ამ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ ჯერაც უცნობმა კიბერდამნაშავემ რამდენიმე ევროპული ქვეყნის სუპერმარკეტებში მაცივრებზე კონტროლის ხელში ჩაგდება მოახერხა და ტემპერატურა ზოგან პლიუს 80 გრადუსამდე გაზარდა, რითაც მილიონობით ევროს საქონელი გააფუჭა და ხანძრის საფრთხეც შექმნა. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მჭიდრო კავშირზე, რომელიც დღეს ციფრულ და ფიზიკურ ინფრასტრუქტურას შორის არსებობს. გთავაზობთ თემურ იაკობაშვილის სტატიას ამ თემაზე.
ავტორი: თემურ იაკობაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია აშშ-ში. ამ სტატიის სრული ვარიანტი ჩვენი პარტნიორის, ჟურნალ GEOPolitics-ის ნომერში გამოქვეყნდა.

წლების განმავლობაში „კრიტიკული ინფრასტრუქტურა“ ძირითადად ელექტროსადგურებს, მილსადენებს, ხიდებს, ნავსადგურებსა და რკინიგზას ნიშნავდა. ამ ობიექტებს სახელმწიფო ფიზიკური დაცვითა და საგანგებო სამსახურებით იცავდა. 2025 წლის იანვარში ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელები დააზიანეს. NATO-მა იქ მალევე საგანგებო პატრულირება დაიწყო. ამ კაბელებზე ინტერნეტით გადაცემული ინფორმაციის 95%-ზე მეტი გადის და ლოკალური დაზიანებაც კილომეტრებით დაშორებულ ეკონომიკებზე აისახება.
დღეს ინფრასტრუქტურა ფიზიკური ობიექტების, ციფრული ქსელების, მონაცემების, პროგრამული უზრუნველყოფის, თანამგზავრების, ფინანსური ქსელებისა და ადამიანური ცოდნის ერთიანი სისტემაა. მისი ზოგიერთი ნაწილი უხილავია. ზოგი მომხმარებლისგან ათასობით კილომეტრში მდებარეობს. ერთ ნაწილში წარმოქმნილი შეფერხება კი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს სხვა დარგებში და სახელმწიფო საზღვრებსაც გასცდეს.
ამიტომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მთავარი საზომი დღეს სასიცოცხლო ფუნქციის უწყვეტობაა. ევროკავშირის დირექტივა ამ ლოგიკით ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ჯანდაცვას, წყალმომარაგებასა და ციფრულ ინფრასტრუქტურას ერთ სიბრტყეში განიხილავს. მაგალითად, საავადმყოფოს მუშაობა მხოლოდ შენობასა და სამედიცინო აპარატურაზე არ არის დამოკიდებული. მას ელექტროენერგია, წყალი, კავშირგაბმულობა, წამლები და ციფრული სისტემები სჭირდება. ბანკს კი შესაძლოა ფიზიკური ინფრასტრუქტურა თითქმის არ ჰქონდეს, მაგრამ „ღრუბელში“ განთავსებული მომსახურების დაკარგვამ მისი მუშაობა მაინც მთლიანად შეაჩეროს.
ფიზიკური ინფრასტრუქტურიდან ციფრულ ქსელამდე
ამ ურთიერთდაკავშირებულ ქსელში ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურას შორის გამყოფი ხაზი სულ უფრო ფერმკრთალდება. ელექტროქსელებს პროგრამული უზრუნველყოფა მართავს. ნავსადგურები ციფრულ სისტემებს ეყრდნობა. ფინანსური მომსახურება მონაცემთა ქსელებზეა დამოკიდებული. ასეთ პირობებში კიბერშეტევამ სისტემა შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს. კაბელის ან მონაცემთა ცენტრის დაზიანება კი ციფრულ მომსახურებას აჩერებს. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოება უკვე ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტი კი არა, მისი განუყოფელი ნაწილია.
მონაცემებიც დამოუკიდებელ ინფრასტრუქტურად იქცა. მონაცემთა ცენტრებს, მონაცემთა ცენტრების მომსახურებასა და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს დღეს გზებისა და ნავსადგურების მსგავსი მნიშვნელობა აქვს. თანამგზავრები კავშირგაბმულობას, ადგილმდებარეობის განსაზღვრასა და ტრანზაქციებს უზრუნველყოფს. შედეგად, ინფრასტრუქტურის დაცვა მიწისქვეშა კაბელებიდან კოსმოსამდე ვრცელდება.
ამ სისტემების მართვაში ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო იზრდება. მას ხარვეზის აღმოჩენა, გაუმართაობის წინასწარ განჭვრეტა და დაზიანებული ნაწილის იზოლირება შეუძლია. ამავე დროს იზრდება თავად ამ სისტემების დაცვის საჭიროება. მოწინააღმდეგემ შესაძლოა მონაცემები, ალგორითმები და სენსორები დაამახინჯოს და სისტემა შეცდომაში შეიყვანოს. ამიტომ ტექნოლოგიის გამოყენებასთან ერთად ადამიანური ექსპერტიზა კვლავ საჭიროა.
ამავე დროს ინფრასტრუქტურა სულ უფრო დეცენტრალიზებული ხდება. მცირე ენერგოსისტემები, ადგილობრივი საცავები და განაწილებული წარმოება ერთ დიდ ობიექტზე დამოკიდებულებას ამცირებს. უკრაინის გამოცდილებამ ამ მიდგომის მნიშვნელობა აჩვენა. რაკეტებით, უპილოტო აპარატებითა და კიბერშეტევებით მიყენებულმა დარტყმებმა დიდი სისტემების სისუსტე გამოააშკარავა. ქვესადგურის შეცვლას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. მის დაზიანებას კი იაფი უპილოტო აპარატი წამებში ახერხებს. დეცენტრალიზება მოწინააღმდეგეს ერთი გადამწყვეტი სამიზნის შერჩევას ურთულებს.
რადგანაც ომის პირობებში ყველაფრის დაცვა შეუძლებელია, მედეგობა სასიცოცხლო მომსახურების შენარჩუნებას, ზიანის მაქსიმალურად შეზღუდვასა და სწრაფ აღდგენას ნიშნავს. სარემონტო ჯგუფებმა, ინჟინრებმა და სათადარიგო აღჭურვილობამ ამ პირობებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.

ამ მიდგომას საერთაშორისო განზომილებაც აქვს. კრიტიკული ინფრასტრუქტურა ეროვნულ ჩარჩოებში ვეღარ თავსდება. მისი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია და ხშირად რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობას ექვემდებარება. წყალქვეშა კაბელი, ნავსადგური ან სატრანსპორტო დერეფანი ერთდროულად რამდენიმე ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მთავრობები ამ ქსელებს მარტო ვერ მართავენ და კერძო კომპანიებთან მუდმივი თანამშრომლობა სჭირდებათ. NATO-ის კვლევის მიხედვით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება ერთობლივი თავდაცვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მოკავშირეებს ტერიტორიასთან ერთად ეკონომიკისა და საჯარო მომსახურების მასაზრდოებელი ქსელების დაცვაც მოუწევთ.
საქართველო, როგორც დამაკავშირებელი რგოლი
ეს საკითხი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანა შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქსელების გადაკვეთის წერტილშია. მილსადენები, ნავსადგურები, რკინიგზა და ელექტროგადამცემი ხაზები მხოლოდ შიდა მოთხოვნას არ ემსახურება. ისინი რეგიონულ ვაჭრობას, ენერგიის გატარებასა და მონაცემთა მიმოცვლასაც უზრუნველყოფს. ამის გამო საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეროვნულთან ერთად საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. შავი ზღვის უსაფრთხოება და შუა დერეფნის განვითარება ამ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

ქართულ ნავსადგურში ან რკინიგზაზე შეფერხება საქართველოს ფარგლებს გარეთაც იგრძნობა. საზღვარგარეთ მომხდარმა შეფერხებამ კი შესაძლოა საქართველოში სასიცოცხლო სერვისზე წვდომა შეზღუდოს. ალესანდრო ლაზარისა და ნანა ტაბაღუას შეფასებით, საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მედეგობის მკაფიო ეროვნული ჩარჩო სჭირდება. ეს ჩარჩო ევროპულ გამოცდილებასა და სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების თანამშრომლობას უნდა დაეყრდნოს. ჩარჩომ რისკის შეფასება, სათადარიგო სიმძლავრეები, ციფრული სისტემების უსაფრთხოება და სწრაფი აღდგენის გეგმა უნდა მოიცვას. კრიზისზე პასუხის სტრატეგიები კი წინასწარ უნდა არსებობდეს.
პატარა ქვეყნის მიზანი ყველაზე ფართო ან რთული ინფრასტრუქტურის შექმნა არ არის. უფრო მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომლის პარალიზებაც რთული იქნება. თუ საქართველო შეძლებს უსაფრთხო და მედეგი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების უზრუნველყოფას, მისი ინფრასტრუქტურა ევროპისა და ფართო რეგიონისთვის სტრატეგიულ აქტივად იქცევა. ამისთვის ქვეყანას ყველა საჭირო რესურსის მოძიება დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია გახდეს უფრო დიდი ქსელის საიმედო კვანძი - საკმარისად დაკავშირებული, რომ მნიშვნელოვანი იყოს, საკმარისად დივერსიფიცირებული, რომ გაუძლოს და საკმარისად ორგანიზებული, რომ აღდგეს.


