როგორ დამარცხდა ვიქტორ ორბანი
დეზინფორმაციისა და ბინძური ხრიკების ძველი ტაქტიკა უძლური აღმოჩნდა პეტერ მადიარის თანმიმდევრული კამპანიის წინააღმდეგ
ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა, სძლია ორბანის მიერ შექმნილ უსამართლო სისტემას და მეტიც, ის მის წინააღმდეგ გამოიყენა. დეზინფორმაციისა და ბინძური ხრიკების ძველი ტაქტიკა უძლური აღმოჩნდა თანმიმდევრული კამპანიის წინააღმდეგ, რომელმაც უნგრელებს საარჩევნო ხმა დაუბრუნა.
ავტორი: კიმ ლეინ შეპელი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორია სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ამავე დროს, ის პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორია.
კიმ ლეინ შეპელს ამ სტატიამ ორბანის მოქმედი სისტემის ანატომია საუკეთესოდ წარმოაჩინა
არჩევნების ღამე უნგრეთში დღესასწაულად იქცა, ასობით ათასი ადამიანი გამოეფინა ქუჩებში ვიქტორ ორბანის რეჟიმისგან გათავისუფლების აღსანიშნავად. ახალგაზრდებმა გაავსეს გამზირები, ტრამვაის და მეტროს ვაგონები, ისმოდა სადღესასწაულო სიმღერა და შეძახილები. ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მხარდამჭერები მანქანების პიპინით მოძრაობდნენ ბუდაპეშტის ფართო ბულვარებში. მადიარი, რომელსაც კამერასთან მუშაობა არ ესწავლება, უნგრეთის უზარმაზარი დროშის ფრიალით დადიოდა მხარდამჭერთა შორის, სანამ დუნაის პირას, პარლამენტის მშვენიერი შენობის ფონზე, წარმოთქვამდა გამარჯვების სიტყვას.
„ტისა ადიდდა!“ - ყვიროდა ხალხი. ტისა ხომ აღმოსავლეთ უნგრეთის ყველაზე დიდი მდინარისა და, ამავდროულად, მადიარის პარტიის სახელია. იმ ღამეს საარჩევნო რუკაზე „ტისას“ ლურჯმა მართლაც შეავსო საარჩევნო რუკა, რომელსაც ადრე მმართველი პარტიის, „ფიდესის“ ნარინჯისფერი ფარავდა.
მსოფლიოს ყურადღება დედაქალაქში, ბუდაპეშტში გამართული ზეიმისკენ იყო მიმართული, არადა არჩევნები, სინამდვილეში, ქვეყნის რეგიონებმა მოიგეს.
ხელისუფლებაში მობრუნებიდან მალევე, ორბანმა არჩევნების წესები სათავისოდ შეცვალა ისე, რომ არჩევნებში ამომრჩევლების ხმათა უბრალო უმრავლესობის მიღების შედეგად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო. მანიპულაციის გასაღები იმაში მდგომარეობდა, რომ სოფლად მიცემულ ხმას უფრო მეტი წონა ენიჭებოდა ვიდრე ქალაქების მოსახლეობის ხმებს, სადაც ოპოზიციას მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.
სოფლის ერთ საარჩევნო ოლქში ზოგჯერ მხოლოდ 30 ათასამდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული მაშინ, რომ ქალაქებში გახსნილ ერთ ოლქში ამომრჩევლის რაოდენობა 90 ათასს აღწევდა. მაჟორიტარული სისტემის პირობებში, სადაც მონაწილეთა ხმების მარტივი უმრავლესობის მიმღები კანდიდატი იღებს საპარლამენტო მანდატს, რეგიონებში გაცილებით ნაკლები ხმა იყო საჭირო გამარჯვებისთვის.

სტატიის ორიგინალი ამ თვის "დემოკრატიის ჟურნალში" გამოქვეყნდა
ამას გარდა, უნგრეთის თითქმის ყველა სოფლის მერი ფიდესის ერთგული კაცი იყო. აშკარა იყო, რომ მერები არა მხოლოდ ყიდულობდნენ ხმებს, არამედ სოციალური შეღავათების წართმევით ემუქრებოდნენ იმ ამომრჩევლებს, ვისაც მმართველი პარტიისაგან გაქცევის ცდუნება შეიძლებოდა გასჩენოდათ. ამ ოლქებში ორბანი ხმების უდიდეს წილს იღებდა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას რომც არ დაეჭირა მისთვის მხარი, ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით რჩებოდა.
ამგვარად ორბანის მიერ შექმნილ საარჩევნო სისტემას სიმძიმის ცენტრი რეგიონებში ჰქონდა. მაჟორიტარულ სისტემით აღებული ხმები პროპორციული არჩევნებით პარტიებისთვის მიცემულ ხმებს ემატებოდა და ამით მმართველ პარტიას უპირატესობას უქმნიდა. მხოლოდ რეგიონების ხარჯზე იყო შესაძლებელი საკონსტიტუციო უმრავლეობის მოგება.
ორბანის მიერ შექმნილ საარჩევნო სისტემას სიმძიმის ცენტრი რეგიონებში ჰქონდა.
ამ სისტემას ერთი სუსტი ადგილი გააჩნდა: თუ სხვა კანდიდატი ან პარტია მიხვდებოდა, თუ როგორ დაუფლებოდა პოლიტიკური სიმძიმის ამ ცენტრს, ის ორბანის მსგავსად გაიმარჯვებდა. ორბანზე მორგებული სისტემაში გასამარჯვებლად ეს კანდიდატი ორბანის მსგავსი უნდა ყოფილიყო. პეტერ მადიარი სწორედ ასეთი კანდიდატი გამოდგა.
ბევრს აღარავის ახსოვს, თუ როგორი ახალგზარდა, სიმპატიური და ქარიზმატული იყო ვიქტორ ორბანი ერთ დროს. ჭკვიანი იურისტი, ნიჭიერი ორატორი, რომელსაც შეეძლო მასზე ნაკლებად განათლებული ადამიანების გულების მოგებაც. ორბანი ამავდროულად საუკეთესო სტრატეგოსი გამოდგა, რომელმაც პარტიული დისციპლინისა და კონტროლის შენარჩუნება შეძლო. 1989 წელს, საბჭოთა გავლენისგან გათავისუფლების შემდეგ უნგრეთში ჩატარებული ცხრა არჩევნებიდან ორბანმა ხუთში იმარჯვა, ამათგან ოთხში - საპარლმანეტო მანდატების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.
პეტერ მადიარი ახალგაზრდა ორბანს აგონებს იმ ხალხს, ვისაც ძველი დროება ჯერაც ახსოვს - სიმპატიური, ქარიზმატული, იურისტის მჭერმეტყველებით და განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებთან მარტივად საუბრის უნარით. ამ საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევე ასხივებდა ენერგიას და მომავლის იმედს, როგორც ორბანი ოდესღაც. როცა დაინახა, რომ მადიარი გამოკითხვებში უსწრებდა, ორბანმა მას დაუპირისპირა ყველა შესაძლო მეთოდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეაღწია მადიარის საარჩევნო კამპანიაში, მიუგზავნა მას ფიდესის აგენტი ქალი, რომელმაც მასთან სასიყვარულო ურთერთობა გააბა (და მათი საუბრებიც ჩაიწერა). ორბანის ერგულმა პროკურორმა სცადა ტისას ლიდერის წინააღდეგ საქმის აღძვრა მცირე დანაშაულის გამო (მას ედავებოდნენ დუნაიში ვიღაცის ტელეფონის გადაგდებას ღამის ბარში წაკინკლავების შემდეგ). ორბანის მიერ კონტროლირებული პრესა მადიარს ყოველდღიურად აშავებდა.
პეტერ მადიარი ახალგაზრდა ორბანს აგონებს იმ ხალხს, ვისაც ძველი დროება ჯერაც ახსოვს.
ამ ყველაფრისდა მიუხედავად მადიარის მხარდამჭერთა რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა. ევროპარლამენტმა უარი თქვა მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნაზე, რითაც მადიარმა აიცილა პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნა. მისი საკომუნიკაციო გუნდი იგერიებდა ყველა შეტევას. გახურებული საარჩევნო კამპანიის დროს, ვიღაც უცნობმა (ვინ, თუ არა ორბანის ბანაკის წევრმა?!) გაავრცელა ფოტო სასტუმროს ოთახში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან, სადაც ჩანდა აშლილი ქვეშაგები და მიანიშნა რომ "გაგრძელება იქნებაო." პასუხად, მადიარის ფანებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნეს ფოტოები, სადაც ორბანი ხან პუტინთან, ხან ტრამპთან, ხან კი სხვა ადამიანებთან ნებივრობდა ლოგინში. ამგვარი აბუჩად აგდების შემდეგ, მადიარის სექსუალური კავშირის ამსახველი ჩანაწერი აღარ გავრცელდა. გასაგები იყო, რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ, ორბანის მემები სულ წალეკავდა სოციალურ მედიას.
სანამ მისი გუნდი თავდასხმებს უმკლავდებოდა, თავად მადიარი ფოკუსირებული იყო საარჩევნო კამპანიაზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან დროის უდიდესი ნაწილი რეგიონებში გაატარა, ზოგჯერ ერთი დღის განმავლობაში მიტინგს ექვს-რვა სოფელში მართავდა. ამით მადიარმა გვერდი აუარა ორბანის მიერ კონტროლირებულ მედიას, რომელიც საეთერო დროს არ უთმობდა. ინფორმირებისთვის ის დაეყრდნო პირისპირ შეხვედრებს ადამიანებთან და სოცმედიაში ამ ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას.
ორბანის მიერ შექმნილ სისტემაში ოცი წლის განმავლობაში გამოზრდილ მადიარს ფიდესის სამზარეულოს საიდუმლოებები არ ესწავლებოდა.
ორბანის მიერ შექმნილ სისტემაში ოცი წლის განმავლობაში გამოზრდილ მადიარს ფიდესის სამზარეულოს საიდუმლოებები არ ესწავლებოდა. მან კარგად იცოდა, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები. ოპოზიციური კოალიციების ლიდერები, რომლებიც ორბანს ძალაუფლებას ეცილებოდნენ 2014, 2018 და 2022 წლებში, იშვიათად გადიოდნენ დიდი ქალაქებიდან. შესაბამისად, ორბანი იოლად ინარჩუნებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას ყველა არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ თავად მადიარი ბუდაპეშტში მცხოვრები იურისტების ოჯახიდან იყო (ორბანი კი რეგიონიდან), მისმა უშიშარობამ და დაუოკებელმა ენერგიამ შექმნა განცდა, რომ მას ქონდა უნგრეთის კორუფციისა და ავტოკრატიისგან გადარჩენის პატიოტული მისია, და ამით ორბანის სისტემა გაარღვია. მადიარი ყველაზე პატარა სოფლებსაც კი რამდენჯერმე ესტუმრა და საბოლოოდ, ამგვარი ყურადღება სოფლად მცხოვრები ამომრჩევლების მიმართ შედეგიანი აღმოჩნდა. 2022 წლის არჩევნებში ორბანმა 106 საარჩევნო ოლქიდან 88 მოიგო და გადამწყვეტი უპირატესობა სწორედ სოფლად მიღებული ხმებით დაიბევა. მადიარმა წელს 93 ოლქი მოიგო, რითაც გაიმეორა რეგიონებში გამარჯვების ორბანისეული სტრატეგია და ამავდროულად დიდ ქალაქებშიც იმაზე უკეთესი შედეგი უჩვენა, ვიდრე ორბანს ოდესმე მიუღია.
2022 წელს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ორბანმა ამაყად განაცხადა, რომ მისი გამარჯვება „იმდენად დიდი იყო, რომ მთვარიდანაც კი ჩანდა.“ წელს პეტერ მადიარის გამარჯვების სიდიდე მარსიდანაც იყო შესამჩნევი. არჩევნების ღამეს, მან 199 მანდატიდან 138 [საბოლოო შედეგებით - 141 რედ.] აიღო ერთპალატიან პარლამენტში - სისტემაში, სადაც 133 მანდატი საკმარისია უნგრეთის კონსტიტუციის და ნებისმიერი სხვა კანონის შესაცვლელად. ნიშანდობლივია, რომ ამ შედეგს მისმა პარტიამ დამოუკიდებლად, კოალიციური პარტნიორების გარეშე მიაღწია. მხოლოდ ამგვარი საკონსტიტუციო უმრავლესობით არის შესაძლებელი ორბანის თექვსმეტწლიანი ავტოკრატიული მმართველობის განმავლობაში შექმნილი და ფესვგადგმული სისტემის მორღვევა. საკონსტიტუციო უმრავლესობა მადიარს აძლევს ორბანის ნამოქმედარის სრულად შემობრუნების შესაძლებლობას.
საარჩევნო ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ითვლის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები უნგრელების ხმებს. ეს ამომრჩევლები ტრადიციულად ორბანს აძლევდნენ ხმას მას შემდეგ, რაც ორბანმა მათ მოქალაქეობა მიანიჭა. მადიარის საბოლოო შედეგი შეიძლება შემცირდეს ერთი ან ორი მანდატით თუმცა მას აქვს უსაფრთხოების ბალიში ამ ცვლილების შემთხვევაშიც. საბოლოო შედეგი 19 აპრილს გამოცხადდება. [საბოლოოდ, ეს ვარაუდი არ გამართლდა და მადიარის პარტიამ კიდევ უფრო მეტი - 141 მანდატი დაიბევა - რედ.].
როგორი პრემიერი იქნება მადიარი?
როგორი პოლიტიკოსი აღმოჩნდება უკვე არჩეული მადიარი და რა განასხვავებს მას ორბანისგან? ერთი შეხედვით, მისი პოლიტიკური შეხედულებები მემარჯვენე-ცენტრისტულია, ამდენად პოლიტიკის ბევრ საკითხთან მიმართებაში, იმიგრაციით დაწყებული და ოჯახური ღირებულებეით თუ ეკონომიკური პოლიტიკით დამთავრებული, ის ძველ გეზს გააგრძელებს. ის უფრო პრო-ევროპული კი იქნება, მაგრამ ალბათ უფრო ევროპის სახალხო პარტიის, ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის მარჯვენა ფლაგნზე დაიმკვიდრებს ადგილს. თუმცა, მეორე მხრივ, მადიარზე ამგვარი კატეგორიებით ფიქრს ჯერ აზრი არა აქვს. მას არ მოუგია არჩევნები, სადაც წყალგამყოფი მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის გადიოდა. ეს იყო არჩევანი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ამ თემამ ყველა სხვა საკითხი დაჩრდილა.
ეს იყო არჩევანი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ამ თემამ ყველა სხვა საკითხი დაჩრდილა.
მადიარს მხარს უჭერდნენ ცენტრისტული და მემარცხენე პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდნენ მის ბევრ შეხედულებას. ყველას სურდა ორბანის მოშორება - რეჟიმის უკიდეგანო კორუფციის აღმოფხვრა, დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენა, დასუსტებული საჯარო მომსახურების, როგორიცაა ჯანდაცვა და ტრანსპორტი, გაძლიერება, ევროპასთან დაახლოება და იმ მილიარდობით ევროს დაბრუნება, რომლის გაცემაზეც ევროკავშირმა უარი თქვა კორუფციის, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმის, და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო.
მადიარის მხარდამჭერებმა ხმა მისცეს ორბანის რეჟიმის დამარცხებას - სწორედ ამ სიტყვას, rendszer, იყენებდა მადიარი ორბანის ადმინისტრაციის ასაღწერად ნაცვლად სიტყვისა kormany, რაც მთავრობა ნიშნავს უნგრულად. ავტოკრატიისგან გათავისუფლების იდეამ გააერთანა მემარცხენეები და მემარჯვენეები. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მადიარმა გასულ ზაფხულს გამართული პრაიდისგან (რომლის აკრძლვაც სცადა ორბანმა) თავი შორს დაიჭირა და შეგნებულად არ დაუჭირა მხარი სექსუალურ უმცირესობებს, არჩევნების შედეგებით გახარებული გეი წყვილები სიხარულით ცეკვავდნენ ბუდაპეშტის ქუჩებში, მას შემდეგ, რაც მადიარს მისცეს ხმა.
ავტოკრატიისგან გათავისუფლების იდეამ გააერთანა მემარცხენეები და მემარჯვენეები.
მადიარმა დაარწმუნა უნგრელები, რომ მისთვის მიეცათ ხმა, კლიტე აჰყარა ორბანის მიერ ჩაკეტილ სისტემას და ორბანით გაბეზრებულ ამომრჩეველს დაანახა, რომ მათ მსგავსად, ბევრი ადამიანი მზად იყო ცვლილებისათვის. მადიარის მიტინგები ხალისიანი ღონისძიებები იყო, მისი კამპანია მიმართული იყო შიშის წინააღმდეგ და თავისუფლების დასაბრუნებლად. დროთა განმავლობაში დემონსტრაციები უფრო მრავალრიცხოვანი გახდა, რადგან თანდათან ხალხი მიხვდა, რომ რადგან მადიარს არ ეშინოდა, მათაც არ ჰქონდათ შიშის საბაბი. მილიონობით უნგრელმა დაუბრუნა ხმა ამ არჩევნებში და საკუთარი ხმის აღმოჩენით იპოვა ერთმანეთიც.
მადიარის ამპანია მიმართული იყო შიშის წინააღმდეგ და თავისუფლების დასაბრუნებლად.
სოციოლოგი ანტალ ორკენი, რომელიც ყურადღებით აკვირდება და აღწერს ყველა უნგრულ მოვლენას ცნობილი მამის, მწერალ იშტვან ორკენის პოეტური ენით, ყველაზე უკეთ ჩაწვდა იმას, რაც უნგრეთში მოხდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. მასზე უკეთ ვერ დავწერ და ამიტომაც გავიმეორებ მის სიტყვებს:
ის, რაც მოხდა, შეიძლება ყველაზე უკეთ აღიწეროს სიტყვით ‘გამოღვიძება’. მე ვიგრძენი, რომ ქვეყანამ გაიღვიძა საკუთარი თავის შესაცნობად. ისევე, როგორც ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დილით, უნგრული საზოგადოება გამოფხიზლდა იმ აუტანელი სამყაროდან და გადაინაცვლა ნორმალურ და ცხოვრებისთვის გამოსადეგ სამყაროში. ამას დასჭირდა დრო, მაგრამ მე ვიგრძენი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის და პოლიტიკის მიმართ. მე კარგად ვაკვირდებოდი ტისას პარტიის განვითარებას. ვინც ახლოდან აკვირდებოდა ამ მოვლენებს, შეუძლია დაადასტუროს, რომ არა მხოლოდ უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში პეტერ მადიარის მოსასმენად, არამედ ეს ხალხი სულ უფრო მეტად იღიმოდა და უახლოვდებოდა ერთმანეთს, ისინი ივსებოდნენ სიხარულით და საკუთარი თავის რწმენით. ისინი უფრო მეტად განიცდიდნენ საზოგადოებასთან კუთვნილების შეგრძნებას...
არჩევნების მეორე დღეს, პეტერ მადიარმა მარტივად თქვა, „ეს დასასრულია“. წინ ცვლილება და ახლის შექმნა გველოდება.
