ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი
დაბრკოლებების მიუხედავად, ჯინი ადვილად არ მოდრეკილა, საკუთარი იდეების დაცვის ჟინი არ ჩაცხრომია, პოლიტიკური სიმტკიცითა და მუდმივი მზადყოფნით უტეხ უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებულ შეხედულებებს.
ცივი ომის ეპოქაში ჯინ კირკპატრიკი იმ იშვიათ პიროვნებათა შორის იყო, რომლებმაც აკადემიური ხედვა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად აქციეს. პოლიტოლოგმა, პროფესორმა და შემდგომ უკვე დიპლომატმა ამერიკელ მოაზროვნეთა შორის საბჭოთა კომუნიზმთან მკვეთრი იდეოლოგიური დაპირისპირებით დაიმკვიდრა ადგილი და რეიგანის ეპოქის ერთ-ერთ შემოქმედად იქცა.
ჯინ კირკპატრიკი 2006 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მის მიერ წამოჭრილი საკითხები დღემდე აქტუალურია. უნდა დაუჭიროს თუ არა აშშ-მ მხარი თუნდაც დემოკრატიულად არასრულყოფილ მოკავშირეებს, როცა მათ წინაშე ტოტალიტარული საფრთხე დგას? რამდენად უნდა განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა ღირებულებებმა და რამდენად ეროვნულმა ინტერესებმა? საერთაშორისო ორგანიზაციები მართლა წყვეტენ რამეს, თუ უბრალოდ სცენაა, რომელზეც ძლიერი სახელმწიფოების შეჯიბრების სპექტაკლი თამაშდება?
ცივი ომის პერიოდიდან გადმოყოლილი ეს კითხვები დღეს, რუსეთისა და ჩინეთის გაძლიერების ფონზე კვლავ საერთაშორისო პოლიტიკის გულში დაბრუნდა.
წლების განმავლობაში კირკპატრიკზე აზრები მკვეთრად იყო გაყოფილი. ერთნი ქომაგობდნენ ქალს, რომელმაც თავისი აზრი გაიტანა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, სხვები კი კრიჭაში ედგნენ. მხარდამჭერები მას პრიციპულ და უშიშ ანტიკომუნისტად მიიჩნევდნენ, გამკილავნი ავტორიტარული რეჟიმებისადმი ზედმეტად შემწყნარებულ დამოკიდებულებას მიაწერდნენ. ალბათ სწორედ აზრთა ამ სხვადასხვაობამ აქცია მისი პოლიტიკური პორტერტი ასეთ ცოცხალ და ამოუწურავ ფენომენად.
საბჭოთა კავშირისთვის კირკპატრიკი შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო, რეიგანისთვის სანდო მრჩეველი, სტუდენტებისთვის პროფესორი, ოჯახისთვის დედა. ისტორიისთვის კი იგი დარჩა ქალად, რომელმაც დაამტკიცა, რომ ზოგჯერ ერთი პოლიტოლოგის დაწერილ სტატიასაც შეუძლია მსოფლიო პოლიტიკის მიმართულების შეცვლა.