ანტიკური ისტორიის მკვლევარი და კლასიკური ლიტერატურის პროფესორია კემბრიჯის უნივერსიტეტში. მისი ერთ-ერთი ნაშრომია „ქალები და ძალაუფლება. მანიფესტი,“ რომელიც 2017 წელს გამოიცა ინგლისში. ქვემოთ მოყვანილია ამონარიდი სტატიიდან „ქალთა საჯარო ხმა“, რომელიც 2014 წელს გამოიცა ალმანახ „ლონდონის წიგნების მიმოხილვაში“.


ჩვენს წინაშეა ერთ-ერთი პირველი წერილობითი მოწმობა იმისა, თუ როგორ ეუბნება მამაკაცი ქალს, რომ უნდა „მოკეტოს“, თანაც უმტკიცებს, რომ წესია ასეთი - მისი ხმა საჯაროდ არ უნდა ისმოდეს.

ეს ეპიზოდი „ოდისეის“ დასაწყისშივეა აღწერილი. პენელოპეს სახლს განთქმული მომღერალი სწვევია, რომელიც იქ შეკრებილ ხელის მთხოვნელებს აქაველთა გმირობისა და ფათერაკიანი მოგზაურობების ამბავს უმღერის.

ასე აღგვიწერს ჰომეროსი სცენას: „ეს ღვთაებრივი სიმღერა რომ შემოესმა იკარიოსის გონიერ ასულს, პენელოპეს, სანთიობოდან მყისვე დაეშვა წელმაღალ კიბით და დარბაზში მონადიმე სასიძოებთან შევიდა[…] ოსტატურად ნახელავ დედაბოძთან შედგა დედათა შორის უმშვენიერესი, პირს ოქრორიდე მოიფარა და ცრემლმორეული შეესიტყვა ღვთაებრივ მომღერალს: – ჩემო ფემიოს! […] თავი ანებე ამ ნაღვლიან სიმღერას, ფემიოს, გულს მიკლავს იგი, რადგან იმ კაცს მაგონებს, ვისი სახელიც მთელ არგოსსა და ელადაშია განთქმული“.

სწორედ ამ დროს საქმეში ტელემაქე, პენელოპესა და ოდისევსის ყმაწვილი ვაჟი ერთვება და ასე მიმართავს: „- დედაჩემო! რატომ უკრძალავ ფემიოსს იმ სიმღერით დაგვატკბოს, ზევსს რომ ჩაუგონებია მისთვის? […] დაბრუნდი და შენს საქმეს – თითისტარსა და საბეჭავს მიჰხედე, დაასაქმე მხევალნი. რაც შეეხება სიტყვა-პასუხს, ეს კაცის საქმეა, ანუ ჩემი: ამიერიდან მე ვარ ამ სახლის ბატონ-პატრონი!“ პენელოპეც ემორჩილება.

ნორჩი ტელემაქე დედის კალთას სულ ცოტა ხნის წინ მოშორებია და უკვე დედამისს – მოწიფული ასაკის, ბრძენად ცნობილ ქალს – ეუბნება, ენა დააყენეო. ხომ სასაცილო ამბავია? თითქოს.

თუმცა დასავლური კულტურის ეს ერთ-ერთი პირველი წერილობითი ძეგლი გვიჩვენებს, რომ ქალის ხმა საჯარო სივრცეში შეზღუდულია. მეტიც, ჰომეროსის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცს შეშვენის ქალთა სქესი დაადუმოს და საჯარო სივრცეში ხმის ამოღებაც გაუკონტროლოს.

CTA Image

დაგვიჭირეთ მხარი, გამოიწერეთ ჩვენი გაზეთი.

გამოიწერეთ

აშკარაა, რომ ჰომეროსის ხედვით, ქალებს – მათაც კი, საზოგადოებაში გამოჩენილი ადგილი რომ უჭირავთ და ამდენად სიტყვაც ეთქმით, დიდი საზღაურის გადახდა უწევთ, რომ ვინმემ ყური დაუგდოს.

ხომ ნიშანდობლივია? იქვე, სადაც დასავლური კულტურა და ლიტერატურა იწყებს დასაბამს, სათავეს იღებს მოსაზრებაც, რომ ქალის ხმა საჯარო სივრცეში არ უნდა ისმოდეს. ისკიარა, ჰომეროსს თუ დავერწმუნებით, მამაკაცად ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია საჯარო სიტყვის უფლების გაკონტროლება და, კერძოდ მდედრის დადუმება. ტელემაქეს მიერ გამოყენებული სიტყვებიც არაა შემთხვევითი. როცა ის ამბობს, „სიტყვა-პასუხი“ კაცის საქმეაო, ჰომეროსი სიტყვა „მუთოსს“ იყენებს – იმავე ფუძიდან, რომელიდანაც ჩვენთვის ჩვეული „მითოსი“ მოდის. მაშინდელი ბერძნულისათვის ეს ცნება საჯაროდ ნათქვამ, ავტორიტეტულ სიტყვას აღნიშნავს, ანუ არა ყოველდღიურ საუბარსა და ენის ჭარტალს, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა – და მით უფრო ქალმა – გამართოს.

მე ის მაინტერესებს, როგორ უკავშირდება ჰომეროსისეული კლასიკა დღევანდელობას, ქალების გაჩუმებას პარლამენტის დარბაზში იქნება თუ სამუშაო ადგილზე. სულ ინგლისური სატირული ჟურნალის ხუმრობა მახსენდება, რომელშიც მამაკაცი ეუბნება ქალს: „რა მშვენიერი წინადადებაა მის ტრიგს, კარგი იქნებოდა, რომელიმე მამაკაცს რომ გაემეორებინა.“

ტელემაქეს გამოხტომა ერთადერთი შემთხვევა არაა ბერძნულ და რომაულ სამყაროში, როცა საჯაროდ სიტყვის თქმის მსურველ ქალებს არა მარტო აჩუმებდნენ, არამედ ამ გაჩუმებას სიამაყითაც აღწერდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში არისტოფანემ კომედია დაწერა, რომლის მთავარი ღერძი იყო ფანტასტიკურად ჩათვლილი ამბავი - ქალები სახელმწიფოს მართვას ჩაიგდებენ ხელში. არისტოფანე კომიკურ ეფექტს იმით აღწევდა, რომ ქალებს საჯაროდ ლაპარაკი არ შეეძლოთ - ყოფითი ლაპარაკის მანერა (და, ძირითადად, სექსის შესახებ საუბარი) არ ეხამებოდა საჯარო პოლიტიკური გამოსვლისთვის საბერძნეთში მიღებულ ფრაზეოლოგიას. უკვე რომაულ ეპოქაში, ოვიდიუსის „მეტამორფოზები“- საოცარი მითოლოგიური ეპოსი, რომელშიც ადამიანები ფორმას იცვლიან, წიგნი, რომელმაც ალბათ ბიბლიის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ ლიტერატურაზე - რამდენჯერმე აღწერს ამგვარი ტრანსფორმაციის შედეგად ქალების დადუმებას. საცოდავი იო, რომელსაც იუპიტერი გადააქცევს ძროხად, ვეღარ ლაპარაკობს და მხოლოდ ზმუილი შეუძლია. ენატარტალა ნიმფა ექოს სასჯელი ისაა, რომ მისი ხმა იკარგება - მას მხოლოდ სხვების ნათქვამის გამეორება შეუძლია.

ექო და ნარცისი, უოტერჰაუსი (1903): ნიმფო ნარცისს ეტრფის, მაგრამ ვერ ესაუბრება კი, ხმა აქვს წართმეული...

ერთმა რომაელმა ანთოლოგმა, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში საგანგებოდ მოჩხრიკა კლასიკური ლიტერატურა და სულ სამი მაგალითი იპოვა, სადაც „ქალებმა თავიანთი ბუნებრივი მდომარეობის შეუსაბამოდ ფორუმზე ხმა ამოიღეს.“ ფრიად საინტერესოა, როგორ ცდილობს ავტორი ამ გამონაკლისი შემთხვევების ახსნას, გამართლებას: პირველმა ქალმა, სახელად მაესიამ, წარმატებით დაიცვაო თავი სასამართლოში, რადგან „მას სინამდვილეში ქალის გარეგნობის მიღმა მამაკაცის ბუნება ჰქონდა, რასაც 'ანდროგენს' უწოდებენ.“ მეორე, აფრანია, იმდენად უტიფარი იყო, რომ კურიებში საჩივრები შეჰქონდა და თავად მიჰყავდა საქმეები „ყეფდა“ და „წკავწკავებდა“ (შევამჩნიოთ, რომ ამ ქალს ადამიანური ხმების გამოცემის უფლება წართმეული აქვს). ავტორი წერს, ეს ქალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 48 წელს მოკვდაო და დასძენს „ასეთი ბუნების საწინააღმდეგო არსებების შემთხვევაში ის უფრო მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, როდის მოკვდნენ და არა როდის დაიბადნენო.“

კლასიკურ ლიტერატურაში ქალებს საჯარო საუბრის უფლება მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვთ. პირველი - მათ აქვთ უფლება ხმა ამოიღონ მსხვერპლისა და წამებულის როლში, როგორც წესი, სიკვდილის წინ. ადრეული ქრისტიანი ქალები თავიანთ რწმენას იცავენ, სანამ ლომების ლუკმა გახდებიან. რომის ადრეული ისტორიის გმირი, ლუკრეცია, თავის გამაუპატიურებელს სდებს ბრალს და მერე თავს იკლავს. თუმცა ქალს ხმის ამოღების ეს უკანასკნელი შესაძლებლობაც შეიძლება წაართვან: „მეტამორფოზების“ ერთ ეპიზოდში ნორჩ პრინცესა ფილომელას მასე მოძალადე მამაკაცი უბრალოდ ენას აჭრის და ისე ადუმებს. იგივე ამბავია მოთხრობილი „ტიტუს ანდრონიკუსში“ - აქ უკვე გაუპატიურებულ ლავინიას აჭრიან ენას.

მეორე გამონაკლისი უფრო ნაცნობია: ქალებს აქვთ უფლება ლეგიტიმურად ამოიღონ ხმა თუკი ისინი საკუთარ ოჯახს, ბავშვებს, ქმრებს ან სხვა ქალების ინტერესებს იცავენ. სწორედ ამგვარია პირველი საუკუნის ანთოლოგის მოყვანილი მესამე შემთხვევა - ჰორტენსია საჯაროდ საუბრობს, რადგან რომის ყველა ქალის სახელით გმობს ქალებზე დაკისრებულ უსამართლო სამხედრო გადასახადს. სხვა სიტყვებით, საგანგებო ვითარებებში ქალებს შეუძლიათ ზოგად-ქალური ინტერესების დაცვა, მაგრამ არასდროს აქვთ უფლება ილაპარაკონ მამაკაცის ან საზოგადოების სახელით. როგორც მეორე საუკუნის ერთი მწერალი გვეუბნება „ქალმა საკუთარი ხმა უცხოს ისევე არ უნდა გააგონოს, როგორც სამოსი არ უნდა გაიძროს მათ წინაშეო.“

ყველა ამ ამბავში უბრალოდ ქალების პოლიტიკურ უღონობასთან არა გვაქვს საქმე. დიახ, მართლაც, ქალებს ძველ საბერძნეთსა და რომში არც საარჩევნო უფლება ჰქონდათ და ეკონომიკური და იურიდიული ქმედუნარიანობაც ფრიად შეზღუდული იყო. ოღონდ საქმის არსი უფრო ღრმადაა: საჯარო საუბარი, ორატორია მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ამ უფლებით სარგებლობა განსაზღვრავდა მათ კაცობას, მათ გენდერულ როლს. როგორც ტელემაქეს შემთხვევაშო - გახდე ზრდასრული მამაკაცი, ნიშნავს გქონდეს, მოგეცეს ლაპარაკის უფლება. საჯარო საუბარი მამაკაცობის განმსაზღვრელი ატრიბუტია. ქალი, რომელიც საჯაროდ საუბრობს, რაღაც გაგებით მაინც, ქალი აღარ არის.

ანტიკური პერიოდის ლიტერატურა მოფენილია ბოხი მამაკაცური ხმის ავტორიტეტულობის შესახებ დითირამბებით. ერთი სამეცნიერო ტრაქტატი პირდაპირ გვეუბნება, რომ ბოხი ხმა სიმამაცეს მოასწავებს, ხოლო წვრილი - ქალურ სისუსტის ნიშანია. მაშინდელი მწერლები ამბობენ, რომ ქალმა რომ მამაკაცის წარმოსათქმელი პოლიტიკური სიტყვა წარმოთქვას, მისი ხმის ტონი და მოდულაცია არა მხოლოდ გააცუდებს ამ სიტყვების გავლენას, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და, ზოგადად, სახელმწიფოს გამოუთხრის ძირს. დიო ოქროპირი, მეორე საუკუნის ბრძენი, მოუწოდებს მსმენელებს „წარმოიდგინეთ ამგვარი ვითარება: მთელ თემს შეეყარა უცნაური ავადობა: ყველა მამაკაცს ქალის ხმა გაუხდა და არც ერთ მამრი - არც ბავშვი და არც ზრდასრული - ვეღარაფერს ამბობს კაცურად. განა ეს ნებისმიერ შავ ჭირზე უარესი დაავადება არაა? დარწმუნებული ვარ, ღმერთებს ურიცხვ შესაწირს მიართმევდნენ, რომ ამ საშინელი ავადობიდან გაეკურნათ თავი.“ დიო ოქროპირი არ ხუმრობდა.

აქ რაღაც შორეული კულტურის უცნაური იდეოლოგიასთან არა გვაქვს საქმე. დიახ, რომი და ათენი დროში შორსაა ჩვენგან, მაგრამ გენდერულად განსაზღვრული სიტყვის უფლების თეორიის მემკვიდრენი ყველანი ვართ. ბუნებრივია, ყველაფერი ბერძნულ-რომაული კულტურიდან არ მოდის დასავლეთში და მადლობა ღმერთს. უამრავი კულტურის გავლენა იყო მნიშვნელოვანი, პოლიტიკური კუტლურის განვითარებამ უარყო ანტიკურობის უამრავი ცრურწმენა, მათ შორის სქესთან დაკავშირებულიც. თუმცაღა ფაქტია, რომ რიტორიკისა და საჯარო საუბრის ის თანამედროვე წესები, რომლებიც რენესანსის დროს ჩამოყალიბდა და დღესაც ძალაშია, სწორედ კლასიკური პერიოდის გამოსვლებსა და სახელმძღვანელოებს დაეყრდნო. რიტორიკული ანალიზი პირდაპირ კავშირშია არისტოტელესთან და ციცერონთან. მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთის თემთა პალატაში, ჯენტლმენები, რომლებმაც თანამედროვე პარლამენტარიზმის წესების უმრავლესობა შექმნეს ან დააკანონეს, სწორედ ანტიკურ თეორიებზე, ციცერონის სიტყვებზე და მათ ცრურწმენებზე იყვნენ აღზრდილი. ანტიკურობამ შექმნა ის ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა საჯარო სიტყვის თანამედროვე გაგება, მისი შეფასების კრიტერიუმები. და ზოგიერთ სიკეთესთან ერთად, მას სიავეც, მათ შორის ქალების საწინააღმდეგო სტერეოტიპებიც გადმოჰყვა.

გადავხედოთ საჯარო გამოსვლების დასავლურ ტრადიციას, აგერ, მეოცე საუკუნის ჩათვლით და ვნახავთ, რამდენჯერ მეორდება ანტიკური ქალთმოძულე თემები. მაესიას 'ანდროგენად' შერაცხვის ამბავი ხომ გახსოვთ? მოდით მოვუსმინოთ ელისაბედ პირველს, რომელმაც ესპანეთის არმადასთან შესახვედრად გამზადებულ ინგლისის არმიას მიმართა 1588 წელს: „ვიცი, სუსტი, უღონო ქალის სხეული მაქვს, მაგრამ გული და ჯიგარი მეფისა მაქვს, თანაც ინგლისის მეფის!“ ცოტა უცნაური სიტყვა კია, მაგრამ ბრიტანელი გოგონები მას დღესაც სწავლობენ. საინტერესოა, რომ სინამდვილეში ელისაბედს ალბათ მსგავსი არაფერი უთქვამს: კანონიკურად ქცეული ეს სიტყვები ერთი საკმაოდ არასაიმედო კომენტატორის წერილიდან ვიცით, რომელიც მოვლენიდან ორმოცი წლის შემდეგაა დაწერილი. ოღონდ საქმეც ესაა: მამაკაცი ანდროგენობის აღიარებას (თუ სიამაყით ამის ხაზგასმას) აბრალებს ელისაბედს.

თანამედროვეობაშიც, როგორც ანტიკურ ხანაში, ქალს მაშინ აქვს საუბრის უფლება თუ მსხვერპლის როლშია ან თუ სხვა ქალების სახელით საუბრობს. ჩახედეთ რომელიმე კრებულს სახელად „ისტორიის ასი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა“ და თუ შემთხვევით იქ ქალების გამოსვლები შეგხვდებათ, ისინი სწორედ ქალთა საკითხებზეა. საიკეთესო მაგალითია 1851 წლის სიტყვე „ნუთუ მე ქალი არა ვარ“, რომელიც სოჟურნერ ტრუსს, ყოფილ მონას, მონათმფლობელობის წინააღმდეგ, ქალთა უფლებებისთვის ამერიკელ მებრძოლს ეკუთვნის. მისი სიტყვები, რომელსაც ხშირად ციტირებენ „განა მე ქალი არა ვარ? 13 შვილი ვშობე და თითქმის ყველა მონობაში გაყიდეს, და როცა დედობის ცოდვით ვიწვოდი, მხოლოდ იესომ ისმინა ჩემი...“ საქმე ისაა, რომ ალბათ არც მას უთქვამს ეს სიტყვები - ისინი ათი წლით გვიანაა ჩაწერილი და მათი წარმომავლობის საეჭვოობას ისიც განაპირობებს, რომ ზანგი მონების სამხრეთული დიალექტითაა შემკული, მაშინდელი აბოლიციონისტური კონიუნქტურიდან გამომდინარე, არადა თავად ტრუსი ჩრდილოელი იყო და ბავშვობიდან ჰოლანდიურ ენაზე ლაპარაკობდა...

იმის თქმა კი არ მინდა, რომ სხვა ქალების დასაცავად ამოღებული ხმა არ ითვლება ან მნიშვნელოვანი არაა, უბრალოდ იმას მივუთითებ, რომ ამ თემებზე საუბარი „ნიშურია პრივილეგიაა“ ქალებისთვის. სულო ცოდვილო და, მეც ამ წუთში იგივეს ვაკეთებ.

სიმართლეს თვალებში შევხედოთ - ქალებს ეს ნიშაც ადვილად არ დაუმკვიდრებიათ. უამრავია მაგალითი, როცა ტელემაქეს მსგავსად მათ ხმის ჩაკმენდისკენ მოუწოდებდნენ. ჰენრი ჯეიმსის „ბოსტონელები“ 1880-იან წლებშია დაწერილი და მისი მთელი ფაბულა იმაში მდგომარეობს, რომ ვერენა ტარრანტს, ქალთა უფლებების მცველს, მისი სატრფო, ბეიზილ რენსომი (ავტორი საგანგებოდ მიუთითებს მის ბოხ ხმაზე) აჩუმებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც უფრო უახლოვდება ბეისილს, მით უფრო ამჩნევს ვერენა, რომ საჯაროდ საუბარი აღარ შეუძლია. „მხოლოდ მე დამიტოვე შენი ნარნარი სიტყვები,“ ეუბნება მიჯნური. ვერ ვიტყვით, რომ ამ რომანში რენსომი დადებითი პერსონაჟია, მაგრამ თავად ჯეიმსის დამოკიდებულება ქალთა საუბრისადმი მეორე საუკუნის რომაელ ბრძენკაცს შეშურდებოდა. ამერიკელი ქალების გავლენითო, წერდა ჯეიმსი, ენა გადაიქცევა „განზოგადებულ ბოდიალად და ბჟუტურად, უენოს ბღავილად, ძაღლის წკავწკავად,“ ხოლო ხმოვანებით დაედარება „ძროხის ღმუილს, ვირის ყროყინს და ქოფაკის ღავღავს.“ (ჯეიმსი მშვენივრად იცნობდა ანტიკურ ლიტერატურად, ამიტომ უენო ფილომენაზე, იოს ზმუილზე და ქალი ორატორის ყეფაზე მითითება შეიძლება შემთხვევითი სულაც არ იყოს). ჯეიმსი იმ დროში გამონაკლისს არ წარმოადგენდა - მისი თანამედროვენი ოდებს უგალობდნენ ქალის ტკბილ სიმღერას ოჯახურ კერიასთან, მაგრამ საკმარისი იყო სახლს გარეთ ხმა ამოეღოთ და მათი ანგელოზისებრი ხმა უცებ „ცხვირისმიერი წიწინი“, „კაკანი, კრიახი, წუწუნი და ხვიხვინი“ ხდებოდა. „ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის, ეროვნული ღირსების სახელით,“ - ევედრებოდა ჯეიმსი თანამედროვეებს, „საზოგადოებაში ნუ გავაჭაჭანებთ ასეთ ქალებს!“

აქვს ამ სიტყვებს მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, აქვს. მათი მიზანია ქალების ნათქვამს აართვას ავტორიტეტი, ძალა, იუმორიც კი. ამ სიტყვებით ქალის ნათქვამი ლექსიკურად გადაიტყორცნება თავის ადგილას, საოჯახო სფეროში, იქ სადაც ბუდობს სიტყვები, როგორიცაა წუწუნი ან ხვიხვინი. „ბოხხმიანი“ კაცის სიტყვა ასეთ ეპითეტებს არ იმსახურებს, მისი სიტყვა კანონია, ის ავტორიტეტია. როცა ქალის ხმა გაისმის, მას არა აქვს ავტორიტეტი, არა აქვს „მუთოსი“.

როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? ნეტავ ვიცოდე.

ფაქტია, რომ იმ ქალების უმრავლესობა, რომლებიც წარმატებით ახერხებენ საზოგადოებისთვის ხმის გაგონებას ამა თუ იმ სახით 'ანდროგენის' გზას ირჩევენ, იმავეს რასაც მაესია და ელისაბედი - ანუ განზრახ მოირგებენ ხოლმე „კაცური“ რიტორიკის ფორმატებს. მარგარეტ თეტჩერმა სპეციალურად დაიქირავა მასწავლებელი, რომ უფრო დაბალ ტონზე, მამაკაცური ინტონაციით საუბარი ესწავლა და ამით მიენიჭებინა გამოსვლისათვის კაცური ავტორიტეტულობა. ერთი მხრივ - თუ ეს მუშაობს, ჯანდაბას, რა პრობლემაა. მეორე მხრივ - განა ეს მამაკაცის რიტორიკული როლის მორგება სპექტაკლი არაა? ქალების უმრავლესობა ხომ კვლავაც უხმოდ რჩება.

ეგებ რიტორიკული როლების შესახებ უფრო ღრმად უნდა დავფიქრდეთ. იმას ბანალობის გამეორება არ მსურს, აი „ქალები და მამაკაცები ხომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ“. არა. ეგებ უნდა დავფიქრდეთ, საიდან მოდის სიტყვიერი ავტორიტეტი, რა შეადგენს მას და როგორ ვისწავლეთ ამ ავტორიტეტის შეფასება. იმის მაგივრად, რომ ქალებს ვასწავლოთ ბოხი, ჩახრინწული და სრულიად არაბუნებრივი ტონით საუბარი, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, სადაა ბზარები დომინანტურ, მამაკაცურ რიტორიკაში.

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ამ საქმეშიც ბერძნები და რომაელები შეიძლება წაგვეხმარონ. დიახ, სწორედ მათი ტრადიცია იყო სქესზე აგრერიგად მიჯაჭვული დამოკიდებულება საჯარო სიტყვასთან მიმართებაში, კაცის „მუთოსი“ და ქალის დუმილი. ოღონდ, თუ დავაკვირდებით, ანტიკური მწერლები აცნობიერებდნენ ამ დიქოტომიის სისუსტეს და ხშირად თავად მიგვითითებდნენ წინააღმდეგობის გზებზე. იგივე ოვიდიუსი კი წარამარა კი აჩუმებს ქალებს ტრანსფორმაციის დროს, მაგრამ მასვე ეკუთვნის მიგნება, რომ ქალების გაჩუმება ასეთი ადვილი არაა. როცა ფილომენას ენა ამოკვეთეს, მან ფარდაგში ჩააქსოვა მოძალადის სახელი (ამიტომაა, რომ შექსპირისეულ პიესაში ლავინიას არა მარტო ენას, ხელებსაც მოკვეთენ). ანტიკური რიტორიკის თეორეტიკოსები ხშირად უხერხულად იშმუშნებიან, როცა წერენ, რომ საუკეთესო რიტორიკული ხერხები ქალის მიერ მამაკაცის ცდუნების მსგავსიაო. ანუ რა გამოდის, რიტორიკა არც ისე მამაკაცურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს?!

ეს ამბავი ერთი სისხლიანი ისტორიით დავასრულოთ, რომელიც გვიჩვენებს საჯარო სიტყვისთვის სქესთა ანტიკური ომის მთელს სიღრმესა და სერიოზულობას. იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ რომი სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვია. ამ ომებისას მარკუს ტულიუს ციცერონი - რომაული სამყაროს ყველაზე ცნობილი რიტორიკოსი - ბრბომ მოკლა და მისი მოკვეთილი თავი და ხელები რომის ფორუმის ტრიბუნაზე მიაჭედა. ამბობენ, რომ ფულვია, მარკუს ანტონიუსის მეუღლე, ციცერონის ყველაზე გამანადგურებული და დამამცირებელი გამოსვლების სამიზნე, მაშინ ფორუმზე მივიდა, არისტოკრატის წესისამებრ შეკრული თმიდან სარჭები გამოიხსნა და ამ სარჭებით ციცერონის უსიცოცხლო ენა მიაჭედა ფორუმის კედელზე. რა სიმბოლურია, რომ რომაელი არისტოკრატი ქალის მთავარი სიმბოლო, თმის სარჭი მამაკაცური სიტყვის სიმბოლოს დაესო და თანაც სად?! რომის ფორუმზე.

იმის თქმა მინდა, რომ ტრადიციას ორგვარად შეიძლება შევხედოთ: როგორც დომინანტურ ყალიბს, მაგრამ ასევე როგორც ამ ყალიბში არსებულ ბზარებს, კონფლიქტებსა და პარადოქსებს, რათა სწორი შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს, კრიტიკულად შევხედოს საჯარო სიტყვას, გინდ ქალის და გინდ მამაკაცის წარმოთქმულს. უნდა დავფიქრდეთ, როგორ და როდის უნდა უპასუხოს თანამედროვე პენელოპემ თანამედროვე ტელემაქეს, ან ხომ არ მოსულა დრო, მის ტრიგსმა თმის სარჭები მოიმარჯვოს...

Mary Beard · The Public Voice of Women
Public speech was a – if not the – defining attribute of maleness. A woman speaking in public was, in most…

სტატიის ორიგინალი

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (27 ივლისი - 2 აგვისტო)

ევროპის კვირა (27 ივლისი - 2 აგვისტო)

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! აგვისტოს დადგომასთან ერთად, ევროპამაც ჩემოდნების ჩალაგება დაიწყო. ბრიუსელის დერეფნებიც ნელ-ნელა ცარიელდება: ევროპარლამენტმა სექტემბრამდე შეაჩერა მუშაობა, ევროკომისია მორიგეობის რეჟიმზე გადავიდა, ევროპულ დედაქალაქებშიც პოლიტიკური ცხოვრების ტემპიც შენელდა. ევროპული პოლიტიკის დაუწერელი წესია: აგვისტოში მხოლოდ კრიზისები თუ „მუშაობენ“. თუმცა, სამუშაო მაგიდებზე დატოვებული საქმეების ნუსხა არ იცდის. ამიტომაც ევროკომისიის მოხელეთა

lock-1