კამიუ: ამბოხებული
ადამიანი რომელიც ამბობს, არა!
რაა ამბოხებული ადამიანი? ესაა ადამიანი, რომელიც ამბობს - არა! ის უარს ამბობს, მაგრამ არ ნებდება. ესაა კაცი, ვინაც ოდესღაც ქედი თანხმობით მოიდრიკა, მონად იქცა და მთელი ცხოვრება სხვას ემორჩილებოდა. ოღონდაც აი, უცბად, ახალი ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობს.
მაინც რას გამოხატავს ამ უარყოფით?
„ამოვიდა ყელში,“ „აქამდე კიდევ არაუშავდა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია,“ „ნამეტანი შორს შეტოპეთ,“ „აქაა ზღვარი, რომელსაც ვერ გადააბიჯებთ“... უარყოფა აწესებს საზღვარს, ნათელყოფს ამ საზღვრის არსებობას.
ამბოხებულის განცდა, რომ მავანმა „ნამეტანი შორს შეტოპა“ თავისი არსით მიუთითებს, რომ იმ ვიღაცამ საკუთარი უფლება გაავრცელა იმ მიჯნის მიღმა, სადაც ამბოხებულის უფლება მას უწესებს საზღვარს.
ამგვარად, ამბოხებულის სულისკვეთება ერთსა და იმავე დროს კატეგორიულად უარყოფს მის სივრცეში ამ ყოვლად მიუღებელ შემოჭრას და ყოყმანით, თუმცა ჯიუტად, აცნობიერებს თავის უფლებას. ამბოხებული ვერ იქნები, თუკი გულისგულში არ გჯერა, რომ სადღაც, რაღაცაში მართალი ხარ.
ამგვარად, დიახ, ამბოხებული მონა უარყოფს, მაგრამ იმავე დროს, ადასტურებს კიდეც. ადასტურებს საზღვრის არსებობას და იმასაც, რომ ამ საზღვრის მიღმა არსებობს რაღაც, რაც მისთვის ძვირფასია. ის აცხადებს, კიარადა ჯიუტად ამტკიცებს, რომ აი ამ რაღაცის დასაცავად „უღირს.“ გარკვეული გაგებით, მის მჩაგვრელ წესრიგს ამბოხებული უპირისპირებს უფლებას, არ იყოს დაჩაგრული იმაზე მეტად, იმ მიჯნის მიღმა, რომელსაც თავადვე დააწესებს.
მჩაგვრელის უარყოფასთან ერთად, ნებისმიერი ამბოხება გულისხმობს ადამიანის სრულ და იმწამიერ ერთობას საკუთარი არსების ერთ ნაწილთან. ამბოხებით ის ღირებულებას ანიჭებს რაღაცას, იმას, რის დასაცავადაც ის მზადაა - საფრთხის მიუხედავად.
აქამდე ის ჩუმად იყო, მინდობილი იყო საქმის ჩვეულ ვითარებას, რომელსაც შესაძლოა უსამართლოდ კი თვლიდა, მაგრამ უთქმელად იღებდა. თუკი ჩუმდები, ქმნი შთაბეჭდილებას, რომ არც არაფერს აფასებ, არც არაფრის სურვილი გაქვს და, ეგებ, ზოგჯერ მართლაც არა გაქვს არაფრის სურვილი. უიმედო ადამიანისთვის ყველაფერი ფასეულია, მას ყველაფერი სურს ზოგადად, მაგრამ არაფერი კერძოდ. სიჩუმე თარგმანში არ იკარგება.
ოღონდაც, საკმარისია კაცმა ხმა ამოიღოს, რომ თუნდაც მხოლოდ „არას“ თქმით, მისი სურვილები და მისი ფასეულობები აშკარა ხდება. აქამდე ის ბატონის შოლტქვეშ იყო მოხრილი. ახლა ის ბატონს თვალებში შესცქერის. აცნობიერებს, რას აფასებს მეტად და და რას - ნაკლებად. ფასეულობის ყოველ გაცნობიერებას როდი მოჰყვება ამბოხი, მაგრამ ამბოხისკენ ყოველი სწრაფვა გულისხმობს ფასეულობის გაცნობიერებას. ოღონდ რა ფასეულობისა?
ამბოხით აღძრულ ადამიანში გაკრთება აღქმა იმისა, რომ მის არსებაში არის რაღაც, რასთანაც თავს აიგივებს, წამიერად მაინც. ამბოხებულს ეს განცდა გაცნობიერებული აქამდე არა ჰქონია. მას მოუწოდებდნენ აჯანყებისკენ, მაგრამ ამაოდ. ხშირად იმაზე ბევრად უფრო ამაზრზენი ბრძანება შეუსრულებია, ვიდრე ის, რომელსაც დღეს მტკიცე უარი შეაგება. ამას უძახდა ის მოთმინებას - შესაძლოა გულში ეწინააღმდეგებოდა კიდეც ამ ბრძანებებს, მაგრამ დუმდა და ამ დუმილით საკუთარ, კერძო ინტერესს საკუთარი უფლების გაცნობიერებაზე მაღლა აყენებდა.
დაკარგა რა მოთმინება, თავისი მოუთმენელობით მან შვა გაცნობიერების ტალღა, რომელიც გავრცელდება და მალევე შთანთქავს ყოველივე იმას, რასაც ადრე მისაღებად თვლიდა. ამგვარი ტალღა ყოველთვის წარსულისკენაა განფენილი. როგორც კი მონა მჩაგვრელის ბრძანებას უარყოფს, ამით ის ასევე უარყოფს ოდესღაც, წარსულში თავის დამონებას.
ამბოხის ტალღა მას იმაზე უფრო შორს მიაქანებს, ვიდრე ერთი დამამცირებელი ბრძანების უბრალო უარყოფაა. და თუკი თავიდან ის მჩაგვრელს ჩაგვრისთვის რაღაც საზღვარს უწესებდა, ახლა ამბოხებულს მასთან თანასწორობა სურს. ის, რაც იშვა, როგორც ადამიანური ღირსების უმცირესი ნაწილაკის დაცვის სურვილი, ახლა უკვე თავს აღიქვამს ადამიანობად, ამ ცნების მთელი სისრულით.
საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომლის პატივისცემასაც ადრე მოითხოვდა, ახლა ამბოხებული ყველაფერზე, თვით სიცოცხლეზე მაღლაც კი აყენებს. ის ნაწილი იქცევა ზე-ღირებულებად. თავიდან კომპრომისისკენ მიდრეკილი ჩვენი მონა ახლა („როცა საქმე საქმეზე მიდგა“) აცხადებს - ან ყველაფერი, ან არაფერი!
ამბოხებამ შვა გაცნობიერება. რისი გაცნობიერება?
დავაკვირდეთ ამბოხებულის ამოძახილს - გაცნობიერება მოიცავს არსით ჯერაც ბუნდოვან „ყველაფერს“ და „არაფერს“, ეს განაცხადი თავის თავში გულისხმობს მზადყოფნას, რომ ამ „ყველაფრისათვის“ ამბოხებულმა მსხვერპლი გაიღოს.
ამბოხებულს სურს იყოს ყველაფერი, თავი გააიგივოს იმ ფასეულობასთან, რომლის არსებობაც სულ ახლახანს აღმოაჩინა და რომლის განსხეულებადაც სურს, რომ აღიქვან და სწორედ ასეთად მიაგონ პატივი. თუ არადა, ის მზადაა იქცეს არაფრად - სხვა სიტყვებით, საბოლოოდ გააცამტვეროს მჩაგვრელმა ძალამ. უკიდურეს შემთხვევაში, ამბოხებული მზადაა ამ მარცხის შედეგი სიკვდილიც იყოს, თუკი ცოცხლად დასარჩენად მოუწევს დათმოს ის კურთხეული ფასეულობა, რომელსაც იგი უკვე თავისუფლებას უწოდებს.
ზეზეულად სიკვდილი სჯობს დაჩოქილ სიცოცხლეს.
ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა