ტექსტზე გადასვლა

ისლანდიამ ევროპასთან ქორწინებას თანაცხოვრობა არჩია

„არას“ ღრმა მიზეზები და შორსმიმავალი შედეგები

ისლანდიამ ევროპასთან ქორწინებას თანაცხოვრობა არჩია
თევზჭერის ბარონების ეკონომიკური ინტერესები ისლანდიას ევროკავშირის ფასად დაუჯდა. ილუსტრაცია: მოამბე/დიანა ხაბეიშვილი

დედაქალაქსა და რამდენიმე საქალაქო საარჩევნო ოლქში 55% 45%-ის წინააღმდეგ, სოფლის რაიონებში 40% 60%-ის წინააღმდეგ, ხოლო ჯამში კი 43% 57%-ის წინააღმდეგ: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა. ადვილია ამ ციფრების უკვე ნაცნობ ჩარჩოში მოქცევა, იმავეს თქმა, რასაც „ბრექსიტის“ შემდეგ ვამბობდით: რომ ქალაქელები დაუპირისპირდნენ „ნაღდ ისლანდიელებს“, პროგრესული იდეებით შეპყრობილი კოსმოპოლიტები - გონებაშეზღუდულ სოფლელებს. თუმცა, ეს მხოლოდ სტერეოტიპია, რომელსაც სინამდვილესთან ცოტა რამ აკავშირებს.

ბრექსიტის კატასტროფიდან ათი წლის შემდეგ, არჩევნებისა და რეფერენდუმების შედეგების უფრო ღრმა ანალიზია საჭირო და ისლანდიური რეფერენდუმის შედეგი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა.

ოლიგარქები და პოლიტიკოსები

ისლანდიაში რაც მოხდა, არ იყო ბრძოლა „ელიტასა“ და „ხალხს“ შორის. ამ ამბის დასაბამი 20 წლის წინ უნდა ვეძებოთ, მაშინ, როცა ისლანდია დანიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წელს) ყველაზე მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. 2008 წლის ისლანდიური ფინანსური კრახის სათავე რამდენიმე ბანკის კატასტროფულად ჩაფლავებული პრივატიზაცია იყო 1998-2003 წლებში. იმდროინდელი მთავრობის თვალსაჩინო პოლიტიკოსები ამ გარიგებით გამდიდრდნენ, ისევე, როგორც ბანკირები, რომლებსაც მოგვიანებით პატიმრობა მიესაჯათ.

სწორედ ამ უზარმაზარი კორუფციული სკანდალის გამოა, რომ პაწაწინა ისლანდიის დაახლოებით 600 მოქალაქის სახელი ამოტივტივდა Panama Papers-ში - პანამური საგადასახადო საკონსულტაციო ფირმის, Mossack Fonseca-დან მოპარულ მონაცემებში, რომლებმაც გამოააშკარავეს გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების გლობალური სისტემა და მისი მასშტაბი. აქ იპოვნით იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ზიგმუნდურ გუნლაუგსსონის სახელს, რომელიც მაშინ აგრარულ „პროგრესის პარტიას“ წარმოადგენდა, აქვეა მისი კაბინეტის ფინანსთა მინისტრი ბიარნი ბენედიქტსსონიც. პანამური სკანდალის დაწყებისთანავე ისინი იძულებულნი გახდნენ თანამდებობიდან გადამდგარიყვნენ. ეს 2016-ში, ბრექსიტის რეფერენდუმის წელს მოხდა.

მაშინ განცდილი შოკის ნიადაგზე ისლანდიური პოლიტიკის გაწმენდა ვერ მოხერხდა. 2012 წელს ისლანდიელთა 67%-მა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მეტ დემოკრატიულ კონტროლს. ამავე კონსტიტუციით, თევზჭერის უფლებები ერის საკუთრებად უნდა ქვეულიყო. გამოხდა თოთხმეტი წელი და პარლამენტს ეს კონსტიტუცია ჯერაც არ დაუმტკიცებია.

„თევზჭერის ბარონები“ ევროკავშირის წინააღმდეგ

როცა პლებესციტით მიღებული კონსტიტუციის დაბრკოლებაზე, ევროკავშირის რეფერენდუმის შედეგებსა და ისლანდიელებს შორის ამ საკითხზე გამოკვეთილ გეოგრაფიულ განსხვავებებზეა საუბარი, ისლანდიელი ეკონომისტი თორვალდურ გილფასსონი „თევზჭერის ბარონების“ პოლიტიკურ გავლენაზე მიუთითებს. პოლიტიკოსებთან გადაჯაჭვული ოლიგარქების ეს ჯგუფი თითქმის უფასოდ ფლობს ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში თევზჭერის უფლებების დაახლოებით 90%-ს. ამ ხალხს არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მათი პრივილეგიები შეიკვეცოს.

სწორედ „ზღვის ბარონებმა“ დააფინანსეს კამპანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ. უკვე ნახსენებმა ექს-პრემიერმა გუნლაუგსსონმა, რომელმაც Panama Papers-ის სკანდალის შემდეგ თანამდებობა დატოვა, დააარსა მემარჯვენე-კონსერვატიული და აგრარული ორიენტაციის „ცენტრის პარტია“ და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. გუნლაუგსსონი ამტკიცებს, რომ სკანდალი, რომელმაც მას თანამდებობა დააკარგვინა, ჯორჯ სოროსისა და მის მიერ დახელფასებული ბოროტგანზრახული გამომძიებელი ჟურნალისტების ბრალია. ნაცნობი სურათია, ხომ?!

ამდენად, ისლანდიის რეფერენდუმი კიდევ ერთი საბაბია, უფრო ახლოდან შევათვალიეროთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავს „ჭეშმარიტი ხალხის“ დამცველებად წარმოაჩენენ. ძალიან ხშირად, ასეთი პოპულისტური პოზიციის უკან ბანალური ფინანსური ინტერესები იმალება და ეს ფენომენი მხოლოდ ისლანდიისთვის არ არის დამახასიათებელი.

დარტყმა ევროკომისიისთვის

ევროკავშირისთვის ისლანდიური „არა“ საგრძნობი დარტყმაა. თვეების განმავლობაში ბრიუსელის უფროსობას თავი ისე ეჭირათ, თითქოს ისლანდიის გაწევრიანება თავისთავად ცხადი მოვლენა იყო. ჯერ კიდევ წინა კვირას, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ამბობდა, ისლანდია ევროკავშირს შეიძლება უკვე 2028 წელს შეუერთდესო. არადა, ისლანდიის პროევროპულმა მთავრობამ ევროკომისიას თავიდანვე სთხოვა, არ ჩარეულიყო რეფერენდუმისწინა კამპანიაში.

ევროკომისიაში თვლიდნენ, რომ ისლანდიელებს ლოგიკურად არ შეეძლოთ უარი ეთქვათ მეტი ინტეგრაციისათვის. დიახ, ისლანდია ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEA) წევრია, რაც ქვეყანას კაპიტალის, საქონლის და მომსახურების თავისუფალი ცირკულაციის, ხოლო მოქალაქეებს ევროპულ ბაზარზე თავისუფლად გადაადგილების, ცხოვრების და მოქმედების საშუალებას ანიჭებს. ისლანდია აქტიურად მონაწილეობს ევროპის კვლევით და სტუდენტების გაცვლის პროგრამებში, არის შენგენის უვიზო ზონაში. ბოლოსდაბოლოს, ის ნატოს დამფუძნებელი წევრიცაა. თუმცაღა ყველაფერ ამასთან ერთად, ბრიუსელში თვლიდნენ, რომ მხოლოდ ევროს შეუძლია იხსნას ისლანდია ჯიუტად მაღალ დონეზე გაჭედილი ინფლაციისა და საბანკო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოში, პუტინისა და ტრამპის მხრიდან არქტიკისადმი გაზრდილი ინტერესის ფონზე, მაშინ, როცა ნატოს გარანტიები მთლად საიმედოდ ვეღარ ითვლება, ბრიუსელის გადმოსახედიდან ისლანდიელებს ლოგიკურად უნდა აერჩიათ დიდ ევროპულ ოჯახში უფრო მჭირდროდ ინტეგრირება.

ევროკავშირის ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ 1995 წელს ავსტრიის, შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შემდეგ პირველად, კავშირში ახალი მდიდარი წევრი შევიდოდა, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო-ევროპულზე ბევრად უფრო მაღალია. ის იდეაც ტრიალებდა, რომ ისლანდიის გაწევრიანების მონტენეგროსთან სინქრონიზება თავს მოუქონავდა იმ წევრ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ეპიტნავებათ გაფართოვება - მაგალითად საფრანგეთსა ან ნიდერლანდებს.

ეს გეგმები ახლა წარსულს ჩაბარდა. პრემიერ-მინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტთირმა მკაფიოდ განაცხადა - „ეს მთავრობა ამ საკანონმდებლო ორგანოს ვადაში არ გააგრძელებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს“. მომდევნო არჩევნები 2028 წელს გაიმართება. რეფერენდუმზე წარმატებით ფრთაშესხმული ოპოზიციური ანტიევროპული პარტიები თვლიან, რომ მათი დრო მოვიდა.

ევროკომისიაში დარტყმა თავშეკავებით მიიღეს. „ევროკომისია ითვალისწინებს ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგს. კომისია პატივს სცემს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ისლანდია ევროკავშირის ახლო პარტნიორად რჩება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის თავმჯდომარის პრეს-სპიკერმა.

თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი პრესასთან არ გამოჩენილა და ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. „გეოპოლიტიკური კომისიის“ კომისიის იდეოლოგიის შემოქმედს აშკარად სურდა, რომ ახალი სამუშაო სეზონი ისლანდიური წარმატების ფონზე განეახლებინა - 16 სექტემბერს, მისი ტრადიციული ყოველწლიური გამოსვლა მაჟორული ნოტით გაეხსნა, მაგრამ ისლანდიამ თავისი სიტყვა თქვა.

ახლა საით?

ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ისლანდიის უარში დადებითი მხარეც უნდა დავინახოთ. კვლევითი ცენტრ „ბრიუგელის“ მკვლევარი ჰითერ გრაბბე წერს, რეფერენდუმის შედეგი გვიჩვენებს, რომ „ქვეყნებს არა აქვთ შავ-თეთრი არჩევანი, ან იყონ წევრები ან არა. მრავალი ალტერნატივა არსებობს ევროპის შიგნით ფორმალური და არაფორმალური კავშირების გასავითარებლადო.“ მართლაც, ეგებ ისლანდიას თანაცხოვრება ურჩევნია ქორწინებას? ევროკავშირთან ისედაც ღრმად ინტეგრირებულმა ისლანდიამ მარტში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის შესახებაც მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რაც ქვეყანას გზას გაუხსნის ევროპული შეიარაღების შესყიდვის პროგრამისკენაც.

ეგებ სწორედ ევროპის ეკონომიკური სივრცე შეიძლება იქცეს ერთგვარ „სამოქალაქო ქორწინებად“ იმ ქვეყნებისათვის, ვისაც არ სურს სრული წევრობა? ასეთებს შორისაა ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია... აქამდეე ევროპელი ლიდერები ამბობდნენ - განსაკუთრებით ლონდონთან საუბრებში - რომ არ შეიძლება ევროპული ფუნთუშიდან მხოლოდ ქიშმიში გამოარჩიოო. თუმცა ვითარება იცვლება - ევროპის გეოპოლიტიკური ავტონომიის შენარჩუნება, განსაკუთრებით არქტიკულ ჩრდილოეთში, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. ამ თვალთახედვით, ისლანდიური უარი შეიძლება სამომავლო ევროპული მოდელის - ე.წ. „ცვალებადი გეომეტრიის ევროპის“ საცდელ პოლიგონადაც იქცეს.

თუმცა სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირის გარშემო შეკრული ევროპული პროექტის ფრაგმენტაცია არასასურველია. მართლაც, რა შეუშლის ხელს მარინე ლე პენს, თუკი ის მომავალი არჩევნების შემდეგ საფრანგეთის სათავეში მოვიდა, რომ თქვას - ჩვენც ისლანდიასავით ევროკავშირის გარედან გვინდა ევროპასთან თანამშრომლობაო? აკი რეფერენდუმის შედეგების გაცხადებიდან სწრაფადვე განაცხადა სოციალურ მედიაში - „ამ რეფერენდუმმა გვიჩვენა, რომ სხვაგვარი ევროპაც შესაძლებელია, ევროპა თავისუფალი, სუვერენული ერებისა, რომლებიც თავისი ნებით თანამშრომლობენ საერთო ინტერესის საკითხებზეო“.

დაამატე ევროპის მოამბეGoogle-ზე