ტექსტზე გადასვლა

უცნაური ომი გერმანიის წინააღმდეგ

თავდასხმების სერია საკვანძო არჩევნებს ემთხვევა

უცნაური ომი გერმანიის წინააღმდეგ
გერმანული დემოკრატია არა მხოლოდ თავდასხმის ქვეშაა, არამედ პოლიტიკურ უკიდურესობებს შორისაა გახლეჩილი და რადიკალები სრული პარალიზებით ემუქრებიან. ილუსტრაცია: მოამბე/დიანა ხაბეიშვილი

გერმანია პოლიტიკური ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი. კვირას, 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მხარეში არჩევნებია, რომელშიც - თუ რაიმე სასწაული არ მოხდა - ულტრამემარჯვენე AfD უმრავლესობას მოიპოვებს და სულ რაღაც ორ ნაბიჯშია მხარეზე სრული კონტროლის მოპოვებისგან. ანტიუკრაინული, ანტი-იმიგრანტული და პრო-რუსული პოზიციით გამორჩეული პარტიის გამარჯვება თავისთავად მძიმე გამოცდაა გერმანიისთვის. მხარის აღმასრულებელი ხელისუფლების ულტრამემარჯვენე ძალის ხელში ჩაგდება, რაც მას პოლიციაზე გავლენასაც აძლევს, ძილს უფრთხობს იმ გერმანელებს, რომლებსაც ნაცისტური პარტიის აღმავლობის მსგავსი ტრაექტორია არ დავიწყებიათ. მაგალითი გადამდებია - კენჭისყრისთვის მალე მეკლენბურგ-წინა პომერანიაცა და ბერლინიც ემზადებიან.

ამ სტრესულ ვითარებას ბოლო დღეებში სახიფათო თავდასხმების სერია დაერთო. შეტევები და ინციდენტები მძაფრსიუჯეტიანი ფილმის დასაწყისის ტემპით განვითარდა.

რა არის ეს? კოორდინირებული თავდასხმა, რომელსაც ზოგი ჰიბრიდულ ომს, ზოგი კი უბრალოდ ომს უწოდებს? თუ ქაოსური მოვლენების თანხვედრა? გერმანელი გამომძიებლები დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობენ. სანამ კომენტატორების კაკაფონია საინფორმაციო სივრცეს ავსებს, პოლიტიკოსებს თავი ქუდში აქვთ - მწარე სიტყვები სიტყვებად, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ჯერჯერობით, ჩანს, არავინ აპირებს.

დარტყმა დარტმაზე

ახალი ამბების ბოლო, შემაშფოთებელი ციკლი 1 სექტემბრის დილას, ბრანდენბურგში დაიწყო. უცნობმა თავდამსხმელებმა იენშვალდეს ქვანახშირის ელექტროსადგურის მახლობლად მდებარე ქვესადგურის მაღალი ძაბვის ხაზების მიმართულებით დაახლოებით ოცი თვითნაკეთი, პიროტექნიკური რაკეტა გაისროლეს, რომელთა მიზანიც მოკლე ჩართვის გამოწვევა იყო. შედეგიანი მხოლოდ ერთმი გასროლა გამოდგა და ენერგობლოკის მკვებავი ხაზი დროებით მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა მომხმარებლისთვის დენი არ გათიშულა. ბრანდენბურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან რედმანმა აღნიშნა, რომ რეგიონს „აშკარად გაუმართლა“ და ხაზგასმით დასძინა, რომ გამომძიებლებს ისეთი ხელჩასაჭიდი სამხილი არ უპოვიათ, რომელიც პირდაპირ რუსეთზე ან ადგილობრივ მემარცხენე ექსტრემისტებზე მიუთითებდა. ამის მიუხედავად, ფედერალურმა პროკურატურამ გამოძიება სწორედ ტერორიზმის მუხლით წამოიწყო.

იმავე საღამოს, 150 კილომეტრის მოშორებით, კიოლნთან ახლოს, ბერგჰაიმში მსგავსი ინციდენტი მოხდა. პოლიციამ სიმინდის ყანის დათვალიერებისას ექვსი პიროტექნიკური გასაშვები მოწყობილობა აღმოაჩინა, რომლებიც ისინი გამტარი მავთულის ელექტროგადამცემ ხაზებზე გადასაგდებად იყო მომარჯვებული, მოკლე ჩართვის გამოსაწვევად. რამდენიმე ესეთი კუსტარული რაკეტის გასროლა უცნობ დამნაშავეებს უკვე მოესწროთ - შედეგად, ელექტროსადგურის რამდენიმე ბლოკი გაითიშა. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა „ანტიკონსტიტუციური საბოტაჟის პირველადი ეჭვი“ გვაქვსო განაცხადა და დასძინა, რომ სამინისტრო ერთდროულად ორ ვერსიას განიხილავს: უცხო სახელმწიფოს ჩარევას ან ადგილობრივ მემარცხენე ექსტრემიზმს.

ბოლოს გავრცელებული ცნობით, მსგავსი ინციდენტები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, კერძოდ, დორმაგენისა და ვისვაილერის ელექტროქვესადგურებზეც მოხდა. ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა ქვემო საქსონიაში, განდერკეზეში მდებარე ენერგეტიკული კომპანია EWE-ს ობიექტზეც. სამართალდამცავი უწყებები შემთხვევებს აქტიურად იძიებენ და დივერსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამ ეტაპზე ცალკეულ ინციდენტებს შორის პირდაპირი კავშირის არსებობას ვერავინ ადასტურებს.

ბერგჰაიმის შემდეგ, 2 სექტემბრის გამთენიისას, აუგსბურგის ცენტრალურ სადგურთან მდებარე გადასასვლელთან რაღაც აფეთქდა. შედეგად, ორ გამვლელს სმენა დაუზიანდა, მიმდებარედ კი ფანჯრები ჩაიმსხვრა. აღმოაჩინეს მეორე საეჭვო ნივთიც, რის გამოც სადგურის მუშაობა მცირე ხნით შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ეს საგანი უსაფრთხოდ გამოცხადდა. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აუგსბურგის ოფიციალური ვერსია საერთოდ არ გავრცელებულა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს რიგითი კრიმინალური აქტი იყო და არა საბოტაჟი, თუმცა დაზუსტებით არაფერია ცნობილი.

ბოლო შემთხვევა უფრო ძველია, მაგრამ სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის ერთადერთია, სადაც ბერლინმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი. 1 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა 4 აგვისტოს, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების აღმოჩენა ოფიციალურად დააბრალა რუსეთს, რის დასტურადაც პოლიციის მოკვლევის დასკვნები, მოქმედების დამახასიათებელი ხელწერა და დაზვერვის მონაცემები მოიყვანა. საპასუხოდ, გერმანიამ ბონში რუსეთის საკონსულო დახურა, რუსული საგანმანათლებლო ცენტრიც მიაყოლა და ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოქმედება შეუზღუდა. მოსკოვში ყველაფერი უარყვეს.

როგორია პოლიტიკოსების პასუხი?

პოლიტიკა ალთა-ბალთას

გერმანიის პოლიტიკური ელიტის ნაწილისა და უსაფრთხოების სამსახურების თვალში ეს ოთხი ეპიზოდი ერთ სურათად ადვილად იკინძება. მათი ხედვით, რუსეთმა მიზანში ამოიღო გერმანია, როგორც უკრაინის მთავარი ფინანსური დონორი და აწარმოებს ჩრდილოვან, ძნელად დასაფიქსირებელ დივერსიულ კამპანიას. გავლენიანი გამოცემების, მათ შორის Tagesspiegel-ის ფურცლებს თუ გადავხედავთ, ლაიფციგის ინციდენტი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია: აქაა ჯაშუშური დრონების ფრენა, საჰაერო მიმოსვლის პარალიზებისკენ მიმართული კიბერიერიშები და რეგიონულ არჩევნებზე მორგებული დეზინფორმაციული ტალღები. ამ აზრის მიმდევრები დარწმუნებული არიან: დიპლომატიური სანქციები თუ საკონსულოების დახურვა უკვე დაგვიანებული ნაბიჯია და თავდასხმის შესაჩერებლად დიდს ვერაფერს გააკეთებს.

მოგვიანებით აღნიშნული პოზიცია ოფიციალურ დონეზეც განმტკიცდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტის არჩევნების წინ გააქტიურებული ჰიბრიდული თავდასხმების ტალღა შემთხვევითი ხასიათის არ არის: „მოახლოებული არჩევნების ფონზე გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს“. პარალელურად, კანცლერ ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აღკვეთილი თუ ჩაშლილი იერიშების სიმრავლე სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მის რეალურ ეფექტიანობაზე მეტყველებს.

თუმცა ზოგიერთ პროფესიონალი დარდობს, რომ ასეთი ხედვა დამნაშავეს ზედმეტად ჰაიჰარად, მტკიცებულებების გარეშე ასახელებს. ბუნდესტაგის სპეცსამსახურების საზედამხედველო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ ჰენრიხმანმა, მანამდე საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ სანამ ხელისუფლება საჯაროდ დასდებდა რუსეთს ბრალს, ლაიფციგის აეროპორტის საქმეზე მტკიცებულებებს საკმაოდ დიდი ხანი აგროვებდა. თუმცა ჰენრიხმანი ეჭვგარეშედ მიიჩნევს, რომ ბერგჰაიმსა და იენშვალდეში ერთსა და იმავე დღეს მომხდარი აფეთქებები იმას ნამდვილად მოწმობს, რომ ქვეყანა თავდასხმების ცივი გონებით იყო მოფიქრებული და მინიმალური დანახარჯით დაგეგმილი. კუსტარული რაკეტები სამხედრო აღჭურვილობის ნაცვლად, მოკლე ჩართვა აფეთქებების ნაცვლად - ან ვიღაც შეეცადა, მაქსიმალური ზიანი ისე მიეყენებინა, რომ სამხედრო ესკალაცია არ გამოეწვია, ანდა მართლაც არასახელმწიფო აქტორების ხელი ურევია ამ საქმეშიო, ეჭვობს ჰენრიხმანი.

პოლიტიკური ცენტრისგან დაშორებულ (და კრემლისადმი მეგობრულად განწყობილ) ფლანგებზე ამასობაში მთავრობისადმი სრული უნდობლობა სუფევს. მემარცხენე-პოპულისტური ალიანსის (BSW) ლიდერმა, სარა ვაგენკნეჰტმა მთავრობა უმკაცრესად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დრონის ინციდენტი, რომელსაც ზიანი არ მოჰყოლია, მოსკოვის წინააღმდეგ „სახიფათოდ ესკალაციური“ რიტორიკის გასამართლებლად გამოიყენაო. იქვე მიუთითა, ბერლინს „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში უკრაინულ კვალთან დაკავშირებით ხმა დიდად არ ამოუღიაო. თავის მხრივ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო მდივანმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ შესაძლოა უკრაინულ თვითმფრინავზე თავდასხმა თავად უკრაინის მიერ დადგმული პროვოკაცია იყოო.

ჩვენ რატომღა დავავიწყდით ყველასო და საერთო მღელვარებას გამოეხმაურა ის მემარცხენე ექსტრემისტული დაჯგუფებაც, რომელმაც 2026 წლის იანვარში ბერლინის ენერგოქსელის გადაწვაზე აიღო პასუხისმგებლობა. მათი თქმით, ყოველი დივერსიის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კვალს რომ ვეძებთ, ცუდი ჩვევააო - ამ ნათქვამით კი საზოგადოებას ისიც შეახსენეს, რომ საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ხელის აღმართვის მწარე გამოცდილება თავად გერმანიის ადგილობრივ ექსტრემისტებსაც საკმაოდ გააჩნიათ.

რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს?!

ძირითადი პოლიტიკური ძალები, სკეპტიკოსები თუ უსაფრთხოების დამოუკიდებელი მკვლევრები დიდწილად თანხმდებიან: ვინც არ უნდა მდგარიყო თითოეული კონკრეტული ინციდენტის უკან, გერმანიის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს და ეს უკვე წლებია, რაც გრძელდება.

მანუელ ატუგმა, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ცნობილმა გერმანელმა ექსპერტმა თქვა, რომ სპეციალისტები დიდი ხანია აფრთხილებენ მთავრობას, რომ ამგვარი „ჩუმი ომის“ წინააღმდეგ ინფრასტრუქტურა დაუცველია და მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება - მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები - მაგალითად ინტერნეტიდან ინფრასტრუქტურის მონაცემების წაშლა - სრულიად არასაკმარისი, ფუჭი ჟესტია და მხოლოდ მოქმედების ილუზიას ქმნისო. აგუგის თქმით, გერმანიის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კანონის მარეგულირებელი ნორმები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შემუშავებული. აკადემიური წრეებიდან, ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორი, კარლო მასალა კიდევ უფრო მძიმე დიაგნოზს სვამს: მისი თქმით, გერმანია რუსეთთან გამოუცხადებელი, „უცნაური ომის“ მდგომარეობაშია, რომელსაც საერთაშორისო სამართალი ჯერ კიდევ არ ცნობს ომად.

კრიტიკა სამართლიანად ჟღერს, რადგან უკვე წლებია, რაც გერმანიის ინფრასტრუქტურაზე შედეგიანი თავდასხმები ხდება. 2022 წელს კაბელების კოორდინირებულმა გადაჭრამ გერმანიის სარკინიგზო ქსელის ნაწილი პარალიზებული დატოვა. 2024 წელს მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ პირები, რომლებიც რუსულმა დაზვერვამ სწორედ რკინიგზისა და თავდაცვის ობიექტების ასაფეთქებლად გადმოიბირა. იმავე წელს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებულმა სახიფათო ამანათებმა გერმანიის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლოგისტიკურ ცენტრებში ხანძრების კერები გააჩინა. ხოლო 2026 წლის იანვარში განზრახ გაჩენილმა ხანძარმა ბერლინში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ელექტროენერგიის ყველაზე ხანგრძლივი გათიშვა გამოიწვია და ამაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

სანამ გერმანელები იმაზე დაობენ, შინაურის გაკეთებულია ბოროტი საქმე, თუ გარეულის, ექსპერტები დიდი ხანია მიუთითებენ, რომ რუსული სპეცსამსახურები კარგა ხანია „ერთჯერადი აგენტების“ იგივე „საბოტაჟის გამოძახებით“ მოდელზე გადავიდნენ: სოციალურ ქსელებში, ხშირად Telegram-ში ქირაობენ ფულის გაკეთების მსურველ მოზარდებს, წვრილ ქურდბაცაცებს ანდა ორგანიზებული დანაშაულის ქსელებს, რომ მათი ბინძური საქმე გაცნობიერებულად თუ მოტყუებით გააკეთებინონ - კედლებზე წარწერების გაკეთებით დაწყებული და აფეთქებებით თუ მკვლელობებით დამთავრებული.

ტალღა, რომელიც შემთხვევითობას არ ჰგავს

ერთი დეტალის გვერდის ავლით ყურება შეუძლებელია, თავდასხმების დროში ამდენად უცნაურ კონცენტრაცია უკიდურესად საეჭვო ამბავია.

ბოლო ხანებში, რუსეთი აქტიურად გადავიდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე იმ იმედით, რომ წყლის, კანალიზაციის და საკვები პროდუქტების მარაგების განადგურებით დიდ ქალაქებს ზამთრისთვის საცხოვრებლად გამოუსადეგარს გახდის.

პარალელურად, რუსეთის საგარეო სამინისტროდან ღიად გაისმა მუქარა უკრაინის დამხმარე სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამას დაემთხვა ლიეტუვაში, ესტონეთში, პოლონეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში სამხედრო და დრონების მწარმოებლებზე თავდასხმების სერია.

ამდენად, გერმანიაში მიმდინარე მოვლენები ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჯდება. თუმცა ისიც მართალია, რომ პოლიტიკური დაძაბულობისა და საქსონია-ანჰალტში გადამწყვეტი კენჭისყრის წინ, წყლის ამღვრევა რუსეთის სპეცსამსახურებსაც აწყობთ და ადგილობრივ რადიკალებსაც. სოლიდურობის პრეტენზიის მქონე გერმანული მედია ჯერ ვერ ბედავს გადაჭრით საუბარს, პოლიტიკოსებიც ცდილობენ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაარღვიონ.

არადა, გერმანულმა საზოგადოებამ მღელვარება უკვე სრულად შეისისხლხორცა. 2026 წლის გაზაფხულის სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს: გერმანელთა ორ მესამედს ჰიბრიდული საფრთხეები მოსვენებას უკარგავს, მაშინ როცა რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეჯახების შიში წინა წელთან შედარებით საგრძნობლად განელდა. გერმანული ბიზნესსექტორის გამოკითხვა ადასტურებს, რომ კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ჰიბრიდული ომის შედეგად გარდაუვალ, მძიმე კრიზისს ელის, ხოლო სახელმწიფოს მზადყოფნის ხარისხს უმეტესობა საგანგაშოდ არასაკმარისად მიიჩნევს.

დაამატე ევროპის მოამბეGoogle-ზე