ევროკავშირის ბრძოლა ფინანსური დამოუკიდებლობისთვის

ბრიუსელის უპირატესი ამოცანა ამერიკული ფინანსური გიგანტების,Visa-სა და Mastercard-ის, გავლენისგან გათავისუფლება და ევროპული ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებაა.

ევროკავშირის ბრძოლა ფინანსური დამოუკიდებლობისთვის

ათწლეულების განმავლობაში ევროპას ყოველდღიური ვაჭრობის უხილავი ინფრასტრუქტურა, ბარათის ყოველი გატარება თუ ონლაინანგარიშსწორება, ორ ამერიკულ გიგანტზე ჰქონდა მინდობილი. დღეს Visa და Mastercard ევროზონის გადახდების თითქმის ორ მესამედს განაგებენ. ეს დამოკიდებულება მანამ არავის აშფოთებდა, სანამ ოკეანისგაღმა ურთიერთობები მწყობრად და მეგობრულად მიედინებოდა. თუმცა ვითარება ერთიანად შეიცვალა. ჯერ იყო და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება მილიონობით ადამიანმა, ვაშინგტონის ერთი ხელის მოსმით, საკუთარი დანაზოგების ხელმისაწვდომობა თვალის დახამხამებაში დაკარგოს. შემდეგ მოვიდა ტრამპის ეპოქა და გაჩნდა განცდაც, რომ ის, რაც ადრე ბაზრის ეფექტიანობად მიიჩნეოდა, სინამდვილეში დაუცველობა ყოფილა. ბრიუსელმაც არ დააყოვნა და გამოსავლის ძიება დაიწყო.

ორი გზა, ერთი მიზანი

საბოლოოდ ევროპა ორ გზას დაადგა - სახელმწიფოებრივსა და კერძოს. ამ ორ შორის არსებული განსხვავებებისა და წინააღმდეგობების გააზრება მნიშვნელობანია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად რეალურია ევროპული ამბიციები.

ერთი მხრივ, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) გამალებით მუშაობს „ციფრულ ევროზე“. ეს უკანასკნელი სახელმწიფო გარანტიით შექმნილი ციფრული საფულეა, რომელმაც ევროპელებს საშუალება უნდა მისცეს, ამერიკული ინფრასტრუქტურის გვერდის ავლით განახორციელონ ანგარიშსწორება. ევროპის ცენტრალური ბანკის 2026 წლის განცხადებაში ეს პროექტი ევროპული მისწრაფებების ქვაკუთხედად შეფასდა; მისი მიზანი ევროზონაში ანგარიშსწორების სისტემის გაუმჯობესება და იმ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის აღდგენაა, რომელზეც ფინანსური ოპერაციები ხორციელდება. ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დათქვეს მკაცრი ვადა: 2026 წლის ბოლომდე საკანონმდებლო ბაზა უნდა მომზადდეს, რათა 2029 წლისთვის სისტემა სრული დატვირთვით ამუშავდეს.

 ამავდროულად, ფინანსურ ასპარეზზე მედგრად იკაფავს გზას „ევროპული საგადახდო ინიციატივა“ (EPI) და მის მომხმარებელზე ფოკუსირებული პროდუქტი Wero. პროექტი საბანკო გიგანტების, როგორებიცაა BNP Paribas, Deutsche Bank და ING, ერთობლივი ძალისხმევითაა შობილი. EPI-ის ამბიციაა, შექმნას ერთიანი ციფრული საფულე და მყისიერი ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც Apple Pay-ს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს. Wero ამ დაპირისპირებაში EPI-ის მთავარი დასაყრდენია. ეს აპლიკაცია შეიქმნა, როგორც Visa-სა და Mastercard-ის რეალური ალტერნატივა ყოველდღიური შესყიდვებისთვის, რაც სცილდება უბრალო ბანკთაშორისი გადარიცხვების ფარგლებს. ბელგიის, საფრანგეთისა და გერმანიის მიწებზე მან უკვე 47 მილიონზე მეტი მომხმარებელი შეიძინა. სულ ახლახან კი Wero-მ იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და სკანდინავიის ქვეყნების საგადახდო ქსელებიც გააერთიანა და 130 მილიონი მომხმარებელიც გაიჩინა.
 

ალტერნატივა და არა აკრძალვა

ამ ოპტიმიზმის ფონზე, აუცილებელია ზუსტად განვმარტოთ, რას გულისხმობს და, რაც მთავარია, რას არ გულისხმობს ევროპული სტრუქტურების სტრატეგია. არ არსებობს არანაირი გეგმა, რომელიც Visa-სა და Mastercard-ის აკრძალვას ან ევროპულ ბაზარზე მათთვის საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს. მსგავსი რადიკალური ნაბიჯი დაარღვევდა ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ფუნდამენტურ პრინციპებს და გამოიწვევდა მასშტაბურ სამართლებრივ დავებს.

ევროპის მიზანი ამერიკული საგადახდო ქსელების განდევნა კი არა, მათზე უკიდურესი დამოკიდებულების შემცირებაა. ბრიუსელს გარანტია სჭირდება, რომ ოკეანისგაღმა ურთიერთობების შესაძლო გაუარესების შემთხვევაშიც კი, ევროპას ექნება მდგრადი და სრულფასოვანი ალტერნატივები, რომლებიც მომხმარებლებისა და ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში უკვე იქნება ფესვგადგმული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროკავშირის „საგადახდო სუვერენიტეტის“ სტრატეგია, არსებითად, არჩევანის თავისუფლების შექმნას ემსახურება. მისი ამოცანაა, Visa და Mastercard დარჩეს ერთ-ერთ ხელმისაწვდომ ვარიანტად და არა ერთადერთ  საშუალებად ტრანზაქციების განსახორციელებლად.

 

დაბრკოლებები და გრძელი გზა მიზნამდე

ევროპული საგადასახადო ქსელის შექმნის მცდელობები ადრეც ყოფილა. ასეთი გახლდათ თხუთმეტი წლის წინანდელი „SEPA ბარათების ჩარჩო“ (SEPA Cards Framework). თუმცა ეროვნული ინტერესების არაერთგვაროვნებამ, მომხმარებელთა ინერციამ და Visa-სა და Mastercard-ის მასშტაბურმა გავლენამ მისი განვითარება შეაფერხა. არცაა გასაკვირი, ამ ორ ამერიკულ კომპანიას ათწლეულები ჰქონდა საიმისოდ, რომ საბანკო ინფრასტრუქტურასა და მომხმარებელთა ცნობიერებაში პოზიციები გაემყარებინათ.

კიდევ ერთი გამოწვევა მეწარმეების მხრიდან ამ სისტემის აღიარებაა. ნებისმიერი საგადახდო პლატფორმის ღირებულება პირდაპირ პროპორციულია მისი გავრცელების მასშტაბისა. Wero, მიუხედავად ზრდისა, ჯერ კიდევ შორს არის იმ საყოველთაო აღიარებისგან, რაც არსებულ ქსელებს ასე მყარად ინარჩუნებს ბაზარზე. ამ მხრივ, ურთიერთთავსებადობის პროექტი იმედისმომცემია, თუმცა განსხვავებული რეგულაციების, ტექნიკური სტანდარტებისა და პარტნიორ ბანკებს შორის არსებული კონკურენციის კოორდინაცია უაღრესად რთული ამოცანაა.

პროცესს თან სდევს შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობებიც. ევროპის ცენტრალური ბანკის მცდელობას, ახალი სტანდარტები დაამკვიდროს Visa-სა და Mastercard-ის უპირატესობის შესასუსტებლად, ყველგან ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ბანკებს, რომლებსაც ამ ქსელებთან მოქმედი პარტნიორობა აკავშირებთ, აქვთ ფინანსური ინტერესები, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვევა ბრიუსელის მაღალჩინოსნების გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს. განსაკუთრებული წინააღმდეგობა „ციფრულმა ევრომ“ სწორედ კომერციული ბანკების მხრიდან იგრძნო.

ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა გასულ დეკემბერს, როცა ევროპული საბჭო დათმობაზე არ წავიდა. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ციფრული ევრო მხოლოდ ოფლაინ-გადახდებისთვის გამოეყენებინათ (როგორც ნაღდი ფულის შემცვლელი), ხოლო ონლაინ-სივრცე Wero-სთვის დაეთმოთ. ბრიუსელმა ორივე მიმართულება მოითხოვა, რითაც ეს ორი სისტემა, ნებით თუ უნებლიეთ, მეტოქეებად აქცია. მსხვილი ბანკები ღიად აცხადებენ, რომ ციფრული ევრო, არსებული სახით, ზუსტად იმავე ნიშას იკავებს, რასაც Wero, თუმცა მომხმარებლისთვის რაიმე ხელშესახებ უპირატესობას არ ფლობს. მათი თქმით, ორი პარალელური სისტემის მართვა ძალების გაფანტვასა და საერთო საქმის შეფერხებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, არსებობს  სხვაგავრი მოსაზრებაც, რომელიც თავად საკითხის პრობლემატურობას აყენებს ეჭვქვეშ. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულება იმაზე ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ამას პოლიტიკოსები წარმოაჩენენ. კომერციული ინტერესი ორივე კომპანიას აიძულებს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და საიმედოობა შეინარჩუნოს, რადგანაც ევროპის საგადახდო სისტემის რყევა მათთვისაც ისეთივე საზიანოა, როგორც მომხმარებლისთვის. სკეპტიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რიგითი მოქალაქეების ინტერესებზე მეტად ევროპული ბანკებისა და ტექნოლოგიური გიგანტების გაძლიერებას ემსახურება.

 

დასკვნის სახით

მიუხედავად დაბრკოლებებისა, პოლიტიკური ნება ჯერჯერობით მტკიცეა. თუმცა იქნება ეს სახელმწიფოებრივი ციფრული ვალუტა, კერძო საბანკო საფულე თუ მათი ნაზავი - ჯერაც გაურკვეველია. წელს Wero-ს საერთაშორისო გადახდები იწყება, 2027-ში - ციფრული ევროს საპილოტე ვერსია. ვაშინგტონში კი ის ბერკეტები, რომლებმაც ეს ყველაფერი ასე აქტუალური გახადა, კვლავინდებურად ხელუხლებელი რჩება.

ანა ძირკვაძე