„მაგა" ევროპელ ნაციონალისტებთან ფლირტს ინანებს

რაში უნდა აწყობდეს ამერიკის პირველობის მსურველ პარტიას ანტიამერიკული მთავრობების წახალისება?

„მაგა" ევროპელ ნაციონალისტებთან ფლირტს ინანებს
მაგა არ იმჩნევს, რომ ანტიამერიკანიზმი ევროპული ნაციონალიზმის მამოძრავებელია

ჯანან განეში, ფაინეიშნლ თაიმსის მესვეტე

დონალდ ტრამპი 18 წლისა იყო, როცა ერთმა უცხოელმა მისი საყვარელი "მონროს დოქტრინის" შეჯანჯღარება გადაწყვიტა. 1964 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი, შარლ დე გოლი ლათინურ ამერიკას ეწვია და იქაურებს ამერიკული გავლენის შესუსტებაზე ჩაუტარა აგიტაცია, თანაც საფრანგეთი წარმოაჩინა ძალის ალტერნატიულ პოლუსად. ცოდვა გამხელილი ჯობს, ეს ვოიაჟი მაშინაც ისევე არასერიოზულად გამოიყურებოდა, როგორც დღეს ჟღერს. ალჟირში დამარცხებული საფრანგეთი ვერ იყო ისეთ ფორმაში, იანკებს მათსავე ნახევარ ნახევარსფეროში რომ შესცილებოდა. თუმცაღა, საქვეყნოდ განთქმული ბერიკაცის სანახავად ბლომად ხალხი კი შეიყარა. მაშინდელმა "თაიმმა" ამ ამბავს "დე გოლივერის მოგზაურობა" უწოდა.

დონალდ ტრამპი თუ მაშინდელ ამბებს გადახედავდა, ვინცობაა ისეთი რამე შეეგნო, რასაც "მაგას" ხალხი ჯიუტად ვერ ამჩნევს, როცა ბებერი კონტინენტის ულტრამემარჯვენეებს ელაციცება: ევროპელი ნაციონალისტები ხშირად ანტი-ამერიკელები თუ არა, ამერიკის მოწინააღმდეგეები მაინც არიან.

ევროპელი ნაციონალისტების ხედვით, აშშ "სისხლის სიწმინდისა და მიწაწყლის" დამცველად ვერ გამოდგება. მათთვის ამერიკა უსამშობლო კომერსანტების ქვეყანაა, რომელსაც განზრახ თუ უნებლიედ მთელი მსოფლიოს ერთ თარგზე მოჭრა სურს და კერძები იქნება, ყოფითი კულტურა თუ კინემატოგრაფი, ევროპის ეროვნული თავისებურებების გაუქმებას უწყობს ხელს. ზოგიერთი ევროპელი ნაციონალისტი რელიგიური თვალსაზრისითაც უყურებს აშშ-ს ამრეზით: ევროპაში ნაციონალისტების უმრავლესობა ან კათოლიკეა, ან მართლმადიდებელი, აშშ-ში კი არა.

თუ ტრადიციული გოლისტური მემარჯვენეებიდან გვარიანად მარჯვნივ ჩავიჩოჩებთ, დავინახავთ, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ღიად პრო-რუსული ძალაა და თანაც იმ ქვეყანაში, რომელიც მეორე მსოფლიოს შემდეგ ყოველთვის ტრანსატლანტიკური კავშირის მთავარი ქომაგი იყო. ვიქტორ ორბანიც უფრო აღმოსავლეთით იცქირება, ვიდრე ატლანტიკის გადაღმა, ის ევროპაში ჩინეთის საუკეთესო მეგობარია. არადა, ზოგჯერ ავადმყოფურად ანტიჩინური გამოხტომებით ცნობილი "მაგა" ისე უჟუჟუნებს ორბანს თვალებს, თითქოს ტრამპის პირდაპირი მემკვიდრე ყოფილიყოს. ამგვარი სიბეცე ექსცენტრული "მაგასთვისაც" კი უცნაურია. არადა, თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება მწარედ ინანონ, მტრებს რომ იხუტებდნენ გულში.

ვიცი, იმ ამერიკელებს, ევროპელ ნაციონალისტებზე რომ ამოსდით მზე და მთვარე, ეთიკური და მორალური არგუმენტებით ვერ გადავარწმუნებ. ამოტომაც, მოდით, გვერდით მივუჩოჩდები და ყურში ცინიკურად ჩავჩურჩულებ: "კი, მაგრამ თქვენ რა ხეირი?!" თუკი ამბობთ, რომ მარად და ყველგან ამერიკის ინტერესი უნდა იყოს მთავარი, რანაირად იქნება თქვენთვის მომგებიანი პარიზსა და ბერლინში ანტიამერიკული განწყობის ხალხის მოსვლა ხელისუფლებაში? რანაირად უხამებთ ერთმანეთს "ჯერ ამერიკა!" პოლიტიკას და თქვენივე მოწინააღმდეგე ნაციონალისტების მხარდაჭერას?

ზედიზედ მეორედ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ტრამპის წარგზავნილმა ევროპელ ულტრამემარჯვენეებს საჯაროდ გაუწოდა ხელი. კი, მარკო რუბიომ ეს უფრო მეტი ტაქტით (და, როგორც ამბობენ, შედარებით გულსგარეთ) გააკეთა ვიდრე შარშან ჯეიდი ვენსმა. მაინც, ტრიბუნაზე გამოდგომა და "ცივილიზაციაზე" თუ "ქრისტიანულ რწმენაზე" თვალზე ლიბრგადაკრული როშვა ევროპაში ორბანისნაირების საყვარელი თემაა. ამგვარად მოსაუბრე რუბიო სწორედ მათ უგზავნის მხარდაჭერის კოდურ სიგნალს. არცაა საჭირო ზედმეტი მარჩიელობა: მიუნხენიდან რუბიო სწორედ ბუდაპეშტში გაემგზავრა და საარჩევნო კამპანიაში ჩაბმულ ორბანს მხარდაჭერა და აშშ-სთან "თანამშრომლობის ოქროს საუკუნე" აღუთქვა.

გასაკვირი ის არაა, რომ ასეთი გამოხტომები ევროპელ ლიბერალებს სძულთ. გასაკვირი ისაა, რომ ამერიკელ ნაციონალისტებს მოსწონთ. ვინ დაუჯერებს ვაშინგტონს უფრო გულდასმით - გერმანიის ტრადიციული პარტიებისგან შემდგარი მთავრობა, თუ მისი AfD-ინფიცირებული ვერსია? ასეთი ჯიშის პარტიებს ამერიკა რომც არ ეზიზღებოდეთ, თავის მოჩვენება მაინც მოუწევთ, არჩევნებში რომ გაიმარჯვონ და თავიანთი ანტიამერიკელი მომხრეები შეინარჩუნონ. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპთან გადამეტებულმა ლაქუცმა 2025 წელს არჩევნებზე წირვა გამოუყვანა კანადისა და ავსტრალიის მემარჯვენე პარტიებსა და კანდიდატებს. ისიც ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის "ეროვნული ერთობის" თავკაცმა, ჟორდან ბარდელამ საჭიროდ ჩათვალა დაეგმო ამერიკის "იმპერიალისტური მუქარა" გრენლანდიის წინააღმდეგ. არჩევნებიც რომ არ იყოს, ასეთი პარტიების ამომრჩევლების ანტიამერიკანიზმი ძველი ამბავია და ჯერ კიდევ წარსული საუკუნეების ანგლოფობიაში აქვს გადგმული ფესვები. გერმანელი და ფრანგი კონსერვატორები ტრადიციულად თვლიდნენ, რომ ბრიტანეთი ზედმეტად იყო ვაჭრობისა და მეცნიერებისაკენ მიდრეკილი და ნამდვილი კულტურისა კი არაფერი გაეგებოდა.

როგორ აღმოჩნდა აშშ სასიყვარულო სარეცელში მათსავე მოძულეებთან, რთული სათქმელია. შეიძლება უბრალოდ უცოდინრობით მოუვიდათ. არა, იმას ვერ ვიტყვით, რომ "მაგას" ხალხი ანდა მათი ლიდერი სულელია, მაგრამ აშკარაა, რომ დეტალებში წვდომით თავს მაინცდამაინც არ იწუხებენ. შეიძლება ვერც კი აცნობიერებენ, რამხელა ისტორია აქვს ევროპელ მემარჯვენეებს შორის ანტი-ამერიკულ განწყობებს და რომ მათთვის ამერიკელები ერი კიარა, ერთი დიდი ბაზარია ზედ დარჭობილი დროშით.

ამერიკული თვალისთვის უცნაურია, რომ ევროპაში ულტრამემარჯვენეებსა და ულტრამემარცხენეებს ბევრი რამ აქვთ საერთო - მაგალითად არც ერთს დასანახად არ მოსწონს თავისუფალი ბაზარი. ჯეიდი ვენსს თუ მარეთლა უნდა, ევროპა "კვლავაც მოგუგუნე ეკონომიკა გახდეს", მაშინ "ეროვნული ერთობის" და ნაიჯელ ფარაჟის პარტიების მხარდაჭერა ბითურობაა.

ბუნებრივია, არსებობს მეორე შესაძლო ახსნაც: "მაგას" ევროპა უბრალოდ ცალ ფეხზე ჰკიდია. მათ ისიც გაუხარდებათ, ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლით ევროპაში თუ ყველაფერი აირევა. თუ ასეა, მე გამოვდივარ შტერი ამ ჩემი გარჩევებითა და ამერიკისა და ევროპის საგარეო პოლიტიკური ტრადიციების ნიუანსების შედარებითი დახასიათებით.

აგერ თითქმის ათი წელი გავიდა დასავლურ სამყაროში პოპულისტების საარჩევნო წარმატებებიდან და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიმომხილველები უფრო სერიოზულად აღიქვამენ პოპულისტებს, ვიდრე ისინი საკუთარ თავს. ამ ხალხისთვის "ფაშისტების" დაძახება არა მხოლოდ აუფასურებს იმ საშინელებას, რაც 1930-1940 წლებში მოხდა, არამედ ზედმეტად სერიოზულად წარმოაჩენს ხალხს, ვისთვისაც პოლიტიკა დარბაზში სკამების მტვრევის სპორტული ნაირსახეობაა. მათ არანაირი -იზმი არ ამოძრავებთ, ნიჰილიზმის გარდა.

ასე რომ არ იყოს, ორბანის ანტიამერიკანიზმი - რაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია - სერიოზული ადამიანის ტვინში ვერ შეძლებდა ამერიკის პირველობის წადილთან თანაცხოვრებას.

თავში მოყოლილ ამბავს რომ მივუბრუნდეთ, დე გოლს ზედმეტადაც არ მოუშლია ნერვები ამერიკისთვის. დიდი გენერალი დიდი რეალისტიც იყო და კარგად იცოდა საკუთარი გადაჭარბებული პატივმოყვარეობის დროზე მოთოკვა. მისგან განსხვავებით, დღევანდელ ევროპელ ნაგიჟრებს შეიძლება გაუჭირდეთ საკუთარი თავის გაკონტროლება. მით უფრო უცნაურია ამერიკელების აშკარა სურვილი, თავად ნახონ, თუ როგორ დასრულდება ეს ამბავი.

ეგებ ტრამპის მთავრობის საუკეთესო კრიტიკა ისაა, რომ წესიერად ეგოისტობაც კი არ გამოსდით?!