სეუტა: ვირუსული ალგორითმის ჰიპოთეზა

საზღვრის გარღვევის მიზეზი ვირუსული დეზინფორმაცია იყო?

სეუტა: ვირუსული ალგორითმის ჰიპოთეზა
უპრეცედენტო კრიზისზე პასუხისმგებლობას მთავრობები ალგორითმებით ყალბი ინფორმაციის ვირუსულ გავრცელებას აბრალებენ.

30-31 ივლისს, სხვადასხვა შეფასებებით 50-დან 60-მდე ათასმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი მაროკოდან აფრიკის კონტინეტზევე არსებულ ესპანურ ექსკლავში - სეუტაში. ესპანეთის ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების ეფექტური და სწრაფი მართვა: ოფიციალური ინფორმაციით 48 000-მდე უკვე გააბრუნეს მაროკოში. თუმცა, ამავე დროს დიდი ტრაგედიაც დატრიალდა: 72 ადამიანი დაიღუპა, ასი დაკარგულად ითვლება. საზღვრის ამგვარი, მასობრივი და აჟიოტაჟური გარღვევა ადრეც მომხდარა, თუმცა ამდენი ხალხის ასეთ მოკლე ვადაში მობილიზება ადრე არასოდეს უნახავთ. ბუნებრივია, გამოითქმის ბევრი ვერსია და ჰიპოთეზა ამ მოვლენის მიზეზებისა და მამოძრავებელი ძალების შესახებ.

დღეს შევეხებით მადრიდისა და რაბათის ოფიციალურ ჰიპოთეზას, რაც ყალბი ამბის ვირუსული გავრცელებით შექმნილ მასობრივ აჟიოტაჟს შეეხება.

რას ამბობენ მთავრობები

ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა, მომხდარში ხალხის კონტრაბანდისტების მაფია დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ სოციალურ ქსელებში ესპანეთს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ბოროტგანზრახული ინტერპრეტაცია გაავრცელეს, რაც „საათების განმავლობაში ელვისებურად გავრცელდა... და გამოიწვია იმ მასშტაბის ზვავი, რომელიც გუშინ ვიხილეთ.“

რაბათიც ხელს იშვერს „ადამიანებით ვაჭრობასა და მიგრანტების კონტრაბანდაში ჩართულ კრიმინალურ ქსელებისკენ.“ ორივე დედაქალაქი ამბობს, რომ კრიზის გადასაწყვეტად ერთად იმუშავეს: მაროკო მიუთითებს ესპანეთთან მიგრაციული თანამშრომლობის „სანიმუშო“ ხასიათზე და აცხადებს, რომ მიგრანტების გარღვევა „არანაირად არ მიუთითებს მაროკოს ხელისუფლების სურვილზე, წაახალისოს არალეგალური იმიგრაცია“. მადრიდში მაროკოს საელჩომ პირდაპირ დააკისრა პასუხისმგებლობა კრიმინალურ ქსელებს, რომლებიც მოწყვლად მოსახლეობაში „ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ“ .

დეზინფორმაცია? რა ფაქტებია ცნობილი

თუ ამ თეორიას დავერწმუნებით, აფეთქების საწყის წერტილად მიიჩნევა ესპანეთის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების გავრცელება, რომელიც განზრახ იქნა დამახინჯებული.

მაროკოს მხარეს, დადასტურებულად გავრცელდა ორი განსხვავებული და ერთმანეთზე დაშენებული ჭორი:

  • პირველი იყო ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილების დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს ცურვით ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლა გარანტიას იძლეოდა, რომ არ მოხდებოდა დეპორტაცია და მეტიც, უზრუნველყოფილი იქნებოდა შესულების ლეგალიზაცია.
  • მეორე იყო ყალბი ამბავი, რომელიც კონკრეტულ დროსაც კი ასახელებდა: ხალხმა მიიღო გზავნილები, რომ საზღვარი ოთხშაბათს საღამოს „22 საათზე გაიხსნებოდა“.

სააგენტო „ფრანს პრესის“ (AFP) მიერ საზღვარზე ჩაწერილი ინტერვიუები ადასტურებს, რომ ასეთი ამბავი მართლაც გავრცელდა სოციალური ქსელებით და მესენჯერებით: „დილას გაღვიძებისთანავე გავიგე, რომ სებტა (სეუტა) 22 საათზე გაიხსნებაო“, - ეუბნება ჟურნალისტებს ტანჟერიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალი. მისი ნაცნობები, მოწმის თქმით, „სამსახურში იყვნენ, როცა უეცრად გავრცელდა ხმა, რომ საზღვრები ღია იყო“.

ღია წყაროების ანალიზი საშუალებას იძლევა დავადასტუროთ, რომ სოციალურ ქსელებში ნამდვილად არსებობდა ამგვარი ამბების ორგანიზებული გავრცელების წყარო.

ყველაზე უკეთ დადასტურებული ელემენტია Facebook-ჯგუფი სახელწოდებით „Hraga Ceuta“ (სიტყვა hrig-დან რაც „საზღვრის გაწვას“ ნიშნავს და ამ ტერმინით უკანონოდ გადაკვეთა აღინიშნება). სეუტის ადგილობრივმა პრესამ ეს გვერდი ჯერ კიდევ 27 ივლისს დააფიქსირა და მაშინ 20 000-ზე მეტ წევრს ითვლიდა. გვერდზე ზიარდებოდა Google Maps-ის ეკრანის ასლები, რომლებზეც მოზომილი იყო ცურვის მარშრუტები და მანძილი ტარახალის (Tarajal) ჯებირის გარშემო, შესაფერისი საცურაო კოსტიუმებისა და ფარფლების ფოტოები, ინფორმაცია ამინდისა და ზღვის მდგომარეობის შესახებ, ტაქსის მარშრუტები იმ პლაჟებზე მისასვლელად, საიდანაც გაცურვა ყველაზე ადვილი იყო და ფულიც კი იკრიბებოდა ნავების შესაძენად. ჯგუფი კრიზისის შემდეგ მიუწვდომელი გახდა, თუმცა უცნობია, ის Meta-მ წაშალა, თუ ჯგუფის პატრონებმავე დაფარეს კვალი.

მაროკოული და ესპანური პრესა WhatsApp-ს, TikTok-სა და Instagram-ს მობილიზაციის დამატებით არხებად მოიხსენიებს. რაბათი საზღვარზე მასობრივ მიწყდომას მიაწერს ამ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს, რომლებიც აღწერდნენ გადაკვეთის მეთოდებს და ხალხს არწმუნებდნენ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, ესპანეთიდან ვერ გააძევებდნენ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის არცერთ ავტორიტეტული წყაროში არაა მოყვანილი ციფრები - არაა დათვლილი, თუ რამდენად ფართოდ გავრცელდა ეს ინფორმაცია და რამდენად შეეძლო მხოლოდ ამას უდიდესი აჟიოტაჟური ტალღის გამოწვევა. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება იმის დარწმუნებით მტკიცება, თუ რა კონკრეტული როლი ითამაშა გაყალბებულმა ინფორმაციამ მიგრაციული ნაკადის წარმოქმნაში.

  • ჯერ არ ყოფილა რეაგირება სოციალური მედიის შესაბამისი პლატფორმების მხრიდან. არც ევროკომისიის მხრიდან ისმის რამე ჯერ ციფრული მომსახურების შესახებ რეგულაციის (DSA) ფარგლებში.
  • საშინაო საქმეთა და მიგრაციის ევროპელი კომისრის, მაგნუს ბრუნერის გამოსვლა ეხებოდა სასაზღვრო რეჟიმს, მადრიდისადმი ფინანსურ, ტექნიკურ და ოპერაციულ მხარდაჭერას (მათ შორის ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს, Frontex-ის მეშვეობით), ასევე რაბათზე ზეწოლის აუცილებლობას, რომ თავისი ტერიტორიიდან მომავალი ხალხი შეაკავოს. თუმცა ბრუნერს არაფერი უთქვამს იმაზე, მოითხოვა თუ არა ევროკომისიამ რაბათისგან განმარტება და ანდა ინფორმაციის გაზიარება სოციალური მედიის პლატფორმებისგან.

რა პრეცედენტი არსებობს?

უახლოეს წარსულში არსებობს პრეცედენტი, რომელიც დაგვეხმარება ამგვარი დეზინფორმაციული აჟიოტაჟის შესაძლო მასშტაბისა და გავლენის შეფასებაში.

2024 წლის სექტემბერში, TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც მოუწოდებდა ხალხს, მასიურად გაეცურა სეუტისკენ და ასახელებდა თარიღს - 15 სექტემბერს. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოს 500 000-ზე მეტი ნახვა, 8 500-ზე მეტი „მოწონება“ და 1 200-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. ანუ შეგვიძლია დაახლოებით დავადგინოთ, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ასეთი ინფორმაცია.

მაშინ, 2024 წელს, ამ ინფორმაციებმა სწრაფადვე მიიპყრო როგორც რაბათის, ისე მადრიდის ყურადღება და ერთად იმუშავეს, რომ არ დაეშვათ საზღვარზე შეტევა. მაროკოს საპოლიციო ძალებმა 11-დან 16 სექტემბრამდე პერიოდში ფნიდექის (ექსკლავთან ყველაზე ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტის) მიდამოებში 4 455 ადამიანი დააკავეს. ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ მოუხდათ შეტაკება პოტენციურ მიგრანტებთან.

2024 წლის აგვისტოს ბოლოს, მაროკოს კრიმინალურმა პოლიციამ, შიდა სპეცსამსახურთან (DGST ტერიტორიის მეთვალყურეობის გენერალური დირექტორატი) კოორდინაციით, დააკავა ექვსი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, „არალეგალური ემიგრაციისკენ წამაქეზებელი ყალბი ციფრული კონტენტის გავრცელების“ ბრალდებით.

ამ ორ ეპიზოდს შორის შედარება საშუალებას იძლევა დაისვას მთავარი შეკითხვა: როგორ მოხდა, რომ მსგავსმა ჭორმა 2024 წელთან შედარებით ათჯერ მეტი პირის მობილიზება მოახერხა? რა მოხდა კონკრეტულად: თავად სოციალური მედიის ალგორითმი შეიცვალა? ვიღაცამ მოახერხა ალგორითმის მანუპულირება? თუ ალგორითმი არაფერ შუაშია და უშუალოდ ხალხის მდგომარეობა შეიცვალა, ანდა რაიმე ფაქტორები უშუალოდ საზღვარზე?

მდგომარეობა საზღვარზე

ფაქტია, რომ დეზინფორმაცია და ჭორი ნაყოფიერ ნიადაგზე დაეცა. ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს: მაროკოს მოსახლეობის ნახევარი 31 წელზე ახალგაზრდაა; 15-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის საშუალო დონემ 2025 წელს 37,2%-ს მიაღწია, ხოლო ურბანულ გარემოში 45%-ს გადააჭარბა. ფნიდექის სასაზღვრო რეგიონში ვითარება კიდევ უფრო უარესი, შეიძლება ითქვას, უიმედოა. ეს მხარე განსაკუთრებით დაზარალდა 2019 წლის ოქტომბერში სეუტასთან სასაზღვრო ვაჭრობის დახურვით.

რატომ შეწყდა ვაჭრობა 2019-ში?

სეუტასთან ვაჭრობა მაროკოს მთავრობის ინიციატივით შეწყდა 2019 წლის ოქტომბერში და ამის მიზეზად დასახელდა არაფორმალური სავაჭრო ურთიერთობების ნეგატიური გავლენა რეგიონის ეკონიმიკაზე და კონტრაბანდა. მთავრობა ამბობდა, რომ სურდა ადგილობრივი მრეწველობის წახალისება და კონტრაბანდისტების გავლენის შემცირება. დადასტურებულია, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ათასობით ადგილობრივი იყო ჩართული, რომლებსაც ჩანთებით გადმოჰქონდათ საქონელი მაროკოში. ამის შემდეგ კოვიდის კრიზისიც დაერთო და არც საზღვარი გახსნილა და არც რაბათის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მოუტანია დიდი შედეგი სასაზღვრო რეგიონებისათვის. ამას დაერთო მადრიდთან პოლიტიკური დაპირისპირებაც დასავლეთი საჰარის სუვერენიტეტის აღიარების თემაზე,

2021-2027 წლებისათვის ევროკავშირმა მაროკოს გამოუყო მიგრაციული პაკეტი დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 152 მილიონი ევროს პროგრამას ხელი მოეწერა 2023 წელს, უფრო ფართო, 624 მილიონი ევროს ოდენობის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

ვისია ალგორითმი?

ამ კრიზისის ფონზე, ალგორითმების გავლენის შესახებ საუბარი ევროპაში კიდევ ერთხელ აღვიძებს შიშს, რომ სოციალური მედიის პლატფორმები შეიძლება მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა გამოიყენონ ხელოვნური კრიზისების შესაქმნელად.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეჭვის თვალით ტრამპის ადმინისტრაციას უცქერენ, რომელმაც ესპანეთის მთავრობა მრავალი, გინდ იდეოლოგიური და გინდ პრაქტიკული, მიზეზის გამო აითვალწუნა და მის წინააღმდეგ დიპლომატიური ფრონტი ფართოდ აქვს გაშლილი.

ფაქტია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ოფიციალურად აქვს დადასტურებული აფრიკის კონტინენტზე არსებული ესპანური ექსკლავების საკითხი სანჩესის მთავრობის წინააღმდეგ ბერკეტად ქცევის ნება. 2026 წლის აპრილის ბოლოს, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ სეუტა და მელილია (ქალაქები, რომლებიც „იმართება ესპანეთის მიერ“) „მდებარეობს მაროკოს ტერიტორიაზე და რჩება მაროკოს ისტორიული პრეტენზიების ობიექტად“. ანგარიში მხარს უჭერს სახელმწიფო მდივნის ძალისხმევას „წაახალისოს დიპლომატიური ჩართულობა მაროკოსა და ესპანეთს შორის ორი ქალაქის მომავალ სტატუსზე“. მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციამ მტკიცედ დაუჭირა მხარი დასავლეთ საჰარაზე მაროკოს სუვერენიტეტს და სულ რამდენიმე დღის წინათ მკვეთრადვე დაადასტურა.

რა შუაშია დასავლეთ საჰარა?

დასავლეთ საჰარას „აფრიკის უკანასკნელ კოლონიას“ უწოდებდნენ - ის 1884 წიდან 1975 წლამდე ესპანეთს ეკუთვნოდა. 1973 წელს ადგილობრივმა მემარცხენე ნაციონალისტურმა ჯგუფმა, პოლისარიოს ფრონტმა, აქტიური შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო დამოუკიდებლობისათვის. 1975 წელს, მაროკოს მეფემ, ჰასან მეორემ 350 ათასი სამოქალაქო პირი გაგზავნა ე.წ. „მწვანე მარშით“ და ფიზიკურად დაიკავა დასავლეთ საჰარის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რასაც ესპანეთის გასვლა მოჰყვა რეგიონიდან. პოლისარიოს ფრონტმა გააგრძელა წინააღმდეგობა, როგორ მაროკოს ისე მავრიტანიის წინააღმდეგ, რომელიც ასევე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს. 1979 წლისთვის მავრიტანია დამარცხდა და დე ფაქტო კონტროლი მაროკოს ხელი გადავიდა, თუმცა პოლისარიოს მხრიდან წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა. 1991 წელს სამშვიდობო შეთანხმება დაიდო და გადაწყდა, რომ რეფერენდუმი ჩატარდებოდა, რაც მას შემდეგ არ მომხდარა. მაროკო დღესაც აკონტროლებს დასავლეთ საჰარის უდიდეს ნაწილს, ხოლო პოლისარიოს ფრონტი (ალჟირის მხარდაჭერით) აღმოსავლეთ ზოლს და ლტოლვილთა ბანაკებს. აშშ-მ დასავლეთ საჰარაზე მაროკოს სუვერენიტეტი 2020 წელს აღიარა. ესპანეთმაც პრემიერ სანჩესის მმართველობის პერიოდში, 2022 წელს შეცვალა პოზიცია და დაეთანხმა მაროკოს გეგმას დასავლეთ საჰარის ავტონომიური მმართველობის შესახებ. თუმცაღა, ტრამპის ადმინისტრაცია ახლა ამბობს, რომ სეუტა და მელილიაც ისევეა მაროკოს ტერიტორია, როგორც დასავლეთ საჰარა. ესპანეტის ნაციონალისტური წრეები კი სეუტაზე მიგრანტების ახლანდელ შეტევას „მწვანე მარშს“ ადარებენ.

ფაქტია, რომ კრიზისის მიმდინარეობისას ვაშინგტონმა არ დააყოვნა და ეს მოვლენა სანჩესის მთავრობის წინააღმდეგ მიმართა. 31 ივლისს, დონალდ ტრამპმა Fox News-ზე მოვლენა ასე შეაფასა: „ეს საშინელებაა. დაიმახსოვრეთ ეს კადრები: ეს ჩვენთან მოხდება სამ წელიწადში, თუკი არასწორი მხარე გაიმარჯვებს“ , განაცხადა მან. თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში კრიზისი „ულტრამემარცხენე გლობალისტურ პოლიტიკას“ მიაწერეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ „ესპანელი ხალხის გვერდით დგას“ მაშინ, როცა მისი „სუვერენიტეტის უხეში დარღვევა“ ხდება, მაგრამ პარალელურად დაგმო „ევროპისკენ მასობრივი უკანონო მიგრაციის დაშვებისა და ხელშეწყობისათვის გამიზნული ძალისხმევა“, რაშიც სანჩესის მთავრობას ადანაშაულებს.

სოციალური მედიის კონტექსტში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ილონ მასკმა არ დააყოვნა, პოსტა და პოსტა სეუტაში მიმდინარე ამბების ვიდეოები თავის X-ზე იმ მინაწერით, რომ ესპანეთი აქაოდა სამხედრო შეტევის სამიზნეა და ამაში ესპანეთის მთავრობაა დამნაშავე, რომელიც უფასო საჩუქრებს ჰპირდება მიგრანტებსო.

ბუნებრივია, ყოველივე ეს ვერაფერს ამტკიცებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ალგორითმების ამ კრიზისზე გავლენის საკითხის ანალიზს ევროპული სპეცსამსახურები სერიოზულ ყურადღებას დაუთმობენ.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ კვირას კაია კალასმა მოსკოვს ომის დაწყებიდან ყველაზე შორსმიმავალი სანქციები აღუთქვა; ბრიუსელმა ჰააგის სასამართლო ვაშინგტონის თავდასხმებისგან დაიცვა; ხოლო ექვსი ევროპული დედაქალაქი ნავთობის გიგანტებს ომის ფონზე მიღებული ზემოგების დაბეგვრით დაემუქრა. ამ და სხვა საინტერესო ამბებს მოგითხრობთ ევროპის მოამბე. თუმცა, მოდით, იქიდან დავიწყოთ, საიდანაც ევროპის შემოდგომა დაიგეგმა. კალასი

lock-1
ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

დაბრკოლებების მიუხედავად, ჯინი ადვილად არ მოდრეკილა, საკუთარი იდეების დაცვის ჟინი არ ჩაცხრომია, პოლიტიკური სიმტკიცითა და მუდმივი მზადყოფნით უტეხ უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებულ შეხედულებებს.

lock-1
ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ შუაგულ აგვისტოში რა გამოაცოცხლებდა ევროპულ დედაქალაქებს თუ არა საერთო საფრთხე და საწუხარი. რუსეთს რომ არ სძინავს არახალი ამბავია: მარტო ომის ველს რომ არ სჯერდება და აქეთ-იქით  გაუხსნია ფრონტები. რუსული დივერსიებითა და ჩარევით განსაკუთრებით “განებივრებულმა” გერმანიამ მოქმედება არჩია და საკუთარი დაზვერვას შეტევის უფლება მისცა. ამასობაში

lock-1
ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“

ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“

2014 წლის 31 მაისს, რუსმა ოლიგარქმა, კონსტანტინ მალოფეევმა ვენაში, ლიხტენშტაინის სასახლეში, საიდუმლოდ შეკრიბა ევროპული ულტრამემარჯვენეობის რამდენიმე საკვანძო ფიგურა და ვლადიმერ პუტინის მომხრეები. საფრანგეთის „ეროვნულ ფრონტს“ (Front Nationale, რომელიც მერე გარდაიქმნა „ეროვნულ ერთობად“ Rassemblement Nationale) იქ გეოპოლიტიკოსი აიმერიკ შოპრადი და მარიონ-მარეშალ ლე პენი (მარინე ლე პენის დისშვილი, იმხანად ვოკლიუზის დეპუტატი

lock-1