რუსული ეკონომიკა „სასიკვდილო ზონაში" შევიდა

რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ომი, მაგრამ ის უკვე საკუთარი ეკონომიკის საფუძვლებს ანადგურებს.

რუსული ეკონომიკა „სასიკვდილო ზონაში" შევიდა
როგორც ალპინისტს ჟანგბადის ნაკლებობა უღებს ბოლოს, ისეა გაუხშოებული რუსეთის ეკონომიკის წვდომა კაპიტალთან. კოლაჟი: ანი ლობჯანიძე/მოამბე

ავტორი: ალექსანდრა პროკოპენკო კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ცენტრის მკვლევარია, ეს სტატია გაზეთ "ეკონომისტში" გამოქვეყნდა.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეხუთე წელიწადში გადაგორდა. ცვლილებები, რომელიც ამ ომის სასაზრდოებლად რუსეთის ეკონომიკის მომართვას დასჭირდა, შეუქცევადი გახდა და სამშვიდობო რელსებზე კრიზისის გარეშე მისი გადაყვანა რთული, ეგებ შეუძლებელიც იქნება. დასავლეთში ხშირად ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკა მალე ჩამოიშლება. ეს არ მოხდება. მაგრამ არც არაფერი გამოსწორდება. რუსული ეკონომიკა სასიკვდილო ზონაში შევიდა - ალპინისტები ასე უწოდებენ 8000 მეტრზე მაღლა ასვლას, სადაც ადამიანის სხეული იმაზე უფრო სწრაფად შთანთქავს რესურსებს, ვიდრე გამოიმუშავებს.

რუსული ეკონომიკა უარყოფითი წონასწორობის ერთგვარ ველშია გაჭედილი: ის დღევანდელობისათვის მუშაობას ახერხებს, მაგრამ სამომავლო შესაძლებლობების ეტაპობრივი განადგურების ხარჯზე. საექსპორტო შემოსავლების კლებით წარმოშობილი ფინანსური დეფიციტის შევსება ეკონომიკის მიმდინარე სისუსტის პირობებში ვერ ხერხდება. 2025 წელს ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და წლევანდერი პროგნოზი უფრო უარესია.

გასული ოთხი წლის განმავლობაში რუსული ეკონომიკის შიგნით ორი, ერთმანეთისგან იზოლირებული სისტემა წარმოიშვა. პირველში სამხედრო და მასთან დაკავშირებული მრეწველობა შედის. თუ სხეულის ანალოგიას მივყვებით, ეს ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებია, რომლებსაც სისხლი პირველ რიგში მიეწოდება. ამ სექტორებში სამუშაო ადგილებიც იქმნება და ინვესტიციებიც ხორციელდება. მათ ენიჭებათ უპირატესობა მუშახელზე, კაპიტალსა და იმპორტირებურ საქონელზე წვდომის მხრივ. მეორე სისტემაში შედის ყველაფერი დანარჩენი: კერძო და მცირე ბიზნესი, სამომხმარებლო მრეწველობა. რუსული ეკონომიკური სხეულის ამ კიდურებს საკმარისი სისხლი აღარ მიეწოდება და ნელ-ნელა იყინება.

ამ ახალი სტრუქტურისთვის ყველაზე სახიფათო ის მისი მკვებავი საზრდოა. რუსეთის ეკონომიკა ახლა სამხედრო რენტაზეა შემჯდარი: საბიუჯეტო ტრანსფერებზე სამხედრო მრეწველობისათვის, სადაც მაღალ ხელფასებსაც იხდიან და რომლის ხარჯზეც ეკონომიკური აქტივობა კვლავაც გრძელდება. ფუნქციური თვალსაზრისით, სამხედრო ტრანსფერებს იგივე როლი აქვთ, რასაც 2000 წლებში ნავთობით მოტანილ შემოსავლებს ჰქონდე. ოღონდაც ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ნავთობი სისტემის გარედან მოდის, უცხოელები ფულს იხდიან ბუნებრივ რესურსში, ეს ფული მერე ეკონომიკაში ტრიალებს და მრავლდება. სამხედრო რენტა კი ეკონომიკური სისტემის შიგნიდან მოდის, ხოლო მისი ეკონომიკური არსია უკვე არსებული შიდა რესურსების გადასროლა გასანადგურებლად განკუთვნილი საქონლის საწარმოებლად. რუსეთის ეკონომიკური სხეული საკუთარ მუსკულებს ინელებს, რომ ენერგია გამოიმუშავოს და ცოტა ხანი კიდევ იცოცხლოს.

ამ თვალსაზრისით, ეს არაა საბაზრო ეკონომიკის ტრადიციული, ციკლური შეფერხება, რომლის გამოსწორებაც მონეტარული ან საგადასახადო პოლიტიკის ადაპტაციით შეიძლება. ჩვეულებრივ, რეცესია გადაღლილობასავითაა - დაისვენებ და თავს უკეთ იგრძნობ. რუსეთის ეკონომიკა კი "სასიკვდილო ზონაში" შესული ალპინისტების დაავადებასავითაა: რაც უფრო დიდი ხანი რჩები მაღლა, უფრო ცუდად გახდები, რაც არ უნდა ბევრი დაისვენო.

მოდით, ამ ზონიდან ბარში დაშვების არითმეტიკასაც შევხედოთ: სამხედრო სექტორი ახლა რუსეთის მშპ-ს 8%-ს შეადგენს. იმისთვის, რომ დემობილიზაციამ კრიზისის გარეშე ჩაიაროს ხუთი წინაპირობა უნდა შესრულდეს: მიღწეული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც კრემლის მიერ საფრთხეების შეფასებას უპასუხებს; ჯარის მასობრივმა დემობილიზაციამ მათი პარალელური გადამზადების ფონზე უნდა ჩაიაროს, რომ პროდუქტიულ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთონ; სანქციები უნდა მოიხსნას და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომა განახლდეს; თავდაცვის სფეროში შეკვეთების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, რომ უპირატესობა ეფექტიანობას მიენიჭოს და არა თანხების ათვისებას; და უნდა არსებობდეს მცირე საწარმოების მთელი ქსელი, რომელსაც შეეძლება სამხედრო მრეწველობიდან გამოთავისუფლებული რესურსების ათვისება. იმის ალბათობა, რომ ხუთივე ეს პირობა ერთდროულად დაკმაყოფილდება, დაახლოებით ნულის ტოლია.

ამასობაში, რუსეთის ეკონომიკას ჟანგბადი აღარ ჰყოფნის. ბიუჯეტის დეფიციტი სწრაფად გაიზარდა და 2025 წელს მშპ-ს 2.6%-ს გაუტოლდა - ასეთი ცუდი ეს მაჩვენებელი პანდემიის შემდეგ არ ყოფილა. სახელმწიფო ვალის მომსახურების გადასახადები წელს განათლებასა და ჯანდაცვაზე ჯამურად გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობას გადააჭარბებს.

ნავთობის ფასების ვარდნა ვითარებას აუარესებს: "ურალსის" სტანდარტის რუსული ნედლი ნავთობი დასავლურ "ბრენტთან" შედარებით 20-30%-ით იაფია, რაც ნიშნავს, რომ დღეს რუსეთის საექსპორტო შემოსავლები 2020 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ დონეზეა.

თუმცა ენერგომატარებლების გაიაფება უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებული არაა. ის ჩინეთის ეკონომიკის შენელებას, ევროპის სტაგნაციას და აშშ-ს მიერ დაწყებულ სავაჭრო ომებთანაა კავშირში. ეკონომიკური ჟანგბადის გაუხშოება გლობალური ფენომენია, მაგრამ რუსეთი მას სხვებზე მტკივნეულად განიცდის.

დღეს არსებული გლობალური ეკონომიკური კონტექსტი უკუღმართ მოტივაციურ სისტემას უქმნის კრემლს. ჩვეულებრივ, ეკონომიკური თეორია გვკარნახობს, რომ ვითარების გაუარესებამ პუტინს მოლაპარაკებებისკენ უნდა უბიძგოს, რომ ომი დაასრულოს. რაციონალური მოთამაშე ცდილობს თამაში დაასრულოს, როცა ფასი განუზომლად იზრდება. მაგრამ ვლადიმირ პუტინს მარტო რუსეთის ჟანგბადის მაჩვენებელზე კი არ უჭირავს თვალი, ის სხვებსაც უთვალთვალებს.

პუტინი მსოფლიოს ასე ხედავს: ევროპას თავისი სტრუქტურული კრიზისი გასჭირვებია, პოლიტიკურად დაყოფილია და სტრატეგიულ საკითხებზე ვერ აღწევს თანხმობას, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებითაც. უკრაინა ომითაა გადაღლილი და დასავლეთზეა დამოკიდებული, დასავლეთს კი ყოველი ახალი საარჩევნო ციკლის დროს ყოყმანი იპყრობს - გააგრძელოს თუ არა კიევის დახმარება. გლობალური ეკონომიკა მზარდი საგარეო ვალებითა და ვაჭრობაში პროტექციონისტური ტალღით გამოწვეული ხანგრძლივი კრიზისის მოლოდინშია. თუკი შენ გიჭირს, მაგრამ შენი კონკურენტებიც ცუდ დღეში არიან და თან თვლი, რომ ტკივილს შენ უკეთ აიტან, მაშინ ტრადიციული გათვლები თავდაყირა დგება. სწორედ ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკურმა ზეწოლამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ უბიძგოს, პუტინი ჯიუტად რჩება თვითგადარჩენის ლოგიკის ტყვეობაში.

უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, რუსეთის ელიტები - და არა მხოლოდ კრემლში მჯდომნი - დარწმუნებულნი არიან, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, დასავლეთის მთავარი ამოცანა რუსეთის სამუდამო დაქვემდებარება და მისი განვითარების პოტენციალის შებოჭვაა. ამ გავრცელებული რწმენის უარყოფა რთულია. დასავლელი პოლიტიკოსები ღიად განიხილავენ რუსეთის შეკავების გეგმებს. ოთხწლიანმა ომმა ორივე მხარეს აარჩევინა სვლის გეზი, რომლსაც თავისი ინერცია აქვს და რაც დრო გადის, მისგან გადახვევა სულ უფრო რთულდება.

თუკი ორივე მხარე მოელის, რომ კონფრონტაცია სამუდამო ხასიათს მიიღებს, მაშინ მათი ქცევაც შესაბამისი ხდება და კონფრონტაციის გაგრძელება ერთადერთი შესაძლებლობად მოჩანს. ამგვარი მოლოდინების არსებობის პირობებში, რუსეთის არჩევანი, გააგრძელოს ომი, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, რაციონალური არჩევანია. პუტინი გააგრძელებს ომს იმ იმედით, რომ რამე შეიცვლება: დასავლური კოალიცია გაიხლიჩება, უკრაინა გადაღლით გატყდება ან პრეზიდენტი ტრამპის პრიორიტეტები შეიცვლება.

სინამდვილეში, რუსეთს ომის გაგრძელება კიდევ კარგა ხანს შეუძლია. მაგრამ იმ ალპინისტივითაა, რომელიც "სიკვდილის ზონაში" უსასრულოდ ვერ გაძლებს და ქვემოთ ჩამოსვლაც რომ მოიწადინოს, შეიძლება მაინც დაიღუპოს. თუ ეკონომიკური დეგრადაციის თავიდან არიდება სურს, კრემლმა ომი უნდა დაასრულოს. დიახ, მხოლოდ ომის დასრულება ვერ იქნება რუსული ეკონომიკის აღორძინების გარანტია. თუმცა, ომის ნებისმიერი დამატებითი წელიწადი სისტემური კოლაფსის რისკს ზრდის: საფინანსო კრიზისი და ინსტიტუციების ჩამოშლა შეიძლება იმდენად დრამატული იყოს, რომ რაც არ უნდა პოლიტიკა აირჩიონ რუსეთის მმართველებმა, ზიანის გამოსწორება მაინც გაუჭირდეთ. დასავლელმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს უკვე უნდა დაუსვან კითხვა, როგორი იქნება რუსეთი, როცა ეს გარდაუვალი ვარდნა დაიწყება - და აქვს თუ არა ვინმეს გეგმა, როგორ მოიქცნენ იმ დროს.