სერგეი კირიენკო: სამეზობლოს „მაყურებელი“ კრემლიდან
კრემლის ადმინისტრაციის მთავარი "პოლიტტექნოლოგი"
სოხუმში 1967 წელს დაბადებული სერგეი კირიენკო ძველი თაობის ხალხს ბორის ელცინის კაბინეტში ხანმოკლე გაბრწყინებით ახსოვს. სულ ახალგაზრდა, 30 წლისა, ენერგეტიკის მინისტრი გახდა 1997 წელს, ერთი წლის შემდეგ კი უკვე პრემიერი იყო. მაშინ კირიენკოს არ გაუმართლა - მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთის ისეთ შავ დღეში მყოფ ეკონომიკას ხელი მოუთავა და ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრედ ცნობილი პრემიერიც გადაიყოლა.
ბორის ნემცოვთან და ირინა ხაკამადასთან პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაში კირიენკოს ყოფნა დიდი ხანი არ გაგრძელებულა. 2000 წლიდან ის აღზევებული ვლადიმირ პუტინის „სახელისუფლებო ვერტიკალის“ გამაგრებას შეუდგა, ვოლგის ფედერალური ოლქის გუბერნატორის პოსტზე. 2005 წლიდან კი ატომური ენერგოგიგანტის, „როსატომის“ ხელმძღვანელი გახდა.
„ეფექტური მენეჯერის“ სახელი კირიენკომ მალევე დაიგდო და მთავარი კარიერული გარღვევა 2016 წელს გაახერხა, როცა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გახდა და გავლენიანი „შიდა პოლიტიკის სამმართველოს“ ხელმძღვანელობა ჩაიბარა. ამ სამმართველოს საკვანძო ფუნქცია აკისრია კრემლის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში - საკმარისია ვახსენოთ, რომ კირიენკომდე მას ადრეული პუტინის პერიოდის მთავარი იდეოლოგი, ვლადისლავ სურკოვი (2008-2011), შემდეგ კი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ვიაჩისლავ ვოლოდინი (2011-2016) ედგა სათავეში.
სამეზობლოს „მაყურებელი“
მისი სამსახურის სახელს თუ ვენდობით, კირიენკო მხოლოდ შიდარუსულ საქმეებს უნდა კურირებდეს, თუმცა, როგორც პუტინმა ერთხელ აღნიშნა, რუსეთს საზღვრების არ სჯერა.
ამჟამინდელი პოსტისკენ კირიენკომ გზა ოკუპირებული უკრაინის პროვინციების კურატორობიდან გაიკვალა. ამ საქმეში მას წვლილი ჯერ კიდევ 2014 წლის რუსული აგრესიის დროს ჰქონდა შეტანილი და 2020 წელს ამის გამო ევროპული და ამერიკული სანქციების დაეკისრა. თუმცაღა 2022 წლის აგრესიის შემდეგ მან როცა შეძლო პუტინის დარწმუნება, რომ იქაური „სამოქალაქო“ საქმეების კურირება სამხედროებისთვის არ უნდა ჩაებარებინა და ლუჰანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ კურატორი გახდა.
მერე მოვიდა აფხაზეთის ჯერი. გემახსოვრებათ, რომ კრემლის ოფიციალურად გაცხადებული სურვილის მიუხედავად, სოხუმში მათი კაცი, ასლან ბჟანია აიძულეს, გადამდგარიყო. მოსკოვის ინტერესებს, ფინანსურსა თუ ტერიტორიულს, საფრთხე დაემუქრა. ამის გამოსასწორებლად სწორედ სოხუმელი კირიენკო ჩავიდა ადგილზე და მოახერხა, რომ კრემლის მიმართ ლოიალური მეორე ფიგურა, ბადრა გუნბა გაეყვანა ლიდერის პოზიციაზე 2025 წლის მარტში გამართულ „არჩევნებზე“.
ამის შემდეგ კირიენკომ თვალი მოლდოვასაც მიაპყრო. ეს კი უფრო რთული საქმე გახლდათ, რადგან ათწლეულების განმავლობაში მოლდოვისა და დნესტრისპირეთის საქმეების კურატორი დიმიტრი კოზაკი გახლდათ.
კოზაკი კრემლის ვეტერანი იყო, რუსულ პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდან ჩართული, პუტინს პეტერბურგის დღეებიდან იცნობდა. ის ვიცე-პრემიერიც იყო, შემდეგ კი პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. კოზაკის გამოცდილება და ავტორიტეტი მას საშუალებას აძლევდა, პუტინისთვის სიტყვა შეებრუნებინა. თუმცა, ბოლოს მან ზედმეტად ღრმად შეტოპა: ახლა უკვე ცნობილი ფაქტია, რომ კოზაკი საოცრად აღაშფოთა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში ღია ინტერვენციამ. იმდენად, რომ ხმამაღალი ტონით ესაუბრა პრეზიდენტს და ზავის დაუყოვნებლივ გამოცხადება მოსთხოვა.
საქმესთან დაახლოებული ხალხი ამბობს, რომ კირიენკომ პუტინის უკმაყოფილებით ისარგებლა და კოზაკის წინააღმდეგ შინ და გარეთ საინფორმაციო კამპანია ააგორა. მან სწორედ კოზაკს დააბრალა აფხაზეთში ბჟანიას პროექტის ჩავარდნა. პარალელურად, „ნიუ-იორკ თაიმსში“ (New York Times) გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, კოზაკი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებაო და პუტინთან მისი საუბრის რამდენიმე დეტალიც იყო გაჟონილი. კრემლის შიდა სამზარეულოს მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ამ გაჟონვის უკან სწორედ კირიენკო ან მისი ხალხი იდგა. კოზაკს წყალი შეუდგა. პუტინ-ტრამპის სამიტზე 2025 წლის მაისში ის უკვე აღარ გამოჩენილა (არადა სამსახურებრივად ევალებოდა), სექტემბერში კი ოფიციალურად გადადგა.
„ახლო საზღვარგარეთის“ მაყურებელ-გუბერნატორის პორტფელი კი კირიენკოს ერგო და მანაც სწრაფად მოასუფთავა ველი: კოზაკის ხალხის ნაცვლად თავისი კადრები მოიყვანა.
როგორ მუშაობს კირიენკო
მართლაც „ეფექტური მენეჯერია“ კირიენკო? გარეგნულად, მას დასავლური აღმასრულებელი დირექტორის იერი დაჰკრავს. ახალგაზრდობაში ფრიად ეტანებოდა ბიზნესიდან წამოსულ წესებს: არაბიუროკრატიულ მართვას, მოხელეების შეფასების მერიტოკრატიული სისტემების დანერგვას და ა.შ. თუმცაღა ჩვენი რესპონდენტი, რომელიც მასთან „როსატომში“ მუშაობდა და თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, გვეუბნება რომ ეს მხოლოდ ფასადია: „მაშინ ლიბერალობა მოდაში იყო და კირიენკოც ლიბერალი იყოო,“ - ამბობს ის. სინამდვილეში, კირიენკოს მართვის მანერას ორი რამ ახასიათებს: გამუდმებული კულუარული ბრძოლები ბიუროკრატიული გავლენის გასაფართოებლად და ე.წ. „პოლიტტექნოლოგიების“ აქტიური გამოყენება.
ბიუროკრატიული ბრძოლების მაგალითად კოზაკის თავიდან მოშორების „ოპერაციაც“ გამოდგება. მის მიერ ჯერ უკრაინის, შემდეგ კი აფრიკისა და სამხრეთ კავკასიის ნაწილების კურატორობის ხელში ჩაგდება და ამ ფუნქციის გამოყენების მოდალობა ნიშნავს, რომ ის არ ერიდება საგარეო სამინისტროსა და, ზოგჯერ, სამხედრო და უშიშროების სექტორების წარმომადგენლებთან კონკურენციას და მათ შევიწროებას.
არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია: მას შემდეგ, რაც კიევის სამ დღეში აღება არ გამოვიდა, კირიენკომ იყნოსა, რომ რუსეთში ომით უკმაყოფილოთა რაოდენობამ იმატა. მან კლასიკურ მანევრს მიმართა და გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ომის მოწინააღმდეგე ყალბი კანდიდატი, ბორის ნადეჟდინი დაეყენებინა, რომ უმაყოფილოთა ხმები შეეწოვა. თუმცა ნადეჟდინის კანდიდატურა ზედმეტად წარმატებული აღმოჩნდა, არჩევნების წინ გამოკითხვებში მისი მხარდაჭერა 10%-ზე ზემოთ ავიდა და კრემლმა სასწრაფოდ მიხურა კირიენკოს პროექტი. ძალოვნებმა, რომელთაც ის გულზე არ ეხატებათ, თურმე პუტინი დაარწმუნეს, რომ კირიენკო სერიოზულად უთხრიდა ძირს და ცოტა ხნით მისთვის პრეზიდენტის კარი რამდენიმე კვირით მიიხურა. თუმცაღა, კირიენკომ უკრაინის ფრონტზე რუსული არმიის წარუმატებლობით ისარგებლა და აქტიური შიდა-ბიუროკრატიული მანევრების შედეგად პუტინის ყურადღება და მოწყალება კვლავ დაიბრუნა.
კირიენკოს გვარდია
ასეთი გავლენის შენარჩუნებას კირიენკო მის გვერდით მყოფი თანამშრომლებისა და „პოლიტტექნოლოგების“ დიდი ჯგუფის წყალობით ახერხებს.
მისი მოადგილე და მარჯვენა ხელია ალექსანდრე ხარიჩევი, რომელიც იმ ქვეყნების დოსიეებს კურირებს, სადაც არჩევნები უახლოეს მომავალში გაიმართება. ამ საქმეში საკვანძო როლს თამაშობს ვლადიმირ ტიტოვი, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის თავკაცი. სწორედ ის კურირებს გავლენის ოპერაციებს აფრიკაში, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ვაგნერის ჯგუფის“ ქსელი გადაიბარა. 9 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ ტიტოვი ამ თანამდებობაზე ინალ არძინბამ შეცვალა, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არაა.
ტიტოვის მოადგილეები არიან: ალექსეი კლეშჩოვი, რომელიც გამოკითხვებისა და სოციალური ანალიზის საქმეებს კურირებს, ხოლო გეოგრაფიული ფოკუსი აფრიკა და შუა აზიაა; ბორის ჩერნიშევი, საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ვეტერანი, რომელიც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობებს უძღვება; და ანდრეი კლიუზოვი, „პოლიტტექნოლოგი“, რომელიც რუსეთის „რთულ“ რეგიონებში პოლიტიკური გავლენის ოპერაციების ჩატარებითაა ცნობილი.
კირიენკოს მეორე თანამშრომელი გახლავთ ანდრეი იარინი, საგარეო დაზვერვის ოფიცერი, რომლის დანიშვნაც ძალოვნების ბლოკთან კომპრომისი გახლდათ. იარინი კურირებს გავლენის გრძელვადიან ოპერაციებს იქ, სადაც არჩევნები უახლოეს მომავალში დაგეგმილი არაა.
ერთგვარი ტრადიციაა, რომ შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის თავკაცი „თავის“ კვლევით ინსტიტუტს ქმნის და ეყრდნობა გავლენის ოპერაციების თეორიულ და პრაქტიკულ დაგეგმარებასა და იდეოლოგიურ უზრუნველყოფაში. კირიენკომაც შექმნა ასეთი ორგანო: სოციალური კვლევის საექსპერტო ინსტიტუტი (ЭИСИ), რომელსაც სათავეში უდგას ფირდუს ალიევი. ეს ადამიანი ცნობილია როგორც პოლიტიკური კონსულტანტი, რომელიც კრემლს დაეხმარა „სისტემური ოპოზიციის“ წრის ჩამოყალიბებასა და კრემლის სტრატეგიულ ხაზთან მათ სინქრონიზაციაში. ინსტიტუტის საექსპერტო საბჭოს გლებ კუზნეცოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ერთ დროს ჯერ ელცინის, მერე კი პუტინის პირველი „პოლიტტექნოლოგის“ ლეგენდარული გლებ პავლოვსკის მოადგილე გახლდათ.
ამ სტატიებზე მუშაობას გამოცდილება, შრომა და ყურადღება სჭირდება. თუკი გამოგვიწერთ, მხოლოდ თქვენზე ვიქნებით დამოკიდებული და გპირდებით, მეტ და უკეთეს მომსახურებას შემოგთავაზებთ!
უფრო გარე წრეზე, კირიენკოს რეგულარულად ეხმარებიან პოლიტტექნოლოგები. ერთი მათგანი, ილია ღამბაშიძე, რომელიც ამჟამად ევროკავშირის, აშშ-სა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა მისი კომპანიების, სოციალური დიზაინის სააგენტოსა და ტექნოფირმა „სტრუქტურას“, მიერ ჩატარებული სადეზინფორმაციო და გავლენის დივერსიული ოპერაციების დაგეგმარება-განხორციელების გამო ევროპაში. ღამბაშიძის სახელი უკავშირდება ასევე ვიქტორ ორბანის ბოლო, წარუმატებელ კამპანიას. ვალენტინ ბიანკი ასევე ცნობილი სახეა - ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერთან“ აფრიკაში და სწორედ მის სახელს უკავშირდება საკმაოდ ეფექტური კამპანიები იქ საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად.
ამჟამად რას საქმიანობს კირიენკო?
ცნობილია, რომ კირიენკოს სამსახურის მიმდინარე ცხელ-ცხელი საკითხი სომხეთში ივნისში დაგეგმილი არჩევნებია. სომხეთის ოფიციალური პირების თქმით, კირიენკოს გუნდის თითის ანაბეჭდები ეტყობა უკვე წამოწყებულ კამპანიას ახლანდელი მმართველი გუნდის წინააღმდეგ, პირადი და პოლიტიკური დისკრედიტაციის ფორმებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედია არხების წინააღმდეგ მიმათულ შეტევებსა და ოლიგარქიული ჯგუფების გამოყენებას. ამ საქმეში, სავარაუდოდ, სწორედ მოლდოვის გამოცდილებას გამოიყენებენ, სადაც ოპოზიციური ჯგუფების არალეგალური დაფინანსება, სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება ახალ დონეზე ავიდა.
სწორედ ამგვარ გავლენებთან საბრძოლველად, ევროკავშირმა უკვე მივლინა ექსპერტების მოკლევადიანი მისია და გამოაცხადა სომხეთისათვის დახმარების გრძელვადიანი მისიის მომზადების შესახებ.

რადგან სიტყვა მოლდოვაზე ჩამოვარდა, აქვე უნდა ვახსენოთ, რომ აქტიურობის მიუხედავად, კირიენკო მდგრადი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის - მოლდოვაში მისი კამპანია ჩავარდა და ვერც ორბანს უშველა ღამბაშიძის ტექნოლოგიებმა. სოხუმში კი შეძლო კირიენკომ კრემლისთვის (მეორე) სასურველი კანდიდატის გაყვანა, მაგრამ ამასთან საჯაროდ გაიფუჭა ურთიერთობა ისეთ გავლენიან ადგილობრივ პოლიტიკოსთან, როგორიც ალექსანდრე ანქვაბია.
„ჩემი და ჩემი ბევრი კოლეგის აზრით, კირიენკო ზედმეტად უხეშად მოქმედებს,“- გვეუბნება ერთი რუსი პოლიტტექნოლოგი, რომელიც კრემლთან აქტიურად თანამშრომლობს, „თუმცა მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოს თავისი საქმიანობა პუტინისთვის მოსაწონად.“ მოლდოველი ექსპერტებიც თანახმანი არიან, რომ კოზაკის გრძელვადიან, ბევრად უფრო გამოზომილ და მიზანმიმართულ მუშაობას იქაურ ოპოზიციასთან ბევრად უფრო მეტი შედეგი მოჰქონდა კრემლისთვის ვიდრე კირიენკოს მცდელობას ხისტად წეგლიჯა გამარჯვება მაია სანდუს გუნდისათვის.
სომხეთის არჩევნები გვიჩვენებს, რამდენად მოახერხებს კიერიენკო შელახული რეპუტაციის გამოსწორებას პუტინის თვალში. მანამდე კი მის ქსელზე და მეთოდებზე თვალი უნდა გვეჭიროს.
როგორც ამბობენ, კირიენკოს კვლევითი ინსტიტუტის ახალი გატაცება სოციალური საკითხებია. 2025 წლის იანვარში მის ინსტიტუტში გამოცხადდა ე.წ. "სოციალური არქიტექტორების" კონკურსი, სადაც ახალგაზრდა კადრებს არჩევენ და ასწავლიან სოციალური საკითხებით მანიპულირებას და ამ თემებით საგუბერნატორო, თუ რუსეთის დუმის საარჩევნო კამპანიებში კანდიდატების დახმარებას. კირიენკო, ჩანს, ფიქრობს, რომ პოლიტტექნოლოგიას სახელი გაუტყდა, ხოლო არსებულ რთულ ვითარებაში კრემლისათვის კონტროლის შესანარჩუნებლად უკმაყოფილების კონტროლირებად, სოციალური საკითხების მოგვარების არხში გადასროლაა საჭირო.