9 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა რუსეთს დიზელის მსოფლიო ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობა მისცა, რითიც შეასუსტა სანქციები, რომლებიც კრემლის ომის ბიუჯეტს ზღუდავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება სისუსტის გამოვლინებად შეაფასა. მეორე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდებოდა. გზავნილი ორი დღის შემდეგ კრემლმაც გაიმეორა და ამავდროულად უარყო ზელენსკის შეთავაზება სამოცდღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში არჩევნების ჩატარების შესახებ. ამგვარად, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ვაშინგტონმა რუსეთზე ზეწოლაც შეასუსტა და უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობაც ეჭვქვეშ დააყენა. მოსკოვმა ორივეთი იხეირა, სანაცვლოდ კი არაფერი დაუთმია.
სტატიის ავტორი, შოთა ღვინერია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარია
როგორ ხედავენ ომს ვაშინგტონში?
ვაშინგტონი ომს ტერიტორიულ დავად აღიქვამს, რომლის მოგვარებაც ფასებზე, სანქციებსა და დათმობებზე მოლაპარაკებით არის შესაძლებელი. კრემლს კი ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, უკრაინის რუსეთზე დაქვემდებარება და დასავლეთისგან ამ რეალობის აღიარება სურს. შესაბამისად, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას არ ითვალისწინებს, მოსკოვისთვის მხოლოდ დროებითი პაუზაა და არა ომის დასრულების საფუძველი.
პუტინი კომპრომისზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ დარწმუნდება, რომ საკუთარი მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს. თუმცა ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც კიევზე ზეწოლას ზრდის და მოსკოვზე ამცირებს, კრემლს საპირისპირო სიგნალს უგზავნის. ომის დასრულების ორი გზა არსებობს - დასავლეთმა რუსეთისთვის აგრესიის გაგრძელება იმდენად ძვირი უნდა გახადოს, რომ კრემლი საკუთარ მიზნებზე უარის თქმას დათანხმდეს, ან უკრაინას რუსეთის პირობების მიღება აიძულოს. პირველი გზა გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველს შექმნის, მეორე კი მხოლოდ დროებით შეაჩერებს ომს, რუ სეთის აგრესიის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს და ევროპის უსაფრთხოებას კიდევ უფრო დააზიანებს.
ვაშინგტონსა და კიევს შორის მსგავსი დაპირისპირება 2025 წლის თებერვალშიც მოხდა, თუმცა ურთიერთობა მალევე აღდგა. 2025 წელს ზეწოლა ძირითადად პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებოდა, ოქტომბერში კი ის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე პირდაპირ აისახა. CNN-ის ცნობით, ტრამპი კიევს დაზვერვის მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეწყვეტდა. ამის შემდეგ უკრაინამ ორი დღის განმავლობაში აშშ-სგან რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ გაფრთხილებები ვეღარ მიიღო.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინულმა დარტყმებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა დაახლოებით 60 პროცენტამდე შეამცირა, ხოლო დიზელის საზღვაო ექსპორტი თითქმის შეაჩერა, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გახდა.
პარალელურად, ტრამპმა შეაჩერა რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციებისა და ტარიფების ახალი პაკეტის ამოქმედება, რომელიც Lindsay Graham Act-ის ნაწილია და კონგრესმა გასულ თვეში მიიღო. ამასთან, აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა ვაშინგტონის ინტერესში შედის, ხოლო ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპას ეკისრება.
გამორიცხული არაა, რომ თეთრი სახლიც და კრემლიც საერთაშორისო წესრიგს დიდი სახელმწიფოების გავლენის სფეროებად დანაწილების ჭრილში უყურებდნენ.
გამორიცხული არაა, რომ თეთრი სახლიც და კრემლიც საერთაშორისო წესრიგს დიდი სახელმწიფოების გავლენის სფეროებად დანაწილების ჭრილში უყურებდნენ. ამგვარი ხედვის თანახმად პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტი დიდი ძალების შეთანხმების საგნად იქცევა. ახალი სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, პუტინის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ტრამპს ეკუთვნის, ევროპა პუტინს, აზია კი - სი ძინპინს.
კაპიტულაცია უკრაინის საზღვრებს მიღმა
რუსეთის მოთხოვნები უკრაინის სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს ეჭვქვეშ აყენებს. დონბასის დათმობა რუსეთს ცენტრალური უკრაინისკენ გზას გაუხსნის, არმიის შემცირება ქვეყანას თავდაცვის შესაძლებლობას შეუზღუდავს, ნეიტრალიტეტის მოთხოვნა კი კიევს საერთაშორისო მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დატოვებს. ამ პირობების მიღება უკრაინისთვის მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგი არ იქნება. ეს მისი დამოუკიდებლობისა და ქვეყნის მომავლის განსაზღვრის უფლების შეზღუდვასაც ნიშნავს.
თუ ვაშინგტონი კიევს მოსკოვის პირობების მიღებას აიძულებს, საერთაშორისო წესრიგისთვის სახიფათო პრეცედენტი შეიქმნება, სადაც ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა დასაშვები გახდება, დიდ სახელმწიფოებს კი მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვის უფლება ექნებათ. ეს 1975 წლიდან ჩამოყალიბებულ ევროპული უსაფრთხოების საფუძვლებს შეარყევს. შედეგებს განსაკუთრებით მძიმედ იგრძნობენ მოლდოვა, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
ევროპა ამ საფრთხეს აცნობიერებს და უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური რესურსებითაც ცდილობს. 2026 და 2027 წლებისთვის უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს. თუმცა ფინანსური დახმარება საკმარისი არ არის. ევროპას ჯერ კიდევ არ გააჩნია ბალისტიკური რაკეტების ადრეული გაფრთხილების სისტემა და ამერიკული თანამგზავრული კავშირის სრულფასოვანი ალტერნატივა. ოქტომბერში სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების ორდღიანმა შეწყვეტამ ნათლად აჩვენა, რამდენად მოწყვლადია უკრაინა ამერიკულ სამხედრო რესურსებზე დამოკიდებულების გამო.
უკრაინის კაპიტულაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ დასუსტებულ რუსეთს ახალი ომის დაწყებისთვის ძალების რსადგენად შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს. თუმცა, NATO-ს ერთიანობის შესამოწმებლად რუსეთს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ სჭირდება. ამისთვის საკმარისია გამიზნული დარტყმაალიანსის წევრი ქვეყნის სამხედრო ობიექტზე, მაგალითად, იმ ბაზაზე, საიდანაც მოკავშირეები უკრაინას იარაღს აწვდიან.
ასეთი თავდასხმის შემთხვევაში NATO-ს 32 წევრ ქვეყანას ერთობლივ პასუხზე შეთანხმება მოუწევს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმებზე შეთანხმდნენ. უფრო მოსალოდნელია, რომ რეაგირება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით შემოიფარგლოს. ორივე შემთხვევაში რუსეთი უპირატესობას მოიპოვებს - ერთი მხრივ, თუ მოკავშირეები ერთიან პასუხზე ვერ შეთანხმდებიან, ალაინსის სანდოობა დაზიანდება, ხოლო მეორე მხრივ, შეზღუდული რეაგირება მოსკოვს აჩვენებს, სად გადის NATO-ს მოქმედების ზღვარი. რუსეთი ამგვარ პროვოკაციებს უკვე მიმართავს.სექტემბერში რუსულმა უპილოტო აპარატმა პოლონეთის საზღვართან მატარებელს დაარტყა, რომლითაც ევროპელი მაღალჩინოსნები მგზავრობდნენ.
რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს ბოლო ათწლეულების გამოცდილებაც ადასტურებს. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომს 2014 წელს ყირიმის ანექსია მოჰყვა, მინსკის შეთანხმებებმა კი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა ვერ შეაჩერა. დღეს უკრაინის არმია რუსეთის სახმელეთო ძალების მნიშვნელოვან ნაწილს აკავებს. უკრაინის კაპიტულაცია კი ამ ძალებს სხვა მიმართულებით მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
იძულებითი მშვიდობის შედეგები
იძულებითი მშვიდობის პირობებში უკრაინა სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს, ევროპა კი გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამგვარი შეთანხმება არც ამერიკისთვის იქნება სტრატეგიული გამარჯვება. ვაშინგტონი დათმობს გავლენას ევროპულ უსაფრთხოებაზე, სანაცვლოდ კი მიიღებს რუსეთის დაპირებას, რომლის შესრულების გარანტიაც არ არსებობს. ამასთან, რუსეთის გავლენა მეზობელ ქვეყნებზეც გაიზრდება - მოლდოვასა და სომხეთს მოსკოვისგან დისტანცირება გაურთულდებათ, საქართველოსა და ბელარუსზე კი რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.
უკრაინის უარი კაპიტულაციაზე მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას არ ემსახურება, ის ევროპის უსაფრთხოების ფრონტის ხაზიცაა.
ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად, დასავლეთმა საკუთარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ევროპამ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უნდა გამოიყენოს, კიევს საჭირო 70 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყოს და რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის თავდაცვისა და აღდგენისთვის გამოიყენოს. პარალელურად, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ, რა შესაძლო რეაგირება მოჰყვება ალიანსის წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმას.
უკრაინის უარი კაპიტულაციაზე მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას არ ემსახურება, ის ევროპის უსაფრთხოების ფრონტის ხაზიცაა. თუ ევროპა თავად არ განსაზღვრავს, რა დაუჯდება რუსეთს დასავლეთზე აგრესია და სად გადის ზღვარი, ამას რუსეთი იზამს. ასეთ შემთხვევაში შემდეგი კრიზისი შესაძლოა უკვე უკრაინის საზღვრებს მიღმა განვითარდეს.