ტექსტზე გადასვლა

რას ჰპირდება ბრიტანეთს ენდი ბერნემი?

პრემიერი ბოლო ოთხი ათწლეულის პოლიტიკურ კურსს ემიჯნება და საზოგადოებას ამცნობს, რომ წლის ბოლოს „ბრიტანეთის გეგმის“ უფრო ვრცელ დოკუმენტს წარადგენს.

რას ჰპირდება ბრიტანეთს ენდი ბერნემი?
ენდი ბერნემი კონსერვატიული მემკვიდრეობის დამარხვას ლამობს. ილუსტრაცია: მოამბე

29 სექტემბერს მმართველობის სათავეში ჩადგომიდან ათი კვირის თავზე, პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ლეიბორისტული პარტიის ყოველწლიურ კონფერენციაზე ერს მომავლის თამამი ხედვა გაუზიარა. მისი გულწრფელი, უბრალო და ემოციური მიმართვა იმის გარშემო ტრიალებდა, რომ უკანასკნელი ოთხი ათწლეულის ეკონომიკური პოლიტიკა დასასრულს მიუახლოვდა. ათწლეულის განმავლობაში შვიდი პრემიერ-მინისტრის მონაცვლეობამ ქვეყანა გამოფიტა; დღეს სახელმწიფოს ყველაზე მეტად სტაბილურობა და სულთქმის სიმშვიდე ესაჭიროება.

ახალი გეზის მთავარი ამოცანა გახლავთ „იმედის დაბრუნება“ დევიზი კი „ახლა კი ყველა ერთად“. ლეობორისტი პრემიერის ხედვით, სახელმწიფო დაიბრუნებს ისტორიულ, მზრუნველ როლს, მარგარეტ თეტჩერის დროიდან პრივატიზებული საჯარო სერვისები - ბინათმშენებლობა, ჯანდაცვა, წყალმომარაგება და მისთანანი - სახელმწიფოს, მათ შორის კი განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობის ხელში დაბრუნდება. 

წყალი და დენი ისევ სახელმწიფოს ხელში

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში წყალმომარაგება კერძო სექტორიდან საჯარო მმართველობის ქვეშ დაბრუნდება, ქალაქების მერებს ადგილობრივ კომპანიებზე კონტროლი მიეცემათ. შეიქმნება სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელი “Great British Grid”, რომელიც კერძო ოპერატორებს კონკურენციას გაუწევს იმ იმედით, რომ ელექტროენერგიის ფასები უფრო სტაბილური გახდება. 

ხელმისაწვდომი საცხოვრისი ყველას

სახელმწიფო სოციალურ საცხოვრისის მშენებლობის ფართო პროგრამას იწყებს. ამ სახლების გაყიდვა ან გაკერძოება აიკრძალება. ადგილობრივი თვითმმართველობები პატრონებისგან მიტოვებულ ანდა მიმდინარე კერძო ბინათმფლობელების მიერ უყურადღებოდ მიგდებულ კერძო საცხოვრისის მართვას ეტაპობრივად გადაიბარებენ და მათ მოაწესრიგებენ. პროგრამა „პირველი სახლის“ დახმარებით, ბინის მყიდველებს პირველადი შენატანის გადახდა გაუმარტივდებათ.

ყოველდღიური ხარჯების შემსუბუქება

გრძელვადიან გეგმებთან ერთად, მოსახლეობა მყისიერ შედეგსაც იგრძნობს:

  • ელექტროენერგიის გადასახადებიდან დღგ უკვე მიმდინარე კვირაში იხსნება.
  • ინგლისის მასშტაბით ავტობუსით მგზავრობის ტარიფი 2027 წლის ბოლომდე მაქსიმუმ 2 ფუნტზე გაიყინება.

ზრუნვა უფროსებზე და ბიძგი ახალგაზრდებს

შეიქმნება სოციალური დახმარების ახალი, უფასო სახელმწიფო სამსახური. მის შესანახად ქვეყანა ვალს არ აიღებს და ხარჯებს საკუთარი ბიუჯეტის დაზოგვით დაფარავს. ამისთვის, 2030 წლიდან პენსიების მომატების ახლანდელი წესი შეიცვლება და ამ გზით ფული დაიზოგება. ახალგაზრდებს კი დასაქმების კონკრეტულ შანსს მისცემენ: 16-დან 18 წლამდე მოზარდები 45-დღიან სამუშაო პრაქტიკას გაივლიან, 18 წლის ასაკიდან კი - პროფესიულ სტაჟირებას. ამ პროგრამაში მონაწილეობა ყველა ახალგაზრდისთვის სავალდებულო იქნება.

ბრექსიტი შეცდომა იყო?

პრემიერმა ევროკავშირთან ხელახალი დაახლოების და ურთიერთობის მოწესრიგების სურვილი გამოხატა.

„ბრექსიტმა“ უფრო მეტი ზიანი მოუტანა ქვეყანას, ვიდრე სარგებელი. ჩვენი ამოცანაა, ბრიტანეთს ეკონომიკური აღმავლობა და კეთილდღეობის მაღალი დონე დავუბრუნოთ,”

ბერნჰემის მტკიცებით, ბრექსიტის ლოზუნგი „დავიბრუნოთ კონტროლი“ გაკოტრდა: ბრექსიტმა ბრიტანეთს კონტროლი ვერ მოუტანა, რაც არც იყო გასაკვირი, რადგან კონტროლი სახელმწიფოს კონსერვატიულმა მთავრობებმა წაართვეს თავიანთი პრივატიზაციებით და არა ევროკავშირმაო. ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტამ გაერთიანებული სამეფო ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაასუსტა.

პრემიერმა იქვე დასძინა, რომ საიმიგრაციო პროცესების მართვა სწორედ მაშინ მოიშალა, როდესაც ბრიტანეთმა კონტინენტურ ევროპასთან მჭიდრო პარტნიორობა შეზღუდა და რომ მთავრობა ახლა ძალ-ღონეს არ იშურებს ამ თანამშრომლობის აღსადგენად.

მისი თქმით, ეს საკითხი წლის ბოლოს დაგეგმილი გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტის უმთავრეს თემად იქცევა; ამასთანავე, მინისტრები შეეცდებიან, ვითარება როგორმე შეუმსუბუქონ იმ ეკონომიკურ სფეროებს, რომელთაც „ბრექსიტის“ დარტყმა ყველაზე მტკივნეულად იწვნიეს.

ყრილობის მონაწილეებს მან შეახსენა, რომ ეს ნაბიჯები „მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი“ - ითქვა, რომ ბრიტანეთი დარჩენილი საუკუნის განმავლობაში ვერ იპოვის საკუთარ გზას, სანამ თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, ევროკავშირთან, ურთიერთობის საბოლოო, მყარ ჩარჩოს არ შექმნის.

მისი ჩანაფიქრით, მოახლოებული სამიტი იქნება ის ხელსაყრელი მომენტი, როდესაც საზოგადოებას ევროკავშირთან თანაცხოვრების სხვადასხვა გზას შესთავაზებს, შემდეგ კი შეაფასებს, რამდენად შესაძლებელია რომელიმე მათგანის გარშემო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რათა ბრიტანეთის ბუნდოვან მდგომარეობას საბოლოოდ მოეფინოს ნათელი.

ბერნემს არც რომელიმე კონკრეტული ვარიანტის მიმართ გამოუხატავს სიმპათია, არც ისეთი ცნებები უხსენებია, როგორებიცაა „საბაჟო კავშირი“, „ერთიანი ბაზარი“ თუ „ხელახალი გაწევრიანება“, და არც სამიტის შემდგომ რეფერენდუმის ჩატარებასა თუ რაიმე მკაფიო ვადებზე დაუდია პირობა, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ გამორიცხა.

დიდი საარჩევნო რეფორმა

ბარნემმა თქვა, რომ მოცემული სისტემა ხალხის ნებას ვერ ასახავს და გასაქანს პოპულისტებს აძლევს. ლეიბორისტები შემდეგ არჩევნებზე ხალხს ხმის მიცემის ახალი სისტემის შეთავზებას პირდებიან - სავარაუდოდ პროპორციული სისტემისკენ ნაბიჯის გადადგმაზეა საუბარი. 

გაუძლებს ბიუჯეტი ამბიციურ დაპირებებს?

საპენსიო წესების ცვლილება და მკაცრი სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯია, რამაც შესაძლოა ამომრჩევლის ნაწილი გაანაწყენოს. მთავარ გამოწვევად კი ფინანსები რჩება: რამდენად შეძლებს მთავრობა ამ მასშტაბური რეფორმების გატარებას ისე, რომ მკაცრი საბიუჯეტო ლიმიტები არ დაარღვიოს? ამაზე დიდი დებატებია მოსალოდნელი.

მანამდე კი კომენტატორების აზრით, კარგა ხანია ბრიტანეთის პრემიერს ხალხთან ასე პირდაპირ არ უსაუბრია და მართლაც ფუნდამენტური რეფორმები არ შეუთავაზებია. ბარნემი ამბობს, ისეთი ბრიტანეთი მინდა ავაშენო, ცხონებული მამაჩემი რომ იამაყებდაო. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

დაამატე ევროპის მოამბე Google-ზე