ულტრამემარჯვების ლექსიკონი: „ანტი-ერი“
შიდა მტრის ხატის შექმნა ულტრამემარჯვენეებისთვის ყოველთვის იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების აუცილებლობის დასაბუთების ერთ-ერთი რიტორიკული საშუალება.
2024 წლის აგვისტოში, პარიზის ოლიმპიადა გახურებული იყო, როცა გვარიანად მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (La France Insoumise (LFI)) დეპუტატმა ერსილია სუდემ აღშფოთება გამოხატა საფრანგეთის ნაკრების ათლეტებისთვის ისლამური თავსაბურავის ტარების აკრძალვის გამო. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა: „საფრანგეთი ისლამოფობიური ქვეყანაა“. პასუხად, მთავრობის სპიკერმა, პრისკა თევენომ მიუგო, თქვენს პარტიას ოქროს მედალი ეკუთვნისო - „უზნეობისა და ანტი-საფრანგეთობისთვის“.
„ანტი-ერის“ თუ „ანტი-ეროვნულობის“ ცნებას თუ ბრალდებას იმაზე უფრო ღრმა ისტორია აქვს, ვიდრე ეს ერთი, პოლარიზებულ სოც-მედია კონტენტზე მორგებული გაპაექრება გვიჩვენებს. მისი არსის გასაგებად გასაგებად მოგვიწევს სივრცობრივ-დროითი თვალსაწიერი გავაფართოოთ და რადიკალური იდეოლოგიის სათავეებისკენ მივმართოთ მზერა.
მანამდე კი ჯერ ის ვთქვათ, რომ სულ ახლო წარსულში, ესპანეთში, ამ ცნების საფუძველზე მთელი პარტიული დოქტრინა აიგო. 2019 წლის საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული, ულტრამემარჯვენე პარტია Vox და, კერძოდ, მისი ლიდერი სანტიაგო აბასკალი, მანიქეველთა სიხისტით ყოფენ საზოგადოებას: ერთ მხარესაა „ცოცხალი ესპანეთი“, რომელის წარმომადგენლადაც ეს პარტია სახავს საკუთარ თავს, ხოლო მეორე მხარეს — „ანტი-ესპანეთი“ (Antiespaña), რომელსაც „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია“ (PSOE) და მისი მემარცხენე მოკავშირეები განასახიერებენ. ეს უკანასკნელნი Vox-ის მიერ ღიად არიან მონიშნული მოღალატეებად, შიდა მტრებად.
რას ნიშნავს „მანიქეური დაყოფა“?
მანიქეველები მესამე საუკუნეში სასანიდურ ირანში წარმოშობილი გავლენიანი რელიგიური მიმდინარეობა იყო, რომლის სახელი მოძღვრების დამფუძნებლის, აინ-ი მანისგან მოდის. მისი მოძღვრება იმით იყო გამორჩეული, რომ მრავალი არსებული რელიგიის თემებისა და დოქტრინების შეკავშირება მოახერხა, ძველბერძნული ფილოსოფიიდან დაწყებული, ზოროასტრული რელიგიით, ქრისტიანული და ბუდისტური ტრადიციებით დამთავრებული. მანიქეველთა რწმენის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო რადიკალური დაყოფა შავსა და თეთრს, კეთილსა და ბოროტს, ღვთიურსა და ეშმაკეულს შორის. ამიტომ, როცა ევროპულ ნაშრომებში „მანიქეური“ შეგხვდებათ, საუბარი ბოროტსა და კეთილს, ანდა უბრალოდ ორ მიმდინარეობასა ან მოსაზრებას შორის შავ-თეთრ დაყოფაზეა. მაგალითად, „ვარსკვლავეთის ომები“ ტიპიურად მანიქეური სიუჟეტია: ძალის ორი მხარე, კეთილი და ბოროტი, ერთმანეთს უპირისპირდება.
იმ დროიდან მოყოლებული, ესპანელი ულტრამემარჯვენეები სწორედ ამ კუთხით უცქერენ მოვლენებს და აღწერენ ოპონენტებს: მათი მოწინააღმდეგები არიან ერის მტრები, ერთადერთი ჭეშმარიტი და უბიწო სამშობლოს მოღალატეები. 2025 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ნატოდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ ისაუბრა იმ საბაბით, რომ აქაოდა მადრიდი სამხედრო ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას უარობსო, აბასკალმა საჯაროდ განაცხადა: იმედი მაქვს, აშშ-ის პრეზიდენტი „შეძლებს ერთმანეთისგან განასხვავოს ესპანეთი და სანჩესიო.“ ამით მან დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მეთაური რიტორიკულად ჩამოაშორა „ჭეშმარიტ“ ერს და საკუთარი თავი ამ ერის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად დასახა.
საიდან მოდის „ანტი-ერის“ კონცეფცია
„ანტი-ერის“ ცნება ბოლო ათწლეულში არ გაჩენილა და არც თანამედროვე ულტრამემარჯვენეების შემოქმედებაა. ეს XIX საუკუნის რეაქციონერებისა და XX საუკუნის ფაშისტების მიერ გადაღეჭილი და არაერთხელ გამოყენებული კონცეფციაა, რომელსაც ულტრარადიკალური ჯგუფები მთავარი პოლიტიკური მტრის დასახასიათებლად იყენებენ. ეს მტერი, ბუნებრივია, შეიძლება იყოს როგორც შიდა („მოღალატეები“), ისე გარე („ოკუპანტები“), რომლებიც ემუქრებიან ერსა და მის წმინდა არსს, მის „მეობას“. ყველა ამ შიდა თუ გარე ჯგუფის ერთობა წარმოადგენს რეაქციონერებისთვის ანტაგონისტურ ძალას, რომლებიც „ანტი-ერში“ განსხეულდება.