ეს წერილი 1947 წელს დაიწერა
დღეს, იყო სოციალისტი ეს იგივეა, რაც იყო ექიმი, რომელიც უიმედო პაციენტს მკურნალობს. როგორც ექიმი, ვალდებული ხარ, პაციენტი აცოცხლო და შესაბამისად გჯეროდეს, რომ მას გამოჯანსაღების შანსი აქვს. როგორც მეცნიერი, ვალდებული ხარ, ფაქტებს თვალებში ჩახედო და შესაბამისად აღიარო, რომ პაციენტი ალბათ მოკვდება. ჩვენი, როგორც სოციალისტების საქმიანობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გვჯერა, რომ სოციალიზმის დამყარება შესაძლებელია, მაგრამ თუკი გავაანალიზებთ, რისი ალბათობაა ახლა მაღალი, ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი შანსები დაბალია. ბუკმეკერი რომ ვიყო, მხოლოდ ალბათობებს ვანგარიშობდე და ჩემი სურვილები გვერდით გადავდო, ფსონს არ ჩამოვიდოდი, რომ ჩვენი ცივილიზაცია მომავალი ას წელს გაატანდა.
ჩემი ხედვით, სამი შესაძლებლობა არსებობს:
ვარიანტი 1: ამერიკელები გამოიყენებენ ატომურ ბომბს მანამ, სანამ ის რუსებს არ აქვთ. ეს არაფერს გადაწყვეტს. იმ უშუალო საფრთხეს კი გაანადგურებს, რასაც ამჟამად სსრკ წარმოადგენს, მაგრამ შობს ახალ იმპერიებს, მოიტანს ახალ მტრობას, ახალ ომებს, ახალ ატომური ბომბებს. როგორც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით ეს სამიდან ყველაზე ნაკლებსავარაუდო ვარიანტია, რადგან პრევენციული ომის დაწყება ადვილი არ არის სახელმწიფოსთვის, რომელსაც დემოკრატიის ნატამალი მაინც შერჩენია.
ვარიანტი 2: უკვე მიმდინარე ‘ცივი ომი’ მანამ გაგრძელდება, სანამ სსრკ და რამდენიმე სხვა ქვეყანა ატომურ ბომბს არ შექმნის. მერე, გავა სულ მცირე ხანი და ბზზზზ! გაფრინდება რაკეტები, ბუუუმ! ჩამოიყრება ბომბები, მსოფლიოს საწარმოო ცენტრები ისე განადგურდება, რომ მათი განახლება შეუძლებელი იქნება. ერთმა ან რამდენიმე სახელმწიფომ ამ ომის შედეგად გამარჯვება ტექნიკური თვალსაზრისით რომც მოიპოვოს, ისინი ვერ შეძლებენ მანქანური ცივილიზაციის ხელახლა აშენებას. მსოფლიო დაუბრუნდება მდგომარეობას, როცა რამდენიმე მილიონი, ან რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანიღა ცხოვრობს პლანეტაზე და თავს ძლივს ირჩენს სოფლის მეურნეობით. რამდენიმე თაობის შემდეგ, კაცობრიობის მთელი კულტურიდან შენადნობების დამზადების ტექნიკა თუ გადარჩება. ვიღაც ალბათ იტყვის, რომ ეს სასურველი ვარიანტია, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ვითარებას სოციალიზმთან არანაირი კავშირი არ ექნება.
ვარიანტი 3: ატომური ბომბით და სხვა უახლესი იარაღით შეშინებული კაცობრიობა თავს შეიკავებს მათი გამოყენებისაგან. ჩემი აზრით, ეს ყველაზე უარესი ვარიანტია. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ორი ან სამი სუპერ-სახელმწიფო გადაინაწილებს ისე, რომ არც ერთმანეთის დაპყრობის შესაძლებლობა ექნებათ და ვერც შიდა ამბოხება ვეღარ დაამხობს. დიდი შანსია, რომ ამგვარი სახელმწიფოების სტრუქტურა მკაცრად იერარქიული ხასიათისა იქნება: ღმერთების თანასწორი კასტა ზემოთ იბატონებს და მონობა გაბატონდება ქვემოთ, თავისუფლების განადგურების ხარისხი კი ბევრად გადააჭარბებს ყველაფერს, რაც დედამიწას აქამდე უნახავს. თითოეულ ჩაკეტილ სუპერ-სახელმწიფოში ფსიქოლოგიური ატმოსფერო გარესამყაროსგან სრული მოწყვეტით შეიქმნება და მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ ფანტომური ომების შესახებ საუბრით შენარჩუნდება. ამგვარი ტიპის ცივილიზაციებმა შეიძლება ათასობით წელი უცვლელად, სტატიკურად გაძლონ.
იმ საფრთხეების უმრავლესობა, რომელიც ზემოთ აღვწერე, ატომური ბომბის გამოგონებამდე არსებობდა და მათი წინასწარმეტყველება ადრეც შეიძლებოდა. ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა შემიძლია წარმოვიდგინო - ესაა სადმე ისეთი თანამეგობრობის შექმნა, სადაც ხალხი შედარებით თავისუფალი და ბედნიერია და სადაც ცხოვრების მთავარი მიზანი არაა ფულის ან ძალაუფლების დევნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატიული სოციალიზმი უნდა ამუშავდეს რაიმე დიდი ტერიტორიის ფარგლებში. ოღონდაც ერთადერთი ასეთი ტერიტორია, სადაც მისი ამუშავება უახლოეს მომავალში თეორიულად მაინც არის შესაძლებელი, დასავლეთი ევროპაა. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გამოკლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიული სოციალიზმის ტრადიცია არსებობს - სუსტად და მოწყვლადად მაინც - სკანდინავიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და იტალიაში. სიტყვას ‘სოციალიზმი’ მხოლოდ ამ ქვეყნებში აქვს რაღაც მიმზიდველობა და უკავშირდება თავსუფლებას, თანასწორობას და ინტერნაციონალიზმს. სხვაგან მას ან არ გააჩნია საყრდენი, ანდა სხვა რამეს ნიშნავს. ჩრდილო ამერიკაში ხალხის მასები კმაყოფილი არიან კაპიტალიზმით და კაცმა არ იცის, საით წავლენ, როცა კაპიტალიზმი ჩამოშლას დაიწყებს. საბჭოთა კავშირში ოლიგარქიული კოლექტივიზმი გვაქვს სახეზე, რომლისგანაც დემოკრატიული სოციალიზმი მხოლოდ მმართველი უმცირესობის ნების წინააღმდეგ თუ დაიბადება. აზიაში ამ სიტყვას თითქმის არ შეუღწევია. აქაური ნაციონალისტური მოძრაობები ან ფაშისტურია თავისი ხასიათით, ან მოსკოვისკენ უჭირავთ თვალი, ანდა ახერხებენ ამ ორივე თვისების შეთავსებას: თანამედროვეობის ყველა პოლიტიკური მოძრაობა ფერადკანიანებს შორის ისედაც რასობრივი მისტიციზმითაა შეფერილი. სამხრეთ ამერიკაში დაახლოებით მსგავსი ვითარებაა. ასევეა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშიც.
სოციალიზმი არსად არსებობს პრაქტიკულად, მაგრამ თეორიულადაც კი, როგორც იდეა, ის მხოლოდ ევროპაშია მიღებული. ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ სოციალიზმი დამყარდა, სანამ ის მთელს მსოფლიოში არ დამყარდება, მაგრამ პროცესი სადღაც ხომ უნდა დაიწყოს და მე ვერ წარმომიდგენია ეს დასაწყისი როგორც რაიმე სხვა ერთობა, გარდა დასავლეთ ევროპული სახელმწიფოების ფედერაციისა, რომლებიც გარდაიქმნებიან სოციალისტურ რესპუბლიკებად კოლონიების გარეშე. შესაბამისად, ევროპის სოციალისტური შეერთებული შტატები ჩემი აზრით ერთადერთი მიზანია დღეისათვის, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს.
ამგვარი ფედერაცია 250 მილიონ ადამიანს გააერთიანებს, მათ შორის, მსოფლიოს კვალიფიციური სამრეწველო მუშახელის დაახლოებით ნახევარს. არც კი მჭირდება გითხრათ, თუ რამდენად უზარმაზარი და შემზარავი იქნება ის სირთულეები, რომლებიც ასეთი ერთობის შექმნას დასჭირდება. ცოტა ქვემოთ რამდენიმეს მაინც ჩამოვთვლი. მაგრამ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ასეთი რამე სრულიად შეუძლებელია, რომ ასეთი განსხვავებული ქვეყნები საკუთარი ნებით ვერ გაერთიანდებიან. დასავლეთ ევროპული კავშირი ხომ თავისი არსით ბევრად უფრო ბუნებრივი წარმონაქმნი იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირი ანდა ბრიტანეთის იმპერიაა.
ახლა კი სირთულეებს მივუბრუნდეთ. ყველაზე დიდი წინაღობაა ხალხის აპათია და კონსერვატიზმი - ის, რომ ისინი ვერ იაზრებენ საფრთხეს, არ შეუძლიათ წარმოიდგინონ რაიმე ახალი. როგორც ბერტრან რასელმა ამასწინათ თქვა, ადამიანების ჯიში არაა თავსებადი თვითგადარჩენასთან. გარდა ამისა, არსებობენ ბოროტი ძალები რომლებიც ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ იღწვიან; და არსებობს ეკონომიკური ურთიერთობების ფორმები, რომლებიც ევროპელი ხალხებისთვის მნიშვნელოვანია თავისი ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად, მაგრამ შეუთავსებელია ნამდვილ სოციალიზმთან. ოთხ ძირითად წინაღობას ჩამოვთვლი და შევეცდები თითოეული მათგანი იმდენად მოკლედ დავახასიათო, რამდენადაც ამას შევძლებ:
1. რუსეთის მტრული დამოკიდებულება. რუსეთი ნებისმიერი ევროპული ერთობის მტერი იქნება, რომელიც მის კონტროლს არ დაექვემდებარება. ამის როგორც ნამდვილი, ისე გამოგონილი მიზეზები აშკარაა. ამდენად, მოგვიწევს პრევენციული ომის მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრება: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთი სისტემატურ ტერორში ამყოფებს მცირე ერებს და კომუნისტური პარტიები კი საბოტაჟის გზაზე იდგებიან ყველგან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ევროპაში ხალხის მასებს კვლავაც სჯერათ რუსეთის მითისა - სანამ ხალხს ამისა სჯერა, სოციალისტურ ევროპას ვერ ექნება საკმარისი მიმზიდველობა იმისთვის, რომ ევროპელმა ხალხმა [მის შესაქმნელად] აუცილებელი ძალისხმევა გასწიოს.
2. ამერიკის მტრული დამოკიდებულება. სანამ აშშ კაპიტალისტურად დარჩება და ექსპორტისთვის ბაზრები დასჭირდება, ის სოციალისტურ ევროპას მეგობრული თვალით ვერ შეხედავს. უეჭველია, რომ სსრკ-სთან შედარებით აშშ-სგან შიშველი ძალით ჩარევა ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ამერიკული ზეწოლა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ხოლო ამ ზეწოლის განხორციელება ყველაზე ადვილი იქნება დიდ ბრიტანეთზე - ანუ ევროპის ერთადერთ ქვეყანაზე, რომელიც რუსული ორბიტის მიღმაა. 1940 წლიდან ბრიტანეთი ევროპელი დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლაში გადარჩა, მაგრამ აშშ-ს თითქმის დანამატად ქცევის ფასად. ბრიტანეთს მხოლოდ მაშინ შეუძლია აშშ-სგან გათავისუფლება, თუკი უარყოფს ევროპის მიღმა თავისი სუვერენიტეტის გავრცელების პრეტენზიას. ინგლისურენოვანი დომინიონები, კოლონიები, გარდა, ალბათ, აფრიკისა, ისევე, როგორც ბრიტანეთის ნავთობი - ყველაფერი ეს ამერიკას მძევლად ჰყავს აყვანილი. ამდენად, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ აშშ გახლეჩს ნებისმიერ ევროპულ კოალიციას, გადაიბირებს რა ბრიტანეთს.
3. იმპერიალიზმი. ევროპის ხალხები და, განსაკუთრებით ბრიტანელები, საკუთარი ცხოვრების მაღალ დონეს უკვე დიდი ხანია უნდა უმადლოდნენ ფერადკანიანი ხალხების პირდაპირ და არაპირდაპირ ექსპლუატაციას. ამის შესახებ ოფიციალური სოციალისტური პროპაგანდა ყოველთვის სდუმდა. იმის მაგივრად, რომ ბრიტანელი მუშისთვის ეთქვათ, რომ მსოფლიო სტანდარტებით, ის თავისი შემოსავლების დონეზე უკეთესად ცხოვრობს, მას სულ უჩიჩინებდნენ, რომ ზედმეტხანს მუშაობს და მონასავით შრომობს. ხალხის მასებისთვის სოციალიზმი დაკავშირებულია უფრო მაღალ ხელფასებთან, შემოკლებულ სამუშაო საათებთან, გაუმჯობესებულ საცხოვრისთან, საყოველთაო სოციალურ დაცვასთან და ა.შ. ოღონდაც არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ყველაფერი ეს მიღწევადია, თუკი უკუვაგდებთ ყველა იმ უპირატესობას, რომლითაც კოლონიური ექსპლუატაციის შედეგად ვსარგებლობთ. რაც არ უნდა თანაბრად გადანაწილდეს ეროვნული შემოსავალი, თუკი შემოსავლის ზოგადი რაოდენობა შემცირდება, მუშათა კლასის ცხოვრების დონეც მასთან ერთად დაიწევს. საუკეთესო შემთხვევაში, დაგვჭირდება ხანგრძლივი და რთული რეკონსტრუქციის პერიოდი, რომლისთვისაც საზოგადოებრივი აზრი არავის მოუმზადებია. არადა. ევროპის ერებმა უნდა შეწყვიტონ ექსპლუატატორობა საზღვარგარეთ, თუკი სახლში ნამდვილი სოციალიზმის აშენება სურთ. ევროპული სოციალისტური ფედერაციის შენების პირველი ნაბიჯი ბრიტანელების ინდოეთიდან გასვლა უნდა იყოს. მაგრამ ეს მიდგომა სხვა რამესაც გულისხმობს. ევროპის შეერთებული სტატები თვითმკმარი რომ გახდეს და სსრკ-სა და ამერიკის წინააღმდეგ თავისი ინტერესების დაცვა შეეძლოს, მას აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი სჭირდება. ეს გულისხმობს, რომ ავტოქტონი ერების მიმართ მიდგომა მათი დამოუკიდებლობის აღიარებით უნდა შეიცვალოს - მაროკო, ნიგერია თუ აბისინია აღარ უნდა იყოს კოლონიები და ნახევრადკოლონიები, არამედ ავტონომიური რესპუბლიკები, სრულიად თანასწორი ევროპულ ერებთან. ამგვარი გიგანტური ცვლილება გულისხმობს მწარე, რთულ ბრძოლას, რომელიც სისხლის გარეშე ვერ ჩაივლის. როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმპერიალიზმის მხარდამჭერი ძალები ძალიან ძლიერი იქნებიან, ხოლო ბრიტანელი მშრომელი, რომელიც შეჩვეულია სოციალიზმზე მატერიალისტური გამორჩენის კუთხით მსჯელობას, ალბათ გადაწყვეტს, რომ ჯობია ბრიტანეთი დარჩეს იმპერიად და ამერიკისადმი მორჩილების ფასი იხადოს. სხვადასხვა ხარისხით, იგივე პრობლემის წინაშე დადგებიან სხვა ევროპული ერებიც, რომლებიც შეიძლება მომავალი [ევროპული] კავშირის ნაწილად მოვიაზროთ.
4. კათოლიკური ეკლესია. რაც უფრო გამძაფრდება მეტოქეობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მით უფრო რეალური შეიქნება საფრთხე, რომ დემოკრატიულ სოციალისტებსა და ჩვეულებრივ რეაქციონერებს შორის მოხდეს დაახლოება რაიმე სახის „სახალხო ფრონტის“ ფორმით. ეკლესია ამ ორს შორის ყველაზე უფრო ბუნებრივი ხიდი იქნება. ამ შემთხვევაში ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ხელში ჩააგდოს და გაანეიტრალოს ევროპული ერთიანობისკენ ნებისმიერი მოძრაობა. ეკლესიის შემთხვევაში ხიფათი ის კი არაა, რომ ეკლესია ტრადიციული გაგებით რეაქციულია. არა, ის არაა გადაჯაჭვული ლიბერალურ კაპიტალიზმთან, არც არსებულ კლასობრივ სისტემასთან და არც ამ ორის დაღუპვა გადაიყოლებს. ეკლესიას მშვენივრად შეუძლია სოციალიზმთან შეგუება, ან თავის მოჩვენება მაინც, თუკი მის მდგომარეობას არაფერი დაემუქრება. ოღონდ თუკი ის გადარჩა ძლიერი ორგანიზაციის სახით, ნამდვილი სოციალიზმის დამყარება შეუძლებელი გახდება, რადგანაც ეკლესიის გავლენა ყოველთვის იმოქმედებს აზრისა და სიტყვის თავისუფლების, ადამიანების თანასწორობის და ნებისმიერი ისეთი საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც ბედნიერების დამყარებას ამქვეყნადვე ცდილობს.
როცა ამ და სხვა სირთულეებზე ვფიქრობ, როცა დავფიქრდები იმ უზარმაზარ მენტალურ ცვლილებაზე, რომელიც ამ ცვლილებას დასჭირდება, ევროპის სოციალისტური შეერთებული შტატების შექმნა უაღრესად ნაკლებსავარაუდოდ მიმაჩნია. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ხალხის უმრავლესობა ამისთვის მზად არაა, თუნდაც პასიურად. იმას ვამბობ, რომ ვერ ვხედავ პიროვნებას, ან პიროვნებათა ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლების მოპოვების უმცირესი შანსი მაინც გააჩნია და ამავე დროს აქვს საკმარისი წარმოსახვის უნარი იმისთვის, რომ მიხვდეს რისი გაკეთებაა საჭირო და საკუთარ მომრდეებს ამ მიზნისათვის გასაღები მსხვერპლი მოსთხოვოს. თუმცა ამავე დროს, დღეს სხვა იმედის ღირს მიზანს ვერა ვხედავ. იყო დრო, როცა მჯეროდა, რომ ბრიტანული იმპერიის სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციად გარდაქმნა შეიძლებოდა, მაგრამ თუკი ამის შანსი ოდესმე მაინც არსებობდა, მაშინ დავკარგეთ, როცა ინდოეთი არ გავათავისუფლეთ და ზოგადად, ფერადკანიანი ხალხებისადმი ჩვენი დამოკიდებულება არ შევცვალეთ. ეგებ, ევროპამ დრო მოჭამა და დიდი ხნის შემდეგ ინდოეთი ან ჩინეთი უკეთეს საზოგადოებას შექმნიან. მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ თუკი სადმეა ეს შესაძლებელი, მხოლოდ ევროპაში შეიძლება დემოკრატიული სოციალიზმი შეიქმნას საკმარისად მცირე დროში იმისთვის, რომ ატომური ბომბების ცვენა არ დაიწყოს.
ბუნებრივია, არსებობს მიზეზები თუ არა ოპტიმიზმისთვის, ყოველ შემთხვევაში პესიმიზმში ჩავარდნისგან თავის შესაკავებლად. ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს ის, რომ, დიდი ალბათობით, დიდი ომი დაუყოვნებლივ არ დაიწყება. შეიძლება ისეთი ომი დაიწყოს, რომლის დროსაც რაკეტებს ისვრიან, მაგრამ არა ისეთი, როცა ათობით მილიონი კაცის მობილიზაცია გახდება საჭირო. დღეს ნებისმიერი დიდი არმია უბრალოდ გაწვევისთანავე დაიშლება და ასეთი ვითარება შეიძლება კიდევ ათი ან ოცი წელი გაგრძელდეს. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება მოულოდნელი რამეც მოხდეს. მაგალითად, ამერიკაში შეიძლება პირველად დაიბადოს სოციალისტური მოძრაობა, რომელიც ჯერ იტყვის, რომ ისიც 'კაპიტალისტურია' ანუ იგულისხმებს, რომ კაპიტალიზმი ისეთივე უალტერნატივო სისტემაა, როგორც ადამიანის თვალების ან თმის ფერი. მაგრამ სინამდვილეში, ის არ შეიძლება შეუცვლელი იყოს, რადგან კაპიტალიზმს ამ სახით აშკარარდ მომავალი არა აქვს და ამიტომ დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ შეერთებული შტატები უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
ჩვენ არც ის ვიცით, რაც ცვლილებები მოხდება სსრკ-ში იმ შემთხვევაში, თუკი შემდეგი თაობის სიცოცხლის განმავლობაში ომის თავიდან აცილება მოვახერხეთ. სსრკ-სნაირ საზოგადოებაში რადიკალური ცვლილება ნაკლებსავარაუდოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღია ოპოზიცია არა არსებობს, არამედ იმიტომაც, რომ რეჟიმს სრული კონტროლი აქვს დამყარებული განათლებაზე, ახალ ამბებზე, რითაც ის ცდილობს თავიდან აიცილოს თაობებს შორის მოსაზრებების ქანქარისებული მერყეობა, რომელიც ლიბერალურ საზოგადოებებში ბუნებრივად ხდება. მეორე მხრივ, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ახალი თაობის მიერ წინა თაობის იდეების უარყოფა იმდენად მდგრადი ადამიანური თვისებაა, რომ მისი აღმოფხვრა შინსახკომსაც კი გაუჭირდება. თუ ასე მოხდე, 1960-იანი წლებისთღვის შეიძლება მილიონობით ახალგაზრდა რუსს ყელში ამოუვიდეს დიქტატურა და დადგმული პარადები, მოისურვოს მეტი თავისუფლება და უფრო მეგობრული დამოკიდებულება დასავლეთთან.
ანდა, ისიც შესაძლებელია, რომ მსოფლიო სამი სუპერ-სახელმწიფოს გარშემო დაიყოს, რომლებსაც ერთმანეთის დაპყრობა არ შეეძლებათ, ხოლო ლიბერალური ტრადიცია იმდენად მყარი აღმოჩნდეს ანგლო-ამერიკულ სექტორში, რომ აქ თავისუფალი ცხოვრება მაინც შესაძლო დარჩეს და ეგებ გარკვეული პროგრესის იმედმაც იარსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდებია. მომავლის ყველაზე რეალური სურათი, იმდენად, რამდენდაც მე ალბათობის გათვლა შემიძლია, ფრიად შავბნელია და ნებისმიერმა სერიოზულმა ადამიანმა ანალიზი ამ ფაქტიური ამოსავალი წერტილიდან უნდა დაიწყოს.
თარგმნა ჯაბა დევდარიანმა