დღეს სერბეთის პარლამენტის ახალი შემადგენლობა შეიკრიბა. სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის გამარჯვებამ უმრავლესობა „სტუდენტური სიის“ დეპუტატებს მიანიჭა. მათი უმრავლესობა აკადემიური, სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენელია. არავინაა პროფესიით პოლიტიკოსი.
სერბი სტუდენტების ბოლოდროინდელ გამარჯვების ანალიზი ფრანგულმა ჟურნალმა სრჯა პოპოვიჩს სთხოვა. ეს ინტერვიუ საინტერესოდ ჩავთვალეთ და თქვენც გიზიარებთ.
პოპოვიჩი მოძრაობა „ოტპორის“ ყოფილი ლიდერია, რომელმაც მილოშევიჩის რეჟიმი დაამხო 2000 წელს. დღეს ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უწევს კონსულტაციას აქტივისტებს.
შეიძლება თუ არა იმ მოძრაობის, რომელმაც ახლახან ვუჩიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორა, შედარება 2000 წლის მოძრაობასთან, რომელმაც მილოშევიჩი გადააყენა და რომელშიც თქვენც მონაწილეობდით?
სრჯა პოპოვიჩი: შემიძლია ასე გიპასუხოთ: სიმღერა იგივეა, ჯგუფი კი განსხვავებული. ორივე მოძრაობა არაძალადობრივი იყო, ორივეს ახალგაზრდები უძღვებოდნენ და ორივე უძლეველი ლოზუნგით იყო შეიარაღებული: 2000 წელს - „Gotov je!“ („,მორჩა მისი დრო!“), 2026 წელს კი - „სერბეთი თუ მაფია“. ორივე მოძრაობა მიხვდა, რომ ბრძოლას ქუჩაში შეკრებილი ხალხის რაოდენობა კი არა, არჩევნებში მონაწილეობის არითმეტიკა იგებს. 2000 წელს ჩვენი კამპანიის არსი ერთ განტოლებაში ეტეოდა: მილოშევიჩს 1,8 მილიონი გარანტირებული ხმა ჰქონდა და კიდევ 200 000 ხმის მოპარვა შეეძლო კოსოვოში; ამიტომ არჩევნებში ოთხ მილიონზე მეტი ამომრჩეველი უნდა მიგვეყვანა. გასული წლის ოქტომბერში სტუდენტებმა ზუსტად იგივე განტოლება ამოხსნეს და საარჩევნო უბნებზე სერბების თითქმის 70% მიიყვანეს: ეს 2000 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო - ოთხი მილიონი ამომრჩეველი და ნახევარი მილიონი ხმით მოპოვებული უპირატესობა. ხელისუფლების შესანარჩუნებლად ორივე რეჟიმი ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებდა: კონტროლირებად მედიას, ხმების ყიდვას, საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და კაპიუშონიან ბანდებს. ორივე ერთი და იმავე მიზეზით დამარცხდა: როცა არჩევნებზე მეტისმეტად ბევრი ადამიანი მიდის, მოსაპარიც აღარაფერი რჩება.
„რეჟიმის შეცვლა არჩევნებში მონაწილეობას მოაქვს და არა ქუჩაში შეკრებილი ხალხის რაოდენობას“.
მაშინ რა განსხვავებაა ამ ორ მოძრაობას შორის?
ერთი არსებითი განსხვავებაა. 2000 წელს ჩვენი ორგანიზაცია „ოტპორი!“ - რაც სერბულად „წინააღმდეგობას“ ნიშნავს - მობილიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა მაშინ ოპოზიციასთან შეთანხმებულად ვმოქმედებდით. საარჩევნო ბიულეტენებში ჩვენი სახელები არ ეწერა: იქ თვრამეტი პარტიისგან შემდგარი კოალიცია იყო წარმოდგენილი. 2000 წლის 5 ოქტომბერს კი ქუჩაში გამოსვლა დაგვჭირდა, რათა გვეიძულებინა მთავრობა, ეღიარებინა არჩევნების შედეგები.
2026 წლის სტუდენტებს პარტიების მეშვეობით მოქმედების საშუალება აღარ ჰქონდათ. [ვუჩიჩის] თოთხმეტწლიანმა ჰიბრიდულმა რეჟიმმა ყველა ქმედუნარიანი ოპოზიციური პარტია დაშალა: აღარავინ დარჩა, ვისთან ერთადაც სტუდენტები იმოქმედებდნენ. ამიტომ მათ გააკეთეს ის, რაც მანამდე არცერთ მოძრაობას არ გაუკეთებია: ისინი ერთდროულად იქცნენ მობილიზაციის ძალადაც და საარჩევნო ბიულეტენადაც. პირდაპირი დემოკრატიის პრინციპით მოწყობილ საერთო კრებებზე მათ 250 კანდიდატი შეარჩიეს — კარდიოლოგები, პროფესორები, ფერმერები, მსახიობები და არცერთი პროფესიონალი პოლიტიკოსი — და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. 2000 წელს მილოშევიჩი დავამხეთ, შემდეგ კი წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ფლანგავდა ოპოზიცია ამ გამარჯვებას. ამ ახალგაზრდებმა კი შუალედური ეტაპი საერთოდ გააქრეს. შედეგმაც არ დააყოვნა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ვუჩიჩმა [არჩევნებში დამარცხებულმა სერბეთის პრეზიდენტმა] თავისი მარცხი არჩევნების საღამოს, 21:30 საათამდე აღიარა, არადა ჩვენს დროს მილოშევიჩს საკუთარი მარცხის დაშვებაც კი არ სურდა. მაშინ ჩვენ კიდევ ერთი ეტაპის გავლა დაგვჭირდა: ქვეყნის მასშტაბით რვადღიანი დემონსტრაციები და საყოველთაო გაფიცვა. აჯანყება დაგვჭირდა, რომ მისთვის ძალაუფლების დათმობა გვეიძულებინა.
სტუდენტების მიერ შემუშავებულმა რომელიმე ტაქტიკამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
გულწრფელად გეტყვით, ველოდი, რომ მათი ონლაინმოქმედებები შთამბეჭდავი იქნებოდა. ასეც მოხდა. ყველგან გამოსახული, სისხლისფრად შეღებილი აწეული ხელის სიმბოლო; ორი მილიონი გამომწერი ინსტაგრამზე; კინოსა და თეატრის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ერთ ღამეში შექმნილი მემები და ვიდეოები... დუმილსაც კი ინფორმაციულ შინაარსად აქცევდნენ: სკოლები თექვსმეტი წუთით, 11:52-დან 12:08-მდე იყინებოდა — თითო წუთი თითოეული იმ ადამიანის ხსოვნისთვის, რომლებიც 2024 წელს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას ემსხვერპლა [სწორედ ეს მოვლენა იქცა მოძრაობის დასაწყისად].
სიცარიელეც კი იარაღად აქციეს: ათასობით ადამიანი გაუნძრევლად იდგა, ხელში თეთრი ფურცლები ეჭირა და რეჟიმის ტელევიზიას აიძულებდა, ეს ვითარება რამენაირად აეხსნა მაყურებლისთვის. ეს ვირტუოზული კომუნიკაციაა.
მაგრამ სინამდვილეში ყველაზე უფრო სოციალურ ქსელებს მიღმა მათმა მოქმედებებმა მომხიბლა. სტუდენტები სწორად მიხვდნენ, რომ ინტერნეტში აქციები ყურადღებას კი იპყრობს, მაგრამ არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც მედიას რეჟიმი აკონტროლებს. ამიტომ სერბეთის ისტორიაში ქსელებში ყველაზე მეტად დაკავშირებულმა თაობამ პოლიტიკის უძველესი ტექნოლოგია გამოიყენა: სოფლიდან სოფელში, ფეხითა და ველოსიპედებით დადიოდნენ. დევიზი იყო „თითო სტუდენტი თითოეულ სოფელში“ - მოიარეს ოთხასზე მეტი დასახლება, ათიათასობით ოჯახი, კარის ზღურბლთან ესუბრნენ ადამიანებს, რომლებსაც მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილე თვალთ არ ენახათ. აქტივისტები მივიდნენ რეჟიმის ყველა პატარა საყრდენ პუნქტშიც კი და ხვდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებოდნენ და რომლებიც ზოგჯერ ამას ხმამაღლაც გამოხატავდნენ.
„ვერცერთი მორალური კონტრაქტი მხოლოდ ნდობის ხარჯზე ვერ იარსებებს; ნდობა ინსტიტუტებად უნდა გარდაიქმნას“.
როგორ აფასებთ სტუდენტების პოლიტიკურ ფორმულას: არჩეული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც სტუდენტებთან ერთგვარი მორალური კონტრაქტით არიან დაკავშირებული?
იმას, რაც მათ შექმნეს, მოძრაობასა და მოქალაქეებს შორის დადებულ მორალურ კონტრაქტს ვუწოდებდი. ორი წლის განმავლობაში სტუდენტები პოლიტიკას პოლიტიკოსების გარეშე ქმნიდნენ: ლიდერის გარეშე, მაგრამ არა სტრუქტურის გარეშე; გადაწყვეტილებებს ღია საერთო კრებებზე იღებდნენ - ძველი საბერძნეთის აგორას მსგავს ღონისძიებებზე საუნივერსიტეტო ცენტრებში - სხდომების ოქმებს აქვეყნებდნენ, ფინანსები გამჭვირვალე ჰქონდათ, კანდიდატებს კი პირდაპირი დემოკრატიის გზით არჩევდნენ. შედეგად მიიღეს ორას ორმოცდაათი კანდიდატი, მათ შორის 134 ექიმი, სიის სათავეში კარდიოლოგით და არცერთი პროფესიონალი პოლიტიკოსი. ეს არის პარტოკრატიული სისტემის შეცვლის განაცხადი - ანუ სრულიად საპირისპიროა მანამდე არსებული სისტემისა, სადაც დეპუტატობის განმსაზღვრელი მთავარი ნიშანი იყო პარტიისადმი ერთგულება და არა კომპეტენცია. ანუ საზოგადოებასთან სტუდენტური მოძრაობის კონტრაქტი მარტივია : იდეოლოგიური ნიშნით არ დაგყოფთ, უტოპიას არ მოგყიდით, უბრალოდ ვიქნებით პატიოსნები და კომპეტენტურები.
არის თუ არა ეს ფორმულა მყარი, შეძლებს რომ დროით გამოცდას გაუძლოს?
გულწრფელად ვიტყვი, ეს ჯერ გასარკვევია. ამას აღფრთოვანებით ვიძახი და არა სკეპტიციზმით. ვერცერთი მორალური კონტრაქტი ვერ შენარჩუნდება მხოლოდ ნდობის ხარჯზე; ნდობა ინსტიტუტებად უნდა გარდაიქმნას. სტუდენტების მიერ შერჩეული ფორმულა საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა არჩევნების მოსაგებად. ახლა ის ხელისუფლებით გამოცდას გაივლის.
მართვა ნიშნავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც კონტრაქტის ხელმომწერთა ნაწილს უკმაყოფილოს დატოვებს: რაღაც უნდა დახურო, რაღაც შეამცირო, ვიღაცას იმედი გაუცრუო და ამას საერთო კრებით ვერ გააკეთებ.
დეპუტატებს კიდევ ერთი ტვირთი აწევთ: შესანიშნავი პროფესიული ცოდნა კი აქვთ, მაგრამ არავითარი პოლიტიკური გამოცდილება. თანაც მემკვიდრეობით ნორმალური სახელმწიფო კი არ ერგოთ, არამედ ნანგრევებად ქცეული, შიგნიდან დაცარიელებული სისტემა, რომლიდანაც კანონის უზენაესობა, ექსპერტული ცოდნა და ფული მეთოდურად გამოშიგნეს.
თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს შემდეგი რამ მაძლევს: 2000 წელს ჩვენი კონტრაქტი პარტიულ კოალიციასთან იყო დადებული, კოალიციები კი იბზარება. მათი კონტრაქტი არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რომელიმე ლიდერთან - შეიძლება ითქვას, რომ ის მართვის მეთოდთან დაიდო. ლიდერები ეცემიან, მეთოდები - არა. დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები პირველი ნამდვილი გამოცდა იქნება, რომელიც გვაჩვენებს, გარდაიქმნება თუ არა მორალური კონტრაქტი ინსტიტუტებად, თუ იგი ევროპის ისტორიაში უბრალოდ ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ მანიფესტაციად დარჩება.
„სახელმწიფოს კორუფციისგან გასაწმენდად დამოუკიდებელი პროკურორებით უნდა დავიწყოთ. პოლიციას მართული მართლმსაჯულების პირობებში ვერ გაწმენდ“.
დღევანდელ მოძრაობას ადმინისტრაციისა და კორუმპირებული სახელმწიფოს გაწმენდა სურს. რა პირობებში შეძლებს იგი ამას?
2000 წლის 5 ოქტომბერი - დღე, როდესაც მილოშევიჩის რეჟიმისგან არჩევნების შედეგების დასაცავად პარლამენტში შევიჭერით - ძალაუფლების ხელში აღების სიმბოლოდ იქცა. ის, რასაც სტუდენტები დღეს თავიანთ „6 ოქტომბერს“ უწოდებენ, ისტორიის ის ნაწილია, რომელიც ჩვენ ბოლომდე ვერასოდეს მივიყვანეთ: წმენდა. მილოშევიჩი კი დავამხეთ, თუმცა მის ყველაზე თვალსაჩინო ჩავარდნებთან კავშირის გაწყვეტის ნაცვლად, ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკოსებმა — რასაკვირველია, ჯინჯიჩის გამოკლებით [ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2003 წელს მოკლეს] — ძველ კადრებთან შერიგება და კოაბიტაცია აირჩიეს. „ოტპორის“ სურვილის საწინააღმდეგოდ, მმართველი კოალიციის ნაწილმა, განსაკუთრებით კი პირველმა დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა, კოშტუნიცამ, გულში ჩაიკრა პოლიცია, საიდუმლო სამსახურები, სასამართლოები, პროკურორები - მთელი „სიღრმისეული სახელმწიფო“ - და ამგვარად სახელმწიფო წინა რეჟიმის მსახურთა ხელში დატოვა. ოცდაექვსი წლის შემდეგ ვნახეთ, როგორ დამთავრდა ეს ამბავი: იმავე სტრუქტურებმა მოთმინებით ააშენეს ახალი ავტოკრატია.
რა პირობებია საჭირო სახელმწიფოს კორუფციისგან გასათავისუფლებლად?
სამი რამ არის აუცილებელი. პირველი — მოქმედებათა თანმიმდევრულობა: დამოუკიდებელი პროკურორებით უნდა დავიწყოთ. პოლიციას მართული მართლმსაჯულების პირობებში ვერ გაწმენდ. სულ რამდენიმე თვის წინ სერბეთში სრულიად ნორმალურად ითვლებოდა, რომ პოლიციის უფროსი ბელგრადის ცენტრში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაფიოზთან ყავას სვამდა. პოლიციასა და ხელისუფლებაში ორგანიზებული დანაშაულის შეღწევა ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა.
მეორე - დრო: ამ ინსტიტუტების შინაარსისგან დაცარიელებას თოთხმეტი წელი დასჭირდა და ერთი საპარლამენტო სესიის განმავლობაში მათ ვერავინ აღადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოფილ მმართველ პარტიას კი ჯერ კიდევ 103 მანდატი აქვს და „სასტიკ ოპოზიციას“ გვპირდება.
დაბოლოს, წმენდა არასოდეს უნდა გადაიქცეს პირად შურისძიებად. მიზანი იმ ადამიანის დევნა კი არ არის, ვინც პლაკატებს აკრავდა, არამედ სახელმწიფო მანქანის მოქალაქისადმი ერთგულების აღდგენა. შინაარსისგან დაცარიელებული პარტია-სახელმწიფო უნდა გარდაიქმნას საჯარო მოხელეთა სისტემად, რომელიც საზოგადოებას ემსახურება და არა მასზე ბატონობს.
„რისხვით ნასაზრდოები პროტესტები იშვიათად აღწევს რამეს. მოძრაობები ალტერნატიული მომავლის ხედვიდან, ერთიანობიდან და არაძალადობრივი დისციპლინიდან იბადება - და არა ცარიელი უკმაყოფილებისგან“.
რა გამოწვევები ელით სტუდენტებს?
მათ მემკვიდრეობით ღრმად პოლარიზებული ქვეყანა ერგოთ. მათ უპირისპირდება მედიასივრცე და სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც პარტიის ორგანოებად არის ქცეული. საქმე აქვთ ამომრჩევლებთან, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებივით აზროვნებენ. პოლიტიკის შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, ვინ ახმოვანებს მას. გარდა ამისა, რადგან ოპოზიცია და ძველი პარტიები გაცამტვერდა, მთელი ექსპერიმენტი ერთგვარ პროტო-პარტიულ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. თუმცა დადებითი მხარე ისაა, რომ სტუდენტებს აქვთ გამბედაობა, თავდადება და მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა. ამ ყველაფრით შეუძლებელიც შეიძლება შესაძლებელი გახდეს.
შეიძლება თუ არა ის, რაც სერბეთში მოხდა, საფრანგეთშიც განმეორდეს, სადაც ახალგაზრდები ამბოხდნენ?
ორი გაკვეთილით უნდა გავითვალისწინოთ. ჯერ ერთი კი, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ მხოლოდ ბრაზი ამისთვის საკმარისი არაა. პირველი გაკვეთილი: რისხვით ნასაზრდოები პროტესტები იშვიათად აღწევს რამეს. მოძრაობები ალტერნატიული მომავლის ხედვიდან, ერთიანობიდან და არაძალადობრივი დისციპლინიდან იბადება, მხოლოდ უკმაყოფილება და ბრაზი საკმარისი არაა. რისხვა საწვავია, მაგრამ საწვავი საჭე არ არის.
დიდი გულისტკივილით ვუყურებდი, როგორ გადაიზარდა საფრანგეთში პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ და სკოლების დასაცავად გამართული დემონსტრაციები — რომლებიც სამართლიანი, მასობრივი და შთამაგონებელი მოთხოვნებით დაიწყო — ძარცვასა და ავტომობილების დაწვაში. ასე გამოიყურება მოძრაობა, როდესაც სტრატეგიის ნაცვლად მარტო ენთუზიაზმი გაქვს. სერბ სტუდენტებს ორი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ გლოვა და მრისხანება ორგანიზაციად გარდაექმნათ: 35 000 გაწვრთნილი მოხალისე, კარებებთან საუბრები მტრულად განწყობილ სოფლებში, ადგილებზე მომუშავე ადამიანებთან ერთად დაწერილი პროგრამა - ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ როდესაც დრო მოვიდოდა, საზოგადოების ენერგიას არხი ჰქონოდა. ფრანგულ ამბოხს საოცარი ენერგია აქვს. მაგრამ ენერგია ხვალინდელი დღის ხედვის გარეშე, მობილიზაცია ორგანიზაციის გარეშე კოცონია და არა ნაგებობა.
„მოძრაობები მაშინ აღწევენ წარმატებას, როდესაც არაძალადობრივ მოქმედებას ასწავლიან და ქადაგებენ. ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა და მინიმუმამდე დაყვანა ორგანიზატორების პასუხისმგებლობაა, რადგან მთელი მოძრაობის სახელის გასატეხად ვანდალთა სულ მცირე ჯგუფიც საკმარისია“.
მეორე გაკვეთილი?
ეს ნაკლებად პოპულარული გაკვეთილია: პოტენციური ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა და ინციდენტების მინიმუმამდე დაყვანა ორგანიზატორების პასუხისმგებლობაა, რადგან მთელი მოძრაობის სახელის გასატეხად ვანდალთა სულ მცირე ჯგუფიც საკმარისია. ისტორიულად წარმატებას ის მოძრაობები აღწევდნენ, რომლებიც არაძალადობრივ მოქმედებას ასწავლიდნენ და ქადაგებდნენ, დემონსტრაციების ტაქტიკას მკაცრი დისციპლინით გეგმავდნენ და მკვეთრად ემიჯნებოდნენ ჯგუფებს, რომლებიც შესაძლოა მათ პოლიტიკურ მიზნებს იზიარებდნენ, მაგრამ არაძალადობრივი მოქმედებისადმი ერთგულებას — არა.
ჩემი საყვარელი მაგალითი ცოტა გიჟურია. 2000 წელს ვიცოდით, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს მილოშევიჩი მთელი არსებით სძულდათ და შესაძლოა, პოლიციასთან ჩხუბი წამოეწყოთ. ამიტომ სტუდენტები გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის ჩადგნენ, რომ პოლიციელები თავდასხმებისგან დაეცვათ. ანუ პოლიციას ჩვენივე მხარდამჭერებისგან ვიცავდით! ხომ სიგიჟეს ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. მეორე დილით პოლიციელს ახსოვს, ვინ ჩადგა მასსა და მოქნეულ მუშტებს შორის და ეს მეხსიერება განსაზღვრავს, თუ მომავალ თვეს რომელ მხარეს დადგებიან ეს პოლიციელები, მათი ბიძაშვილები და მეზობლები.
2026 წლის სტუდენტებმა იგივე სვლა გამოიყენეს „კაპულიაშების“, რეჟიმის კაპიუშონიანი პროვოკატორების წინააღმდეგ, რომლებიც ციხიდან სპეციალურად იმისთვის გამოუშვეს, რომ ძალადობრივი ინციდენტები გამოეწვიათ და სტუდენტური მოძრაობა ძალადობრივად წარმოეჩინათ. სტუდენტები ამ ანკესზე არ წამოეგნენ. თუ შედეგი გინდა, მოედანზე 300 000 ადამიანი გამოგყავს, შემდეგ კი ამ მოედანს ასუფთავებ და უკანა გზაზე მაღაზიებს კი არ ძარცვავ, სახლში მიდიხარ.
რას ურჩევდით ამბოხებულ ფრანგ ახალგაზრდებს?
ვეტყოდი: ზედმეტად ნუ შეგიყვარდებათ ეგ თქვენი რისხვა — შეიყვარეთ დისციპლინა. აწმყოს დანგრევამდე ალტერნატიული მომავალი ააშენეთ, გადალახეთ შიდა წინააღმდეგობები, ნუ ჩათვლით არაძალადობრივ დისციპლინას გულუბრყვილობად - ის თქვენი ყველაზე ბასრი იარაღია. შეიძლება თუ არა ის, რაც სერბეთში მოხდა, სხვაგანაც მოხდეს? რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ყველგან მოხდეს, სადაც ადამიანები გადაწყვეტენ, რომ დისციპლინა მრისხანებაზე უფრო რომანტიკულია. სერბეთმა ახლახან დაამტკიცა, რომ თავისუფლების ძველი სიმღერა ისევ მუშაობს, ოღონდ ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე უნდა ისწავლო.