უკრაინამ ომის ჩარხი შემოაბრუნა

არსებობს ზავის შანსი, თუმცა რისკიც დიდია

Disgruntled Russian President and Urkainian President, background of war, and hope.
უკრაინის ჯარებმა ხარისხობრივი გარდატეხა მოახერხეს. ზავისთვის ფანჯარა იხსნება. კოლაჟი: მოამბე.

უკრაინაში ომმა შემობრუნების წერტილს მიაღწია. მას მერე, რაც 2023 წელს უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებლობით დასრულდა, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია ჩვეულ რიტმში ჩადგა: ზაფხულსა და ზამთარში რუსები უტევდნენ, შემოდგომა-გაზაფხულზე კი აქტივობა იკლებდა, რადგან უამინდობის დრო წინა ხაზზე კადრების როტაციისა და სამხედრო ერთეულების გადაჯგუფებას ეთმობოდა. ერთი შეხედვით, წელსაც იგივე ხდება. გაზაფხული ნელ-ნელა ზაფხულში გადადის, ფრონტის ხაზზე ჩასანგრებული უკრაინელი ჯარისკაცები, როგორც წინა წლებში, რუსული შეტევების გააქტიურების მოწმენი არიან. საარტილერიო დარტყმებისა და ფრონტის ხაზის უკან რუსული ძალების შეპარვის შემთხვევები მატულობს. თუმცაღა, უკრაინელი მეთაურების განწყობა ოპტიმიზმისკენ შეიცვალა. წელს რუსული ზეწოლა ადრინდელზე ნაკლებად მტკივნეულია. რუსული დრონების და საარტილერიო დარტყმები ახლაც განუწყვეტლივ მიმდინარეობს, თუმცა ნაკლებად შედეგიანია. კიივში იბადება იმედი, რომ მოახერხებენ რუსეთის ცეცხლის შეწყვეტისკენ მოდრეკვას.


ავტორი: ჯეკ უეითლინგი უძველესი ბრიტანული სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის, RUSI-ს უფროსი მკვლევარია  

Ukraine Turns the Tide
Why a cease-fire is now a real possibility.

სტატიის პირველწყარო

განწყობის ამგვარ შეცვლას ბრძოლის ველზე რაიმე ერთ, რადიკალურ ცვლილებას ვერ დავაბრალებთ. სამაგიეროდ, რამდენიმე ურთიერთშემავსებელი ტენდენცია ერთმანეთს დაერთო და, ჯამში, მათ ომის ტრაექტორიის შეცვლა შეუძლიათ.

2024 წელს და 2025 წლის უდიდესი ნაწილის განმავლობაში რუსეთი იმაზე მეტ ჯარისკაცს იწვევდა ჯარში, ვიდრე ბრძოლის ველზე კარგავდა. შედეგად, რუსეთის არმიას შეეძლო უკრაინელებზე ზეწოლის ზრდა. რუსეთი თვითონაც ბევრ ჯარისკაცს კარგავდა, მაგრამ უკრაინის დამცველთა რიგებიც ყოველთვიურად თხელდებოდა. მოსკოვში ამან დაბადა რწმენა, რომ მიუხედავად სირთულეებისა და ნელი წინსვლისა, ბოლოს და ბოლოს დონბასის მთლიანად ოკუპირებას მოახერხებდნენ - ანუ იმ მინიმალური ამოცანის შესრულებას, რაც 2022 წელს დაისახეს. კრემლში თვლიდნენ, რომ რაღაც მომენტში, მზარდი რუსული ზეწოლისა და დასავლური დახმარების შემცირების ფონზე უკრაინის დაცვის ხაზი ჩამოიშლებოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ უკრაინას აღარ ეყოლებოდა ფრონტის მთელი ხაზის შესანარჩუნებლად აუცილებელი ცოცხალი ძალა. ამ რწმენამ განაპირობა მოსკოვის ხისტი პოზიცია აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ წამოწყებულ მოლაპარაკებებზე: კრემლს სჯეროდა, რომ სასურველ შედეგს ბრძოლის ველზე მიაღწევდა.

დღეს ვითარება შეცვლილია: ფრონტზე რუსეთი აღარ ადგას გარდაუვალი გამარჯვების გზას. დონბასის მთლიანად დაუფლების ამოცანაც კი რთულად გამოიყურება. ფრონტის ხაზის მთელ სიგრძეზე, უკრაინა წარმატებით ფუშავს რუსულ შეტევებს. რუსი ჯარისკაცებიც სულ უფრო მეტად გრძნობენ ომის სიმძიმეს. მათი საბრძოლო მზაობა ეცემა. ადრე რაც ნაკლებად შესაძლებლად მოჩანდა, ის სავარაუდო ხდება: კიივსა და მის პარტნიორებს შეუძლიათ მოსკოვის დარწმუნება, რომ ცეცხლის შეწყვეტან ახლა საუკეთესო გამოსავალია.

რამ გამოაცოცხლა უკრაინა?

გასული ორი წლის განმავლობაში, უკრაინელი მეთაურების მთავარი თავსატკივარი ცოცხალი ძალის რაოდენობის ვარდნა იყო. თვეში იმაზე მეტი მებრძოლი ეთიშებოდა ომს, ვიდრე ახლების მომზადება ხერხდებოდა საწვრთნელ ცენტრებში. ეს აფერხებდა დანაყოფების როტაციას, ჯარისკაცები ცეცხლის ხაზზე შეუსვენებლად, ხანგრძლივად რჩებოდნენ, რაც გადაღლას და გამოფიტვას იწვევდა. უკრაინა თვეში 30 ათასამდე ჯარისკაცის მობილიზაციას კი ახერხებდა, მაგრამ მათგან ფრონტის ხაზამდე ნახევარი ძლივს აღწევდა: ზოგი სამედიცინო კომისიებს ვერ გადიოდა, ზოგიც კი წვრთნის დაბალი ხარისხით იყო დემორალიზებული.

ჯარისკაცის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა, თუკი მას 40 დღეზე მეტხანს უწევს წინა ხაზზე ყოფნა - ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის ანგარიშში წერია. არადა, ჯარისკაცების როტაცია ძალიან სახიფათო საქმე გახდა: როცა დანაყოფები ფრონტიდან და ფრონტისკენ მიდიან, ისინი ხშირად ხდებიან მტრის დრონებისა და არტილერიის სამიზნე. შედეგად, ჯარისკაცები ხშირად 200 დღე, განუწყვეტლივ რჩებოდნენ ბრძოლის ხაზზე. ამან ბრიგადები გადაღალა. ჯარში გავრცელდა აზრი, რომ ფრონტიდან გასვლის ერთადერთი გამოსავალი ან ლაზარეთია, ან მორგი. დეზერტირობამ იმატა. 2026 წლის დასაწყისისთვის 200 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ირიცხებოდა ფრონტის ხაზიდან უნებართვოდ წასულად.

ამ პრობლემების გადასაწყვეტი ნაბიჯების გადადგმა უკრაინელმა სამხედრო მმართველობამ 2025 წლის შუა ხანებიდან დაიწყო. მანამდე, უმაღლესი დონის ტაქტიკური ერთეული ბრიგადა იყო. 2025 წელს თორმეტამდე საარმიო კორპუსი ჩამოყალიბდა. თითო კორპუსში რამდენიმე ბრიგადა შედის. კორპუსების კომპეტენციაშივე შევიდა ახალი ჯარისკაცების გაწვრთნა. ამგვარად, ჯარისკაცებს ის ხალხი წვრთნის, ვინც მათ მერე ბრძოლაში გაუძღვება. ეს ცვლილება ჯერ ბოლომდე არ განხორციელებულა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ამან წვრთნის ხარისხიც აამაღლა და ჯარის მორალსაც უწამლა. დეზერტირობამ იკლო. ზოგოერთი უკრაინული დანაყოფი ხუთკვირიანიდან რვაკვირიან მომზადების კურსზე გადავიდა, რომ ახალწვეულებმა საკუთარი ძალების რწმენა შეიძინონ.

პარალელურად, უკრაინულ დანაყოფებში უკეთ განხორციელდა ქვეითების, თვითმმართველი სისტემების (საჰაერო და სახმელეთო დრონების), არტილერიისა და ჯავშნოსანი დანაყოფების ინტეგრირება. ამან საშუალება მისცა უკრაინის არმიას ფრონტის გარკვეულ სექტორებში პერიოდულად გადამწყვეტი უპირატესობა მოეპოვებინა. თავის მხრივ, ამან გააადვილა ჯარების როტაცია და გარკვეული ტერიტორიული წინსვლაც კი გახადა შესაძლებელი. კომბინირებული დანაყოფების ტაქტიკამ მისცა საშუალება უკრაინის ჯარებს 2025 წლის შემოდგომაზე კუპიანსკთან, ხოლო 2026 წლის გაზაფხულზე ჰულიაიპოლესთან წაეწიათ წინ. რაც მთავარია, მათ დანაკარგების დადებითი ბალანსის შენარჩუნება შეძლეს, რაც ნიშნავს, რომ რუსებზე ნაკლებ ჯარისკაცს კარგავდნენ, თანაც შეტევაში.

უკრაინული დრონების დანაყოფებმა ასევე დახვეწეს ე.წ. "საშუალო სიშორის დარტყმები", რითაც ცუდ დღეში აგდებენ ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით მყოფ რუსული მომარაგების ხაზებს. საბრძოლო ხაზზე უკრაინული სადაზვერვო და დამრტყმელი სისტემების სიმჭიდროვის ზრდამ შებოჭა რუსული ძალები, ისინი ნაკლებად ახერხებენ ზურგში შეპარვას, რაც მათი ძირითადი ტაქტიკური მანევრი იყო ხოლმე უკანასკნელ წლებში. რუსეთის ჯარს უჭირს დამრტყმელი ჯგუფების კონცენტრირება და მათი მომარაგება, რის გამოც უკრაინულ დანაყოფებზე ზეწოლა იკლებს.

ამგვარად, რეფორმების და ტაქტიკური გადაწყვეტილებების კომბინაციამ, წვრთნის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, უკრაინული ძალების ხარისხობრივი გაუარესება, რაც 2024-2025 წლებისთვის იყო დამახასიათებელი, შეაჩერა. 2026 წლის დასაწყისში, უკრაინულ დანაყოფებში მეტი ახალი ჯარისკაცი მოვიდა, ვიდრე ბრძოლას გამოეთიშა.

ეს წარმატებები ჯერაც მყიფეა. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გამწვანება მოიმატებს და რუსებს გაუადვილდებათ ზურგში შეღწევა. რეფორმები ყველა ბრიგადაზე ჯერ არ გავრცელებულა, ზოგიერთი მათგანი უკეთ ფუნქციონირებს, სხვებს კი ქრონიკულად უჭირთ. ამისდა მიუხედავად, არსებობს ნიადაგი იმის სათქმელად, რომ უკრაინული გენშტაბის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს დადებითი მიმართულებით მიჰყავთ ჯარი და რომ მათი გაძლიერება მომავალი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

საარმიო კორპუსების სისტემის შემდგომი გაფართოება გასაჭირში მყოფ ბრიგადებსაც დაეხმარება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამობილიზაციო სისტემის რეფორმაც გამოაცხადა და, იმედია, მეტი ახალწვეული შეემატება მოქმედ დანაყოფებს. ამ რეფორმების ნაწილია ხელფასების ზრდა, სამსახურის ხანგრძლივობის უკეთ განსაზღვრა, და წვრთნისა და მობილიზაციის პროცესების გაუმჯობესება. მძიმე ბრძოლები კვლავაც გრძელდება, მაგრამ არის ნიშნები, რომ ცოცხალი ძალის ნაკლებობის აღმოფხვრის გასაღები უკრაინამ იპოვა და ტაქტიკურადაც გააუმჯობესა ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირება უკვე გამოცდილ საბრძოლო სისტემებში.

რუსების გასაჭირი

უკრაინული ძალების ერთი შემთხვევით მცირე, მაგრამ დადებითი ცვლილებების ფონზე, რუსული ჯარის ეფექტურობა ბოლო ხანებში ეცემა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. 2024-25 წლებში რუსების უპირატესობის საწინდარი უზარმაზარი ადამიანური რესურსის მობილიზაცია და საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის კონცენტრირება იყო. ეს მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებდა უკრაინულ ძალებს. სანამ მობილიზებულთა რაოდენობა ბრძოლას გამოთიშულთა რაოდენობას აღემატებოდა, რუსეთს ჰქონდა საშუალება ახალი ძალების გაღრმავებული წვრთვნისთვის მიეხედა და ამგვარად გაეუმჯობესებინა ჯარების მზაობის ხარისხი. ამის მაგივრად, რუსეთის გენშტაბმა ამჯობინა, აეტანა გაუწვრთნელი ჯარისკაცების დანაკარგები იმ იმედით, რომ ფრონტს მალე გაარღვევდა. რუსული ძალები დღეების და კვირების მანძილზეც კი აწყდებოდნენ გამაგრებულ უკრაინულ პოზიციებს. ამის გამო 2025 წელს, ყოველი თვის განმავლობაში რუსული დანაკარგები 23 ათასის გარშემო იყო.

მობილიზაციის ტემპის შენარჩუნების საწინდარი რუსეთში ფინანსური მოტივაცია იყო: ომში წასულებს სერიოზულ ხელფასსა და ვალების ჩამოწერას პირდებოდნენ. ამ გზით ბევრი ჯარისკაცის მოკრება მოხერდა, მაგრამ ეს ხალხი ძირითადად პროფესიული უნარ-ჩვევების არმქონე იყო. სამოქალაქო წარმოებაში თუ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში მუშაობის შნო ვისაც გააჩნდა, ის ჯარში არ მიდიოდა. შედეგად, რუსულ ჯარში პროფესიული კადრების ნაკლებობაა - მაგალითად დრონების ოპერატორების აყვანა რუსეთის არმიას ძალიან უჭირს.

ამასთან, თუკი ხელფასია ახალბედა მებრძოლების მთავარი მოტივატორი, მათ ბრძოლის დიდი სურვილი არ გააჩნიათ. შედეგად, ჯარში გაჩნდა პარალელური ეკონომიკა: ჯარისკაცები ოფიცრებს ქრთამავენ, რომ შეტევაში არ წავიდნენ. სერჟანტები კი, უფროსობასთან სატრაბახოდ, უმცირესი დარღვევების გამო ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ და უაზრო შეტევებში რთავენ. ამგვარი "დისციპლინური" მეთოდების გამოყენებას ზოგი კვალიფიციური დანაყოფი შეეწირა, განსაკუთრებით მომარაგების სფეროში, რაც დღეს რუსული არმიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანაკარგია. კიდევ გააუარესა საქმე აპლიკაცია "ტელეგრამის" გათიშვამ და მისმა აკრძალვამ. მომარაგების კოორდინირებისთვის რუსები სწორედ "ტელეგრამს" იყენებდნენ, ახლა კი ის კეთილსინდისიერი ჯარისკაცები, რომლებიც არსებული პრობლემების მოგვარებას ამ აპლიკაციით შეეცდებიან, შეიძლება დასაჯონ და ხორცსაკეპში გაუშვან.

ყოველივე ამის შედეგად, რუსულ ჯარებში გაჩნდა საშუალო რგოლის სამხედროების კასტა, რომლებიც ქრთამებს აგროვებენ. პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ჯარისკაცების რაოდენობამ იკლო, რადგან ბევრი მათგანი შეეწირა შეტევებს. დაბალ დონეზე ჯარისკაცების ხარისხის გაუარესებამ, დანაყოფების მოქმედების ხარისხი ზოგადად გააუარესა. ოფიცრების კორპუსშიც პრობლემებია: ბევრი კვალიფიციური ოფიცერი დაიღუპა და ისინი ბრძოლის ველზე დაწინაურებულმა ოფიცრებმა შეცვალეს, რომელთაც არ გააჩნიათ დაგეგმარების და მართვის მხრივ შესაბამისი წვრთნა და ძირითადად ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მომზადების ამოცანას ასრულებენ.

რუსული ქვეითების მომზადების ცუდი ხარისხი ახალი ამბავი არაა, მაგრამ გასულ წლებში რუსული არტილერია, დრონები და ბარაჟირებადი ბომბები აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც ქვეითებს არ გამოსდიოდათ.

უკანასკნელ ხანებში ბრძოლის ველი ძალიან შეიცვალა. ტრადიციული გაგებით ფრონტის ხაზი თითქმის აღარ არსებობს. ის 30-კილომეტრამდე სიგანის ზოლმა შეცვალა, სადაც ორივე მხარე ერთდროულად მოქმედებს. ამგვარი ომისთვის რუსი ოფიცრების უმაღლესი ეშელონები მზად არ არიან. მათი კარტოგრაფიული მიდგომა ვერ აღიქვამს, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე და რომელი ბრძანებების შესრულება შეუძლიათ რეალურად მათ ძალებს.

ქვედა დონეზე ოფიცრებმა არ იციან, როგორ შეასრულონ ბრძანებები. საშუალო დონეზე კი წარმატებების პატაკებს უწერენ უფროსებს. ამიტომაც ხშირად რუსების გენერალიტეტს თავისი ჯარები ერთგან ჰგონია და სინამდვილეში კი ისინი სულ სხვაგან არიან. ამან გაზარდა შეცდომების რაოდენობა საარტილერიო და საავიაცო დარტყმებისას. უხარისხო ინფორმაციას, უხარისხო ოპერაციები მოაქვს.

საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ რუსეთის ჯარი საკმარისად კარგად ვეღარ გარდაქმნის სამხედრო გეგმებს სამხედრო ოპერაციებად. ამდენად, მათი შეტევითი პოტენციალიც შესუსტდა.

თავდაჯერებულობა გადაჭარბების გარეშე

უკრაინული ძალების გაძლიერებაზე და რუსული ბრძოლისუნარიანობის დეგრადაციაზე საუბარმა შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია. ეს სრულიად არასწორი დასკვნა იქნება. დღესაც, რუსეთის 600 ათასი ჯარისკაცი უტევს უკრაინას. მოსკოვს არც ტყვია-წამლის და არც ტექნიკის ნაკლებობა დიდად არ ეტყობა, მისი სამხედრო მრეწველობა სრული სვლით მუშაობს. რუსული დრონები და ფრთოსანი ბომბები უკრაინის მომარაგების ხაზებს ახლაც აზიანებს და არც რუსული დანაყოფები ანებებენ თავს დონბასის სრულად დაკავების გეგმებს. უკრაინული საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტების რეზერვები ეწურება, რაც რუსების დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების შეტევებისთვის სივრცეს აფართოვებს.

უკრაინულ ჯარს მძიმე ბრძოლები უწევს პოზიციების შესანარჩუნებლად. ზოგიერთ სექტორში, მაგალითა კოსტანტინივკაში, ისინი ტერიტორიებს ახლაც კარგავენ. მართალია, უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ოპტიმიზმმა იმატა, მაგრამ ისინი კვლავაც გადაღლილი არიან. ზოგიერთი უკრაინული დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნა და მომზადება მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ზოგი ბრიგადა ქრონიკულად ცუდად მოქმედებს. რუსეთის ჯარი სახიფათოდ ახლო მანძილზეა ქალაქ ზაპოროჟიასთან, ქვეყნის სამხრეთში. ტაქტიკური სურათი დღეს უკრაინის სასარგებლოდაა, მაგრამ მათ შეცდომების დასაშვებად სივრცე არა აქვთ.

ყველაფერი ამის მიუხედავად, რუსეთის მიერ წლის ბოლომდე დონბასის დაპყრობის გეგმა საეჭვოდ გამოიყურება. ამას რუსული ძალების საფუძვლიანი რეორგანიზაცია დასჭირდება და ამის გაკეთება დღესვე რომ დაიწყონ, 2027 წლამდე ვერ მოესწრება. ომს თავისი მიაქვს, რუსეთის სამხედრო-სამობილიზაციო მანქანა გასაჭირშია.

ჯერ არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ ვლადიმირ პუტინმა შეიცვალა აზრი და უკრაინის დამოუკიდებლად არსებობის იდეას შეურიგდა, რომ აღარ აპირებს მის დამონებას. თუმცა, პუტინის საქციელიდან ჩანს, რომ ბრძოლის ველზე რეალურ ვითარებას ის ვერ დაემალება. თუკი მარცხი აშკარა გახდა, როგორც კიივსა და ხერსონში დაემართა რუსეთს 2022 წელს, მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ მოიქცევა კრემლი?

დიდი რისკია, რომ კრემლი ესკალაციას აირჩევს, მობილიზაციაზე წავა და სამხედრო მიზნებისთვის არა მხოლოდ არაკვალიფიციური ცოცხალი ძალის, არამედ პროფესიული კადრების ჯარში შეყრასაც დაიწყებს. ამით შეიძლება სამხედრო მიღწევებს კი მიაღწიონ ველზე, მაგრამ რუსეთის შიგნით პოლიტიკური და ეკონომიკური რისკებიც გაეზრდებათ. რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე აფრთხილებს მთავრობას, რომ ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობა იგრძნობა. თანაც, რუსული არმია იმდენად ცუდ დღეშია ახლა ორგანიზაციულად, რომ რთული სათქმელია, შეძლებს კი ახალი ცოცხალი ძალის ეფექტურად გაწვრთნას და გამოყენებას? ისე ჩანს, რომ კრემლი ახლა სწორედ ამ საკითხზე იტეხავს თავს. სამხედროები ხომ მობილიზაციას უკვე დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ მოსკოვი ჯერ დუმს.

მეორე ვარიანტია, რომ კრემლმა შეტევითი ოპერაციები დროებით შეაჩეროს და უფრო თავდაცვით პოზიციაში ჩადგეს ისე, რომ ცეცხლი არ შეწყვიტოს, მაგრამ დისტანციურად ბომბოს უკრაინა დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით მომავალი ზამთრის განმავლობაში. პუტინმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამდაგვარად მოახერხებს კონფლიქტი იმდენი ხანი გაწელოს, რომ კიივს მატერიალური და მორალური რესურსები ამოეწუროს. ოღონდ ამ გზაზე სიარული გართულდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ეფექტური შეტევითი კამპანია გააჩაღეს და შორი მანძილიდან წარმატებით ურტყამენ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით მგრძნობიარე ობიექტებს რუსეთის გულში. დაუსრულებელ ომში გამარჯვების იმედზე კრემლი ვეღარ იქნება.

შესაძლებლობის ფანჯარა

თუკი უკრაინამ მოახერხა და დღევანდელი ტენდენციები შეინარჩუნა - თავად გაძლიერდა, ხოლო მოსკოვმა ინიციატივა ვერ დაიბრუნა - სულ უფრო შესაძლებელი გახდება, რომ კიივმა და პარტნიორებმა მოახერხონ და დაარწმუნონ მოსკოვი, რომ უპირობოდ შეწყვიტოს ცეცხლი. ამის გაკეთება ყურადღებითაა საჭირო. ერთი მხრივ კრემლს ჰქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მოტივაცია. მეორე მხრივ, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ პუტინს ათასგვარი მიზეზით შეუძლია ჩათვალოს, რომ ომის გაგრძელება უფრო მომგებიანია. თუმცაღა, დღეს არსებობს მზარდი შესაძლებლობა, დავარწმუნოთ პუტინი, რომ ცეცხლის შეწყვეტა მისთვის ყველაზე ნაკლებსარისკო ნაბიჯია.

პუტინი უკრაინის მტრობას არ მოიშლის. თუმცაღა ის კი შეიძლება მოხდეს, რომ კრემლმა ჩათვალოს, ცეცხლის შეწყვეტით უფრო შევასრულებ იმ მიზნებს, რასაც ბრძოლის ველზე ვეღარ ვაღწევო. უნდა გვესმოდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შემთხვევაშიც, პუტინი შეეცდება უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური სიმყიფით ისარგებლოს და იქ რუსეთის გავლენა გააღრმავოს. პარალელურად, მოსკოვს იმის საშუალებაც შეექმნება, რომ დროებითი შესვენებისას მოაგვაროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული პრობლემების ნაწილი მაინც და როცა უკრაინაზე ახალი თავდასხმის დრო მოვა, ამის გასაკეთებლად უკვე რეფორმირებული ჯარი გამოიყენოს.

ფაქტია, რომ უკრაინის საზოგადოება ალბათ მიესალმება ომისაგან ცოტა ხნით შესვენებას მაინც. თუკი უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, ეს კიივისთვის დიდი მიღწევა იქნება და სტაბილიური მშვიდობისკენ სავალ გზაც შეიძლება გამოჩნდეს. თუმცა რისკებიც აქაც დიდია.

უკრაინის საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა დიდი იქნება მთავრობაზე, რომ დემობილიზაცია გამოაცხადოს, ანდა, როგორც მინიმუმ, გადაღლილი ჯარისკაცები წინა ხაზზე ახლებით შეცვალოს. ომის დროებითი შეჩერებაც კი შექმნის პაუზას, რომლის განმავლობაშიც უკრაინის საზოგადოება უფრო ნათლად გააცნობიერებს იმ უზარმაზარ ზიანს, რაც ქვეყნის ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას მიადგა. წამოვა არჩევნების მოთხოვნა, რასაც შეიძლება პოლიტიკური ფრაგმენტაცია მოჰყვეს. თუკი შეიქმნა განცდა, რომ რუსეთისაგან მყისიერი საფრთხე აღარ არსებობს, ევროპაშიც შეიძლება მინავლდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების სურვილი. ანუ, არსებობს რისკი, რომ ცეცხლის დროებითმა შეწყვეტამ უკრაინა უფრო მოწყვლადი გახადოს და რუსეთს კი დესტაბილიზაციისათვის ხელსაყრელი ნიადაგი შეუქმნას.

ომის წარმატებით დასრულება ადვილი არაა, მაგრამ დღეს ასეთი პერსპექტივა უფრო რეალისტურად გამოიყურება ვიდრე გუშინ. თუკი გვსურს, ამ მიმართულებთ ვიმოძრაოთ, კიივს საკუთარი შეიარაღებული ძალების რეფორმირებისა და სტრუქტურული გაჯანსაღების გაგრძელება სასიცოცხლოდ დასჭირდება. საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ რუსეთზე ზეწოლა უკრაინის შეიარაღების და ეკონომიკური სანქციების გაგრძელების გზით. კონფლიქტის უსასრულო გაგრძელების პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები კრემლისთვის უკვე ნათელია. უკრაინის პარტნიორებმა უნდა გათვალონ, როგორ უბიძგონ მოსკოვს სწორი მიმართულებით. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ევროპა დაფიქრდეს, თუ როგორ უზრუნველყოს უკრაინის წარმატება მშვიდობიანობის პირობებში, თუკი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მოხერხდა. ეს ხომ უკრაინის უსაფრთხოების და კეთილდღეობის წინაპირობაა, მაგრამ არანაირად - გარანტია.