კადრები დემოკრატიის ბედს წყვეტენ
საშუალო გაქანების იმედგაცრუებული კარიერისტები ავტორიტარების საიმედო საყრდენიაო, წერს "ნიუ იორქ თაიმსი"
ყველაზე მოხერხებულ ავტოკრატებსაც კი არ შეუძლიათ, მარტო მართონ ყველაფერი.
რუსეთში ვლადიმერ პუტინს ახლობელი ოლიგარქების ვიწრო წრე უმაგრებს ზურგს; ირანში რეჟიმის ძალაუფლებას რევოლუციური გვარდიის კორპუსი და ბიზნეს-სექტორში მყოფი მოკავშირეები იცავენ; ვიქტორ ორბანმა უნგრეთი “საარჩევნო ავტოკრატიად” რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსამართლის, პოლიტიკური მოკავშირისა და მეგობარი ოლიგარქების დახმარებით აქცია.
ძალაუფლების კონსოლიდირებისა და შენარჩუნებისათვის ეს ჯგუფები არ კმარა. შავბნელი საქმეების საკეთებლად ავტორიტარ ლიდერებს დაბალი და საშუალო რგოლის მოხელეების მხარდაჭერაც სჭირდებათ, ჯარში იქნება ეს, პოლიციაში თუ ზოგადად ბიუროკრატიაში.
შავბნელი საქმეების საკეთებლად ავტორიტარ ლიდერებს დაბალი და საშუალო რგოლის მოხელეების მხარდაჭერაც სჭირდებათ.
აქამდე მკვლევარები ძირითადად ავტორიტარების მხრიდამ ელიტების გადაბირების მექანიზმით ინტერესდებოდნენ, რადგანაც საშუალო რგოლის მოხელეების მოტივაციის შესასწავლად საკმარისი მონაცემები არ არსებობდა. ძირითადი ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობდა, რომ მათი მოტივატორი იდეოლოგიური რადიკალიზაცია, სასჯელის შიში ანდა ამ ორის კომბინაცია იყო.
სტატიის ორიგინალი
თუმცაღა ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც 1970 და 80-იანი წლების არგენტინის დიქტატურისა და ე.წ. ბინძური ომის ყოვლისმომცველ მონაცემებს ეფუძნება. როგორც ირკვევა, გაყინული კარიერის გამოცოცხლების, ანდა კარიერულ კიბეზე აცოცების იმედიც კი საკმარისია, რომ გარკვეული მახასიათებლების მქონე დაბალი და საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს პროფესიული ვალდებულებები, სამართლის ფუნდამენტური ნორმები და ელემენტარული მორალიც გადაავიწყოს.
კვლევის თანახმად, ადამიანები, რომელიც ასე იქცევიან არც ფანატიკოსები არიან და არც რეპრესიების მსხვერპლნი. ისინი საშუალო გონებრივი შესაძლებლობებისა და გაქანების მოხელეები არიან, რომლებიც არაფერს თაკილობენ, ოღონდაც ცხოვრებაში ოდნავ წინ წაიწიონ.
უღიმღამო კარიერისტების დიქტატურა
“კარიერული ზრდა დიქტატურაში” ასე ჰქვია პოლიტიკური მეცნიერებების ორი გერმანელი მკვლევარის, ადამ შარპის და კრისტიან გლასელის ახალ წიგნს. ნაშრომის კითხვისას ისეთი განცდა გებადებათ, თითქოს ჰანა არენდტის “ბოროტების ბანალურობის” იდეა ვინმეს ბიზნეს-ფაკულტეტის ისეთი სახელმძღვანელოსთვის შეეჯვარებინა, რომელიც დაბალი მიღწევების მქონე კადრების მოტივირების მეთოდებზე საუბრობს.
ავტორებმა კვლევას საფუძლვად დაუდეს არგენტინის არმიის არქივები და შეისწავლეს სამხედროების კარიერული გზა ბინძური ომის (1976-1983) ეპოქაში, როცა სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების იძულებითი გაუჩინარების (ანუ მკვლელობებისა და წამების) ტალღა აგორდა, რომელმაც 10-დან 30 ათასამდე კაცი შეიწირა.
მათ აღმოაჩინეს, რომ ძალადობის ავტორები - სამხედრო დაზვერვის დანაყოფები - ამ პერიოდში სწორედ მანამდე დაბალი მიღწევების მქონე მუშაკებით გაივსო. ავტორები მათ “კარიერული წნეხის ქვეშ მყოფ” მოხელეებად მოიხსენიებენ. ბნელ წლებში სამხედრო დაზვერვის დანაყოფებში გადასვლით ისინი წინსვლის ტრადიციულ საფეხურებს გადაახტნენ და ისეთ კარიერულ წინსვლას მიაღწიეს, რომელიც მანამდე არც კი დაესიზმრებოდათ.
აღმოჩნდა, რომ დიქტატორებს ძალაუფლების მიტაცებისთვის არ სჭირდებათ იდეოლოგიით ზომბირებული მასები, მუდმივი თვალთვალი და ტერორის მანქანის ამოქმედება. საკმარისია, მიაგნონ, მათთვის იდეალურ სამუშაო ძალას: იმედგაცრუებულ, საშუალო გაქანების მოხელეებს და სწორად გამოიყენონ ისინი.
ავტორების დასკვნები ბევრი ისეთი ქვეყნისთვისაა ჭკუის სასწავლებელი, სადაც დემოკრატიული სისტემა გასაჭირშია, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის.
ნაცრისფერი მოხელეების მონაცემთა ბაზა
ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ სტუდენტობისას შარპი დისერტაციისთვის კვლევას ბუენოს აირესში ატარებდა და ერთ ძველ მოხელეს ესაუბრებდოდა იქაურ კაფეში. თანამოსაუბრემ ასეთი რამ თქვა - სამხედრო დიქტატურის დროს უშიშროების ოფიცრები, რომლებიც რეჟიმის ყველაზე შავ საქმეებს აკეთებდნენ, “სრული იდიოტები” იყვნენო.
ჯერ იყო და შარპმა ეს კომენტარი რესპონდენტისთვის საძაგელი ჯალათების უბრალო შეურაცხყოფად აღიქვა. თუმცაღა მერე დაფიქრდა, რომ ეგებ ჩემი თანამოსაუბრე ამას პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდაო - ეგებ ხუნტის საიდუმლო სამსახურები მართლაც გონებაშეზღუდული და არაკომპეტენტური ლუზერებით იყო დაკომპლექტებული?
გერმანიაში დაბრუნების შემდეგ შარპმა ეს საუბარი თავის კოლეგასთან, გლასელთან ახსენა. ორივემ საინტერესოდ ჩათვალა ჰიპოთეზა და გადაწყვიტეს, მასალები მოეძიებინათ. კვლევისას ნამდვილი განძი აღმოაჩინეს: არგენტინა თავისი ოფიცრების რანგის, დაწინაურებისა და პენსიაზე გასვლის შესახებ უნაკლო ინფორმაციას 1800-იანების დასასრულიდან აქვეყნებდა. შესაბამისად, დაბალი აკადემიური და კარიერული შედეგების მქონეთა დადგენა ადვილი იყო. ცნობილია, რომ ბინძური ომის დროს უმრავლესი დანაშაული საარმიო დაზვერვის 601-ე ბატალიონის ჩადენილი იყო. ამდენად, მკვლევრებს საშუალება ჰქონდათ, ზუსტად ენახათ, თუ რომელი ოფიცერი შეუერთდა ამ დანაყოფს, რამდენი ხანი დარჩა იქ და რა ბედი ეწია მათ კარიერას.
მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ შარპის ძველი თანამესაუბრე მართალს ამბობდა. როგორც წესი, არგენტინის სამხედრო სამსახური მერიტოკრატიული პრინციპით კომპლექტებოდა. ის ოფიცრები, ვინც სწავლას და საქმეს თავს ვერ ართმევდნენ, თავის თანატოლებს მალევე ჩამორჩებოდნენ ხოლმე და საბოლოო ჯამში არმიას ადრე ტოვებდნენ. თუმცაღა, ბინძური ომის პერიოდში, 601-ე ბატალიონში სამსახური მერიტოკრატიული სისტემისათვის გვერდის ავლის საშუალებას იძლეოდა: დაბალი აკადამიური და კარიერული შედეგების მქონე ოფიცრები ამ დანაყოფში გადადიოდნენ, რამდენიმე წელს ატარებდნენ აქ, კარიერულ კიბეზე რამდენიმე საფეხურით ზემოთ აინაცვლებდნენ ხოლმე და მერე რეგულარულ ჯარში ბრუნდებოდნენ. ამ გზით, ისინი ხშირად თავზე ახტებოდნენ მათ თანატოლებს, ვინც რეგულარულ ჯარში განაგრძო სამსახური. იმ ოფიცრებს, ვინც სისხლიანი გზა აირჩია, უფრო ხანგრძლივი კარიერა, უფრო მაღალი ხელფასები და უფრო უკეთესი პენსიები ჰქონდათ ვიდრე იმათ, ვინც ჩვეულებრივ სამხედრო დანაყოფებში დარჩა.
იმ ოფიცრებს, ვინც სისხლიანი გზა აირჩია, უფრო ხანგრძლივი კარიერა, უფრო მაღალი ხელფასები და უფრო უკეთესი პენსიები ჰქონდათ ვიდრე იმათ, ვინც ჩვეულებრივ სამხედრო დანაყოფებში დარჩა.
ამასთან, კვლევამ დაადასტურა, რომ რაც უფრო უარესი იყო ოფიცრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი სამხედრო აკადემიაში, მით უფრო დიდი იყო ალბათობა, რომ ის 601-ე ბატალიონს შეუერთდებოდა. თავად ამ ბალტალიონში კი ყველაზე ცუდი აკადემიური მოსწრების მქონეებს ყველაზე სასტიკ დანაყოფებში ანაწილებდნენ, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა წამება და მკვლელობები იყო. დიახ, ეს მძიმე სამუშაო, იყო, სოციალური სტიგმისა და ფსიქოლოგიური ტრავმის სერიოზულ რისკს შეიცავდა, სამაგიეროდ კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი გახლდათ. ცოტა ხანი მონსტრად მუშაობას შეეძლო, ყველაზე გაუნათლებელი და უნიათო ოფიცერიც კი კარიერის აღმავალ გზაზე დაეყენებინა.
როგორ ეყრდნობა რეჟიმი “ერთგულ ლუზერებს”
ცხადია, ძალიან რთულია მოიპოვო სრული ინფორმაცია, თუ ვინ არის რეჟიმის “შავბნელი მუშახელი” ან როგორია მათი მოტივაცია. სხვა ქვეყნებში ისეთი ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზები, რომელსაც გლასელის და შარპის კვლევას შევადარებდით, არ არსებობს.
თუმცა, ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიუთითებს, რომ მსგავს მოდელს სხვა ქვეყნებიც მიმართავდნენ. მაგალითად, გლასელმა და შარპმა დაადგინეს, რომ ნაცისტური გერმანიაში ზემდგომები სადამსჯელო მობილური რაზმების (აინზაცგრუპენ) ახალი მეთაურების რეკრუტირებისათვის კარიერულ წნეხს ოსტატურად იყენებდნენ. ეს რაზმები აღმოსავლეთ ევროპაში ებრაელებს მასობრივად ხვრეტდნენ. რაზმის ბევრი წევრის პირადი და სამსახურებლი წარსული არასახარბიელო იყო: დისციპლინარული სასჯელები, „რასობრივი სიწმინდის“ თვალსაზრისით ორაზროვანი ვითარება, ან უბრალოდ სამხედრო თუ საპოლიციო მუშაობის გამოცდილების ნაკლებობა. მკვლელების რაზმებში გულმოდგინე სამსახური მათ კარიერულ წინსვლაში ეხმარებოდა.
საბჭოთა კავშირში ნკვდ - საიდუმლო პოლიცია, რომელმაც 1937 წელს ე.წ. დიდი ტერორის დროს ასობით ათასი ადამიანი მოკლა, “დაბალი უნარებისა და ცოდნის მქონე ადამიანებს მიზანმიმართულად იყვანდა”, წერენ ავტორები. ბევრს მხოლოდ დაწყებითი კლასების განათლება ჰქონდა. უფროსი მეთაურები სხვადასხვა დანაყოფებს შორის კონკურენციის წაქეზებით ხელქვეითებში წარუმატებლობისადმი უკვე არსებულ შიშს კიდევ უფრო აღვივებდნენ, ამით წაქეზებული ჩეკისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ ადამიანს დააპატიმრებდა და მოკლავდა.
დღეს რა ხდება?
თანამედროვე ეპოქაში ავტოკრატი ლიდერები ხშირად ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოდიან, შემდეგ კი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაციის მიზნით შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიულ მექანიზმებს სპობენ. ეს პროცესი, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებად ძალადობრივია, ვიდრე არგენტინის სამხედრო ხუნტას ან სტალინის ნკვდ-ს მიერ განხორციელებული ქმედებები, მაგრამ დროთა განმავლობაში ის პოლიტიკურ კონკურენციას და გამოხატვის თავისუფლებას მკვეთრად ზღუდავს.
ყველა ქვეყანას თავისი თავისებურებები აქვს, თუმცა ეს პროცესი, როგორც წესი, გარკვეულ თარგს მიჰყვება, ამბობს ერიკა ფრანცი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, რომელიც დემოკრატიული უკუსვლის საკითხებს სწავლობს. არჩევის შემდეგ პოტენციური ავტოკრატები მნიშვნელოვან თანამდებობებზე “ერთგულ ლუზერებს” ნიშნავენ, რომლებიც მზად იქნებიან ძალაუფლების მითვისება უპრობლემოდ გაუფორმონ. „ასეთმა ლიდერმა კარგად იცის, რომ ადამიანები მით უფრო ერთგულები იქნებიან, თუკი მათ კარიერის გასაკეთებლად სხვა არჩევანი არ გააჩნიათ“, - ამბობს ფრანცი.
ავიღოთ უნგრეთი. ვიქტორ ორბანი პირველად 2010 წელს აირჩიეს. 2022 წლისთვის ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უნგრეთი დემოკრატია აღარაა და “საარჩევნო ავტოკრატიად” იქცა.
ექსპერტების თქმით, ამის მისაღწევად ორბანი ძალაუფლების სათავეში მყოფ რამდენიმე რჩეულ ადამიანთან ერთად, დაეყრდნო საშუალო დონის ამბიციური მოხელეების მცირე პროცენტს, ვისაც პოლიტიკა წარმატების მიღწევის საშუალებად მიაჩნდა. „იყო გარკვეული უწყებები, რომლებიც შავ სამუშაოს ასრულებდნენ“, - ამბობს კიმ ლეინ შეპელე, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც უნგრეთის დემოკრატიულ უკუსვლას სწავლობდა. განსაკუთრებით იუსტიციის ეროვნული ოფისი, რომელსაც მოსამართლეების დანიშვნა და მათი დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე კონტროლი შედიოდა. ამ უწყებას ორბანის ერთგული კადრი ხელმძღვანელობდა.
სასამართლო სისტემის ქვედა დონეზე მთავრობის დღის წესრიგს ამბიციური პირების მცირე პროცენტი ახორციელებდა. „მოსამართლეების, კარიერისტების, ხუთი ან ათი პროცენტი „შავ საქმეს“ უბრალოდ იმიტომ აკეთებს, რომ კარიერა გაიკეთოს“, - ამბობს ატილა ვინჩე, ჩეხეთის რესპუბლიკის მასარიკის უნივერსიტეტის სასამართლო კვლევების მკვლევარმა, რომელმაც შეისწავლა, თუ როგორ მოახდინა ორბანმა სასამართლოების დაქვემდებარება.
ვენესუელა მსგავს გზას 1999 წელს, უგო ჩავესის არჩევის შემდეგ დაადგა, თუმცა საბოლოოდ მან და მისმა მემკვიდრემ, ნიკოლას მადურომ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო ძალადობრივი საშუალებები გამოიყენეს. პროტესტებისა და ოპოზიციის ჩასახშობად მთავრობა ეროვნულ გვარდიას და უბრალო მოქალაქეებისგან შემდგარ შეიარაღებულ ბანდებს, ე.წ. “კოლექტივოსს” ეყრდნობოდა.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლათინური ამერიკის მკვლევარი ისტორიკოსის, ალეხანდრო ველასკოს თქმით, ეროვნული გვარდია პრესტიჟის თვალსაზრისით „შეიარაღებული ძალების ყველაზე დაბალ საფეხურად“ ითვლება. „თუ ადრე სამსახურს ვერ იშოვიდი და ვერც ჯარში მოხვდებოდი, ეროვნულ გვარდიას შეუერთდებოდი“. კოლექტივოსები თავიდან არაფორმალური, სამეზობლოების უსაფრთხოების ჯგუფებიდან წარმოიშვა, მაგრამ მთავრობასთან მათი კავშირების ზრდასთან ერთად, ბევრი იქაური სამთავრობო სამინისტროების უსაფრთხოების სამსახურში დასაქმდა.
ხელისუფლების მითვისებისა გზაზე შემდგარი ლიდერები, თუნდაც დემოკრატიულად იყონ არჩეული, ბოლოს იმდენად არაპოპულარულები ხდებიან, რომ ადრე თუ გვიან არჩევნების წაგების საფრთხე ემუქრებათ. მათ ან უნდა დატოვონ თანამდებობა, როგორც ეს აპრილში ორბანმა გააკეთა, ან ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო რეპრესიებს მიმართონ.
ლიდერებს, რომლებიც ამ უკანასკნელ გზას ირჩევენ, როგორც ეს მადურომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ გააკეთა, ოპოზიციის ძალით დარბევის „შავი საქმის“ შესასრულებლად მზადყოფნაში მყოფი ლოიალური დანაყოფები სჭირდებათ. მადურო ძალიან იყო დამოკიდებული ეროვნულ გვარდიასა და „კოლექტივოსზე“. Human Rights Watch-ის მონაცემებით, არჩევნების გაყალბების შემდეგ სამთავრობო ძალებმა ოპოზიციის ათობით მხარდამჭერი მოკლეს და ათასობით კი დააკავეს.
ამერიკის შემთხვევა
ამერიკელებისთვის ეს მხოლოდ აკადემიური საკითხი არ არის. ბევრი ექსპერტი შეშფოთებულია, რომ დემოკრატიის ჩამოშლა პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფად მიდის.
ფრანცი ტრამპის პრეზიდენტობასა და ზოგიერთ სხვა არჩეულ ავტორიტარულ ლიდერს შორის პარალელებს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ტრამპს არ შეუქმნია, ბოლო ათლეწლეულის განმავლობაში მან პარტია მის გარშემო არსებულ ინსტიტუტად გარდაქმნა. მისი კაბინეტის წევრებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილი, განსაკუთრებით მისი მეორე ვადის განმავლობაში, ლოიალისტების ზემოთ განხილულ მაგალითებს კარგად შეესაბამება - ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ადმინისტრაციაში მათი რეზიუმეს მათთვის რამე თანამდებობა მოეტანა.
ამგვარად, ტრამპის ადმინისტრაციის აშკარა მცდელობები, უზრუნველყოს პოლიტიკური კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, ასევე FBI-სა და ICE-ზე, სხვა შემთხვევებთან შედარებითაც კი შემაშფოთებელია, ამბობს ფრანცი. არჩეული ლიდერების უსაფრთხოების სამსახურში ჩარევა, როგორც წესი, “უკვე შემდგარი ავტოკრატიის ნიშანია ” და არა - დემოკერატიული უკუსვლისა.
გლასელი და შარპი შეშფოთებულნი არიან, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ICE-ის დაგეგმილი გაფართოება შესაძლოა, ამბიციური, დაბალი დონის წარმომადგენლებისთვის “შემოვლითი გზით” კარიერული წინსვლის იდეალურ ადგილად იქცეს და შემდეგ კი ბევრად უფრო ეფექტურ იარაღად გადაიქცეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ვიდრე ტრამპის პირველი ვადის დასასრულს კაპიტოლიუმს შესეული ბრბო. თუ დაფინანსების ამჟამინდელი კანონპროექტი ძალაში შევა ICE-ს ბიუჯეტი სხვა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსებას ბევრად გადააჭარბებს. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა და ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა, ICE-ის თანამშრომლებს „იმუნიტეტი“ დაუდასტურეს მას შემდეგ, რაც იანვარში მინეაპოლისში იმიგრაციის ოფიცრებმა მომიტინგე მოკლეს.
ამავდროულად, ICE--ში დასაქმება უფრო ადვილი გახდა, ვიდრე ოდესმე. რაიან შვანკმა, სასწავლო აკადემიის ყოფილმა ინსტრუქტორმა, თებერვალში კონგრესის წინაშე ჩვენება მისცა, რომ ახალი კადეტები „აკადემიას ისე ამთავრებენ , რომ, სასწავლო პერსონალის აზრით, სწავლების ბოლო დღეებშიც კი თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტაქტიკის ან კანონის ცოდნის დემონსტრირებას ვერ ახდენენ“. ICE-ის ახალწვეულებმა სასწავლო აკადემიის დასამთავრებლად ახლა მხოლოდ ცხრა პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ. - 2021 წლის ივლისით დათარიღებულ სასწავლო პროგრამაში 25 გამოცდა იყო ჩამოთვლილი. ყოველივე ეს, არცთუ მაღალი ინტელექტუალური და პრაქტიკული უნარების მქონე ხალხისთვის კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ქმნის.
თარგმანი: თამარა სართანია