რატომ გასდის ვუჩიჩს?
...და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
4 მაისს ევროკავშირის პატივცემულ ოჯახობაში უჩვეულო რამ მოხდა: ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პრეს-მდივანმა უარყო გაფართოების კომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომელმაც წინა დღეს თქვა, სერბეთისთვის რეფორმების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხების გადახდა შეჩერებულია სასამართლო სისტემაში პრობლემებისა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკისგან დაშორების გამოო.
ავტორი: ჯაბა დევდარიანი "მოამბის" რედაქტორი და საერთაშორისო ამბების კომენტატორია. ის ბალკანეთში, მათ შორის სერბეთშიც, ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ სტატიის ინგლისური ვარიანტი პირველად ჟურნალში "GEOPolitics" გამოქვეყნდა.
კომისიის ფარგლებში ასეთი ღია უთანხმოება ფრიად უჩვეულო ამბავი კია, მაგრამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის ავტორიტარული მიდრეკილებებისადმი წაყრუების ჩვევა ევროკომისიაში დიდი ხანია ჩამოყალიბდა.
14-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ვუჩიჩმა ოპოზიცია ან მოისყიდა ან დააშინა, დამოუკიდებელ მედიას ლაგამი ამოსდო, მისმა პარტიამ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებიც ქვეშ მოიგდო. ბოლო ხანებში, ვუჩიჩი ნაადრევ არჩევნებს მაშინ ატარებს, როცა მოესურვება და თავად აწყობს - მაგალითად კოვიდის გამო გამოცხადებული საგანგებო ვითარების დროს.
იბადება კითხვა, ასეთი ქცევის მიუხედავად, როგორ მოახერხა ვუჩიჩმა ბრიუსელის მოთაფლვა, რომ მისი მოთოკვის შესახებ საუბარი უმაღლეს ეშელონებში უთანხმოებას იწვევს? თუ ევროკავშირშია რაღაც ისე მოშლილი, რომ სერბეთისმაგვარ ქვეყნებს სისტემის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს? და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
როგორ გავხდეთ ევროპელი?
ფინანსები უპირველეს ყოვლისა
სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა 2012 წელს გახდა - იმავე წელს, როცა ვუჩიჩი მოვიდა ხელისუფლებაში. როგორც ყველა კანდიდატს, მასაც ევროკავშირისგან დახმარების მსუყე პაკეტი (2014-2020 წლების ტრანში სერბეთისთვის მილიარდნახევარი ევრო იყო) ერგო, რომელსაც ბრიუსელურ ჟარგონზე "გაწევრიანებისწინა დახმარების ინსტრუმენტი" (IPA) ეწოდება. ამ ფულით სერბეთს წესით საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა მოეძლიერებინა, რომ ევროკავშირის რთული სამართლებრივ-პროცედურულ სისტემაში სხვებთან თანაბრად მონაწილეობა შესძლებოდა.
ამ გზით გამოყოფილი ფულის ნაწილი ჩვეულებრივ კონკრეტულ პროექტებშია გაწერილი - მაგალითად ფინანსური აღრიცხვის და მონიტორინგის სისტემების გასამართად. თუმცა, უდიდესი ნაწილი პირდაპირ ბიუჯეტში მიდის. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ დღემდე ამ ფულის მსუყე ნაწილი ვუჩიჩისა და სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) გარშემო შექმნილ პატრონაჟის ქსელს კვებავს. სერბეთი გამონაკლისიც არაა - ევროპული ფულით საკმაოდ იხეირეს კავშირის წევრი ქვეყნების ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ლიდერებმაც, ჩეხეთის ანდრეი ბაბიშით დაწყებული და უნგრეთის ვიქტორ ორბანით დამთავრებული.
რატომ ხდება ასე? ხომ ხშირად ამბობენ, რომ "ფუნდამენტური საკითხები" - კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები - ევროკავშირში გაწევრებისათვის აუცილებელი პირობების უმთავრესი ნაწილია. წევრობის მოლაპარაკებები ამ თემებით იხსნება და ამ თემებით სრულდება. წესით და რიგით, შეუძლებელია ევროკავშირის წევრი გახდე, თუ ეს პირობები არ შეასრულე.
თუმცა გაწევრების პროცესის რეალობა ცოტა სხვაგვარია. გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, ღია ეკონომიკის არსებობაც ხომ ფუნდამენტური თემაა. როცა წევრობის საკითხი დგება, ბრიუსელისათვის უმთავრესი ტექნიკური საზრუნავი ისაა, რომ მომავალი წევრი ქვეყნის მთავრობა - არა იმდენად პოლიტიკოსები, არამედ საჯარო სამსახურის სისტემა და პროცედურები - მზად იყოს, აითვისოს ის უზარმაზარი ბიუჯეტები რაც ევროპის კავშირის ფინანსურ ინსტრუმენტებს გააჩნია და ახალი წევრის ეკონომიკის მთელი ბლოკის მუშაობასთან შეთამაშების საშუალებას აძლევს. საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გარემოს დაცვის პოლიტიკის ცვლილებებზე, ნარჩენების გადამუშავებაზე, ენერგეტიკაზე და ათას სხვა რამეზე, რასაც ევროკავშირის წესები არეგულირებს. ამ საქმეზე ხარჯები ფინანსების მართვის ერთიან სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
ევროკავშირს ორი ფუნდამენტური იდეა უდევს საფუძვლად: პირველი, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ამცირებს კონფლიქტის შესაძლებლობას ;და მეორე, რომ პატიოსანმა საჯარო სამსახურმა უნდა მოთოკოს პოლიტიკოსების პოპულიზმი.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირს გენებში ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე ყურადღების გამახვილება აქვს: ბოლოს და ბოლოს, კავშირი ხომ ევროპის ქვანახშირისა ფოლადის ევროპული თანამეგობრობიდან ამოიზარდა, რომელიც ემყარებოდა იდეას, რომ თუკი ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება იარსებებდა, მათ შორის ომების თავიდან არიდება ბევრად უფრო ადვილი შეიქნებოდა.
ევროკავშირის დახმარების პროგრამებიც ამ თარგზეა მოჭრილი: მომავალ წევრებს პირველ რიგში სთხოვს ევროკავშირი ფინანსების წესრიგში მოყვანას. პარალელურად, ითხოვენ საჯარო სამსახურის სისტემის გაჯანსაღებას.
დამოუკიდებელი საჯარო მოხელე - ევრორაინდი
ევროკავშირისთვის მეორე საყდენი მოსაზრება ისაა, რომ საჯარო მოხელეების დამოუკიდებლობა და პატიოსნება აბალანსებს პოლიტიკოსების პოპულიზმს და უზრუნველყოფს გრძელვადიან სტაბილურობას.
ამასწინათ, მარიო დრაგიმ, ყოფილმა ევროკომისარმა და მთელს ევროპაში ფრიად პატივცემულმა ადამიანმა, ზუსტად აღნიშნა: ევროკავშირის ბიუროკრატიული სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ თითქოსდა პრინციპულად გადაუწვეტელი კონფლიქტები პატარ-პატარა საკითხებად დააქუცმაცოს და "პროცედურების სქელ შრეებში შეფუთოს ისე, რომ პოლიტიკური მუხტი სრულიად დაუკარგოსო."
დიახ, ამგვარი მიდგომა ხშირად აცოფებს პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ბრიუსელი არაფრის მაქნისია, ევროკავშირის ინსტიტუტების სტაჟორებს კი უწევთ, პროცედურებისა და ინსტიტუტების აბრევიატურების შესწავლას შესწირონ თავიანთი ახალგაზრდობა. სამაგიეროდ, ქაღალდების ომები ნამდვილ კონფლიქტებში არასოდეს გადაიზრდება.
ამას ხელშესახები სარგებელი მოაქვს თავად მოქალაქეებისთვისაც - საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, კორუფციის შემცირება, ხშირად საჯარო სამსახურში ჩარიცხვის და კარიერის გაკეთების შესაძლებლობა ნაცნობობის გარეშე. ყოველივე ეს ნათლადაა აღწერილი საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპების სახელმძღვანელოში, რომელსაც OECD/SIGMA ამზადებს და წევრობის ყოველი კანდიდატისთვის სამაგიდო წიგნადაა ქცეული.
აბა, ერთად! თუ ვერა?
როცა ეს ორი კომპონენტი გამართულია და დემოკრატიული არჩევნებიც მუშაობს, მაშინ წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს - ფინანსური მართვის სისტემა, ეკონომიკა იღვიძებს, ფული ტრიალს იწყებს, მოქალაქეების კეთილდღეობაც იზრდება და სტაბილურობაც, შესაბამისად, მოქალაქეებს მოსწონთ დემოკრატიული მმართველობა. ერთიანი ევროპის ოცნება და მიზანი მიღწეულია.
ყოველივე ამან თავის დროზე მშვენივრად იმუშავა პორტუგალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში, როცა ეს ქვეყნები დიქტატურების ჩრდილიდან გამოვიდნენ და დემოკრატიისკენ და ეკონომიკური ზრდისკენ გადასვლა სწორედ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზით მოახერხეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დემოკრატიული სისტემების დაფუძნებამ ასევე კარგად ვერ იმუშავა, ბოლო ხანებში კი უკუსვლასაც ვადევნებთ თვალს. რატომ მოხდა ასე?
ალბათ მთავარი ისაა, რომ ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში მოქალაქეები არა მხოლოდ ეკონომიკურ გაჯანსაღებას, არამედ პოლიტიკურ ცვლილებას, დემოკრატიულ მმართველობას პირველ რიგში მოითხოვდნენ.
არაა საიდუმლო, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ჭეშმარიტი ნება ბევრად უფრო სუსტი იყო, ვიდრე ფრანკოს შემდგომ ესპანეთში ან სალაზარის შემდგომ პორტუგალიაში. სოციალისტურმა სისტემებმა აღმოსავლეთ ევროპელები ცინიკურად განაწყო ბიუროკრატიული სისტემების მიმართაც და, ცოდვა გამხელილი ჯობია, ზოგადად საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მიმართაც. აქ მთავარი მამოძრავებელი ევროპული მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა გახლდათ.
მეორეც, როცა სოციალისტური აღმოსავლეთ ევროპის წევრობის დრო დადგა, ევროპას ბევრად უფრო ნაკლები ფული ჰქონდა აქვს კანდიდატების ეკონომიკის წასახალისებლად, ვიდრე 1980-იან წლებში. შემდეგში, ეს რესურსები კიდევ უფრო შემცირდა: გერმანიის გაერთიანებისთვის დახარჯული უზარმაზარმა რესურსებმა საფუძვლიანად შეკვეცა საერთო ფინანსები, ხოლო 1990-იანი და 2008 წლის ფინანსურმა კრიზისებმა ხელი შეუშალა ამ მათ აღდგენას.
საწყისი წარმატებები პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვენიაში იმედგაცრუებამ შეცვალა და კორუფციამ გამოხრა.
წევრობის გაუფერულებული სასწაული
ევროკავშირი ზედმეტად თვითდაჯერებულად უცქერდა მომავალს და დააგვიანა რეაგირება, როცა ვიქტორ ორბანი და ანდრეი ბაბიში ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებს თავისი და თავისი ამფსონების გასამდიდრებლად იყენებდნენ, ფინანსურ იმპერიებს ქმნიდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს ხელში იგდებდნენ. ბრიუსელისთვის მთავარი ის იყო, რომ ისინი ფონდებს ითვისებდნენ და ეკონომიკური ზრდაც - გარკვეული ხნის განმავლობაში მაინც - სახეზე იყო.
ევროკავშირმა დააგვიანა რეაგირება, როცა ვიქტორ ორბანი და ანდრეი ბაბიში ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებს თავისი და თავისი ამფსონების გასამდიდრებლად იყენებდნენ
დაგვიანების მიზეზი ალბათ იმის რწმენაში უნდა ვეძიოთ, რომ როგორც კი ქვეყანა დემოკრატიულად იმართება და ევროკავშირის წევრი გახდება, ის დემოკრატიული გზიდან აღარ გადაუხვევს.
ეს რწმენა ევროკავშირის ხელშეკრულების სტრიქონებს შორის იკითხება: ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ევროკავშირიდან ნებით გასვლა (რაც დიდმა ბრიტანეთმა გამოიყენა კიდეც), მაგრამ არაა ჩადებული ფუნდამენტური პრინციპების დარღვევისათვის გარიცხვის მექანიზმი. ის მექანიზმებიც, რომლებიც ამგვარი დარღვევებისთვის დასასჯელად არსებობს - მაგალითად ფინანსური დახმარებების ბლოკირება, რითაც სერბეთს ემუქრებიან - შედარებით ახალია.
რატომაა ეს ასე? ჯერ ერთი, ალბათ თვლიდნენ, რომელ ჭკუათამყოფელს უნდა მოუვიდეს თავში დემოკრატიისა და კეთილდღეობის ნავთსაყუდელის დატოვება, როგორიც ევროკავშირშიაო? კი ბატონო, ბრიტანელებმა ამ არგუმენტს წყალი კი შეუყენეს, მაგრამ, ამავე დროს, ბრექზიტის შემდეგ ბრიტანეთის ეკონომიკური პრობლემები თავისით არ გადაიჭრა, საერთაშორისო ვითარება კი იმდენად გართულდა, რომ სხვა ქვეყნებში რადიკალურმა ძალებმაც კი ანებეს თავი ევროკავშირიდან გასვლაზე საუბარს.
ისიც ვთქვათ, რომ ევროკომისიაში ბევრი გრძელვადიანი ხედვით უცქერს ამ საკითხს: ვთქვათ, კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდა ისეთი პარტია, რომელმაც დემოკრატიული ნაგებობის მოშლა დაიწყო. ერთი ან ორი საარჩევნო ციკლის შემდეგ, ვითარებას ამომრჩევლები გამოასწორებენ, დემოკრატიული წონასწორობა აღდგება და შეცდომები გასწორდება. ხოლო სანამ ეს მოხდება, კომპეტენტური საჯარო სამსახური არ დაუშვებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები ბოლომდე მოიშალოს. უკანასკნელ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ამ შეხედულების სისწორეც გვაჩვენა და რისკებზეც დაგვაფიქრა.
ილუზია თუ პრაგმატიზმი?
ორბანის რეჟიმმა უნგრეთში და, შედარებით ნაკლებად, "კანონისა და სამართლიანობის" პარტიის მმართველობამ პოლონეთში გვიჩვენა, რომ დემოკრატიული წესრგი შეუქცევადი არ არის. დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებშიც შეიძლება ერთხელ არჩეულმა პარტიამ დემოკრატიულ მმართველობას ძირი თანდათანობით გამოუთხაროს, გაწონასწრების მექანიზმები დაასუსტოს, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი მიითვისოს იმდენად და სამოქალაქო სივრცე იმდენად შეავიწროვოს, რომ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება რთულად წარმოსადენი გახდეს.
ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებშიც შეიძლება ერთხელ არჩეულმა პარტიამ დემოკრატიულ მმართველობას ძირი თანდათანობით გამოუთხაროს
მეორე მხრივ, ორბანიც და "კანონი და სამართლიანობაც" კარგა ხანი კი შემორჩნენ ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ორთავე მაინც დემოკრატიულმა საარჩევნო ციკლმა გა(და)იყოლა.
თუმცაღა, ევროკავშირი მაინც უნდა დაფიქრდეს თავის შეცდომებზეც. ბუდაპეშტში, ისევე, როგორც ვარშავაში, ბრიუსელმა თავიდან ყურადღება არ მიაქცია სამოქალაქო სექტორის გაფრთხილებებს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დარეკილ განგაშის ზარებს. ბოლოს კი ვითარება იქამდე მივიდა, რომ ორბანმა ევროკავშირისთვის საკვანძო, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაუსჯელად ბლოკირება დაიწყო.
თუკი დემოკრატიულ სისტემის შესუსტებას ნელნელა და თანდათანობით დაიწყებთ, ბრიუსელის რადარქვეშ გაძვრებით.
ამ მაგალითიდან ვუჩიჩმა და მისნაირებმა ასეთ გაკვეთილი ისწავლეს: თუკი დემოკრატიულ სისტემის შესუსტებას ნელნელა და თანდათანობით დაიწყებთ, ბრიუსელის რადარს ქვევით გაძვრებით - კომისია ჩათვლის, რომ ადმინისტრაციული მექანიზმები ჯერ კიდევ მყარია, ევროკავშირის საბჭოში შეყრილი წევრი ქვეყნები შეეცდებიან ზედმეტად არ გააღიზიანონ სხვა ქვეყნის მთავრობა. და მერე უკვე გვიანი შეიძლება იყოს - რადიკალური სანქციების და მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯების გარდა სხვა გზა აღარ იქნება დარჩენილი. ევროკავშირის კონფლიქტის თავიდან არიდების კულტურა კი ნიშნავს, რომ ამის გაკეთებას ყველა ერიდება.
კანდიდატების თამაშები
ეს რაც შეეხება წევრებს, მაგრამ კანდიდატების შემთხვევაში ვითარება თითქოს უფრო მარტივია - გაწევრების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული ფინანსური დახმარება თუ თანამდევი ეკონომიკური ზრდა მიმზიდველი თაფლაკვერია ევროკავშირთან თავსებადი რეფორმების წასახალისებლად. გაწევრების პროცესის ბლოკირება ანდა სულაც შეჩერება ევროკავშირის ერთი წევრისთვისაც კი ადვილია, შესაბამისად, მათრახადაც გამოდგება.
ოღონდაც ვუჩიჩმა ამ სისტემასაც მოუძებნა გასაღები. ევროკავშირში გაწევრების განაცხადი სერბეთმა 2009 წელს შეიტანა, კანდიდატობა კი 2012 წელს მიიღო. ამ დინამიკამ საერთაშრისო მანამდე სანქციებით შებოჭილი სერბეთის ეკონომიკის გამოცოცხლებას დამატებით წაჰკრა ხელი. ფინანსური მმართველობაც და საჯარო სამსახურის პროცედურებიც ჯერაც იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ წარსულთან შედარებით მაინც გაუმჯობესდა. ევროკავშირის მომავალი წევრის სტატუსით, სერბეთი ინვესტორებისთვის მიმზიდველი შეიქნა.
იტალიურმა "ფიატმა" იუგოსლავისდროინდელი საავტომობილი ქარხანა შეისყიდა კრაგუიევაცში და ააგუგუნა. მეზობელი ავსტრიული და იტალიური ბანკები ბაზარზე შემოვიდნენ. ვუჩიჩმა მოახერხა და ევროპის საერთო ბაზარზე შესვლის პერსპექტივით რეგიონის გარედან მოიზიდა ინვესტორები. ემირატების "ეტიჰადმა" 49% იანი წილი შეიძინა სერბეთის ეროვნულ საავიაციო კომპანიაში. უძრავი ქონების დეველოპერებმა აბუ დაბიდან ძვირიანი პროექტები დაიწყეს ბელგრადში. ჩინური კომპანიები ინფრასტრუქტურის - განსაკუთრებით საავტომობილო გზებისა და რკინიგზების - რეაბილიტაციაში აქტიურად ჩაერთნენ.
ამდენად, სერბეთმა ევროპული პერსპექტივის გაჩენით ფული გააკეთა და მერე ეს ინვესტიცია ვუჩიჩმა ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის გამოიყენა. სწორად ამიტომ, ყინჩად განაცხადა იქაურმა ფინანსთა მინისტრმა, ევროკავშირი თუ დახმარებას გაგვიყინავს, სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდად საზარალო არ იქნებაო. ყველა ამ ინვესტიციიდან, როგორც დამკვირვებლები თვლიან, ვუჩიჩის პარტიამ თავისი წილი აიღო და პოლიტიკური კონტროლის გამკაცრებისთვის გამოიყენა.
სერბეთში კოლეგები საუბარში ამბობენ, რომ ამ ტენდენციას, როცა ქვეყანა ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას არადემოკრატიული ქვეყნებიდან ინვესტიციების გასაზრდელად იყენებს და მერე ევროპას შორდება, თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: ევროკავშირის სივრცე ბოლო ათწლეულში ეკონომიკური ზრდით ვერ დაიკვეხნის. კოვიდმა, შემდეგ რუსული ნავთობისა და გაზის შეწყვეტამ, ახლა კი სამხედრო ხარჯების ზრდამ ევროზონის საინვესტიციო პოტენციალი შეამცირა. ცარიელ ადგილს კი ფულიანი ქვეყნები იკავებენ.
ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, სერბეთი ზედმეტად დიდხანს დარჩა თუ დატოვეს ევროკავშირის მოსაცდელში და ამ დროის განმავლობაში ევროპული თაფლაკვერი დაობდა. მათი აზრით, ბრიუსელს ახლა სხვა გზა არა აქვს - თუკი სერბეთის წევრობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სჭირდება, მაშინ ვუჩიჩის ავტორიტარულ მიდრეკილებებზე თვალი უნდა დახუჭოს და იმედი იქონიოს, რომ მოპროტესტე ხალხი ისევე გაიტანს ლელოს, როგორც უნგრეთში.
ჯერჯერობით საქმეს სხვაგვარი პირი უჩანს: ვუჩიჩმა პროტესტების კრიტიკული ტალღა გადააგორდა და შეტევაზეც კი გადავიდა, წამოიწყო რა ბინძური მედია კამპანია, რომელიც ერთ-ერთი სტუდენტის თვითმკვლელობას ოპოზიციას აბრალებს. თუკი ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან მარტა კოსის დატუქსვით ვიმსჯელებთ, ბრიუსელს ასეთი ბელგრადიც მომხრედ სჭირდება.
უნდა გვჯეროდეს ცვლილების?
სერბეთში მიმდინარე მოვლენებს სხვა კანდიდატ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ადევნებენ ყურადღებას. ავტორიტარული და ბრიუსელისაგან "სუვერენიტეტის მომხრე" რეჟიმები ერთმანეთის წარმატებებსაც და შეცდომებსაც ძალიან სწრაფად ითვისებენ. ბევრი რამ იქედან, რასაც "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ამბობს საქართველოში, თავიდან ბუდაპეშტსა თუ ბელგრადში ითქვა. არც ევროკავშირის ლანძღვისა და მერე მორიგების ტაქტიკა ესწავლება ვუჩიჩს. საპროტესტო და ოპოზიციური ჯგუფების შეკავებისა და განეიტრალების მექანიზმებიც ძალიან წააგავს ერთმანეთს სერბეთსა და საქართველოში. ევროკავშირის ბიუროკრატიაც ჯერჯერობთ დატუქსვით და სიმბოლური სავიზო სანქციებით შემოიფარგლა.
ჯიუტად დადის ხმები, რომ თბილისი დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების გზებს ეძებს და, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, აშშ-სკენ უფრო იცქირება, ვიდრე ბრიუსელისკენ. თუმცა ევროპულ სახელმწიფოებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც შედგა რამდენიმე პირდაპირი კონტაქტი. დადის ხმები, რომ ევროკავშირში თბილისისგან სიმბოლურ სიგნალებს ელიან: პატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის გაყინვას ანდა განსაკუთრებით რეპრესიული კანონების შეჩერებას. რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ პროტესტების დროს ძალადობის მიზეზით საქმის აღძვრა ამ ჭრილშიც განიხილება.
რამდენად შესაძლებელია თბილისისთვის ბრიუსელთან ურთიერთობების სერბეთის დონეზე აყვანა?
ჯერ ის ვთქვათ, რომ პრაგმატული თვალსაზრისით სერბეთს დიდი უპირატესობა აქვს: ის ევროპის შუაგულშია, კრემლთანაც და ჩინეთთანაც კარგი ურთიერთობები უკვე ათ წელზე დიდი ხანია, რაც აქვს. სერბეთი საკვანძო სახელმწიფოა ბალკანეთში და ადვილად შეუძლია ბოსნიისა თუ კოსოვოს დესტაბლიზაციაც და იქ მშვიდობის მტრედად გამოჩენაც. ამასთან, სერბეთის მწირიმიწების საბადოები ევროკავშირის ეკონომიკური სუვერენიტეტისათვის საკვანძო მნიშნველობისაა. ბელგრადს აქვს საკმაოდ განვითარებული თავდაცვის მრეწველობა, რაც უკრაინასთან ომის კონტექსტში ევროპისთვის ფრიად საინტერესოა. ამ თვალსაზრისით, ბელგრადს უფრო მეტი "კარტი უჭირავს", ვიდრე თბილისს.
ევროკავშირის შიგნითაც იცვლება ვითარება. ორბანის მიერ ევროპული პოლიტიკის ობსტრუქციის გამოცდილებამ წევრ ქვეყნებს ამგვარი გამოხტომების პრევენციისა და დასჯის მექანიზმების განვითარებისკენ უბიძგა. აქტიურადაა საუბარი კონსენსუსის წესების შემსუბუქებასა და გაწევრების პროცედურებში ერთიან პოლიტიკაზე შეთანხმების ვალდებულების გამკაცრებაზე. სანამ სერბეთი ან ბალკანეთის სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრი გახდება - საქართველოს რომ თავი დავანებოთ - ეს წესები შეიძლება საფუძვლიანად შეიცვალოს. "ახალი ორბანის" შიში ამან შეიძლება მოაბლაგვოს.
თუმცა საპირისპირო პროცესიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ადრე ორბანის, ვუჩიჩის და ქართული ოცნების ლიდერების აგრესიული ანტიევროპული, სუვერენისტული რიტორიკა უცნაურობად ან პოლიტიკურ მარგინალობად აღიქმებოდა. დღეს ევროპარლამენტშიც ამგვარი საუბრები საკმაოდ ხშირად ისმის. ევროპის სახალხო პარტია - მემარჯვენე ცენტრიზმის ბასტიონი და ევროპის უდიდესი პოლიტიკური ძალა - ულტრამემარჯვენე პარტიებისგან სესხულობს დღის წესრიგის ელემენტებს, იქნება ეს ეკოლოგიური პოლიტიკის მოთხოვნების შემსუბუქება, მიგრაციის გამკაცრება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოძიებები. "საერთო ღირებულებების" და ადამიანის უფლებების შესახებ მითითებები უფრო მეჩხრად ჩანს ევროკავშირის დოკუმენტებშიც.
რამდენად ქმნის ეს ყოველივე ნიადაგს აქამდე ანტიევროპულად ჩათვლილი პარტიების თუ მთავრობების საერთო-ევროპულ პროცესებში უფრო აქტიურად ჩასართველად? მთავარი აქ ინტერესები და პრაგმატიზმია. ეგებ ბრიუსელი იდეალისტური პოლიტიკის გამტარებლად დღეს უფრო ნაკლებად სახავდეს თავის თავს ვიდრე გუშინ აკეთებდა, მაგრამ თუკი თამაშის ახალი წესი პოლიტიკური პრაგმატიზმია, ვაჭრობა და გაცვლა-გამოცვლაც არაა შორს.
ადვილი გასაგებია, თუ ვუჩიჩი რას სთავაზობს ევროპას. რისი შეთავაზება შეუძლია ბრიუსელისთვის თბილისს, ეს ბევრად უფრო ბუნდოვანია.
