თუ შობადობის ზრდა გვინდა, დედებს უნდა დავეხმაროთ
დღეს ნაკლები ბავშვის ყოლა ეკონომიკურად გამართლებულია
ავტორი: მარტინ ვულფი, ფაინეიშნლ თაიმსის მესვეტე
ბავშვების გამოზრდას კლაუდია გოლდინი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი, „უძღომელ“ სამსახურს უწოდებს. სამუშაო საათები არა მხოლოდ არანორმირებულია, არამედ რთულად წინასწარმეტყველებადიც. ჩვეულებრივი სამსახურისაგან მშობლის როლი მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება - ხელფასს არავინ გიხდით. იმის გათვალისწინებით, რომ, სავალალოდ, ორი არანორმირებული სამუშაოს შეთავსება ცოტა ვინმეს თუ გამოსდის, წარმოიქმნება დილემა: ორივე მშობლის ანაზღაურებადი სამსახური შეიძლება ისეთივე „უძღომელი“ იყოს, როგორც შვილის აღზრდა. თუ ასე მოხდა, მათ მოუწევთ ბავშვის გაზრდა გადააბარონ სრული განაკვეთით დატვირთულ პროფესიონალ მომვლელს, რაც ფინანსურადაც და ემოციურადაც ძვირი დაუჯდებათ. ანდა ეგებ არჩიონ, რომ მხოლოდ ერთი მშობელი დაკავდეს მაღალანაზღაურებადი, არანორმირებული სამსახურით. ანდა, ორივე ნორმირებული, შედარებით დაბალშემოსავლიან სამსახურს მოეკიდონ. ანდა, უბრალოდ, სულაც უარი თქვან ბავშვების ყოლაზე. აი, სწორედ აქ ვაწყდებით შობადობის მკვეთრი დაცემის მიზეზს.
პროფესიული არჩევანის ასეთი თავისუფლება გლობალური დასავლეთის ქალებს მეორე მსოფლიო ომამდე არა ჰქონიათ, ბევრ განვითარებად ქვეყანაში ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო მცირე ხნის წინათ გაჩნდა. პარალელურად, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) 2024 წლის ანგარიშს თუ დავუჯერებთ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში „შობადობის საერთო მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა: თუკი 1960 წელს თითო ქალს საშუალოდ 3.3 ბავშვი ჰყავდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 ბავშვამდე ჩამოვიდა.“
შეიძლება ითქვას, რომ მაღალშემოსავლიან (და არა მარტო) ქვეყნებში შობადობის ამგვარად მკვეთრი შემცირება, აფრიკის მოსახლეობის სწრაფი ზრდის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც კაცობრიობის თავს ახლა ხდება.
შობადობის კლების გრძელვადიანი ტენდენცია მრავალი მიზეზით აიხსნება: ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირებით, მასობრივი ურბანიზაციით, შვილების უფრო ხანგრძლივი და ხარჯიანი დამოკიდებულებით მშობლებზე, მშობლების სურვილით, მათი შვილები ეკონომიკურად მაქსიმალურად წარმატებული იყვნენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია უზრუნველი სიბერის უზრუნველყოფის უკეთესი შესაძლებლობების გაჩენაც: პენსიები და მოხუცებზე მზრუნველი დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მშობლებს აღარ უბიძგებს, რომ მაქსიმალური რაოდენობის შვილები ჰყავდეთ, რომ სიბერეში ვინმემ მიხედოს.
ყველაფერ ამასთან ერთად, უკანასკნელ ხანებში შობადობის უკიდურესად დაბალ ნიშნულამდე დაცემის კუთხით საკვანძო მნიშვნელობა შეიძინა იმან, რომ ქალებისთვის კარიერული წინსვლის შესაძლებლობები კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ბავშვების ყოლის ეკონომიკურ ფასისა და ფიზიკური რისკის უდიდეს ნაწილს ისევ ქალები იღებენ თავის თავზე.
2014 წლიდან 2022 წლამდე ინგლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ბავშვების ყოლას თან სდევს ქალების შემოსავლების მკვეთრი და გრძელვადიანი ვარდნა. პირველი ბავშვის გაჩენიდან მეხუთე წელს (მე-20 კვარტალში), დედების ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 42 პროცენტით, ანუ დაახლოებით 1,051 ფუნტით მცირდება, ბავშვის დაბადებამდე ერთი წლის წინანდელ ანაზღაურებასთნ შედარებით.“ ფინანსური კვლევების ინსტიტუტის ნაშრომი ასევე ადასტურებს, რომ დედობის საზღაური უფრო დიდია გოგონების მშობელი დედების შემთხვევაში, რადგანაც ეს ოჯახში ტრადიციულ გენდერულ როლებს განამტკიცებს.
პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარის, ჰენრიკ კლევენის და ორი სხვა ავტორის მიერ შექმნილი 134 ქვეყნის გლობალური ატლასის თანახმად, „როგორც წესი, ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სქესთა შორის უთანასწორობის მთავარი მამოძრავებელი ბავშვის ყოლის საზღაური ხდება.“ მეტიც, მხოლოდ დანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომლის ავტორი ასევე კლევენია, „შემოსავლების მხრივ სქესთა შორის უთანასწორობა, რაც ბავშვის ყოლის საზღაურითაა გამოწვეული, გაორმაგდა: 1980 წელს ის 40 პროცენტი იყო, 2013 წელს კი 80 პროცენტია.“ ანუ დანიაშიც კი დედობის საზღაური დიდი და ქრონიკული პრობლემაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით აქ შობადობის მაჩვენებელი2025 წლისათვის მკვეთრად დაეცა საშუალოდ 1.5 ბავშვამდე ერთ ქალზე და ეს იმის მიუხედავად , რომ სოციალური დაცვის თვალსაზრისით დანია მსოფლიოში ყველაზე ხელგაშლილი სახელმწიფოა.
ანუ შეგვიძლია დარწმუნებით დავასკვნათ, რომ ბავშვის ყოლისთვის ქალები უფრო მაღალ ფასს იხდიან. მეტიც, OECD ანგარიშის თანახმად, „ბავშვის ყოლის საზღაური კიდევ უფრო მაღალია მარტოხელა მშობლისთვის“, ეს კი უმრავლესად ქალები არიან. ბუნებრივია, ამ ვითარებაში პარტნიორის, მეორე მშობლის სანდოობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მეტიც, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრების მტკიცებით, თუ ადამიანს სურს მოწიფულ ასაკში კარიერის გაგრძელება, მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლა დღეს ეკონომიკურად გონივრული არჩევანია.
ამგვარად დასკვნა: განვითარებულ ქვეყნებში გამრავლება ეკონომიკური თვალსაზრისით არამომგებიანი გახდა, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. ამას დაუმატეთ ღირებულებების გადაფასება, მათ შორის ქალების და კაცების ხედვებს შორის განსხვავებების ზრდა და რელიგიური რწმენის შემცირებაც.
ამ კონტექსტში, VoxEU-ს ახლახლახანს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, „ისეთ პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვებზე ზრუნვის სუბსიდირებას, ბავშვებთან დაკავშირეული საგადასახადო შეღავათების გაზრდას ანდა ბავშვის ყოლისთვის ფინანსური ბონუსების გადახდას, შეუძლია ფინანსური ტვირთის შემსუბუქება და ოჯახის კეთილდღეობის სხვადასხვა ინდიკატორების გაუმჯობესება, თუმცა ამ ფაქტორების მცირე ცვლილებები არ იწვევს შობადობის შესამჩნევ ან გრძელვადიან ზრდას.“ რაღაც უფრო მეტია გასაკეთებელი. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა აუცილებელი გახდეს „საზოგადოების არსებითი გარდაქმნა იმგვარად, რომ მშობლის როლი თავსებადი იყოს ზრდასრულ ასაკში სრულყოფილ და აქტიურ ცხოვრებასთან“, ანუ იმასთან, რასაც დღეს განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ესწრაფიან.
მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, განსაკუთრებით, თუ მათ სურთ მასობრივი იმიგრაციის თავიდან არიდება, საჭიროა გადაუდებელი სისტემური მოქმედებები მშობლობის ფასის, განსაკუთრებით კი დედობის საზღაურის შესამცირებლად. ჯერ არაა ნათელი, რამდენად ეფექტური იქნება ამ ზომების განხორციელება, თუმცა ცდა ალბათ მაინც ღირს. მსგავსმა პოლიტიკამ შეიძლება ასევე გაამართლოს იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი 1.5-ზე მეტია. თუმცა აქ არ არის აუციელელი სწრაფი მოქმედება: მოსხლეობის მცირე შემცირება, ჩემი აზრით, მისაღებია. თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც შობადობა ძალიან დაბალია, მნიშვნელოვანია, რომ ასაკოვანი ადამიანებიც მუშაობდნენ. ეს სასარგებლო იქნება, პირველ რიგში, თავად ასაკოვანი ხალხისთვის. ძალისხმევა უნდა მივმართოთ ასაკოვანი ხალხის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით დემენციით გამოწვეულ ზიანის შემცირებაზე.
დაბერებული მდიდარი ქვეყნებისა და ახალგაზრდა განვითარებადი ქვეყნების თანაარსებობა გარდაუვლად შეუნარჩუნებს აქტუალობას იმიგრაციის საკითხს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან იმიგრანტებიც "ბერდებიან" (იმ გაგებით, რომ მდიდარ ქვეყნებში ინტეგრირებულ მიგრანტების შობადობაც მალევე ეცემა), მხოლოდ იმიგრაციით შობადობის პრობლემა ვერც მოგვარდება, ბუნებრივია, თუკი ვინმესთვის მისაღები არ გახდება ქვეყნის ეთნიკური შემადგენლობის სწრაფი შეცვლა. არადა, დღევანდელი ტენდენცია განსხვავებულია - მოგვწონს თუ არა, იმიგრაციისადმი წინააღმდეგობა ყველგან იზრდება.
კიდევ ერთი გზაა, შევეგუოთ მოსახლეობის სწრაფ დაბერებას და ველოდოთ, რომ ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სწრაფი აღმასვლა მის ეფექტს უარყოფით შეამცირებს. კიდევ ერთი გამოსავალი, რომელსაც მემარჯვენეები „ეთამაშებიან“ ქალების (კვლავ) მოსამსახურეებად ქცევაა, როგორც ეს მარგარეტ ატვუდის „მხევლის წიგნშია“ აღწერილი.
არადა, სწორი გამოსავალი მშობლების, განსაკუთრებით, დედების დახმარება და წახალისებაა. სწორედ მათი ქმედება განსაზღვრას მომავალს, ყველა დანარჩენს კი მხოლოდ დახმარება შეგვიძლია.