ორმოცდაორი, წერტილი, შვიდი

ევროკავშირში გარე აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებაზე მსჯელობენ

ორმოცდაორი, წერტილი, შვიდი

23-24 აპრილს, კვიპროსზე გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროპის ლიდერებს მრავალი საზრუნავი აქვთ. თუმცა ყველაზე ფუნდამენტური ალბათ ევროპის თავდაცვის თემაა. რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ ევროპის დაცვა აშშ-სათვის საკვანძო ამოცანას აღარ წარმოადგენს, ევროპელი ლიდერები საგონებელში არიან ჩავარდნილი. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რამდენად გამოსადეგი აღმოჩნდება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს, ყბადაღებული მეხუთე მუხლი, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილი პარტნიორისათვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს? ყველას ახსოვს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.

23 აპრილის სადილზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სწორედ ამ საკითხზე აპირებს საუბარს: რამდენად და როგორაა შესაძლებელი ევროკავშირის ხელშეკრულების მუხლი 42.7-ის ამოქმედება?

რას წარმოადგენს მუხლი 42.7?

ევროკავშირის ისტორიაში ეს მუხლი პირველად 2009 წელს გამოჩნდა, ლისაბონის ხელშეკრულებაში. ის ნატოს მეხუთე მუხლის მონათესავე იურიდიულ ფორმულირებას შეიცავს და საგანგებო ვითარებაში ურთიერთდახმარებას გულისხმობს.

წავიკითხოთ ტექსტი:

"თუკი წევრი ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის მსხვერპლი შეიქნა, სხვა წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ მას, მათ ხელთ არსებული ძალების გამოყენებით."

ევროკავშირის ისტორიაში ამ მუხლის ძალით დახმარება მხოლოდ ერთხელ ითხოვეს: საფრანგეთმა 2015 წლის 13 ნოემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ მიმართა თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს. დიპლომატები იხსენებენ, რომ მაშინ, ამ მიმართვამ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. არავინ იცოდა, რა უნდა მოემოქმედათ - ვის უნდა გაეცა პასუხი და როგორ, ვის ეკისრებოდა გადაწყვეტილებების მიღება? რა სახის დახმარების გაწევა შეადგენდა ქვეყნების ვალდებულებას? ამიტომაც, მუხლი 42.7-ის გამოყენება იმპროვიზაციას დაეყრდნო. ვითარება იმანაც გააადვილა, რომ საფრანგეთმა თავად გამორიცხა, ევროკომისიის ან ევროკავშირის სხვა ორგანოებისაგან შიდა უსაფრთხოების სუვერენულ საკითხებში ჩარევა.

რა საშუალებები არსებობს?

გამოხდა ათი წელი და ამ საკვანძო მუხლის გამოყენების წესების დადგენის მხრივ არანაირი წინსვლა არ მომხდარა. სწორედ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობა ახლახანს დაიწყო საგარეო საქმეთა კომისრის, კაია კალასის სამსახურმა. პოლიტიკური ბიძგი საკითხს გრენლანდიის ინციდენტმა მისცა: ევროკავშირის ლიდერები სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, რომ შესაძლოა ნატოს გარეშე მოუწიოთ საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვა. ვითარება კიდევ უფრო დრამატული გახდა მას შემდეგ, რაც კვიპროსს ირანულმა დრონებმა შეუტიეს. ფორმალურად, ეს შეტევა ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, თუმცაღა კვიპროსი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ეს ხომ ერთ-ერთი ისეთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირის წევრია, ხოლო ნატოსი - არა.

კვირპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ხრისტონულიდისმა შეტევის შემდეგ სცადა მუხლ 42.7-ის ძალით ეთხოვა დახმარება, მაგრამ გადაწყვიტა აღარ გაეკეთებინა ეს, მას შემდეგ რაც ევროკომისიაში აუხსნეს, რომ არანაირი კონკრეტული ზომები ამ მუხლით გათვალისწინებული არ იყო. მაშინ საფრანგეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაგზავნეს საზღვაო ძალები კუნძულის დასაცავად. ხრისტონულიდი ამბობს, რომ ეს მუხლ 42.7-ის "დე ფაქტო" გამოყენების პირველ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცაღა ფორმალურად ამ მუხლის გამოყენების პროცედურების გასაწერად სწორედ მან მოითხოვა არაფორმალურ შეხვედრაზე კოლეგებთან საუბარი. მისი თქმით, ევროპის ლიდერებმა "შინაარსი უნდა შესძინონ" ამ მუხლს, რადგანაც "არ ვიცით, რა მოხდება, თუკი წევრი ქვეყანა მას გაააქტიურებსო."

ნიქოზიაში კაია კალასი რამდენიმე წინადადებით ჩადის, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენი იმაზე ისაუბრებს, თუ რა სახის ბერკეტების გამოყენება შეუძლია ევროკომისიას აგრესიის შემთხვევაში. პირველ რიგში, კომისიას ე.წ. "კომერციული ბაზუკა" გააჩნია, ანუ აგრესორისთვის მაქსიმალური ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად მომართული ინსტრუმენტი. ამას გარდა, ევროკომისიის კომპეტენციაში შედის ეკონომიკური სანქციების დაწესება, საზღვრების ჩაკეტვა, ფინანსური ნაკადების გადაკეტვა და ევროპული სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ამოქმედება.

კალასის გეგმით, ამა წლის მაისის განმავლობაში ორ დონეზე გაივარჯიშებენ ამ მუხლის გამოყენებას. ჯერ წვრთნაში წევრი ქვეყნების ელჩები ჩაებმებიან, შემდეგ კი საგარეო ანდა თავდაცვის მინისტრები. წვრთნების მიმდინარეობისას შეიქმნება წევრ ქვეყანაზე თავდასხმის ჰიპოთეტური, მოდელირებული სცენარი და ჯერ თითოეული ელჩი იქნება ვალდებული, თავისი ქვეყნის სავარაუდო რეაქცია გაითამაშოს, შემდეგ კი მინისტრები.

დიპლომატების თქმით, სულ სამი სახის სცენარია გათვალისწინებული: პირველი წევრ ქვეყანაზე ჰიბრიდული შეტევაა, რომლის დროსაც ეს ქვეყანა მოკავშირეებისაგან სოლიდარობას ითხოვს, მაგრამ ევროკავშირის ინსტიტუტების ჩარევა არაა საჭირო. მეორე სცენარით, რამდენიმე წევრი ქვეყანა ითხოვს დახმარებას და ევროკავშირის ინსტიტუტებს რეაქციის კოორდინირება უწევთ. მესამე სცენარით კი ერთდროულად მოდის მოქმედებაში ევროკავშირის ხელშეკრულების მუხლი 42.7 და ნატოს მეხუთე მუხლი.

თავდაცვა თუ დახმარება?

თუკი ნატოს მეხუთე მუხლი კოლექტიურ თავდაცვაზე საუბრობს, ევროკავშირის მუხლი 42.7 ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს - ესაა მათ შორის მთავარი განსხვავება. სამხედრო კოორდინაციისა და კონტროლის სტრუქტურები ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინასა და ბაზებზეა განლაგებული და არა ევროკავშირის ოფისებში. სწორედ ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირს მისთვის უცხო, ოპერატიულ-სამხედრო ფუნქცია შეუთავსონ, ანდა ევროპული არმია შექმნან, ევროკავშირის დედაქალაქები ცდილობენ სწორედ ნატო გახდეს უფრო ევროპული, ვიდრე აქამდე იყო.

ევროკავშირს გააჩნია თავისი სამხედრო სტრუქტურა - სამხედრო კომიტეტი. მისი მთავარი ამოცანა ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირს გარეთ მისიების დაგეგმარება და განხორციელებაა. ერთ-ერთი ასეთი მისიაა, მაგალითად, საქართველოში რუსეთის აგრესიის შემდეგ განთავსებული EUMM. უკვე ერთი წელია, რაც არსებობს ასევე ევროკავშირის 5000 კაციანი სწრაფი რეაგირების სამხედრო კონტინგენტი, რომლის ამოცანაცაა სტაბილიზაციის, ევაკუაციის, ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების ჩატარება სტიქიური უბედურებების ანდა მშვიდობის აღდგენის ოპერაციების ფარგლებში. თუმცაღა ამ ინსტრუმენტებს ვიწრო სპეციალიზაცია გააჩნიათ და ორივე 42.7 მუხლის მოქმედების სფეროს მიღმაა.

1999 წელს, ჰელსინკის სამიტზე ევროპის ლიდერებმა უფრო ამბიციური მიზნები დაისახეს: 50-60 ათასიანი სამხედრო კონტინგენტის მობილიზების უნარი 60 დღეში და მინიმუმ ერთი წლით. მაშინ სხვა დრო იყო - ეს ძალები გარე სამშვიდობო ოპერაციებისათვის იყო მოაზრებული მაშინ, როცა თითქოს თავად ევროპას დიდად აღარაფერი ემუქრებოდა. ეს გეგმა არც არასოდეს განხორციელებულა. დღევანდელ მსოფლიოში კი ევროპელ ლიდერებს ისეთ სცენარებზე ფიქრი უწევთ, როცა თავად მათი ქვეყნები შეიძლება მოექცეს დარტყმის ქვეშ.

დასკვნის სახით

ამგვარად, ევროკავშირის ქვეყნებს ურთიერთდახმარების ვალდებულება კი გააჩნიათ, მაგრამ სამხედრო ძალით ურთიერთდახმარების იურიდიული და ოპერატიული ჩარჩო ამჟამად ევროკავშირის შიგნით არ არსებობს.

ბალტიის ქვეყნები შიშობენ, რომ ამგვარი ინსტიტუტების შექმნაზე საუბარმა შესაძლოა ტრამპს საბაბი მისცეს ევროპის თავზე სამხედრო ქოლგის კიდევ უფრო სწრაფად შესაკვეცად. ევროპის დიდ ქვეყნებს კი სულაც არ სურთ, ბრიუსელმა აფათუროს ხელი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში. "ომში შესვლა-არშესვლის საკითხი ევროკავშირის კომპეტენციას აღემატება," უთხრა პრესას ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.

სანამ ეს ვითარება გაგრძელდება, ევროკომისიის მიერ მუხლ 42.7-ის გამოყენების შესახებ საუბრები იმაზე უფრო შორს ვერ წავა, ვიდრე მაის-ივნისში დაგეგმილი წვრთნებითაა განსაზღვრული.

წყაროები: Politico; European Morning Newsletter.

Read more

უნგრეთის უკანასკნელი შანსი

უნგრეთის უკანასკნელი შანსი

12 აპრილის არჩევნები უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში უნგრეთის საუკეთესო შანსია, დემოკრატია არჩიოს ავტოკრატიას. ესეთი შანსი მეორედ შეიძლება აღარ მოვიდეს.

ვინ არის პიტერ მადიარი?

ვინ არის პიტერ მადიარი?

იმ წამს, როდესაც პიტერ მადიარმა ბუდაპეშტში, გმირთა მოედანზე აღმართულ სცენას მიაშურა, მას უკვე აღსრულებული ჰქონდა ის, რაც მანამდე ვერცერთმა ვეტერანმა ოპოზიციონერმა, ლიბერალმა თუ მემარცხენემ ვერ მოახერხა; მან თავად ვიქტორ ორბანს დაუკარგა მოსვენება.

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

მოიგებს თუ წააგებს, ორბანმა უნგრეთის დემოკრატია უკვე დაანგრია

უნგრელები 12 აპრილს ეროვნული და ევროპული მნიშვნელობის არჩევნებზე მიდიან. მოსალოდნელია სამი სხვადასხვა შედეგი, რომელთაგან თითოეულს ევროკავშირზე განსხვავებული გავლენა ექნება. ჟუჟანა ჟელენი 2 აპრილი, 2026 უნგრეთი რომ ნორმალური ევროპული დემოკრატია იყოს, დასკვნა მარტივი იქნებოდა: ხელისუფლება, რომელიც თვეებია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მისი მთავარი ოპონენტის უკან მოჩანჩალებს, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულია.