წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ იქნებოდა. ველოდი, რომ იქაურობა რუბენსის შესანიშნავი ტილოებით ან ენსორის უმდიდრესი კოლექციით დამამახსოვრებდა თავს, თუმცა შევცდი.


დათიკა იესეშვილი ჩვენს გვერდზე ხელოვნებასა და თანამედროვეობას შორის ხიდებს აშენებს.


მოსვენება ყველაზე მეტად ერთი დიდებული ფლამანდიელი ფერმწერის მცირე ტილოს ხილვამ დამიკარგა, რომელიც ისე ჩამებეჭდა გონებაში, რომ აგერ წლების შემდეგ წერისთვის ხელახლა მომასინჯინა კბილი.

ეს იყო იან ვან ეიკის წმინდა ბარბარე, თითქოს ნაცნობი და შინაური, მაგრამ მაინც უცნობი და განსხვავებული.

ლობიანის სურნელი ანტვერპენში

მშობლიურ იმერეთში, სადაც მე ვიზრდებოდი, სულ თითზე ჩამოსავლელ რელიგიურ რიტუალს მივდევდით, რომელთაგანაც განსაკუთრებული ადგილი სწორედ ბარბარობას (იმერულად თუ ვიტყვით, “ბარბალობას”) და მასთან დაკავშირებულ მეფეხეობის (მეკვლეობის) ტრადიციას ეკავა. ტრადიციისამებრ, 17 დეკემბრის სისხამ დილით, მივადგებოდი ხოლმე ნათესავების თუ მეზობლების სახლებს და ხორბლის თუ ბრინჯის მარცვალს ხვავისა და ბარაქის ნიშნად სახლსა და ეზოში თუ პირუტყვის სადგომში მიმოვაბნევდი. ამ დღის აუცილებელი ატრიბუტი იყო ლობიანი, რომელსაც ჩვეულებისამებრ, იმერეთში, მხოლოდ ბარბალობას აცხობდნენ ხოლმე. ამ წინარექრისტიანულ თუ ხალხურ ელემენტთან ერთად, წმ. ბარბარე ოქროს შარავანდედიანი და ჯვრით ხელში შემოსილი ახალგაზრდა ქალის ხატებით მყავდა გონებაში ჩაბეჭდილი, სწორედ ისეთად, როგორიც მესტიაში დაცულ ამ ხატზეა.

მესტიის მუზეუმში დაცული ხატი - წმ. ბარბარე (მარჯვნივ) და ღვთისმშობელი ყრმით (მარცხნივ). წყარო: Svaneti.org

ანტვერპენში ნანახი ვან ეიკისეული წმინდა ბარბარე, რომელმაც ბავშვობის მოგონებები და ქართულ-ბიზანტიური სტილის ხატები გამახსენა, ერთგვარად ახლობელიც იყო და უცხოც. თანაც ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი, ვიდრე წმ. ბარბარე, რომელსაც მე ვიცნობდი, რამაც ფიქრი და ინტერესი აღმიძრა. რატომ უჭირავს წმინდანს წიგნი და პალმის რტო? რატომ ჩანან ასეთ მცირე ნახატზე ასეთი სიზუსტით მშენებლები? რატომ დახატა მხატვარმა ამხელა გოთიკური კოშკი და მის უკან გაშლილი ქალაქი?

წმინდა ბარბარა ნიკოდემიიდან, იან ვან ეიკი, 1437

ვინ არის წმინდა ბარბარე?

გადმოცემათა თანახმად, წმ. ბარბარე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე რომის იმპერიის აღმოსავლეთში ცხოვრობდა, სხვადასხვა ვერსიით, ან ილიოპოლისში (დღევანდელი ეგვიპტე) ან ნიკომედიაში (დღევანდელი თურქეთი, ქ. იზმითი). ბარბარე წარჩინებული წარმართის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო, რომელიც მამამ მაღალ კოშკში გამოკეტა (სწორედ ამიტომ, წმ. ბარბარეს ხშირად გამოსახავდნენ კოშკის ფონზე). წმ. ბარბარემ დაოჯახებაზე უარი თქვა და ქრისტიანად მოინათლა, რითაც მამა ძლიერ განარისხა. მამამ თავისი შვილი დასასჯელად ქალაქის თავს, მარკიანეს მიჰგვარა, რომელმაც დიოსკორეს უბრძანა, თავად მოეკვეთა თავი საკუთარი ქალიშვილისთვის. ქრისტიანული გადმოცემით, დიოსკორე და მარკიანე ღმერთმა მეხის დარტყმით დასაჯა.

თუმცა წმინდანის ცხოვრებაზე გადმოცემებზე დაყრდნობით ვან ეიკის ნახატით გონებაში მოსულ კითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ თუ გავცემთ პასუხს. 

ფლანდრია - წმინდანთა „გარდასახვის“ ადგილი

ჯერ ისა ვთქვათ, რომ იან ვან ეიკი XV საუკუნის ფლამანდიელი ფერმწერია, რომელიც ჩრდილოური რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად მიიჩნევა. ვან ეიკისეული ნახატიც, წმინდანის ცხოვრებასთან ერთად, იმდროინდელი ფლანდრიისა და ევროპის ამბავსაც გვიყვება. გვიყვება, თუმცა ამასთავე, გვიბიძგებს მეტი ვიკითხოთ ეპოქაზე, რომელმაც მხატვარი და ნახატი შექმნა.

ვან ეიკამდეც და მერეც, წმინდა ბარბარე მრავალი ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულა – თუმცა, ვან აიკისეული კომპოზიცია, საკრალურისა და სეკულარულის შეხამება, კოშკი, ქალაქი და შესრულების ტექნიკა გამორჩეულია.

კომპოზიციურად ყურადღებას, პირველ რიგში, თავად წმინდა ბარბარე იქცევს, რომელიც წინა პლანზე ზის, წიგნს ფურცლავს და ხელში პალმის რტო, მისი მოწამეობრივი აღსასრულის სიმბოლო უპყრია. თუმცა, ნახატის ცქერისას ყველაზე მეტ დროს საუცხოო სიზუსტით გამოსახული გოთური არქიტექტურის კათედრალის კოშკს თუ სამრეკლოს ვუთმობ. მიიჩნევენ, რომ ეს კოშკი თუ სამრეკლო კიოლნის კათედრალს წააგავს, რომელიც იმხანად (და შემდეგაც, კიდევ კარგა ხანს) ჯერ კიდევ შენდებოდა.

კიოლნის საკათედრო ტაძარა 1248 წელს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 1880 წელს გასრულდა.

თუმცაღა, ვან ეიკისეული კოშკი ნაკლებად ჰგავს უბრალოდ კოშკს. მშენებარე კათედრალი, როგორც საკითხის მცოდნეები გვეუბნებიან, ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებისა და ტრიუმფის ალეგორია უნდა იყოს. დაუსრულებელი ტაძრის შენობა მეტაფორულად ადამიანის არასრულყოფილებას და სულიერი განვითარებისაკენ განუხრელ სწრაფვას გამოსახავსო, გვეუბნებიან ისინი. ოღონდ, ალბათ, შეცდომა იქნებოდა, ყველაფერი სულიერითა და არამატერიალურით აგვეხსნა, რადგან ვან ეიკისეულ ტილოს ჩვენებური ხატისგან სწორედაც რომ მატერიალური სამყაროს ფრიად დეტალიზებული შემოჭრა განასხვავებს.

საკრალური ჩვენს გვერდით

XV საუკუნე ფლანდრიული ქალაქების დაწინაურებისა და გამდიდრების ხანაა. ამ დროს ქვეყანას ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე III კეთილი (1396 – 1467) მართავს, რომელიც მიმდებარე მიწებს იერთებს, ტახტს ფლანდრიის ქალაქ ბრიუგეში გადაიტანს და საფრანგეთის მეფეებსაც კი უწევს კონკურენციას. ვან ეიკის წმინდა ბარაბარე ევროპის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად ქცეულ ფლანდრიაში იქმნება.

ფილიპე III კეთილი. როგირ ვან დერ ვეიდენის ნახატი. დაახ. 1450 წ. წყარო: meisterdrucke.uk

რაც უფრო მეტად აკვირდები ნახატს, მით უფრო ხვდები, რომ გოთიკური კოშკისა და ქალაქის გამოსახვით ვან ეიკი თავისი ეპოქის ეკონომიკურ და კულტურულ აღორძინებას უსვამს ხაზს. შემოაქვს რა საკრალური ყოველდღიურობაში, მნახველს უჩვენებს გოთიკურ არქიტექტურას და დასავლეთ ევროპულ ქალაქს და ამით აღმოსავლეთი რომის მკვიდრი წმინდანის ცხოვრება ათი საუკუნით გვიან გადმოაქვს, მაყურებლისთვის ნაცნობ გარემოში, ფლანდრიაში, რითაც წმინდანის ამბის უკეთ გაგების, მასთან სიახლოვის განცდის საშუალებას აძლევს.

როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის საქრისტიანოში, წმ. ბარბარეს ხშირად გამოსახავდნენ კოშკთან ერთად და კოშკით ხელში, თუმცა ვან აიკთან არა მხოლოდ შენობა, არამედ მისი აგების პროცესიც იქცევს ყურადღებას. აქ თვალსაჩინო ადგილს შრომა იკავებს, როგორც ხიდი სულიერსა და მატერიალურს შორის.

ამ ფრიად მცირე ზომის ნახატზე (34 X 18,5 სმ), შესაშური სიზუსტითაა გამოსახული შრომის დანაწილება, სადაც ხუროთმოძღვრები, სამუშაოს ზედამხედველები და ქვის გადამზიდველები შეხმატკბილებულად მუშაობენ. მშრომელები და ხელოსნები მხოლოდ წმინდანის ცხოვრების ტილოს ფონად არ არიან გამოსახულნი. ვან ეიკი თითქოს გვეუბნება, რომ ღვთის დიდება შრომითა და შენებითაც შეიძლება გამოიხატოს. ამ შრომის ინსტრუმენტები, ქვის ასაზიდი ამწე იქნება ეს თუ ურიკები,ისეთი სიზუსტითაა დასურათებული, თითქოს მხატვარი ეპოქის სამშენებლო ტექნიკისა და არქიტექტურული სამარჯვების პროგრესს უსვამდეს ხაზს.

ვან ეიკის ნახატის თანამედროვეა წმ. ბარბარეს XIV-XV საუკუნეების ფრესკა მისივე სახელობის ეკლესიიდან, სოფ. დორეთკარში (ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტი). ფრესკაზე ჩანს აბანო, რომელზედაც ლეგენდის თანახმად წმ. ბარბარემ მესამე სარკმელი სამების ნიშნად გამოაჭრევინა. საქართველოში წმინდანის ცხოვრების სცენები სხვაგან არსადაა შემონახული. წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ქსნის ხეობის ციფრული ალბომი.

ეს არაა შემთხვევითი. ფლანდრიისა და მისი ქალაქების ზრდა-განვითარება სწორედ მშენებლების, ქვისმთლელებისა და ამქრების (გილდიების) შრომაზე იდგა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ  დასავლეთში სწორედ წმინდა ბარბარეს მიიჩნევენ მშენებლების მფარველად. წმ. ბარბარეს მიიჩნევენ იმ პროფესიის ადამიანთა მფარველადაც, რომელთაც საქმიანობის გამო მოულოდნელი გარდაცვალების საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ.

შრომა რომ ქველი და საამაყო საქმე გამხდარა იმდროინდელ ევროპაში იმაშიც ჩანს, რომ ვან ეიკი და მისი თანამედროვეები სულ უფრო ხშირად აწერენ ხელს თავიანთ შრომებს. ამქრის ან სტუდიის ნაცვლად პირველ პლანზე ავტორის ინდივიდუალიზმი, მისი პიროვნული თვისებები და განსხვავებულობა გამოდის.  „წმინდა ბარბარესაც“ ლათინურად აქვს მიწერილი „IOH[ANN]ES DE EYCK ME FECIT. 1437” – “იან ვან აიკმა შემქმნა. 1437.”

სწორედ ამ ხელმოწერისა და დათარიღების გამოც ასკვნის მკვლევართა ნაწილი, რომ ნაშრომი დასრულებულია და მას გრიზაილის, ანუ მონოქრომული ფერწერული ნამუშევრის სახე აქვს. სხვა მკვლევრები უფრო იმ აზრს ადგანან, რომ „წმინდა ბარბარე“ დაუსრულებელი ნაშრომია, რადგან მას ვან ეიკისათვის სახასიათო საღებავების ფენა აკლია.

CTA Image

გამოიწერეთ ჩვენი გაზეთი უფასოდ და სტატიებს ელ. ფოსტაზე მიიღებთ

გამოიწერეთ

დასასრულის მაგიერ

აპრილის იმ თბილ დღეს ნანახ ანტვერპენის მუზეუმს, ვერ ვიფიქრებდი, რომ უპირველესად ერთი პატარა მონოქრომული ნახატით დავიმახსოვრებდი. ნახატით, რომელზედაც ნაცნობი წმინდანის უცხო ინტერპრეტაციამ იმერეთში გატარებული ბავშვობაც გამახსენა და შუა საუკუნეების დასავლეთი ევროპის ეს მხარეც უკეთ გამაცნო.

ალბათ, ამიტომ მივუბრუნდი ვან ეიკს და წმინდა ბარბარეს მას შემდეგ ამდენჯერ - ნახატს, რომელიც ქრისტიანი წმინდანის ცხოვრებასთან ერთად, XV საუკუნის ფლანდრიის მდიდარი ქალაქების, გოთიკურ შედევრებისა და ხელოსან-ოსტატების შრომის ამბავს გიყვება, გიყვება, როგორ იცვლებდა, იქმნებოდა და იბადებოდა თანამედროვე ევროპა.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ კვირას კაია კალასმა მოსკოვს ომის დაწყებიდან ყველაზე შორსმიმავალი სანქციები აღუთქვა; ბრიუსელმა ჰააგის სასამართლო ვაშინგტონის თავდასხმებისგან დაიცვა; ხოლო ექვსი ევროპული დედაქალაქი ნავთობის გიგანტებს ომის ფონზე მიღებული ზემოგების დაბეგვრით დაემუქრა. ამ და სხვა საინტერესო ამბებს მოგითხრობთ ევროპის მოამბე. თუმცა, მოდით, იქიდან დავიწყოთ, საიდანაც ევროპის შემოდგომა დაიგეგმა. კალასი

lock-1
ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

დაბრკოლებების მიუხედავად, ჯინი ადვილად არ მოდრეკილა, საკუთარი იდეების დაცვის ჟინი არ ჩაცხრომია, პოლიტიკური სიმტკიცითა და მუდმივი მზადყოფნით უტეხ უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებულ შეხედულებებს.

lock-1
ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ შუაგულ აგვისტოში რა გამოაცოცხლებდა ევროპულ დედაქალაქებს თუ არა საერთო საფრთხე და საწუხარი. რუსეთს რომ არ სძინავს არახალი ამბავია: მარტო ომის ველს რომ არ სჯერდება და აქეთ-იქით  გაუხსნია ფრონტები. რუსული დივერსიებითა და ჩარევით განსაკუთრებით “განებივრებულმა” გერმანიამ მოქმედება არჩია და საკუთარი დაზვერვას შეტევის უფლება მისცა. ამასობაში

lock-1
ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“

ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“

2014 წლის 31 მაისს, რუსმა ოლიგარქმა, კონსტანტინ მალოფეევმა ვენაში, ლიხტენშტაინის სასახლეში, საიდუმლოდ შეკრიბა ევროპული ულტრამემარჯვენეობის რამდენიმე საკვანძო ფიგურა და ვლადიმერ პუტინის მომხრეები. საფრანგეთის „ეროვნულ ფრონტს“ (Front Nationale, რომელიც მერე გარდაიქმნა „ეროვნულ ერთობად“ Rassemblement Nationale) იქ გეოპოლიტიკოსი აიმერიკ შოპრადი და მარიონ-მარეშალ ლე პენი (მარინე ლე პენის დისშვილი, იმხანად ვოკლიუზის დეპუტატი

lock-1