ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციასა და ჩარევას, შემოკლებით FIMI-ს, უცხოელი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორის განზრახ და კოორდინირებულ მოქმედებად განმარტავს. ამ განმარტებიდან გამომდინარე, როცა საქმე ასეთ ჩარევებთან ბრძოლას ეხება, ევროპული ინსტიტუტები პირველ რიგში ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ, რომელი მტრული ძალა დგას ამა თუ იმ საინფორმაციო ოპერაციის უკან. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ, თუკი მოცემულ სახელმწიფოში პროპაგანდისტული იდეები იმდენად გათავისებულია, რომ „უცხოური ძალის“ ჩარევა საჭირო აღარ არის?
„მოშინაურებული“ რუსული იდეები
2025 წლის დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინას ცხრა სამრეწველო გენერატორი გაუგზავნა. მოგვიანებით უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ გენერატორები სუმის ოლქში ჩაიბარა. ერთი თვის შემდეგ კი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ეს გენერატორები უკრაინულ საიტზე იყიდებოდა. მტკიცებულებად მაყურებელს მხოლოდ გენერატორის ფოტო აჩვენეს. მასზე არც სერიული ნომერი ჩანდა და არც სხვა დოკუმენტი იყო მითითებული, რომელიც ინტერნეტში გასაყიდ ტექნიკას საქართველოს მიერ გადაცემულ გენერატორებთან დააკავშირებდა.
ამის შემდეგ, ეს ამბავი რუსულმა მედიამ „იმედზე“ დაყრდნობით გაავრცელა, შემდეგ კი რუსულენოვანმა ანგარიშებმა Facebook-სა და Telegram-ზე გადააზიარეს და ვირუსული ტალღაც აგორდა. საგულისხმოა, რომ იმავე შინაარსის ცნობა რამდენიმე დღით ადრე პოლონეთიდან უკრაინაში გაგზავნილ გენერატორების შესახებაც გავრცელდა, თუმცა პოლონურმა მხარემ, გენერატორების მახასიათებლებზე და სერიულ ნომრებზე დაყრდნობით, ინფორმაცია მალევე უარყო.
ქართულ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ დეზინფორმაციის პირველწყარო საქართველო იყო და არა რუსეთი: ამბავი თბილისში შეიქმნა და უკვე მერე რუსეთის საინფორმაციო სივრცემ აიტაცა, როგორც უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული პროპაგანდა.
სწორედ ესაა „მოშინაურებული FIMI“: დეზინფორმაციის სამიზნე ქვეყანაში მის გარეთ, მტრულ ქვეყანაში შექმნილი ნარატივების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივმა პოლიტიკურმა და მედიასისტემამ იმდენად გაითავისა, რომ თვითონვე აწარმოებს. პოლიტიკური ენა და არგუმენტები რუსული საინფორმაციო გამოცდილებიდან მოდის, თუმცა ქართულ რეალობას არის მორგებული და უკვე ადგილობრივი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. გავრცელების ინფრასტრუქტურა წმინდად ადგილობრივია. საქართველოში „იმედი“, „რუსთავი 2“, თუ POSTV, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, უნისონში ეწევიან პრო-რუსული გზავნილების პროპაგანდას. ამასთან, ეს მედია საშუალებები ყველაზე მეტ თანხასაც გამოიმუშავებენ - გინდ ხაზინიდან და გინდაც რეკლამიდან.
დეზინფორმაციული ნარატივების პირველწყაროს პოვნა რთული არაა: „სუვერენული დემოკრატიის“ იდეა პუტინის რუსეთში გაჩნდა, იქვე დამკვიდრდა „ფერადი რევოლუციების“ შესახებ შეთქმულების თეორიები, 2012 წელს რუსეთმა „უცხოელი აგენტების“ კანონი მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი LGBT „პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონი. ათი წლის შემდეგ იმავე შინაარსის კანონები „ქართულმა ოცნებამაც” მიიღო, დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები რევოლუციის მომზადებაში ჩართულ ჯგუფებად გამოაცხადა, ადამიანის უფლებების დაცვა „გარყვნილი დასავლეთის“ იდეოლოგიად შერაცხა, დასავლეთის მხარდაჭერა კი ხელისუფლების დამხობის მცდელობად მონათლა.
თუმცა პრობლემა ისაა, რომ უცხო ქვეყნიდან წამოსული პროპაგანდისტული გზავნილები და ადგილობრივი საინფორმაციო სივრცე ერთმანეთში იხლართება. დასავლეთის დემონიზაცია, „მეორე ფრონტის“ შიში, „გარყვნილი ევროპის“ მიმართ სიძულვილის თესვა, სუვერენიტეტის დაცვა უჩინარი მტრებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების „აგენტებად“ წარმოჩენა იმავე ეთერში ხვდება, სადაც ადგილობრივი ამბები, სპორტული და საეკლესიო ამბები და ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო რეიტინგები გადაიცემა. ერთი და იგივე წამყვანი, ერთი და იგივე ტონი და ერთი და იგივე საინფორმაციო გამოშვება რუსეთში შექმნილ ნარატივებს ადგილობრივ პოლიტიკურ გზავნილებში აზელს. „მოშინაურებული FIMI“ ოპერაციების წარმოებას ყოველ ჯერზე უცხოეთიდან მითითება აღარ სჭირდება, გარედან ნასწავლი მეთოდი ადგილობრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცევა.
ევროკავშირის თავსატეხი
საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად იყენებს ასეთ დეზინფორმაციას ანტი-ევროპული კურსის გასამართლებლად. განსაკუთრებით ეფექტიანია დასავლეთის ქვეყნების პრობლემების შერჩევითად გამოყენება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გასამართლებლად. ხელისუფლება ხშირად იშველიებს გერმანიაში AfD-ის მიმართ მიღებულ ზომებს, აშშ-ში FARA-ს გამოყენებას, დანიაში აქციების დაშლას ან ბრიტანეთის გადატვირთულ ციხეებს. აქცენტი გადატანილია ევროპის არა უარყოფაზე, არამედ მიმართ ნდობის შესუსტებაზე, რაც ზედგამოჭრილია ტაქტიკაა ქვეყნისთვის, სადაც ევროკავშირში გაწევრებას მოსახლეობის 71% ემხრობა.
როგორ უნდა უპასუხოს ამას ევროკავშირმა, და აქვს კი მას საამისო ინსტრუმენტები?
ევროკავშირის FIMI-სთან ბრძოლის ინსტრუმენტები ოთხ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა:
- საფრთხეების გამოვლენასა და ანალიზს,
- საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას,
- ოპერაციების ჩაშლასა და რეგულირებას და
- საგარეო-პოლიტიკურ მოქმედებებს.
პრაქტიკაში ეს გულისხმობს უცხოელი აქტორების ქსელების აღმოჩენას, სოციალური მედიის პლატფორმებთან თანამშრომლობას, ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების მხარდაჭერას, ჩარევის შემთხვევების დაწვრილებით გამოძიებას და ავტორების საჯაროდ დასახელებას და, საჭიროების შემთხვევაში, სანქციების დაწესებას. ეს სისტემა იმ ვარაუდს ეფუძნება, რომ საინფორმაციო ოპერაციას აქვს ხილული უცხოური კვალი და მისი ინიციატორია მტრული სახელმწიფოს უწყება, მათი დაფინანსებული შუამავალი, ყალბი ანგარიშების ქსელი, პროქსი-ვებგვერდი ან სხვა ინფრასტრუქტურა, რომელსაც საბოლოოდ უცხოელ აქტორთან მივყავართ.
„მოშინაურებული FIMI“ სწორედ მტკიცების ამ კვალს აქრობს. ნარატივს შეიძლება რუსული წარმოშობა ჰქონდეს, მაგრამ მას საქართველოში ან სხვაგან ადგილობრივი ტელევიზია ქმნიდეს და ავრცელებდეს, ადგილობრივი ჟურნალისტი ახმოვანებდეს, ადგილობრივი პოლიტიკოსი იმეორებდეს და ადგილობრივი სარეკლამო ბაზარი აფინანსებდეს. მის გასავრცელებლად აღარ არის საჭირო არც რუსული დავალება და არც რუსული ფული.
შედეგად, ევროკავშირი კლასიფიკაციის პრობლემის წინაშე დგება, რადგან თუ ასეთ საქმიანობას FIMI-ს უწოდებს, მკაცრი საგარეო-პოლიტიკური ზომების გამოსაყენებლად უცხოელ აქტორთან კავშირი უნდა დაასაბუთოს. ხოლო თუ ევროკავშირი მას მხოლოდ შიდა პროპაგანდად მიიჩნევს, საკითხი FIMI-ს ინსტრუმენტებში აღარ ჯდება და პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების, კონკურენციის ან დემოკრატიული უკუსვლის შედარებით რუტინულ კონტექსტში გადადის. დეზინფორმაციის მწარმოებლების დასჯა რთული ხდება.
იგივე ხარვეზი ჩანს საფრთხეების აღრიცხვის დროსაც. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის 2026 წლის მეოთხე ანგარიში 540 FIMI-ინციდენტს აღწერს, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ შერჩეული შემთხვევები უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციასთან მათი საჯაროდ დადასტურებული ან ანალიტიკურად მიკუთვნებული კავშირის საფუძველზეა შესწავლილი. ქართულ სატელევიზიო ეთერებში ყოველდღიურად წარმოებული პრო-რუსული შინაარსი ამ აღრიცხვაში ვერ მოხვდება, თუ კონკრეტულ რუსულ აქტორთან მისი კავშირი არ დასტურდება.
ასევე რთულია რამის გაკეთება სოციალური მედია-პლატფორმების მხრიდან. ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი ონლაინ შუამავლებსა და პლატფორმებზე ვრცელდება, მაგრამ ის ვერ ახდენს გავლენას ქართული ტელევიზიის, სარეკლამო ბაზრის, ან ადგილობრივი მარეგულირებლების ქცევაზე. Facebook-ზე ერთი მანიპულაციური პოსტის წაშლა არაფერს ცვლის, თუ მისი პირველწყარო ეროვნული მაუწყებელია, რომელიც იმავე გზავნილს მეორე დღეს ახალ სიუჟეტად გამოუშვებს. ვერც ასჯერ ფაქტების გადამოწმება გაუწევს კონკურენციას სისტემას, რომელსაც არც აცხადებს ფაქტების სიზუსტეზე პრეტენზიას.

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს რამის გაკეთება არ შეუძლია. თავად ევროკავშირის საბჭო აღიარებს, რომ შიდა და გარე საფრთხეებს შორის ზღვარი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება და ჰიბრიდულ კამპანიაზე რეაგირების ყველა ზომა კონკრეტული სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ მოითხოვს. „მოშინაურებული FIMI-ს“ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ მცდარი შინაარსის და პროპაგანდის კონტექსტში ამ ფენომენის განხილვა საკმარისი აღარაა. ევროკავშირს მოუწევს უფრო ღრმა ანალიზი და ყურადღების მიქცევა ამგვარი დეზინფორმაციის გამავრცელებელ ინფრასტრუქტურაზე, მედიის მფლობელობაზე, სარეკლამო ბაზრის განაწილებაზე, სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიების ფინანსურ როლზე, საგადასახადო შეღავათებზე, მარეგულირებლის დამოუკიდებლობასა და კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.
თუ ევროკავშირისთვის უცხო აქტორის არსებობა კვლავაც დეზინფორმაციაზე რეაგირების მთავარი წინაპირობა იქნება, „მოშინაურება“ პროპაგანდისტული სისტემების მთავარ დამცავ მექანიზმად შეიძლება გადაიქცეს. რაც უფრო წარმატებით აითვისებს ადგილობრივი ხელისუფლება რუსულ (ან სხვა) ნარატივს, მით უფრო ნაკლებად „უცხოურად“ გამოჩნდება ის ევროპული ინსტრუმენტებისთვის. ევროკავშირს დარჩება ინსტრუმენტები რუსული ყალბი ანგარიშების და ნარატივების წინააღმდეგ, მაგრამ თითქმის უძლური იქნება ეროვნული მაუწყებლების წინაშე, რომელიც იმავე საქმეს გაცილებით დიდ აუდიტორიასთან კავშირით, გაცილებით დიდი ფულით და გაცილებით მეტი ეფექტიანობით გააკეთებენ.
